№ას-1584-2023 22 მაისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ნ–ა (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ტ–ძე, ბ.ტ–ძე, ე.ტ–ძე (მოსარჩელეები, შეგებებული სარჩელით მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.10.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტილად ცნობა, წინარე საკუთრების უფლების გაუქმება (სარჩელით)/თანხის დაკისრება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.ტ–ძემ, ბ.ტ–ძემ, ე.ტ–ძემ (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოსარჩელეები“) წარადგინეს სარჩელი ი.ხ–ის, ი.ნ–ას, ლ.ნ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „პირველი კასატორი“, "მეორე კასატორი", "მესამე კასატორი", ერთად მითითებული, როგორც "მოპასუხეები", „კასატორები“) მიმართ და მოითხოვეს:
- 2015 წლის 23 ივნისს ი.ტ–ძესა და ა.ნ–ას შორის დადებული, შპს „რ–ას“ კაპიტალში ი.ტ–ძის 100% წილთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების, რომელიც დამოწმებულია ნოტარიუს რ.ბ–ის მიერ რეგისტრაციის ნომრით N150661079 და დარეგისტრირებულია საჯარო რეესტრში გადაწყვეტილებით NB15154359/3, შეწყვეტილად აღიარება;
- შპს ,,რ–ას“ კაპიტალში ი.ტ–ძის 100%-იან წილზე საჯარო რეესტრში ა.ნ–ას სახელზე დარეგისტრირებული წინასწარი საკუთრების უფლების გაუქმება.
2. მოპასუხეებმა შეგებებული სარჩელი წარადგინეს და მოითხოვეს:
- მოსარჩელეებს მოპასუხეების სასარგებლოდ დაეკისროთ 2015 წლის 23 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში ა.ნ–ას მიერ გადახდილი 408 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20.10.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 383-402). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.10.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ. 97-126). სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 25.12.2023 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კასატორებს განესაზღვრათ ვადა მის შესავსებად (ტ.3, ს.ფ.142-145). კასატორებმა ხარვეზი ნაწილობრივ შეავსეს (წარმოადგინეს ხელმოწერილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი). ამავე სასამართლოს 29.01.2024 წლის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის სრულად შესავსებად ვადა 10 დღით. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ. 207-210).
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.02.2024 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარი პირველი და მეორე კასატორის ნაწილში დარჩა განუხილველად (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ. 218-221).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მესამე კასატორის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.01.2024 წლის განჩინებით მესამე კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 10 დღით. ამავე განჩინებით მას განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ტ.3, ს.ფ.207-210).
9. ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება მესამე კასატორს ორჯერ გაეგზავნა მის საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (იხ. საკასაციო საჩივარი, ტ.3, ს.ფ. 181; გზავნილები, ტ.3, ს.ფ. 212, 215), თუმცა მისთვის გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა (ტ.3, ს.ფ. 214, 216).
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 20.03.2024 წლის განჩინებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტს დაევალა მესამე კასატორის მოძიება და მისთვის განჩინების ჩაბარება. ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს პოლიციის მე-6 სამმართველოს მისამართზე გამოცხადების შესახებ ოქმში აღნიშნულია, რომ მითითებულ მისამართზე კასატორის მოძიება ვერ მოხერხდა (იხ.: მომართვა და ოქმი, ტ.3, ს.ფ. 232,233).
11. სსსკ-ის 78-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2024 წლის განჩინებით დადგინდა მესამე კასატორისათვის საჯარო შეტყობინებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.01.2024 წლის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება და მისთვის განმარტება, რომ ზემოაღნიშნული განჩინება ჩაბარებულად მიიჩნეოდა მისი საჯაროდ გავრცელებიდან მე-7 დღეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2024 წლის განჩინება საჯაროდ გავრცელდა 2024 წლის 18 აპრილს.
12. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.01.2024 წლის განჩინება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან (18.04.2024 წლიდან) მე-7 დღეს და მისი მომდევნო დღიდან უნდა იქნეს ათვლილი ხარვეზის შევსების გაგრძელებული ვადა (10 დღე), რომელიც ამოიწურა 13.05.2024 წელს, ვინაიდან 6 მაისის ჩათვლით იყო საქართველოს შრომის კოდექსის 30-ე მუხლის პირველი ნაწილის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე განსაზღვრული სააღდგომო დღეები, საქართველოს მთავრობის 30.04.2024 წლის №153 დადგენილებით კი ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის 2024 წლის 7, 8 და 10 მაისი განისაზღვრა უქმე დღეებად.
13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში მესამე კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის.
14. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-1303-2022, 13.01.2023წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მესამე კასატორმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ნ–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე