Facebook Twitter

საქმე №ას-1659-2023

13 მაისი 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ლ.კ–ა; ნ.ჭ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები - ა.ჩ–ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი - კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.კ–ამ და ნ.ჭ–ძემ სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ა.ჩ–ას წინააღმდეგ და მოითხოვეს: - ქ. ბათუმში, ........ (საკადასტრო კოდი .......) მდებარე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება საზიარო საგნის რეალიზაციის გზით; - რეალიზაციის შემდეგ ამოღებული თანხის საზიარო საგნის მესაკუთრეთა შორის განაწილება თავიანთი წილების შესაბამისად, კერძოდ: – ლ.კ–ას - 1/3, ნ.ჭ–ძეს - 1/3 და ა.ჩ–ას - 1/3.

2. ა.ჩ–ამ, შეგებებული სასარჩელო განცხადებით, ლ.კ–ასა და ნ.ჭ–ძეზე მის სასარგებლოდ 60 000-60 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილებით, ლ.კ–ას და ნ.ჭ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად; ქ. ბათუმში, ............... (საკადასტრო კოდი .....) მდებარე უძრავ ქონებაზე საზიარო უფლება გაუქმდა საზიარო საგნის რეალიზაციის გზით. რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა, საზიარო საგნის მონაწილეთა შორის განაწილდა თავიანთი წილების შესაბამისად: – ლ.კ–ას 1/3 ნაწილი, ნ.ჭ–ძეს 1/3 ნაწილი და ა.ჩ–ას 1/3 ნაწილი, ხოლო ა.ჩ–ას შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ა.ჩ–ას წარმომადგენლებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, კერძოდ ქონების რეალიზაციის გზით საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე ლ.კ–ას და ნ.ჭ–ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; ა.ჩ–ას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ლ.კ–ას და ნ.ჭ–ძისათვის ა.ჩ–ას სასარგებლოდ, თითოეულისათვის, ქონების რეკონსტრუქცია/გაუმჯობესების მიზნით გაწეული ხარჯის შედეგად გაზრდილი ღირებულების-180 000 აშშ დოლარის 1/3 ნაწილის კერძოდ, 60 000 - 60 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით, ა.ჩ–ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება, და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ.კ–ას და ნ.ჭ–ძის სარჩელი ასევე, ა.ჩ–ას შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. ბათუმში, .......... (საკადასტრო კოდი .........) მდებარე უძრავ ქონებაზე გაუქმდა საზიარო უფლება საზიარო საგნის რეალიზაციის გზით; საზიარო უძრავ ქონებაში თითოეულის წილი განისაზღვრა 1/3-ით ამასთან, ლ.კ–ას და ნ.ჭ–ძის 1/3-1/3 წილი განისაზღვრა არაუმეტეს 80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარით; საზიარო უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან ლ.კ–ას 1/3 წილის 80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარზე მეტი ოდენობით განსაზღვრის შემთხვევაში, ლ.კ–ას ა.ჩ–ას სასარგებლოდ დაეკისრა ნამეტი თანხის გადახდა არაუმეტეს 60 000 აშშ დოლარისა; საზიარო უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან ნ.ჭ–ძეს 1/3 წილის 80 000 (ოთხმოცი ათასი) აშშ დოლარზე მეტი ოდენობით განსაზღვრის შემთხვევაში, ნ.ჭ–ძეს ა.ჩ–ას სასარგებლოდ დაეკისრა ნამეტი თანხის გადახდა, არაუმეტეს 60 000 აშშ დოლარისა;

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება, საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ.კ–ას და ნ.ჭ–ძის წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განჩინებით, ლ.კ–ას და ნ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. აღნიშნულ განჩინებაზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა ლ.კ–ას და ნ.ჭ–ძის წარმომადგენელმა.

8. საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, ლ.კ–ას და ნ.ჭ–ძის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდა, გაუქმდა საკასაციო სასამართლოს 2022 წლის 28 ივლისის განჩინება საქმეზე Nას-949-2022 და განახლდა საქმის წარმოება.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 20 იანვრის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ლ.კ–ას და ნ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

10. 2023 წლის 11 ოქტომბერს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ა.ჩ–ას წარმომადგენელმა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 01 ივნისის განჩინების აღსრულების წესის შეცვლა მოითხოვა.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, ა.ჩ–ას განცხადება დაკმაყოფილდა; N 2/ბ-459-2020 სამოქალაქო საქმეზე შეიცვალა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების წესი შემდეგი სახით: ქ. ბათუმში, ..... მდებარე ...... საკადასტრო კოდი უძრავ ქონებაზე, ა.ჩ–ას, ლ.კ–ას და ნ.ჭ–ძის საზიარო უფლება, ნაცვლად საზიარო საგნის აუქციონზე რეალიზაციისა გაუქმდა, ა.ჩ–ას მიერ, ლ.კ–ასათვის 80 000 აშშ დოლარის და ნ.ჭ–ძისათვის 80 000 აშშ დოლარის გადახდის გზით; თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს, განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან 3 თვის ვადაში; მითითებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საზიარო უფლების გაუქმება მოხდეს, 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილი წესით (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4, მე-5, მე-6, მე-7 პუნქტები);

12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი ლ.კ–ას და ნ.ჭ–ძის წარმომდგენლის სახელით წარადგინეს გელა სირაძემ და ჯ.ქ–მა, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვეს. 13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

14. 2024 წლის 28 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოდავე მხარეებს მორიგების მიზნით მიეცათ ვადა და დაევალათ წარმოედგინათ წერილობითი მოსაზრებები.

15. 2024 წლის 01 მაისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნა მხარეთა შორის მიღწეული მორიგები აქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

16. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

19. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ. სუსგ. Nას-1103-2022 19.02.2024წ).

20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

21. წარმოდგენილი მორიგების პირობების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

23. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ საქმის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეთ ჯ.ქ–ის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“, 2024 წლის 29 იანვარს, №6447 საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.1 ნ.ჭ–ძის, ლ.კ–ას და ა.ჩ–ას შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

1.2 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება აღსრულდეს მხარეთა შორის მიღწეული მორიგების საფუძველზე;

1.3 დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:

ერთის მხრივ მოსარჩელე ლ.კ–ა (პ#......) და ნ.ჭ–ძე (პ/ნ ......) და მეორეს მხრივ, მოპასუხე ა.ჩ–ა (პ/ნ ......) (შემდგომში მხარეები) წინამდებარე მორიგების აქტის ერთობლივად შედგენითა და ხელის მოწერით მხარეები, მოქმედებენ რა მათ შორის მიმდინარე დავის მორიგებით დასრულების სურვილით, თანხმდებიან წინამდებარე მორიგების აქტში მოცემული შემდეგი პირობებით:

მხარეები ადასტურებენ, რომ მათ შორის ძირითად საგანზე არსებული დავა დასრულებულია პირველი, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 01 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. ამჟამად დავის საგანს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება აღსრულების წესთან დაკავშირებით და საქმე მოსარჩელეთა კერძო საჩივრის საფუძველზე, წარმოებაშია საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

1. ასტამურ ჩაუშბა იღებს ვალდებულებას მოსარჩელეებს - ლ.კ–ასა და ნ.ჭ–ძეს ქ. ბათუმში, ...... მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი .....) მათი კუთვნილი წილების (თითოეულს 1/3 წილი) სანაცვლოდ ლიტერ „ა“-ში ღირებულების კომპენსაციის სანაცვლოდ გადაუხადოს საერთო ჯამში 250 000 (ორას ორმოცდაათი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადახდის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად (თითოეულს 125 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი) შემდეგი წესით და პირობებით:

წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ სასამართლოს მიერ განჩინების მიღებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა, ა.ჩ–ა ლ.კ–ას და ნ.ჭ–ძეს გადაუხდის 100 000 აშშ დოლარს მთლიანობაში, თითოეულს, 50 000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად, რომელიც ჩაირიცხება ლ.კ–ასა და ნ.ჭ–ძის მიერ წარმოდგენილ შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

ანგარიშის რეკვიზიტებია:

1. ნ.ჭ–ძე .......

მიმღების ბანკი - სს „ს.ბ.“

ბანკის კოდი - BAGAGE22

მიმღები - ჭ–ძე ნ.

ანგარიშის N - GE33BG000.....

2. ლ.კ–ა - ....

მიმღების ბანკი - სს „ს. ბ.“

ბანკის კოდი - BAGA...

მიმღები - კ. ლ.

ანგარიშის N -GE28BG0000.....

ხოლო დარჩენილი 150 000 აშშ დოლარს ა.ჩ–ა დარჩენილ 150 000 აშშ დოლარს (თითოეულს (ნ.ჭ–ძე და ლ.კ–ა) 75 000 აშშ დოლარს) ა.ჩ–ა გადაიხდის არაუგვიანეს 2024 წლის 05 ივნისისა ნ.ჭ–ის და ლ.კ–ას საბანკო ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვის გზით ამ მორიგების აქტში მითითებულ საბანკო რეკვიზიტებზე. ყოველგვარი გაუგებრობის გამორიცხვის მიზნით, ნ.ჭ–ძემ უნდა მიიღოს 75 000 აშშ დოლარი, ხოლო ლ.კ–ამ - 75 000 აშშ დოლარი, ჯამში - 150 000 აშშ დოლარი.

2. მხარეები თანხმდებიან, რომ ა.ჩ–ა უფლებამოსილია ამ მორიგების აქტით გათვალისწინებულ ვადაზე (05/06/2024 წელი) ადრე შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ხოლო ნ.ჭ–ძე და ლ.კ–ა ვალდებული არიან მიიღოს შესრულება. ა.ჩ–ას მიერ ვალდებულების ვადაზე ადრე და შეთანხმებული თანხის (250 000 აშშ დოლარი) ნ.ჭ–ძისა და ლ.კ–ასათვის ერთიანად გადახდის შემთხვევაში (125 000 აშშ დოლარი - ნ.ჭ–ძე და 125 000 აშშ დოლარი ლ.კ–ა) (ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი ან მათი უფლებამონაცვლე იღებს ვალდებულებას თანხის მათ ანგარიშზე ასახვის დღიდან 3 სამუშაო დღეში გამოცხადდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში და გადასცენ ა.ჩ–ას საკუთრების უფლება საკუთარ წილებზე, მოაწერონ ხელი ყველა აუცილებელ დოკუმენტს და განახორციელონ ყველა მოქმედება, რაც აუცილებელია მათ მიერ ა.ჩ–ასთვის საკუთრების უფლების გადასაცემად.

3. იმ შემთხვევაში, თუ ა.ჩ–ა ამ მორიგების აქტით განსაზღვრული პირობებითა და შეთანხმებულ ვადაში, შეთანხმებული ოდენობით არ გადაუხდის ლ.კ–ასა და ნ.ჭ–ძეს თანხას (თუნდაც ერთ-ერთ ტრანშს), ლ.კ–ას და ნ.ჭ–ძეს უფლება აქვთ მიმართონ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს რათა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე გაცემული იქნას სააღსრულებო ფურცელი და განხორციელდეს უძრავი ქონების მდებარე ბათუმი, ........ (ს/კ .......) რეალიზაცია იძულებით აუქციონზე, ამონაგები თანხის შემდგომი განაწილების მიზნით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების შესაბამისად.

4. ა.ჩ–ას მიერ ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, თუკი ნ.ჭ–ძე და ლ.კ–ა არ შეასრულებენ ამ მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვალდებულებას და არ გადასცემენ ა.ჩ–ას საკუთრებაში თავიანთ წილებს სრულად სადავო უძრავ ქონებაში, ამ შემთხვევაში ა.ჩ–ას მიმართვის საფუძველზე სასამართლო გასცემს სააღსრულებო ფურცელს ლ.კ–ასა და ნ.ჭ–ძის კუთვნილი წილების ა.ჩ–ას საკუთრებაში აღრიცხვასთან დაკავშირებით ქ. ბათუმში, ....... (საკადასტრო კოდი ......) მდებარე უძრავ ქონებაზე. სასამართლოს მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მიეთითება, რომ ა.ჩ–ას საკუთრებაში აღირიცხოს ლ.კ–ას და/ან ნ.ჭ–ძის წილები მორიგების აქტით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაში (საკადასტრო კოდი ......). საჯარო რეესტრი ქონების ერთადერთ მესაკუთრედ აღრიცხავს ა.ჩ–ას.

5. ა.ჩ–ას მიერ ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული თანხის 250 000 აშშ დოლარის სრულად გადახდამდე, ლ.კ–ას და ნ.ჭ–ძეს კუთვნილი რეგისტრირებული წილები რჩება მათ საკუთრებად. ლ.კ–ას და/ან ნ.ჭ–ძეს ეკრძალებათ რაიმე ფორმით და უფლებით მათი კუთვნილი წილების დატვირთვა, გასხვისება, მათთან დაკავშირებით წინარე ხელშეკრულების დადება და/ან ნებისმიერი ისეთი მოქმედების განხორციელება, რამაც პოტენციურად შეიძლება წარმოშვას მესამე პირის/პირების რაიმე უფლება ან/და ვალდებულება მათ საკუთრებაში არსებულ წილებზე. ა.ჩ–ა უფლებამოსილია წარადგინოს აღნიშნული მორიგების აქტი საჯარო რეესტრში და მოითხოვოს დროებითი შეზღუდვის რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე ქ. ბათუმში, .......... (საკადასტრო კოდი ........). შეზღუდვა შეიძლება დარეგისტრირდეს არაუმეტეს 2024 წლის 05 ივნისამდე ვადით. იმ შემთხვევაში თუკი ა.ჩ–ას მიერ აღნიშნული მორიგების აქტის საფუძველზე გამოყენებული იქნება უფლება საჯარო რეესტრში დროებითი 2024 წლის 05 ივნისამდე შეზღუდვის რეგისტრაციის მოთხოვნით უძრავ ქონებაზე, ქ. ბათუმში, ....... (საკადასტრო კოდი ..........) 2024 წლის 06 ივნისიდან წინამდებარე მორიგების აქტის საფუძველზე, ნ.ჭ–ძესა და ლ.კ–ას როგორც ერთობლივად, ისე ცალ- ცალკე ენიჭება უფლება ამავე მორიგების აქტის საფუძველზე განცხადებით მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვოს 2024 წლის 05 ივნისამდე რეგისტრირებული დროებითი შეზღუდვის გაუქმება უძრავ ქონებაზე, ქ. ბათუმში, .......... (საკადასტრო კოდი .......).

6. მხარეები ამ მორიგებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისთვის ერთმანეთთან ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მათი წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირებთან კომუნიკაციას, რომელშიც ასევე იგულისხმება ვალდებულების შესრულების დადასტურება, საბანკო რეკვიზიტების მიწოდება და ა.შ. მათ შორის, მიმოწერას სმს საშუალებით, ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციას, ახორციელებენ შემდეგი ტექნიკური საშუალებებით:

ა.ჩ–ას საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი - ქ. ბათუმი, ........

ტელეფონი - 5.........

ელექტრონული ფოსტა - a@gmail.com

ნ.ჭ–ძის საკონტაქტო ინფორმაცია:

მისამართი - ბათუმი, ......

ტელეფონი - ........

ლ.კ–ას საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი - ბათუმი,........

ტელეფონი - .......

ლ.კ–ას და ნ.ჭ–ძის წარმომადგენლის - გ. ს–სა და ჯ.ქ–ის საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი - გ. –ძე-ბათუმი, ........

ტელეფონი - .

ელექტრონული ფოსტა - g.@mail.ru

მისამართი - ჯ.ქ–ი - ბათუმი ........

ტელეფონი - .......

ელექტრონული ფოსტა - j @gmail.com

7. მხარეები კისრულობენ ვალდებულებას, რომ მიმართავენ ყველა ზომას წინამდებარე მორიგებით გათვალისწინებული პირობების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და სრულყოფილად შესასრულებლად.

8. წინამდებარე მორიგებაზე ხელმოწერით მხარეები აცხადებენ, რომ მორიგების ყველა პირობა წარმოადგენს მათი ნამდვილი ნების გამოვლენას, არ გახდიან სადავოდ მორიგების პირობებს და აცხადებენ თანხმობას მის ნებაყოფლობით შესრულებაზე.

9. მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებით მხარეთა შორის არსებული დავა სრულად ამოიწურება.

10. მხარეები თანხმდებიან ამ აქტით იდენტიფიცირებულ მორიგების არსებით პირობებზე და მიმართავენ საქართველოს უზენაეს სასამართლოს მისი დამტკიცების მოთხოვნით. ამასთან მხარეები აცხადებენ თანხმობას, სასამართლო მიხედულების შემთხვევაში, მორიგების აქტი სასამართლოს მიერ დამტკიცდეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

11. მხარეები თანხმდებიან, რომ ერთმანეთს არ უნაზღაურებენ წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმებამდე გაწეულ საპროცესო ხარჯებს.

12. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ნებისმიერი პუნქტის დარღვევის, ნებაყოფლობით შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მორიგება შესაძლებელია მიქცეულ იქნეს იძულებითი წესით აღსასრულებლად.

13. მხარეთა შეთანხმებით წინამდებარე მორიგების აქტზე მხარეთა ხელმოწერები დადასტურდება სანოტარო წესით.

14. მხარეები უფლებამოსილნი არიან ამავე მორიგებით დადგენილი ფორმით დამოწმებული წინამდებარე აქტი ერთობლივად ან ერთმანეთისგან დამოუკიდებლად წარუდგინონ საქმის განმხილველ სასამართლოს. ერთ-ერთი მხარის მიერ წინამდებარე მორიგების აქტის სასამართლოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა, მხარეთა მიერ განხილული იქნება როგორც ერთობლივ განცხადებად სასამართლოსადმი.

15. მორიგების აქტი შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამ) ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი გადაეცემა სასამართლოს, ხოლო თითო ეგზემპლარი რჩება მხარეებთან.

16. მხარეები თანხმობას აცხადებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის ნებისმიერი პუნქტის დარღვევის, ნებაყოფლობით შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მორიგება შესაძლებელია მიქცეულ იქნას იძულებითი წესით აღსასრულებლად ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობებით.

1.4 მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება საქმეზე 2/ბ-459-2020;

1.5 მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-1659-2023წ.;

1.6 განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

1.7 კერძო საჩივრის ავტორებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ჯ.ქ–ის მიერ, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თიბისი ბანკში“, 2024 წლის 29 იანვარს, №6447 საგადასახადო დავალებით გადახდილი 50 ლარი;

1.8 სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე