Facebook Twitter

საქმე №ას-1394-2020 31 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჯ.უ.ე.ფ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.რ–ა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „ს.რ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურების სახით 24 509,27 ლარი დაეკისრა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2017 წლის 3 და 4 ოქტომბერს ფონიჭალა-მარაბდის გადასარბენზე, კმ 2519 პკ 1- ში მოსარჩელე კომპანიის მიერ რკინიგზის გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად მიწის ვაკისის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა (ს.ფ. 13);

2.2. ფონიჭალა-მარაბდის გადასარბენზე, კმ 2519 პკ 1-ში, სადაც მოსარჩელის მიერ სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, ლიანდაგის მიმდებარედ მოპასუხე კომპანიის მფლობელობაში არსებული სასმელი წყლის მილსადენი გადის (ს.ფ. 81, 85);

2.3. მოსარჩელემ მოპასუხე კომპანიის ცხელ ხაზზე 2017 წლის 3 ოქტომბერს ოთხი შემავალი სატელეფონო ზარი განახორციელა (ს.ფ. 18-20, 22-23);

2.4. 2017 წლის 20 ოქტომბერს მოსარჩელემ მოპასუხეს წერილობით მიმართა და წყლის მილის დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მოსთხოვა (ს.ფ. 22).

3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ ფონიჭალა-მარაბდის გადასარბენზე, კმ 2519 პკ-1-ში, მოსარჩელე კომპანიის ლიანდაგის მიმდებარედ მოპასუხე კომპანიის მფლობელობაში არსებული სასმელი წყლის მილსადენის დაზიანებამ მოსარჩელეს ზიანი მიაყენა.

4. სააპელაციო პალატის მითითებით, სადავო გარემოების დასადგენად საქმის მასალებში წარმოდგენილია სხვადასხვა არაპირდაპირი მტკიცებულება, კერძოდ: ქმანი, ფოტოსურათები, წერილი, სატელეფონო ამონაწერი და ხარჯთაღრიცხვა. თითოეული მათგანი საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად წარდგენილ არაპირდაპირ (ირიბ) მტკიცებულებას წარმოადგენს, რომელთა ურთიერთშეჯერების გზით მოდავე მხარეთა შორის სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს.

5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, ასევე მოპასუხის აპელირება, რომ საქმეში არ არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, რომელზე დაყრდნობითაც უდავოდ დადგინდებოდა ზიანის დადგომასა და მოპასუხის მოქმედებას შორის კავშირი. თუმცა, პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით ერთ რომელიმე კონკრეტულ მტკიცებულებას, თუ იგი კანონით განსაზღვრულ სპეციალურ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, იურიდიული თვალსაზრისით უპირატესი ძალა არ გააჩნია. შესაბამისად, როდესაც საქმის მასალებში სხვადასხვა ტიპის, ძალისა და სახის მტკიცებულებებია წარმოდგენილი, სასამართლო არა მხოლოდ უფლებამოსილია, არამედ ვალდებულიცაა გადაწყვეტილება მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებას დააფუძნოს.

6. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებში წარმოდგენილია მოსარჩელე კომპანიის აღმოსავლეთ სალიანდაგო სამმართველოს უფროსის მოადგილეების ვ. ს–ის, გ. მ–ძის და სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის უფროსის გ.ყ–ის მიერ შედგენილი, 2017 წლის 05 ოქტომბრით დათარიღებული ქმანი, სადაც მითითებულია, რომ 2017 წლის 03 ოქტომბერს ფონიჭალა-მარაბდის გადასარბენზე, კმ 2519 პკ 1-ში, მოპასუხე კომპანიის კუთვნილი, დაზიანებული წყლის მილიდან მიწის ვაკისის გამორეცხვა მოხდა, რითაც მატარებელთა უსაფრთხო მოძრაობას საფრთხე შეექმნა, საჭირო გახდა გაფრთხილების დანიშვნა და მატარებლისთვის სიჩქარის შემცირება. ლიანდაგის გამორეცხვის ადგილას საჭირო გახდა სარელსო ტრანსპორტით სადგურ ფონიჭალიდან 40 ც. უვარგისი რკ/ბეტონის შპალის მიტანა და ამავე დრეზინის დახმარებით შპალების ჩალაგება ლიანდაგის მხარის მოსაწყობად, რასაც სამი საათი დასჭირდა. ასევე სადგურ მარაბდიდან, გამორეცხილი ადგილის გრუნტით შესავსებად ჩამოყვანილ იქნა თვითმავალი ექსკავატორი, რასაც ორი საათი და ოცდაათი წუთი დასჭირდა. მუშაობაში ასევე 10 ლ/მონტიორი მონაწილეობდა. აღნიშნული სამუშაოები 16:00 სთ დამთავრდა, ხოლო 16:30 საათზე დაზიანებული წყლის მილიდან კვლავ მოხდა მიწის ვაკისის გამორეცხვა. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხე კომპანიას დაზიანებული მილი არ შეუკეთებია. მეორე დღეს, 4 ოქტომბერს, გამორეცხვის ადგილას დაიცალა რვა ცალი, ინერტული მასალით დატვირთული დუმპკარა და სალიანდაგო რანდამ „ფანჯარაში“ 2 საათი და 10 წუთი იმუშავა (ს.ფ. 13).

7. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმის მასალებში წარმოდგენილია 2017 წლის 03 ოქტომბრის 00:00:00 საათიდან 2017 წლის 03 ოქტომბრის 23:59:59 საათამდე ნომრიდან - 995591190813 გამავალი ზარების ამონაწერი, საიდანაც დგინდება, რომ დროის გამოსაკვლევ მონაკვეთში მოპასუხე კომპანიის ტელეფონის ნომერზე ოთხჯერ განხორციელდა ზარი, კერძოდ, 15:27:21 საათზე - 279 წამით, 16:13:13 საათზე - 91 წამით, 17:04:51 საათზე - 27 წამით, ხოლო 17:05:32 საათზე – 5 წამით (ს.ფ. 18-20). საქმის მასალებში წარმოდგენილია ასევე მომხდარი შემთხვევის დასურათება, კერძოდ, მოსარჩელემ სარჩელს ოთხი ფოტოსურათი დაურთო, რომელთაგან ორი 2017 წლის 03 ოქტომბრითაა დათარიღებული და მათზე მილიდან წყლის მაღალი წნევით გადმოდინების ფაქტია აღბეჭდილი (ს.ფ.14-18). ამასთანავე, სასამართლომ მიუთითა საქმის მასალებში წარმოდგენილ 2017 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებულ წერილზე, რომლის ადრესატია მოპასუხე კომპანია, ხოლო გამგზავნი - მოსარჩელე. წერილში აღნიშნულია, რომ მოპასუხე კომპანიის საკუთრებაში არსებული მილის დაზიანებამ ლიანდაგების მიწის ვაკისის გამორეცხვა გამოიწვია და მატარებელთა უსაფრთხო გადაადგილებას საფრთხე შეუქმნა. ამავე წერილში მოსარჩელე მიუთითებს, რომ, მიუხედავად მათი არაერთი სატელეფონო ზარისა და თხოვნისა, მილის სრულ შეკეთებამდე წყლის გაშვების აღდგენა არ მომხდარიყო, შეკეთების დასრულებამდე მილიდან წყლის დენა აღდგა, რამაც უკვე შესრულებული სამუშაოს განადგურება გამოიწვია. ამავე წერილით მოსარჩელე კომპანია ზიანის სახით 24 509,27 ლარის ანაზღაურებას მოითხოვდა, ამასთან, მოპასუხე აღნიშნული წერილის მიღების ფაქტს არ უარყოფს (ს.ფ. 22-23).

8. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის საოქმო განჩინებით მოპასუხეს დაევალა წარმოედგინა ინფორმაცია, ფონიჭალა-მარაბდის კ/მ 2519 პკ1-ის მიმდებარედ, მოსარჩელის ლიანდაგის მახლობლად გადიოდა თუ არა მოპასუხის საკუთრებაში არსებული წყლის მილი. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2018 წლის 28 ივნისის წერილით ირკვევა, რომ მოსარჩელის სასარჩელო განცხადებაში მითითებული მისამართის მიმდებარედ მოპასუხის კუთვნილი სასმელი წყლის მილსადენი ნამდვილად გაედინება (ს.ფ. 75-81).

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ არაერთი წერილობითი მტკიცებულება წარადგინა, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლომ ქმანი და ფოტოსურათები იმ მოტივაციით უარყო, რომ იგი მესამე ნეიტრალური პირის მიერ არ იყო შედგენილი, ქმანი მოსარჩელე კომპანიის შიდა დოკუმენტაციას წარმოადგენდა და ობიექტურად ვერ ადასტურებდა ზიანის არსებობას. პალატის განმარტებით, ქმანი უდავოდ კომპანიის შიდა დოკუმენტია, თუმცა იგი საქმის მასალებში წარდგენილ ერთადერთ მტკიცებულებას არ წარმოადგენს, შესაბამისად, მისი სანდოობა მხოლოდ ამ სტატუსის მიხედვით არ უნდა შემოწმებულიყო, არამედ უნდა მომხდარიყო სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში მისი გამოკვლევა. რაც შეეხება ფოტოსურათებს, სასამართლომ აღნიშნა, რომ ორი მათგანი დათარიღებულია 2017 წლის 03 ოქტომბრით და ნათლად ასახავს იმ ტერიტორიას, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, დაზიანდა. აღნიშნული დოკუმენტის იურიდიული ძალის გამაბათილებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, რაც, სასამართლოს აზრით, მას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, მაგალითად, ადგილზე დათვალიერების ჩატარებით შეეძლო მოეპოვებინა.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სატელეფონო ზარების ამონაწერი ადასტურებს, რომ მოსარჩელე კომპანიის მხრიდან მოპასუხე კომპანიის საინფორმაციო სამსახურში არაერთი ზარი სწორედ იმ დროს განხორციელდა, რომელიც მითითებულია ქმანში და ფოტოსურათებზე. ამასთან, მოსარჩელე კომპანიის 2017 წლის 20 ოქტომბრის წერილში მოყვანილი ტერმინოლოგია და ტექსტის შინაარსი ცხადყოფს, რომ მოპასუხე კომპანიას დაზიანების შესახებ ინფორმაცია წერილის გაგზავნამდე სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებითაც მიეწოდა. ხსენებული წერილი მოპასუხე მხარემ უპასუხოდ დატოვა. მოპასუხე საქართველოში წყალმომარაგების უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც ხარისხის გაუმჯობესებისა და შიდა მონიტორინგის მიზნებისთვის სატელეფონო ზარების მონიტორინგს აწარმოებს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოება მათ საკუთრებაში არსებული მილის დაზიანების თაობაზე შესაძლებელია მონიტორინგის ფარგლებში წარმოებული ზარის ამონაწერით გაქარწყლებულიყო, რაც მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ მომხდარა. სასამართლოს მოსაზრებით, იდენტური შეფასება შეიძლება გაკეთდეს მილის კუთვნილებასთან დაკავშირებულ არგუმენტთან მიმართებითაც, კერძოდ, მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა, მოპასუხეს წარმოედგინა მტკიცებულება, სადავო ლიანდაგის მიმდებარედ არსებობდა თუ არა მოპასუხის საკუთრებაში არსებული წყალსადენი მილი. აღნიშნულ კითხვას დადებითი პასუხი გაეცა, თუმცა მოგვიანებით მოპასუხე მიუთითებდა, რომ მხოლოდ ამგვარი მილის არსებობა არ ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ დაზიანება სწორედ მათ საკუთრებაში არსებული მილიდან მომდინარეობდა, თუმცა ამ გარემოების გამაქარწყლებელი მტკიცებულება საქმის მასალებში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამ მიმართებით პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხე მხარე მხოლოდ ვერბალური უარყოფით შემოიფარგლა და სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია მის ხელთ ობიექტურად არსებული არცერთი მტკიცებულება, რომელიც მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამტკიცებლად წარდგენილ წერილობით მტკიცებულებებს გააქარწყლებდა.

11. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საქმეში არსებულ ირიბ მტკიცებულებათა ერთობლიობით მოსარჩელემ მასზე კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთი დაძლია, კერძოდ, ზიანის, მოპასუხე კომპანიის ქმედებისა და ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის ფაქტი დაადასტურა. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, რომელსაც ქმედების მართლზომიერების ან/და ამგვარი ქმედების არარსებობის ფაქტის დადასტურება ევალებოდა, მან მასზე დაკისრებულ მტკიცების ტვირთს თავი ვერ გაართვა.

12. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მოქმედების შედეგად, 24 509,27 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა. სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია დამოუკიდებელი მესამე პირის შპს „ი.ა–ის“ მიერ შედგენილი დაზიანების აღმოფხვრის ღირებულების გაანგარიშება (ს.ფ. 21). აღნიშნული წერილობითი მტკიცებულება აუდიტორული კომპანიის ბეჭდით არის დამოწმებული, სადაც მითითებულია, რომ ზიანის აღმოსაფხვრელად საჭირო თანხა ჯამში 24 509,27 ლარს შეადგენს. სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე მოპასუხე მხარე ზიანის ოდენობას ქმედითად არ შედავებია და ალტერნატიული ოდენობის გამოთვლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარუდგენია, მიყენებული ზიანის ოდენობად სწორედ 24 509,27 ლარი უნდა იქნას მიჩნეული.

13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

18. საკასაციო საჩივრის თანახმად:

18.1. მოსარჩელის მიერ ცალმხრივად შედგენილი ე.წ. ქმანით არ დგინდება, თუ ვის საკუთრებას წარმოადგენდა მილი, რომელზეც მოსარჩელე საუბრობს. არ დგინდება არც მილის დაზიანების ფაქტი და არც ის გარემოება, თუ ვის მიუძღოდა ბრალი მილის დაზიანებაში;

18.2. მოსარჩელის მიერ „სატელეფონო კომუნიკაციის ამონაწერად“ მოხსენებული დოკუმენტი არ არის გასაგებ ქართულ ენაზე წარმოდგენილი. ამასთან, თუ მოპასუხე კომპანიის ცხელ ხაზზე მოხდა დარეკვა, არ დგინდება, თუ ვის საკუთრებაში არსებული სატელეფონო ნომრით განხორციელდა ზარი და რა მიზნით.

19. განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს დელიქტური პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი სპეციალური ნორმიდან - სსკ-ის მე-1000 მუხლიდან, რომელიც ადგენს პასუხისმგებლობას ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის [1. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. 2. თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. 3. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით. 4. რადიაციული ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული ზიანი უნდა აანაზღაუროს მისმა გამომყენებელმა.].

20. პასუხისმგებლობა ნივთიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვის დგება ბრალის მიუხედავად. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სსკ-ის მე-1000 მუხლი მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის პასუხისმგებლობის წესს ამკვიდრებს და, განსხვავებით დელიქტური ვალდებულების ზოგადი დანაწესისაგან (სსკ-ის 992-ე მუხლი), ბრალის მიუხედავად, ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, თუკი მომეტებული საფრთხის წყაროს ექსპლუატაციას შედეგად მოჰყვა პირის ან ნივთის დაზიანება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-543-518-2016, 23 დეკემბერი, 2016 წელი). სსკ-ის მე-1000 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ზიანის მიყენების წყაროა მომეტებული საფრთხის შემცველი მოწყობილობა ან საგანი, რომლის მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ამგვარ ობიექტსა თუ მოქმედებასთან დაკავშირებული ზიანი. მომეტებულ საფრთხეში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელება შეიცავს ზიანის მიყენების აშკარა შესაძლებლობას და რომლის კონტროლირებაც აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს (იხ. სუსგ საქმე №ას-40-37-2015, 24 დეკემბერი, 2015 წელი; შდრ. სუსგ საქმე №ას-1287-1208-2015, 26.02.2016). მე-1000 მუხლის მეორე ნაწილი გულისხმობს ნებისმიერ ისეთ ნივთს, რომელიც თავისი თვისებებით მომეტებული საფრთხის შემცველია. საფრთხე მომეტებულად უნდა ჩაითვალოს, თუ ის ქმნის ზიანის მიყენების მომეტებულ ალბათობას ადამიანის მიერ მასზე სრული კონტროლის შეუძლებლობის გამო. სსკ-ის მე-1000 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, პირი მოვალეა, აუნაზღაუროს დაზარალებულს მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანი, თუ ვერ დაამტკიცებს, რომ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალის მოქმედებით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპროდუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებებით (იხ. სუსგ საქმე №ას-40-37-2015, 24 დეკემბერი, 2015 წელი).

21. განსახილველ შემთხვევაში კასატორს დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების წინააღმდეგ, რომლის თანახმად, ფონიჭალა-მარაბდის გადასარბენზე, კმ 2519 პკ-1-ში, მოსარჩელე კომპანიის ლიანდაგის მიმდებარედ მოპასუხე კომპანიის მფლობელობაში არსებულმა სასმელი წყლის მილსადენის დაზიანების ფაქტმა მოსარჩელეს ზიანი მიაყენა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი). დადგენილია ისიც, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 ივნისის საოქმო განჩინებით მოპასუხეს დაევალა წარმოედგინა ინფორმაცია, ფონიჭალა-მარაბდის კ/მ 2519 პკ1-ის მიმდებარედ, მოსარჩელის ლიანდაგის მახლობლად, გადიოდა თუ არა მოპასუხის საკუთრებაში არსებული წყლის მილი. საქმის მასალებში წარმოდგენილი 2018 წლის 28 ივნისის წერილით ირკვევა, რომ მოსარჩელის სასარჩელო განცხადებაში მითითებული მისამართის მიმდებარედ მოპასუხის კუთვნილი სასმელი წყლის მილსადენი ნამდვილად გაედინება (იხ. წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტი, ს.ფ. 75-81).

22. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად მართებულად დაადგინა მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოება, ხოლო მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მოსარჩელისთვის მიყენებულ ზიანში მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხველი სათანადო მტკიცებულებები, რაც მისთვის არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი გახდა.

23. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1225,56 ლარის 70% – 857,89 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ჯ.უ.ე.ფ–ს“ (ს.ნ. ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 30 დეკემბერს №38 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1225,56 (ათას ორას ოცდახუთი ლარი და ორმოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის 70% – 857,89 (რვაას ორმოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხმოცდაცხრა თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი