Facebook Twitter

საქმე №ას-1423-2020 26 იანვარი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – შ.ა–ვი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში), ს.ა–ვა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ვ.ა–ვი (მოსარჩელე), შ.ა–ვა, ა.ა–ვი (მოპასუხეები შეგებებულ სარჩელში)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), საცხოვრებელი სადგომის გამოსყიდვა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით შ.ა–ვისა და ს.ა–ვას (შემდგომში - „მოპასუხეები“ ან „კასატორები“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 16 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.ა–ვის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი მოპასუხეების მიმართ დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ გამოთხოვილ იქნეს მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონება, მდებარე მარნეულის რაიონის სოფელ ......., ს/კ ......., და ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრე მოსარჩელეს; შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შ.ა–ვის სარჩელი ვ.ა–ვის, შ.ა–ვასა და ა.ა–ვის მიმართ არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ უძრავი ქონება, მდებარე მარნეულის რაიონში, სოფელ ......, ს/კ N......, დაზუსტებული ფართობი 1130 კვ.მ., საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე და ხსენებული უძრავი ნივთი მოცემული მდგომარეობით მოპასუხეების ფაქტობრივ მფლობელობაშია.

3. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე სადავო ქონების მესაკუთრეა საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ხოლო მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - „სპეციალური კანონი“) წინამდებარე დავაზე გავრცელების ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობასა და მათი მხრიდან ქონებით მართლზომიერ ფლობასა და სარგებლობას.

4. სააპელაციო პალატამ მიუთითა სპეციალური კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგება უნდა დასტურდებოდეს შემდეგი გარემოებით/გარემოებებით: სადავო საცხოვრებელ სადგომში რეგისტრაცია, კომუნალური გადასახადების გადახდა ან/და მესაკუთრისათვის გარკვეული საფასურის გადახდა. ამასთან, კანონი აწესრიგებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილ იმ ურთიერთობებს, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს.

5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეები სადავო მისამართზე რეგისტრირებული არიან 06.07.2004 წლიდან (იხ. სსგს მარნეულის სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან ინფორმაცია მარნეულში, ....... რეგისტრაციის შესახებ, ტომი 1, ს.ფ. 62-68), ხოლო ელ. ენერგიის და ბუნებრივი აირის გადასახადების გადახდის შესახებ ინფორმაციიდან დგინდება, რომ სოფელ ..... აბონენტად რეგისტრირებულია შ.ა–ვი, თუმცა წარმოდგენილია 2007 წლიდან 2018 წლამდე ინფორმაცია (იხ. ტომი 1, ს.ფ. 69-83). უფრო მეტიც, შპს „მ.ს–ის“ მიერ გაცემული ინფორმაციის თანახმად, შ.ა–ვი არის შპს „მ.ს–ის“ აბონენტი 2016 წლის 10 თებერვლიდან (იხ. ტომი 1, ს.ფ. 84).

6. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეები ვერ იქნებოდნენ მიჩნეულნი სპეციალური კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეებად და, შესაბამისად, სადავო ნივთს ფლობდნენ კანონისმიერი და/ან სახელშეკრულებო საფუძვლის გარეშე, არამართლზომიერად, რაც გამორიცხავდა მესაკუთრის მხრიდან მის ნივთზე მოპასუხეთა მფლობელობისადმი თმენის ვალდებულების არსებობას.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. საკასაციო საჩივრის თანახმად:

12.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად არ მიიჩნია, რომ შ.ა–ვი 1980 წლიდან ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში, ხოლო ბოლო 35 წელიწადია უწყვეტად ცხოვრობს აღნიშნულ სახლში ოჯახის წევრებთან ერთად. იგი ბიძასთან - მოსარჩელესთან შეთანხმდა, რომ სადავო სახლი დარჩებოდა მის საკუთრებაში, რის სანაცვლოდ მოსარჩელეს კომპენსაციის სახით გადაეცა შ.ა–ვის საკუთრებაში რეგისტრირებული 1500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი;

12.2. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 24 მაისის აქტის თანახმად, მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანში მცხოვრები 41 მოსახლე ამტკიცებს, რომ 35 წელიწადია, შ.ა–ვი უწყვეტად ფლობს და სარგებლობს სადავო ქონებით. საქართველოს იუსტიციის სამინიტროს სახელმწიფო ქონების განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული შ.ა–ვის სსრკ პასპორტის ფორმა №1-ის, ასევე ამავე სამსახურის მიერ გაცემული შ.ა–ვის პირადობის მოწმობის რეგისტრაციის განცხადება-ანკეტის თანახმად, შ.ა–ვი სადავო საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებულია და უწყვეტად ცხოვრობს 1981 წლის 27 იანვრიდან დღემდე. გარდა ამისა, შ.ა–ვი რეგისტრირებულია ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და სასმელი წყლის აბონენტად და თავისი სახელით იხდის აღნიშნული კომუნალური მომსახურების საფასურს;

12.3. სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად შ.ა–ვის მიერ 35 წლის განმავლობაში №...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სადავო საცხოვრებელი სახლით უწყვეტად სარგებლობა, ამ საცხოვრებელ ფართში რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა, შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების დადებულად ცნობა.

13. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია სსკ-ის 172.1. მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.

14. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას [სსკ-ის 170.1. მუხლი]. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება [სსკ-ის 172.1. მუხლი].

15. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე მარნეულის რაიონში, სოფელ ......., ს/კ N........, დაზუსტებული ფართობი 1130 კვ.მ., საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე და ხსენებული უძრავი ნივთი მოცემული მდგომარეობით მოპასუხეების ფაქტობრივ მფლობელობაშია (იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი).

16. მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ იგი სადავო ქონებას ფლობს სპეციალური კანონის საფუძველზე.

17. სპეციალური კანონით წესრიგდება საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრესა და მოსარგებლეს შორის 1921 წლის 25 თებერვლიდან 1997 წლის 25 ნოემბრამდე წარმოშობილი ის ურთიერთობები, რომლებიც სპეციალურ სამართლებრივ მოწესრიგებას მოითხოვს [1.1. მუხლი]. სპეციალური კანონის მიზნებისთვის მოსარგებლე არის პირი, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობს საცხოვრებელ სადგომს მესაკუთრესთან სანოტარო წესის დაუცველად დადებული წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ან პირი, რომელმაც მფლობელობის უფლება მიიღო საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგებით ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით [2.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი].

18. საკასაციო პალატის განმარტებით, გარიგება საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ თავისი შინაარსით ატიპურ სახელშეკრულებო ურთიერთობას წარმოადგენდა და იგი საბჭოთა სინამდვილეში ფაქტობრივი ქონებრივი ურთიერთობის სახით არსებობდა. რადგანაც იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ქ. თბილისში უძრავი ქონების შეძენა მხოლოდ დედაქალაქში ჩაწერილ პირებს შეეძლოთ, ქვეყნის სხვა რეგიონებიდან ჩამოსულ პირებთან კანონის გვერდის ავლის მიზნით იდებოდა ამ ტიპის გარიგებები. ეს სახელშეკრულებო ურთიერთობები შეიცავდა სხვადასხვა გარიგების ნიშნებს (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) და ფაქტიურად მხარეთა შორის არსებული ნამდვილი ურთიერთობა იფარებოდა. კერძოდ, მოსარგებლე მესაკუთრეს ერთჯერადად უხდიდა გარკვეულ თანხას ფართის სარგებლობაში მიღების სანაცვლოდ, ამასთან - ყოველთვიურად ბინის ქირასაც; მოსარგებლე რეგისტრირდებოდა საცხოვრებელ ფართში და იხდიდა კომუნალურ გადასახადებს; მესაკუთრის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში მოსარგებლე ვალდებული იყო, გამოეთავისუფლებინა დაკავებული ფართი, თუმცა ხშირ შემთხვევებში, მესაკუთრე თანხას ვერ აბრუნებდა, ურთიერთობა ხანგრძლივ ხასიათს იღებდა და უფლება მემკვიდრეებზე გადადიოდა; მესაკუთრის მიერ საცხოვრებელი სადგომის მფლობელობის უფლება მოსარგებლეს ფაქტობრივად გადაეცემოდა „სამუდამოდ“, ანუ ურთიერთობა არ იყო დროებითი (ხანმოკლე); ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარგებლე იძენდა დათმობილი სარგებლობის უფლების გასხვისების შესაძლებლობასაც, რაც მოსარგებლეთა შეცვლას იწვევდა. ამ სპეციფიკური ნიშნებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სუბიექტთა სამართლებრივი მდგომარეობის მოწესრიგება მსგავსი ხელშეკრულებების (ქირავნობა, სესხი, გირავნობა) ნორმებით შეუძლებელი იყო და კანონმდებელმაც სპეციალურ კანონს დაუქვემდებარა. ამასთან, ამ კანონით წესრიგდება მხოლოდ ის ურთიერთობები, რომლებიც ზემოთ დასახელებულ ნიშნებს უტყუარად შეიცავს, შესაძლებელია, ეს ნიშნები არსებობდეს კუმულაციურადაც ან მხოლოდ ზოგიერთი მათგანის სახითაც (იხ. სუსგ საქმე №ას-8-8-2018, 27 ნოემბერი, 2019 წელი).

19. საკასაციო პალატა კასატორებს განუმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.

20. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს [სსსკ-ის 102.1. მუხლი].

21. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

22. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარისი მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა მის მიმართ სპეციალური კანონის გავრცელების შესაძლებლობას და შესაბამისად, მართლზომიერი მფლობელობის ფაქტობრივი გარემოების არსებობას.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ.ა–ვისა და ს.ა–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შ.ა–ვი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. ს.ა–ვას (პ.ნ. ......) დაუბრუნდეს შ.ა–ვის (პ.ნ. .....) მიერ 2020 წლის 30 დეკემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი