Facebook Twitter

საქმე №ა-185-შ-9-2022 22 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და ვალდებულებების სამინისტროს ინსპექცია

მოწინააღმდეგე მხარე – ზ.ბ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებასაც მოითხოვს მხარე – მოგილევის რაიონის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 30 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ამონაწერი №3-768

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მოგილევის რაიონის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 30 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ამონაწერი №3-768-ის თანახმად, ზვიად ბადუაშვილს ბელორუსის რესპუბლიკის სასარგებლოდ დაეკისრა 140 ბელორუსული რუბლის გადახდა.

2.ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და ვალდებულებების სამინისტროს მოგილევის რაიონის ინსპექციის მიერ გაცემული აქტის თანახმად, ზემოაღნიშნული ნოტარიული ამონაწერიდან აღსრულებული არ არის 134,17 ბელორუსული რუბლის ნაწილი.

3. ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და ვალდებულებების სამინისტროს ინსპექციმ მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმოდგენილი შუამდგომლობით და მოითხოვა ზემოაღნიშნული სააღსრულებო ამონაწერის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 28 იანვრის განჩინებით, შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

5. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

6. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის არ არის გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულება სამოქალაქო საქმეებზე სამართლებრივი დახმარების თაობაზე და ამიტომ წინამდებარე განჩინების დასაბუთებისას დაეყრდნობა „მინსკის კონვენციის“ მოწესრიგებას.

7. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს.

8. ამავე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სამოქალაქო და საოჯახო საქმეთა იუსტიციის დაწესებულებათა გადაწყვეტილებები, მათ შორის სასამართლოს მიერ ამგვარ საქმეებზე მორიგების შესახებ დამტკიცებული შეთანხმებები და ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით ნოტარიალური აქტები (შემდგომ - გადაწყვეტილებები).

9. განსახილველ შემთხვევაში, შუამდგომლობა დაყენებულია ნოტარიუსის მიერ გაცემული აღსრულებას დაქვემდებარებული აქტის ცნობა-აღსრულების შესახებ, რასაც ითვალისწინებს ზემოაღნიშნული ნორმა, შესაბამისად, არსებობს შუამდგომლობის დაკმაყოფილების კანონისმიერი წინაპირობები, რის საფუძველზეც ნოტარიული სააღსრულებო ამონაწერი საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იქნეს ცნობილი და აღსრულებული.

10. საკასაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებით დგინდება, რომ აღნიშნული სააღსრულებო აქტი ნაწილობრივ აღსრულებულია, ხოლო შუამდგომლობის ფარგლებში მოთხოვნილია აღუსრულებელი ნაშთის, 137,7 ბელორუსული რუბლის გადახდა, შესაბამისად, სასამართლო შუამდგომლობას აკმაყოფილებს აღუსრულებელი თანხის ფარგლებში.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,მინსკის კონვენციის“ 51-ე მუხლით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და ვალდებულებების სამინისტროს ინსპექციის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს მოგილევის რაიონის ნოტარიუსის მიერ 2020 წლის 30 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ამონაწერი №3-768, რომლის თანახმად, ზ.ო. ძე ბ–ს (დაბ. 28.07.1973; გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი: .......) ბელორუსის რესპუბლიკის გადასახადებისა და ვალდებულებების სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 134.17 ბელორუსული რუბლის გადახდა შემდეგ ანგარიშზე: N: BY97AKBB36027020004700000000 (გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი: .....), ღსს “JSSB Belarusbank” ქ. მინსკი, BIC AKBBBY2X, გადასახადის მიმღები: ბელორუსის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს მთავარი სამმართველო მოგილევის რეგიონში, გადახდის კოდი: 00101;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე