№ას-249-2024 13 მაისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ფ–ი, ნ.წ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.გ.ს.უ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.02.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 30.04.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „ს.გ.ს.უ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“) სარჩელი მ.ფ–ისა და ნ.წ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი კასატორი“, „მეორე კასატორი“), შპს „ნ–ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მესამე კასატორი", ერთობლივად „მოპასუხეები", "კასატორები") მიმართ დაკმაყოფილდა, კერძოდ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის - 3643.75 ლარის, დარიცხული პირგასამტეხლოს - 1481.23 ლარისა და დარიცხული საურავის - 2400 ლარის, ჯამურად 7524.98 ლარის გადახდა (იხ.: დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ს.ფ. 46-49). დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.06.2022 წლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ს.ფ. 78-80). განჩინებაზე და დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 03.02.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების განჩინება (იხ.: განჩინება, ს.ფ.122-136). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.03.2024 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კასატორებს დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის 376.2 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი; მესამე კასატორს დაევალა წარმოედგინა ან უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი, ან კ.ფ–ზე გაცემული ვადაში მოქმედი მინდობილობა გასაჩივრების უფლებით. ამავე განჩინებით მათ განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი პირველი და მეორე კასატორის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 04.03.2024 წლის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი და განესაზღვრათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადა მის შესავსებად (იხ.: განჩინება, ს.ფ. 157-159).
7. ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გაეგზავნა პირველი და მეორე კასატორის წარმომადგენელს კ.ფ–ს საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე (იხ.: ვადაში მოქმედი მინდობილობები გასაჩივრების უფლებით, ს.ფ. 74, 76; საკასაციო საჩივარი და გზავნილი, ს.ფ.145,167) და ჩაჰბარდა პირადად 01.04.2024 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ს.ფ.169).
8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
10. მოცემულ შემთხვევაში, პირველი და მეორე კასატორისთვის ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის დენა დაიწყო 02.04.2024 წელს და ამოიწურა 11.04.2024 წელს. ამდენად, კასატორები ვალდებული იყვნენ ხარვეზი 11.04.2024 წლის ჩათვლით შეევსოთ. საქმის მასალებით დგინდება, კასატორების განცხადება საფოსტო განყოფილებაში წარდგენილ იქნა მხოლოდ 25.04.2024 წელს, ანუ, პირველი და მეორე კასატორის ნაწილში ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადის დარღვევით.
11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ-ები №ას-1460-2019, 10 თებერვალი, 2020 წელი; №ას-1803-2019, 5 მარტი, 2020 წელი №ას-241-2020, 27 მაისი, 2020 წელი).
12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან პირველმა და მეორე კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ის განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ფ–ისა და ნ.წ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე