Facebook Twitter

საქმე №ას-295-2024 26 აპრილი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა.ვ–ი, ბ.ვ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჭ–ძე, ლ.ვ–ი (განმცხადებლები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – არასრულწლოვანი ბავშვების სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების რეალიზაციაზე თანხმობის გაცემა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 8 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ.ჭ–ძისა და ლ.ვ–ის (შემდეგში: განმცხადებლები ან მშობლები) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მშობლებს მიეცათ თანხმობა, არასრულწლოვნების ა.ვ–ისა (დაბ. 05.03.2014 წ.) და ბ.ვ–ის (დაბ. 25.06.2017 წ.) (შემდეგში: არასრულწლოვნები ან ბავშვები) სახელზე რიცხული (კუთვნილი) ს/კ: ........ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ........., პირველი სართული, ბინა №4, შენობა №4 განკარგვისა (რეალიზაციის) ნასყიდობის დადების გზით.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა არასრულწლოვანთა წარმომადგენელმა (ადვოკატმა) ა.კ–ამ და მისი გაუქმება მოითხოვა:

2.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მშობლების ფინანსური მდგომარეობა და რომლითაც ეჭვგარეშე იქნებოდა არასრულწლოვანთა ქონებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება წარმოდგენილი არ ყოფილა. სასამართლო დაეყრდნო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნას, რომლის პოზიცია, თავის მხრივ, დამყარებულია, მხოლოდ მშობლების სიტყვიერ ახსნა-განმარტებაზე;

2.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და მიუთითა, რომ განმცხადებლებს აქვთ დანაზოგი, რომელსაც ქონების გაყიდვით მიღებულ თანხას დაამატებდნენ და ამით შეძლებენ თბილისში, არასრულწლოვნებისთვის უფრო დიდი საცხოვრებელი ბინის ყიდვას. პირიქით, სასამართლო სხდომაზე მშობლებმა აღნიშნეს, რომ გაყიდული ფულით ამ ეტაპზე ვერ შეძლებენ საცხოვრებელი ბინის ყიდვას, თბილისში უძრავი ქონების ფასების მომატების გამო და ოჯახმა უნდა დააგროვოს თანხა, შესაბამისად, დანაზოგის დამატებით შეძლებენ ბინის შეძენას. მშობლების (განმცხადებლების) რაიმე დანაზოგის შესახებ ინფორმაცია სასამართლო სხდომებზე არ გაჟღერებულა. არასრულწლოვანთა მშობლების არსებული ფინანსური ვალდებულებები გამორიცხავს მათ საკუთრებაში რაიმე დანაზოგის არსებობას;

2.3. აპელანტის განმარტებით, არსებობს ვარაუდი, რომ უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული თანხა გამოყენებული იქნეს სხვა ისეთი მიზნისთვის, რომელიც არ შეესაბამება არასრულწლოვნების ინტერესებს;

2.4. საქმეზე არ არის წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც მხარე დაადასტურებდა, თუ რამ განაპირობა არასრულწლოვნების ქონების გასხვისების აუცილებლობა და ამ გზით არასრულწლოვნების ქონებრივი მდგომარეობა გაუმჯობესება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 იანვრის განჩინებით არასრულწლოვანთა ადვოკატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. განმცხადებლები არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები არიან;

4.2. არასრულწოვნებს თანასაკუთრებაში აქვთ 27.66 კვ.მ ფართის, ს/კ: ....... უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ........, პირველი სართული, ბინა №4, შენობა №4;

4.3. თანასაკუთრებაში ა.ვ–ის წილი არის 1/4, ბ.ვ–ის წილი-1/4, ქონების დარჩენილი 2/4 ნაწილი რეგისტრირებულია არასრულწლოვანთა მამის საკუთრებად;

4.4. საცხოვრებელი ბინა მდებარეობს იტალიურ ეზოში, არის ერთი ოთახი, არ გააჩნია დამოუკიდებელი საძინებელი, არ არის კეთილმოწყობილი და ორი ზრდასრული ადამიანისა და ორი ბავშვის ცხოვრებისათვის შეუსაბამოა;

4.5. მხარეებს სადავო არ გაუხდიათ ქონების შეფასების თაობაზე განმცხადებლის მითითება, რომლის მიხედვითაც ს/კ: ........ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება 17 000 აშშ დოლარია, საიდანაც თითოეული არასრულწლოვნის წილი 4 250 აშშ დოლარს შეადგენს;

4.6. განცხადების წარდგენამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში (კოვიდინფექციის გავრცელების შემდეგ), არასრულწლოვნები მშობლებთან (განმცხადებლებთან) და ბაბუასთან ა.ვ–თან (ლ.ვ–ის მამა) ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრობენ, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბაბუის - ა.ვ–ის საკუთრებად რეგისტრირებულ საცხოვრებელ სახლში;

4.7. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ბავშვების მამის საკუთრებად რეგისტრირებულია მესტიის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეული ბეჩო, ნაკვეთი N417, რომლის მახასიათებლები 2019 წლის 27 დეკემბრის მდგომარეობით იყო: ს.კ. ......, ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი - 8 868 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, №6;

4.8. 2023 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით აღნიშნული ს.კ. ..... უძრავი ქონების მახასიათებლებია: ნაკვეთის დანიშნულება-სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო), დაზუსტებული ფართობი - 9 340 კვ.მ, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, №5, №6;

4.9. არასრულწლოვანთა მამის საკუთრებაში რეგისტრირებულ ს.კ. ........ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ნაგებობები საოჯახო სასტუმროს საქმიანობის მიზნით აგებული კოტეჯებია;

4.10. შემოსავლების სამსახურის მიერ, 2023 წლის 4 აპრილს გაცემული სერტიფიკატით ირკვევა, რომ ბავშვების მამას სასტუმროს (მათ შორის საოჯახო სასტუმრო) საქმიანობისათვის მიენიჭა მცირე ბიზნესის სტატუსი;

4.11. მუდმივმოქმედი არბიტრაჟის შპს „ს. ს–ოს“ 2021 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ლ.ვ–სა და ა.ვ–ს, სს „მ.ს.კ–ის“ სასარგებლოდ, დაეკისრათ 148 464,37 ლარის, ასევე ამ გადაწყვეტილების აღსრულებამდე - სესხზე დარიცხული ყოველდღიური სარგებლის 65,76 ლარის გადახდა, ხოლო თანხის ამოღების მიზნით დადგენილი იქნა იპოთეკით დატვირთული ა.ვ–ის, ასევე ლ.ვ–ის ს.კ. ....... უძრავი ქონების რეალიზაცია;

4.12. მესტიის მუნიციპალიტეტის მერიას (შემსყიდველი) და ი/მ ლ.ვ–ს (მიმწოდებელი) შორის, 2023 წლის 20 ივლისს, გაფორმდა სოფელ ......, გარე განათების მოწყობის გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ღირებულებით 18 064 ლარი;

4.13. საქმეში განთავსებული საჯარო რეესტრის ამონაწერების თანახმად, 2023 წლის მდგომარეობით, არასრულწლოვნების ოჯახის წევრის - ბაბუის ა.ვ–ის საკუთრებაში რეგისტრირებულია 15 ერთეული უძრავი ქონება (სახნავი, სათიბი და საკარმიდამო დანიშნულების მიწის ფართი), ჯამში დაახლოებით 35 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელთაგან იპოთეკა (სს ,,მ. ო.ს.კ–ის“ სასარგებლოდ) მხოლოდ ერთზეა (ს.კ. ......) რეგისტრირებული. დანარჩენი 14 ერთეული ქონება (სახნავი, სათიბი და საკარმიდამო დანიშნულების მიწის ფართი) თავისუფალია ყოველგვარი შეზღუდვისგან;

4.14. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის №100031822300692739 დასკვნის თანახმად, შესწავლილ იქნა არასრულწლოვნების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვაზე თანხმობის გაცემის შესახებ, მშობლების განცხადებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გარემოებები და გამოვლენილია შემდეგი: ბავშვები უზრუნველყოფილი არიან ძირითადი საჭიროებებით, ბავშვებზე ყოველდღიურ მზრუნველობას ახორციელებენ მშობლები. ოჯახი ფლობს ოთხ კოტეჯს, რომელსაც აქირავებენ ტურისტებზე, საიდანაც აქვთ ძირითადი შემოსავალი. ოჯახი (ბავშვები მშობლებთან ერთად) ზაფხულობით ცხოვრობს კოტეჯებში, ზამთარში კი - სოფელ ......, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში;

4.15. არასრულწლოვანთა მამა დასაქმებულია წყალმომარაგების კომპანიაში, ასევე მესტიის მუნიციპალიტეტში, საიდანაც მისი ყოველთვიური სარგო ჯამში 892 ლარია;

4.16. ბავშვების დედა დასაქმებულია საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის პროგრამით ერთწლიანი ხელშეკრულებით;

4.17. ოჯახს აქვს შიდა მეურნეობა, ამუშავებენ მიწის ნაკვეთებს, ჰყავთ შინაური ცხოველები. მათ ასევე დახმარებას უწევენ ბებია-ბაბუა, რომლებიც არიან სახელმწიფო გასაცემლის მიმღებნი;

4.18. ქონების განკარგვით არ ილახება არასრულწლოვნების უფლებები და ინტერესები. მიღებული თანხა მოხმარდება ისევ ბავშვების კეთილდღეობას და ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართის შეძენას;

4.19. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანთა მშობლების განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს.

5. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს არასრულწლოვანთა ქონების განკარგვიდან წარმოშობილი სამართლებრივი ნორმებიდან.

6. სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტს სურს, კერძოდ, უარი ეთქვას განმცხადებლებს არასრულწლოვანთა ქონების გასხვისების მოთხოვნაზე, მოთხოვნა გამომდინარეობს ბავშვთა უფლებათა კონვენციიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 183.2-ე მუხლიდან, ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 და მე-19.5 მუხლებიდან.

7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დავის სწორად გადაწყვეტისა და მხარეთა პრეტენზიების მართებულობის შესამოწმებლად, მნიშვნელოვანია გაირკვეს, ქონების განკარგვით ხომ არ ილახება არასრულწლოვნების უფლებები და ინტერესები და ქონების რეალიზაციით მიღებული თანხა მოხმარდება თუ არა ისევ ბავშვების კეთილდღეობას.

8. სსკ-ის 183-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 2511 მუხლის თანახმად, არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.

10. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-3.1 და მე-5 მუხლების თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერი ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მიზანია, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბავშვს, უნდა ითვალისწინებდეს მის საუკეთესო ინტერესებს, როგორც უპირველეს პრიორიტეტს, სიტყვა ,,ქმედება“ მოიცავს არა მხოლოდ გადაწყვეტილებებს, არამედ მოქმედებებს, ქცევას, წინადადებებს, მომსახურებას, პროცედურებსა და ღონისძიებებს (სუსგ N ას-705-705-2018, 23.12.2019წ.).

11. ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება.

12. ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი ოჯახურ გარემოში პიროვნული განვითარების უფლება, ბავშვის სოციალური და კულტურული მახასიათებლები, მის მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობა და ბავშვის მოსაზრებები.

13. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას.

14. ბავშვის უფლებათა კოდექსის მიხედვით, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზნით, სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს ამავე კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით. ამასთან, სასამართლოს შემოწმების არეალი, გარიგების კანონიერების გარდა, უმეტესწილად არასრულწლოვნის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, თუმცა მხოლოდ ქონებრივმატერიალური ინტერესიც ვერ გახდება გარიგების „ზედამხედველობის“ დიაპაზონი მოსამართლისათვის, თუ ამ უკანასკნელმა მხედველობაში არ მიიღო ბავშვის არამატერიალური და სოციალური ასპექტები, რომელიც მისი აღზრდისათვის, ბავშვის მომავალი ცხოვრებისა და განვითარებისათვის არის მეტად მნიშვნელოვანი. მხოლოდ მატერიალური და იმატერიალური ინტერესის შეწონვის შედეგი უნდა იყოს მოსამართლის შემოწმების მასშტაბი და ამგვარად, გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი.

15. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელთა განმარტებით, ქონების გასხვისების სურვილი განპირობებულია არასრულწლოვანთა კეთილდღეობაზე და მომავალზე ზრუნვით. მშობლების სურვილია, არასრულწლოვანთა საკუთრებაში არსებული აქტივის რეალიზაციის შედეგად უფრო დიდი ფართის საცხოვრებელი სახლი შეიძინონ.

16. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ როდესაც მშობლები გადაწყვეტენ ბავშვის არასრულწლოვნების ასაკშივე ქონების მაქსიმიზაციის განხორციელებას, რაც გამოიხატება ამ ქონების გაყიდვისა და ფულის დამატების გზით, შვილებისათვის უკეთესი პირობებით კვლავ საცხოვრებელი ბინის შეძენაში,, ნათელია, რომ მოხდება ქონების ღირებულების ოპტიმიზაცია, რაც ბავშვის ქონებრივ მდგომარეობას აშკარად გააუმჯობესებს.

17. საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ არასრულწლოვნები მესტიის მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლით, მათზე ზრუნავენ ახორციელებენ დედა და მამა (ბაბუასთან ერთად), 27.66 კვ.მ ფართის, ს/კ: ....... უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ........., პირველი სართული, ბინა №4, შენობა №4 არ წარმოადგენს ბავშვების იმ „ძირითად ქონებას“, სადაც ისინი იზრდებიან და ცხოვრობენ. შესაბამისად, ეს უკანასკნელი ე.წ. „დამატებითი ქონების“ კატეგორიაში ექცევა.

18. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ე.წ. „დამატებითი ქონების“ კერძოდ, იტალიურ ეზოში მდებარე იმ საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია, რომელიც მხოლოდ ერთი ოთახისგნ შედგება, არ გააჩნია დამოუკიდებელი საძინებელი, არ არის კეთილმოწყობილი და ზრდასრული ადამიანისა და ორი ბავშვის ცხოვრებისათვის შეუსაბამოა - არასრულწლოვნების ქონებრივ ინტერესს საფრთხეს არ შეუქმნის, ამასთან, საცხოვრებელი ფართის გასხვისების შედეგად მიღებული თანხითა და ოჯახის სამეწარმეო (ტურისტული მომსახურება) საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის ნაწილით (დანაზოგით), არასრულწლოვნებისთვის უკეთესი პირობებით ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართის შეძენა შესაძლებელია.

19. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანთა მშობლის მხრიდან საკრედიტო დაწესებულების წინაშე ვალის არსებობა საფრთხეს შეუქმნის არასრულწლოვანთა ქონების რეალიზაციით მიღებული თანხის მიზნობრივ განკარგვას-უკეთესი პირობებით ქ. თბილისში საცხოვრებელი ფართის შეძენას.

20. ზოგადად, ბავშვის ოჯახში არსებითად დამძიმებული ეკონომიკური ვითარების არსებობისას, რა დროსაც აუცილებელია არასრულწლოვნის ამ ე.წ. „დამატებითი ქონების“ რეალიზაციის ხარჯზე მოხდეს მისი იმ ინტერესის დაცვა, რაც მის აღზრდას, ჯანმრთელობას, სწავლა-განათლებას და, ამ მხრივ, მის მომავალს უკავშირდება - უფრო მეტი დაკვირვებაა საჭირო, აღნიშნული გარიგების თანხმობის გაცემასთან დაკავშირებით, რადგანაც ეს არ მოიცავს, მხოლოდ „მშრალ მატერიალურ“ გამოანგარიშებას ტრანზაქციისას, არამედ სხვა მეტად მნიშვნელოვან სოციალურ, თუ სხვა სახის ასპექტებს უკავშირდება.

21. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ დავაზე გასასხვისებელი უძრავი ნივთის (რომელიც მდებარეობს ე.წ. ,,იტალიური ეზოში“) ფართის სიმცირის, ამ ფართში არასრულწლოვანთა კუთვნილი წილის (1/4-1/4 ნაწილი) და ქონების საბაზრო ღირებულების (17 000 აშშ დოლარი) გათვალისწინებით, მისი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა, სს „ს.კ–ის“ წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისათვის მნიშვნელოვან ოდენობას არ წარმოადგენს.

22. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სს „მ.ს.კ–ის“ წინაშე, არასრულოვანთა მამის ვალდებულება სოლიდარულია ა.ვ–თან (არასრულწლოვნების ბაბუა) ერთად, რომელსაც გააჩნია მატერიალური აქტივების საკმარისი მოცულობა იმისათვის, რათა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების აღსრულებისას, საჭიროების შემთხვევაში, განხორციელდეს ჯერ კიდევ ვალდებულებით დაუტვირთავი (ერთი ან რამდენიმე), მფარავი ღირებულების ქონების (მიწის ნაკვეთები) გამოყენება.

23. სააპელაციო სასამართლომ ასევე დამატებით განმარტა, რომ ზოგადად მშობლების არსებითად დამძიმებული ეკონომიკური ვითარების არსებობის შემთხვევაში, თუკი არ იქნება არასრულწლოვნის ე.წ. „დამატებითი ქონების“ რეალიზაციაზე თანხმობა, ოჯახი, რომელიც, საბოლოო ჯამში, შვილების საუკეთესო ინტერესის განხორციელებისთვის არის მოტივირებული, შესაძლოა ისეთ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, რომ საერთოდაც ვეღარ შეძლოს არასრულწლოვანი შვილების კეთილდღეობის შექმნა.

24. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის მასალებით დადასტურებულია განმცხადებლების ტურისტული საოჯახო ბიზნესის და მისგან შემოსავლების არსებობის ფაქტი, ასევე განმცხადებლები დასაქმებულნი არიან და ხელფასის სახით შემოსავალი აქვთ, გარდა ამისა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ა.ვ–თან სოლიდარულად ლ.ვ–ისთვის დაკისრებული თანხის გადაუხდელობა და მისგან გამოწვეული უარყოფითი შედეგები არ ვლინდება და არსებობს ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნებისთვის საჭირო, სოლიდარული მოვალის - ა.ვ–ის სხვა უძრავი ქონებები, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არასრულწლოვნების კუთვნილი ს/კ: ........ უძრავი ნივთის წილის გასხვისების ნებართვა არასრულწლოვანთა ინტერესის შესაბამისია, ხოლო აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილება - დასაბუთებული.

25. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

25.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება არასრულწლოვანი ბავშვების წარმომადგენელმა საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, მისი გაუქმება და არასრულწლოვანთა მშობლების განცხადების უარყოფა მოითხოვა.

25.2. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დასაშვებად სცნო მტკიცებულებები ვეზდენების ოჯახის სხვა ქონებების შესახებ მაშინ, როდესაც განმცხადებლებს ამ მტკიცებულებების წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში შეეძლოთ;

25.3. კასატორის ვრცელი საკასაციო საჩივარი ძირითადად იმ პრეტენზიებს იზიარებს, რაც ამ განჩინების 2.1-2.4 ქვეპუნქტებშია აღნიშნული.

25.4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 მარტის განჩინებით ბავშვების წარმომადგენელ ა.კ–ას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმეობაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანთა წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

26. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

28. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ იგი სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს.

29. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლზე, რომლითაც დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს ოჯახის წევრებს შორის კონტაქტისა და ურთიერთობების დაცვას. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ - Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52.).

30. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციაზე, რომლის მონაწილე სახელმწიფოებიც აღიარებენ, რომ ბავშვებს აქვთ განსაკუთრებული ზრუნვისა და დახმარების უფლება. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, მონაწილე სახელმწიფოები ვალდებულებას კისრულობენ, უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და ზრუნვით, როგორიც საჭიროა მისი კეთილდღეობისათვის, ამასთან, ითვალისწინებენ მისი მშობლების, მეურვეების ან კანონით მისთვის პასუხისმგებელი სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს და ამ მიზნით მიმართავენ ყველა შესაბამის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას (ბავშვის უფლებების ევროპული სამართლის სახელმძღვანელო, ლაშა ლურსმანაშვილის თარგმანი, თბილისი, 2020, გვერდი 11.).

31. ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში. ამასთან, იგი ასახავს კონვენციის ერთ-ერთ ძირითად პრინციპს. ბავშვის უფლებათა კომიტეტმა („კომიტეტი“) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი მიიჩნია კონვენციის ოთხი ზოგადი პრინციპიდან ერთ-ერთად ბავშვის ყველა უფლების განმარტებისა და განხორციელებისათვის და იყენებს მას, როგორც დინამიკურ ცნებას, რომელიც მოითხოვს კონკრეტული კონტექსტის შესატყვის შეფასებას.

32. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების მიზანია, უზრუნველყოს როგორც კონვენციით აღიარებული ყველა უფლებით სრული და ეფექტიანი სარგებლობა, ისე ბავშვის ყოვლისმომცველი განვითარება. კონვენციაში უფლებათა იერარქია არ არსებობს; მასში უზრუნველყოფილი ყველა უფლება შეესაბამება „ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესებს“ და დაუშვებელია რომელიმე უფლების შელახვა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების ნეგატიური განმარტებით. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების ცნების სრული გამოყენება მოითხოვს უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის დანერგვას, რომელშიც ჩაერთვება ყველა მონაწილე მხარე, ბავშვის ყოვლისმომცველი ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ფსიქიკური და სულიერი ერთიანობის უზრუნველსაყოფად და მისი ადამიანური ღირსების პატივსაცემად (იხ. სუსგ N ას-1639-2023, 07.03.2024 წ.).

33. საკასაციო სასამართლო ეყრდნობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კომიტეტის რეკომენდაციას, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება არის სამგანზომილებიანი: (ა) მატერიალური უფლება: ბავშვის უფლება, მისი საუკეთესო ინტერესები შეფასდეს და დაეთმოს უპირველესი ყურადღება, როდესაც ხდება სხვადასხვა ინტერესის განხილვა კონკრეტულ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად, და გარანტია, რომ ეს უფლება განხორციელდება ყოველთვის, როდესაც გადაწყვეტილებაა მისაღები ბავშვთან, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფთან, ან ზოგადად ბავშვებთან დაკავშირებით. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი აწესებს სახელმწიფოთა არსებით ვალდებულებას, რომელიც პირდაპირ მოქმედებს (თვითაღსრულებადია) და შეიძლება მოხმობილი იქნეს სასამართლოს წინაშე; (ბ) ძირითადი, სამართლებრივი პრინციპი: თუ სამართლებრივი ნორმა იძლევა ერთზე მეტი განმარტების შესაძლებლობას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი განმარტება, რომელიც ყველაზე ეფექტიანად ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. კონვენციასა და მის ფაკულტატურ ოქმებში ასახული უფლებები ქმნიან ჩარჩოს განმარტებისათვის; (გ) საპროცესო ნორმა: როდესაც ხდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეეხება კონკრეტულ ბავშვს, ბავშვთა დადგენილ თუ დაუდგენელ ჯგუფს ან ზოგადად ბავშვებს, გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა მოიცავდეს ამ გადაწყვეტილების შესაბამის ბავშვზე ან ბავშვებზე შესაძლო ზეგავლენის (დადებითი თუ უარყოფითი) შეფასებას. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება და განსაზღვრა მოითხოვს საპროცესო გარანტიებს. ამასთან, გადაწყვეტილების დასაბუთებაში უნდა ჩანდეს, რომ ეს უფლება ცალსახად იქნა გათვალისწინებული. ამ თვალსაზრისით, მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განმარტონ, თუ როგორ იქნა გათვალისწინებული ეს უფლება გადაწყვეტილებაში, ე.ი. რა იქნა მიჩნეული ბავშვის ჭეშმარიტ ინტერესად, რა კრიტერიუმებს დაეფუძნა იგი და როგორ შეფასდა ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სხვა მოსაზრებებთან შედარებით, იქნება ეს პოლიტიკის ზოგადი საკითხები თუ ცალკეული შემთხვევები.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს ჩარჩოს მონაწილე სახელმწიფოთა სამი სახის ვალდებულებებს: (ა) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები სათანადოდ ინტეგრირებული იყოს და თანმიმდევრულად ხდებოდეს მათი გათვალისწინება საჯარო უწყების მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაში, განსაკუთრებით განხორციელების ყველა ღონისძიებაში, ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოებაში, რომელსაც პირდაპირი ზეგავლენა აქვს ბავშვებზე; (ბ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ყველა სასამართლო და ადმინისტრაციულ გადაწყვეტილებაში, ისევე, როგორც ბავშვებთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და პოლიტიკაში ნათლად ჩანდეს, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესს დაეთმო უპირველესი ყურადღება. საჭიროა იმის აღწერაც, თუ როგორ მოხდა საუკეთესო ინტერესების შესწავლა და შეფასება და რა მნიშვნელობა მიენიჭა მათ გადაწყვეტილებაში; (გ) ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ ბავშვის ინტერესები შეფასდა და დაეთმო უპირველესი ყურადღება კერძო სექტორის ყველა გადაწყვეტილებასა და ქმედებაში, მათ შორის მომსახურების მიმწოდებლების ან ნებისმიერი სხვა კერძო ორგანიზაციის ან დაწესებულების მიერ, რომლებიც იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ზეგავლენას ახდენს ბავშვზე ან შეეხება მას. მონაწილე სახელმწიფოთა ვალდებულება, სათანადოდ გაითვალისწინონ ბავშვის საუკეთესო ინტერესები, წარმოადგენს ყოვლისმომცველ ვალდებულებას, რომელიც მოიცავს ყველა საჯარო და კერძო სოციალური დაცვის ორგანოს, სასამართლოს, ადმინისტრაციულ ორგანოებსა და საკანონმდებლო ორგანოებს, რომლებსაც შეხება აქვთ ან დაკავშირებულნი არიან ბავშვებთან.

35. ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციით აღიარებული ბავშვის უფლებების სრულფასოვნად რეალიზაციისათვის, 2020 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში ამოქმედდა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც, კანონის განმარტებითი ბარათის თანახმად, მიზნად ისახავს ბავშვის კეთილდღეობის მისაღწევად საქართველოში ერთიანი სახელმწიფოებრივი ხედვისა და სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას. კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება.

36. ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭების ვალდებულება, უპირველეს ყოვლისა, აქვს სახელმწიფოს. იგულისხმება, როგორც საკანონმდებლო, ასევე, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებები. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი განსაკუთრებულ მოთხოვნებს განუსაზღვრავს სახელმწიფოს, რომელიც წარმოადგენს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 პუნქტის გამოძახილს. სახელმწიფო ვალდებულია, შექმნას იმგვარი სისტემა, სადაც ყველა ის ორგანო, ფიზიკური და იურიდიული პირი, ვისაც შემხებლობა აქვს ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებთან, უზრუნველყოფდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის უპირატესობის მინიჭებას. მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ იხელმძღვანელოს მულტიდისციპლინური მიდგომითა და სპეციალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თუ არ არსებობს გამართული კოორდინაციის სისტემა, რომლის მეშვეობითაც, სხვადასხვა რგოლები ერთიანი სტრატეგიით მუშაობენ ბავშვთან დაკავშირებული საკითხების გადაჭრაზე სხვადასხვა კუთხით, ბავშვის საუკეთესო ინტერესები ვერ იქნება გათვალისწინებული (იხ. სოფო კილაძე, პაატა ტურავა, ბავშვის უფლებათა კოდექსის სახელმძღვანელო კომენტარი, თბილისი, 2021, გვ. 65).

37. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბავშვს აქვს საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბავშვის ქონების განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

38. ბავშვის უფლებათა კოდექსის ამოქმედებამ არაერთ საკანონმდებლო აქტში გამოიწვია ცვლილების შეტანა, მათ შორის, სსკ-ში შესული ცვლილებით დაწესდა სავალდებულო სასამართლო კონტროლი არასრულწლოვნის უძრავი ქონების გასხვისების პროცედურებზე. კერძოდ, სსკ-ის 183-ე მუხლს დაემატა მე-2 ნაწილი, რომლის შესაბამისადაც, ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის მისი მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის საფუძველზე.

39. სსსკ-ის დაემატა ახალი ნორმა - 2511 მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ არასრულწლოვნის უფლებებთან დაკავშირებულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას და დასაბუთებისას სასამართლო უპირატესობას ანიჭებს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.

40. „ბავშვის ინტერესი ბაზირებული უნდა იყოს ყველა იმ რისკისა თუ უპირატესობის შეწონვაზე, რომელიც სასამართლოს მიერ თანხმობის გაცემისას მხედველობაში უნდა მიიღებოდეს“ (იხ. PWW/Bauer, BGB Kommentar, 2020, §1828, Rn.4). ამ ნორმების მიზანია, რომ დაცული იქნას ბავშვის საკუთრება არაკეთილსინდისიერი მშობლების თუ სხვა კანონისმიერი წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისად, სასამართლომ უნდა განიხილოს, რამდენად შეესაბამება ეს ქმედება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს (იხ. სუსგ N ას-1639-2023, 07.03.2024 წ.).

41. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო სახელმწიფოს მიერ ინდივიდუალური გარემოებების სათანადო შეუფასებლობას, რასაც უნდა დაეფუძნოს ბავშვის საკუთრების განკარგვაზე ნებართვის გაცემა ან გაუცემლობა, ბავშვის საკუთრების უფლების დარღვევად განიხილავს (იხ. S.L and J.L v. Croatia, განაცხადის no.13712/11, პარაგრაფი 64-89.; www. hudoc.echr.coe.int>).

42. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსკ-ის 1198-ე მუხლის მე-4 ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, მშობლებს ევალებათ დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვას და გამოყენებას (იხ. ბავშვის მეურვეობის საკითხები სამოქალაქო სამართალწარმოებაში, საქართველოს უზენაესი სასამართლო, თბილისი, 2018, გვ. 86-87). კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა (იხ. Parkinson P., Family Law and the Indissolunility of Parenthod, Published by CambrigeUniversity Press, 2011, P.164).

43. თავის მხრივ, არასრულწლოვნის „უპირატესი ინტერესის“ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის არაერთი ნორმა, რომლებიც აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა. აღნიშნული მოიცავს სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად შესაბამისი რეგულაციები.

44. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

45. სასამართლოებმა ბავშვთა მონაწილეობით საქმეთა განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გამოიყენონ მულტიდისციპლინური მიდგომა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად (იხ. „ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება“ - კანონმდებლობის ანალიზი, UNICEF, თბილისი, 2017 წელი).

46. ზემოაღნიშნული გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ბავშვის ქონების გასხვისებისას სასამართლოს თანხმობის მოპოვების აუცილებლობის შემოღება ბავშვის უფლებების სათანადო დაცვის, მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინების, საკუთრების გარეშე დარჩენის რისკების გამორიცხვისა და მისი კეთილდღეობის მიღწევის მიზნებით არის განპირობებული.

47. მსგავსი სახის დავა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, რაც საჭიროებს ქონების გასხვისების მიზეზის, მიზნებისა და სავარაუდო შედეგების შესწავლასა და ბავშვის მდგომარეობაზე გავლენის შეფასებას. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დადგენას ემსახურება კანონმდებლობით მსგავსი ტიპის დავებში არასრულწლოვნის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის ჩაბმა. დასახელებულ პირთა მოსაზრებები საკითხის სწორად გადაწყვეტისთვის სასამართლოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

48. „ბავშვის ადვოკატი სამართლებრივ დახმარებას უწევს ბავშვს და მას ეკისრება მტკიცე ერთგულების, კონფიდენციალურობისა და კომპეტენტური წარმომადგენლობის ისეთივე მოვალეობები ბავშვის მიმართ, როგორიც სრულწლოვანი მარწმუნებლის წინაშე“ (იხ: American Bar Association, Standard of Practice for Lawers who Represent Children in Abuse and Neglect Cases, Part 1., A-1, 1996.; Jean Koh Peters, The Roles and Content of best interests in Client Directed Lawyering for Children in Child Protection Proceedings, 64 Fordham L.Rew.1505, 1526, 1996.). ბავშვთა ადვოკატის „პროფესიონალიზმის მახასიათებლებია“ - ესმოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესები საქმეში; უზრუნველყოს ბავშვის შესაძლებლობა, დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო მოსმენებში; დაიცვას ბავშვის მიერ კავშირის შენარჩუნება ორივე მშობელთან, დედმამიშვილებთან და ნათესავებთან მონახულებისა და მუდმივი მზრუნველობის დაგეგმვის მეშვეობით (იხ. ABA Center on Children and the Law, Legal Representation in Child Welfare Proceedings, 2018.). „როგორც წესი, საუკეთესო ინტერესი აუცილებელია დადგინდეს მრავალი ფაქტორის განხილვის შედეგად და რომელთა შორისაც უმთავრესი საზრუნავია ბავშვის უსაფრთხოება და კეთილდღეობა“ (იხ: Child Welfare Information Gateway ( 2020). Determining The best interests of the child. Washington, DC: U.S.Department of Health and Human Servises, Administration for Children and Families; Patrick A. Curtis& Cina Alexander ( Eds). 2012, What Works in Child Welfare. New York: Child Welfare League of America, see especially Chapter II.4.).

49. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დაწესებული სავალდებულო სასამართლო კონტროლი არასრულწლოვნის ინტერესებს ემსახურება და მისი მიზანია დაცული იქნას ბავშვის საკუთრება არაკეთილსინდისიერი მშობლების, თუ სხვა კანონისმიერი წარმომადგენლების მხრიდან. შესაბამისად, სასამართლომ უნდა განიხილოს, რამდენად შეესაბამება ეს ქმედება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

50. არასრულწლოვნის ქონების განკარგვის შესახებ ნებისმიერი გარიგების დადების დროს მიზანს მისი ინტერესის დაცვა უნდა წარმოადგენდეს და მშობლის უფლება - განკარგოს ასეთი პირის ქონება, გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ გულმოდგინე განხილვის შემდეგ. არასრულწლოვნის კეთილდღეობაზე და მომავალზე ზრუნვა უნდა იყოს უპირატესი გარიგების დადების დროს და განპირობებული უნდა იყოს ბავშვის როგორც მატერიალური, ისე - არამატერიალური აუცილებელი მოთხოვნილების დაკმაყოფილების აუცილებლობით (მაგალითად, ჯანმრთელობის მდგომარეობა, განათლების მიღება და ა.შ).

51. განსახილველ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვნები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლით, მათზე ზრუნავენ მშობლები და ბაბუა, არასრულწლოვნების ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართია სვანეთი, სოფელი მაზერი. არასრულწლოვნების თანასაკუთრებაში, ქალაქის ცენტრალურ უბანში არსებული ქონების (რაც ბავშვების ძირითადი და ერთადერთი საცხოვრებელი არ არის და სადაც ცხოვრებისათვის შეუსაბამო პირობებია) გასხვისებით, მიღებული თანხა უნდა მოხმარდეს ახალი ბინის შეძენას, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნას, რომ არსებულ პირობებში, არასრულწლოვნების ქონებრივ ინტერესს საფრთხე არ ემუქრება; გათვალისწინებულია მათი საუკეთესო ინტერესი. რაც შეეხება ბავშვების მამის საკრედიტო დავალიანებას, სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება საკრედიტო დავალიანების მნიშვნელოვან ნაწილსაც კი ვერ ფარავს, ამასთან, ვალდებულება სოლიდარულია და ბავშვების მამასა და ბაბუას სხვა არაერთი უძრავი ქონება აქვთ. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და უფლებათა შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის კუთხით, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით განმცხადებლებს მართებულად მიეცათ ქონების განკარგვის თანხმობა და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

52. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლებმა სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, უზრუნველყვეს მათი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, შესაბამისად, კასატორმა ვერ დაარწმუნა საკასაციო სასამართლო, მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძვლების არსებობაში.

53. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესზეც. საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცალკე თავის სახით არის გამოყოფილი, რადგან მას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები. ამ თავისებურებას განაპირობებს საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკა, რომელიც უპირატესად ატარებს პირადულ და განგრძობად ხასიათს. ერთ-ერთ ფუნდამენტურ თავისებურებას საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვისას, სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ინკვიზიციურობის პრინციპის უფრო ფართოდ გამოყენება. მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძო-სამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას.

54. სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული, შესაბამისად, სსსკ-ის 354-ე მუხლის საფუძველზე კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. ბავშვის საუკეთესო ინტერესების კვლევისა და დადგენისას საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს ინკვიზიციური სამართალწარმოების ელემენტებით აღჭურავს, რაც სასამართლოს მიერ საქმეზე დასადგენ გარემოებათა წრის განსაზღვრასა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ მტკიცებულებების საკუთარი ინიციატივით გამოთხოვაში გამოიხატება იხ. სუსგ-ები N ას-1607-2023, 31.01.2024წ; N ას-1302-2023. 18.01.2024წ; N ას-653-2021, 26.10.2023წ; N ას-1653-2022, 31.03.2023წ.). აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია წინამდებარე განჩინების 25.2 ქვეპუნქტში ასახული საკასაციო პრეტეზნია. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სსკ-ის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვის უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი).

55. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

56. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნები კანონიერი, დასაბუთებული და ანალოგიურ დავებზე საკასაციო სასამართლოს განმარტებების შესატყვისია, შესაბამისად, არ არსებობს საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

57. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.ვ–ისა და ბ.ვ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური