საქმე №ას-429-2024 22 მაისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ე.პ–ი, ლ.პ–ი (აპელანტები, მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე - რ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ.გ–ძის სარჩელი ე.პ–ისა და ლ.პ–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე.პ–ს და ლ.პ–ს მოსარჩელე რ.გ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 36 960 ლარის გადახდა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ე.პ–მა და ლ.პ–მა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით, ე.პ–ის და ლ.პ–ის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის არსებითი განხილვა, სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2024 წლის 04 მარტს 14:00 საათზე.
4. სასამართლოს მთავარი სხდომის, ასევე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე მხარეებს ეცნობათ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო უწყებით, რაც ჩაბარდა აპელანტს ე.პ–ს პირადად 2024 წლის 29 იანვარს, ამავე დღეს ე.პ–მა, როგორც ოჯახის წევრმა (შვილი) ჩაიბარა ლ.პ–ის სახელზე გაგზავნილი უწყება, თუმცა 2024 წლის 04 მარტს 14:00 საათზე სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტები არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის.
5. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ რ.გ–ძემ უარი განაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ასევე სასამართლო სხდომის გადადებაზე და სასამართლოს წინაშე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იშუამდგომლა, რაც 2024 წლის 4 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, რომლთაც მოითხოვეს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნება. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მან ვერ შეძლო პროცესზე გამოცხადება საპატიო მიზეზით, რადგან კბილის ტკივილით მიმართა სტომატოლოგიურ დაწესებულებას, ჩაუტარდა 3.8. კბილის გადაუდებელი, რთული ექსტრაქცია, რის გამოც დაენიშნა ანტიბიოტიკოთერაპია ხუთი დღით. აღნიშნული გარემოების დასასაბუთებლად წარმოადგინა კლინიკა „გლობალ დენტის“ 2024 წლის 04 მარტის ცნობა.
7. რაც შეეხებათ უშუალოდ მოპასუხეებს, ე.პ–ის შემთხვევაში ასევე წარმოდგენლია ცნობა, რომლის თანახმად, ის კლინიკა „ინტეგრაში“ მკურნალობდა 2024 წლის 2, 3, 4 და 5 მარტს მწვავე ქრონიკული გინგივიტით, შესაბამისად, ვერ შეძლებდა პროცესზე გამოცხადებას. ხოლო ლ.პ–ი არის ხანდაზმული, 80 წილს ქალბატონი, რომელსაც ფიზიკური მდგომარეობა არ აძლევს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.
12. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
13. სსსკ-ის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სსსკ-ის 65-ე მუხლი. საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში აღადგენს საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას, თუ ვადა საპატიო მიზეზითაა გაშვებული (შდრ. სუსგ. №ას-366-366-2018, 18.05.2018წ., №ას-1282-2023 11.12.2023წ).
16. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას. ასეთ გარემოებაზე მითითების ვალდებულება შესაბამისი ვადის გამშვებ პირს აკისრია, რომელმაც პირველ რიგში უნდა იშუამდგომლოს გაშვებული ვადის აღდგენის თაობაზე და ამასთან, სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, სათანადოდ უნდა დაადასტუროს ვადის გაშვების საპატიო საფუძვლის არსებობა (შდრ. სუსგ. №ას-1023-2019, 25.09.2019წ.; №ას-1402-2023 19.12.2023წ.), რაც საქმის მასალებით არ დასტურდება.
17. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს ზეპირი სხდომა დაინიშნა 2024 წლის 4 მარტს, რის შესახებაც 70-78-ე მუხლების შესაბამისად ეცნოთ მხარეებს. მიუხედავად ამისა, აპელანტი არ გამოცხადდა პროცესზე, მოწინააღმდეგე მხარემ არ იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ და შედეგად, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
18. კერძო საჩივრის ავტორი, მართალია, არ უარყოფს სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობას, თუმცა გამოცხადების ობიექტურ შეუძლებლობად წარმოდგენილია სამი არგუმენტი: წარმომადგენლის შემთხვევაში, მითითებულია, რომ ვერ შეძლო პროცესზე გამოცხადება საპატიო მიზეზით, რადგან კბილის ტკივილით მიმართა სტომატოლოგიურ დაწესებულებას, ჩაუტარდა 3.8. კბილის გადაუდებელი, რთული ექსტრაქცია, რის გამოც დაენიშნა ანტიბიოტიკოთერაპია ხუთი დღით. აღნიშნული გარემოების დასასაბუთებლად წარმოადგინა კლინიკა „გლობალ დენტის“ 2024 წლის 04 მარტის ცნობა. ე.პ–ის შემთხვევაში, წარმოდგენლია ცნობა, რომლის თანახმად, ის კლინიკა „ინტეგრაში“ მკურნალობდა 2024 წლის 2, 3, 4 და 5 მარტს მწვავე ქრონიკული გინგივიტით, შესაბამისად, ვერ შეძლებდა პროცესზე გამოცხადებას. ხოლო ლ.პ–ი არის ხანდაზმული, 80 წილს ქალბატონი, რომელსაც ფიზიკური მდგომარეობა არ აძლევს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობას.
19. საკასაციო პალატა, ლ.პ–ის შემთხვევაში, აღნიშნავს, ის გარემოება, რომ პიროვნება ხანდაზმულია და არ აქვს დამოუკიდებლად გადაადგილების შესაძლებლობა, ვერ იქნება გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიჩნეული, რადგან საპატიო მიზეზით პროცესზე გამოუცხადებლობა უნდა იყოს გამოწვეული წინასწარ გაუთვალისწინებელი და შეუცნობელი მიზეზის საფუძველზე, რომლის დაძლევის უნარი მხარეს ობიექტურად არ ჰქონდა. ამ შემთხვევაში, ლ.პ–ის ხანდაზმული ასაკი და გადაადგილების შეუძლებლობა, მართალია, წარმოადგენს ობიექტურ გარემოებას, რომლის საფუძველზეც, სავარაუდოდ, ნამდვილად არაა შესაძლებელი პროცესზე მისი დამოუკიდებლად გამოცხადება, თუმცა აღნიშნულ ობიექტურ გარემოებას არ აქვს იმწუთიერი და განუჭვრეტელი ხასიათი, რაც დააკმაყოდილებდა ზემოაღნიშნული ნორმის დისპოზიციას. ზუსტად იგივეს თქმაა შესაძლებელი ე.პ–ის მიმართაც, რადგან წარმოდგენილ ცნობაში მისი დაავადების მკურნალობის პერიოდად აღნიშნულია 2, 3, 4, და ხუთი მარტი. პროცესი დანიშნული იყო 4 მარტს, შესაბამისად, ე.პ–ს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, წინა დღეებში, 2 და 3 მარტს მაინც წარედგინა სასამართლოსთვის შეტყობინება გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. ამასთან, მწვავე ქრონიკული გინგივიტი (ცნობაში მითითებული დიაგნოზი) წამოადგენს ღრძილში მიმდინარე ანთებით პროცესს, რაც გამორიცხავს გადაადგილების ობიექტურ შეუძლებლობას, აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვერც აღნიშნული არგუმენტია საკმარისი იმისთვის, რომ საპატიოდ ჩაითვალოს ე.პ–ის პროცესზე გამოუცხადებლობა.
20. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა წარმომაგენელ ნ.ი–ს, მისი პროცესზე გამოუცხადებლობის მიზეზად მითითებულია კბილის მწვავე ტკივილი, ასევე ტემპერატურა 37,5 გრადუსი ცელსიუსი. საკასაციო პალატა, ამ შემთხვევაშიც მიიჩნევს, რომ ვერ დასტურდება სხდომის საათსა და სტომატოლოგიურ კლინიკაში ვიზიტის პერიოდებს შორის ზუსტი თანხვედრა, რაც გამორიცხავდა წარმომადგენლის გადაადგილების შეუძლებლობას. ცნობაში არ არის მითითებული ის კონკრეტული დრო, 2024 წლის 4 მარტს რომელი საათიდან რომელ საათამდე პერიოდში ჩატარდა ექსტრაქციის პროცედურა, შესაბამისად, სასამართლოსთვის დაუდგენელია ნ.ი–ის სასამართლოში გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის დრო, რის გამოც ვერც აღნიშნული შედავება დაკმაყოფილდება.
21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გაშვების გამო. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.პ–ისა და ლ.პ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე