Facebook Twitter

საქმე №ა-2439-შ-61-2024 16 მაისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ლ.ა.

მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ვა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ისრაელის სახელმწიფოს, თელ ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება #26717-02-24

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ისრაელის სახელმწიფოს, თელ ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 24 მარტის #26717-02-24 გადაწყვეტილებით შეწყდა ლ.ა–სა (შემდეგში: განმცხადებელი ან შუამდგომლობის ავტორი) და ა.კ–ვას შორის რეგისტრირებული ქორწინება (სამოქალაქო ქორწინება კვიპროსზე, ქ. ლარნაკაში 2021 წლის 22 აპრილს შედგა).

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2024 წლის 2 მაისს, შუამდგომლობით მომართა განმცხადებელმა და მოითხოვა ისრაელის სახელმწიფოს, თელ ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 24 მარტის #26717-02-24 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, განქორწინების თაობაზე.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილებითა და თავად შუამდგომლობის ავტორის განცხადებით, დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.

4. ისრაელის სახელმწიფოს, თელ ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილებას მეუღლეები ეთანხმებიან.

5. საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით განმცხადებლის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, ისრაელის ისრაელის სახელმწიფოს, თელ ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 24 მარტის #26717-02-24 გადაწყვეტილებას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ განმცხადებლის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. ისრაელის სახელმწიფოს, თელ ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით განქორწინების თაობაზე გადაწყვეტილებას მეუღლეები ეთანხმებიან.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ა.ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ისრაელის სახელმწიფოს, თელ ავივ-იაფოს ოჯახურ საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 24 მარტის #26717-02-24 გადაწყვეტილება, რომლითაც შეწყდა ლ.ა–სა და ა.კ–ვას შორის რეგისტრირებული ქორწინება (სამოქალაქო ქორწინება კვიპროსზე, ქ. ლარნაკაში 2021 წლის 22 აპრილს შედგა);

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე