საქმე №ას-524-2024 20 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „დ. ე.პ–ს“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ–ა,“ შპს „ნ. თ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინება
დავის საგანი – ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულების შესრულება, თანხის სოლიდარულად დაკისრება (თავდაპირველი სარჩელში), ხელშეკრულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება (შეგებებული სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „ნ–მ“ და შპს „ნ.თ–მა“ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხეების - შპს „დ. ე.პ–სა“ და გ.ს.რ–ს მიმართ ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულების შესრულებისა და თანხის სოლიდარულად დაკისრების თაობაზე.
შპს „დ.ე.პ–მა“ და გ. ს. რ–მ შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს შპს „ნ–სა,“ შპს „ნ.თ–ის“ მიმართ და მოითხოვეს ხელშეკრულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით შპს „ნ.თ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე შპს „დ.ე.პ–-ს“, შპს „ნ.თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2018-2019 წლებში დადებული ზეპირი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნასყიდობის საგნის საფასურის 26 598.14 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს „დ.ე.პ.“, შპს „ნ.თ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 797.94 ლარის გადახდა სარჩელზე, 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გაღებული სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო 1063.92 ლარი მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურეობის სანაცვლოდ გაღებული ხარჯის ასანაზღაურებლად; შპს „ნ–ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „დ.ე.პ–-ს“ შპს „ნ–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების 26 000 ლარის გადახდა. მოპასუხე შპს „დ.ე.პ-ს“, შპს „ნ–ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 780 ლარის გადახდა სარჩელზე, 50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გაღებული სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ხოლო 1 040 ლარი მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურეობის სანაცვლოდ გაღებული ხარჯის ასანაზღაურებლად. შპს „ნ–ას“ სარჩელი დარჩენილ (თანხის სოლიდარულად დაკისრების) ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შპს „დ.ე.პ–ს“ შეგებებული სარჩელი შპს „ნ.თ–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „დ.ე.პ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „დ.ე.პ-ის“ განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „დ.ე.პ-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ გ.ყ–ს ჩაბარდა 2024 წლის 30 აპრილს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „დ.ე.პ–-ის“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ გ.ყ–ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2024 წლის 30 აპრილს (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.4, ს.ფ.66) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 1 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 13 მაისს, ვინაიდან 2-12 მაისი იყო დასვენების დღეები. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „დ.ე.პ–-ის“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი