Facebook Twitter

№ას-594-2024 20 მაისი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - მ.ც–ი

მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ლ-თ–ი

კანონიერი წარმომადგენელი - ნ.რ–ვა

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2024 წლის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.11.2022 წლის გადაწყვეტილებით გ.ლ-თ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოსარჩელე") სარჩელი ნ.ლ-თ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "მოპასუხე") მიმართ 18.06.2017 წელს დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ½ ნაწილის გამოთხოვის თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ს.ფ. 173-182).

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 22.05.2023 წლის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა მოსარჩელის გარდაცვალების გამო (იხ.: განჩინება, ს.ფ. 275-277).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2024 წლის სხდომაზე მიღებულ იქნა განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოპასუხის შუამდგომლობა და საქმეზე შეწყდა წარმოება, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 28.11.2022 წლის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 272-ე მუხლის "ე" ქვეპუნქტით - სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას, სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა (იხ.: განჩინება, ს.ფ.363-365).

5. აღნიშნული საოქმო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელის ერთ-ერთმა მემკვიდრემ მ.ც–მა (იხ.: სამკვიდრო მოწმობა, ს.ფ.337-339; კერძო საჩივარი, ს.ფ.374-375).

6. 22.04.2024 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა მ.ც–ის მიერ ხელმოწერილი განცხადება, რომლითაც დგინდება, რომ მ.ც–ი უარს აცხადებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2024 წლის განჩინების გასაჩივრებაზე (ს.ფ.378-380).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

8. სსსკ-ის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

9. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.:სუსგ №ას-712-2020, 04.03.2021წ. №ას-1238-2022, 04.10.2022წ.).

10. კერძო საჩივრის ავტორმა განაცხადა, რომ კერძო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. კერძო საჩივარზე თუ საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მის წარმოებაში მიღებამდე, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-1238-2022, 04.10.2022წ.; №ას-1225-2023, 03.11.2023წ.; №ას-300-2023, 21.03.2023 წ.). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 420-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე და 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ც–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.03.2024 წლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე