Facebook Twitter

საქმე №ას-1373-2023 02 მაისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ზ.თ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.გ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა

დავის საგანი – გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ზ.თ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „განმცხადებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ.გ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელის საკუთრებაში აღირიცხა მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება ჯამურად 420 კვ.მ-ის ოდენობით, მდებარე: ქალაქი თბილისი, .........; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მხარეებმა წარადგინეს საკასაციო საჩივრები, რომლებიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 დეკემბრის და 2024 წლის 08 თებერვლის განჩინებებით მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

6. მოსარჩელემ 2023 წლის 27 ნოემბერს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

7. განმცხადებელი მისი მოთხოვნის საფუძვლად იმ გარემოებაზე მიუთითებდა, რომ მოცემულ საქმეზე არ არსებობდა სარჩელის/გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები, რის გამოც სახეზე იყო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის საშიშროება.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

9. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება გასაჩივრებულია საქმეში მონაწილე ორივე მხარის მიერ და საქმე საკასაციო საჩივრების განსახილველად გადაცემულია უზენაესი სასამართლოსთვის. ხოლო, იმ პირობებში, როდესაც საქმე განხილვის ეტაპზეა მესამე ინსტანციის სასამართლოში, სააპელაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე.

10. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა.

11. კერძო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:

1.1. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში;

1.2. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებული განჩინება მიღებულია საქმის ზეპირი განხილვის გარეშე, რაც შეუთავსებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/5/675,681 და 2023 წლის 11 აპრილის N2/3/1421,1448,1451 გადაწყვეტილებებთან და სსსკ-ის 269-ე მუხლთან. კერძოდ, მოსარჩელემ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა მოითხოვა სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რასთან დაკავშრებითაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით (N1/5/675,681) ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 269-ე მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძვლით დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას;

1.3. ამასთან, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძვლად მითითებულია სსსკ-ის 268-ე მუხლის 11 ნაწილი, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 01 აპრილის გადაწყვეტილებით (N2/3/1421,1448,1451) ძალადაკარგულად არის ცნობილი 2023 წლის პირველი ოქტომბრიდან.

12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. იმავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ პუნქტებისა.

15. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმის მართლზომიერება.

16. კერძო საჩივრის ავტორი დავობს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე უარის თქმის საფუძველს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში.

17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს კანონიერ ძალაში მისი შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისსაც, როდესაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, კანონიერ ძალაში მის შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მხარეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდეს.

18. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების წინაპირობებს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი. დასახელებული ნორმის საფუძველზე კანონმდებელი უშვებს განსაკუთრებული კატეგორიის დავებზე გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას კანონიერ ძალაში მის შესვლამდე, რაც გამოწვეულია დავის საგნის სპეციფიკურობის გათვალისწინებით მოსარჩელის ინტერესების მომეტებულად დაცვის საჭიროებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი ასევე უშვებს ისეთი გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესაძლებლობას, რომელიც აღნიშნულ ნორმაში პირდაპირ მითითებული არ არის, თუმცა მისი დაუყოვნებლივ აღსრულება განპირობებულია ობიექტური აუცილებლობით.

19. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი კანონმდებელმა დაუკავშირა სასამართლოს უფლებამოსილებას და არ შეზღუდა მისი იმპერატიულობით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოს ამ უფლებამოსილების გამოყენება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა შეუძლია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა ამის აუცილებლობას შუამდგომლობის ავტორი დასაბუთებულად წარმოაჩენს, რაც გულისხმობს იმგვარ გარემოებებზე მითითებას, რომლებიც გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის მართებულობას და აუცილებლობას ნათელს ხდის. მხარე, რომელიც ითხოვს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, დამაჯერებლად უნდა ასაბუთებდეს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების აუცილებლობას. ასეთი ტიპის დავებზე გადაწყვეტილების სააპელაციო ან საკასაციო წესით გასაჩივრება აღსრულების შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენს, ვინაიდან კანონმდებელი უშვებს რა გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, ითვალისწინებს იმ რისკსაც, რომ გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს და გაუქმდეს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ (იხ. სუსგ საქმე Nას-734-702-2014, 25 ივლისი, 2014 წელი).

20. წინამდებარე საქმეში მოსარჩელემ მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, თუმცა გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელეს უარი ეთქვა აღნიშნული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე იმ საფუძვლით, რომ შუამდგომლობის სააპელაციო სასამართლოში დაყენების დროისათვის წინამდებარე საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში მიმდინარეობდა.

21. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

22. ამდენად, აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხზე გადაწყვეტილებას იღებს საქმის განმხილველი სასამართლო. ამასთან, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე მსჯელობა შესაძლოა მოხდეს, როგორც საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას, ისე გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ, ხოლო გადაწყვეტილების სააპელაციო/საკასაციო წესით გასაჩივრება და საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე ამ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ მსჯელობას არ გამორიცხავს. აღნიშნული სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობიდან არ გამომდინარებს.

23. შესაბამისად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოცემულ საქმეზე წარდგენილი საკასაციო საჩივრების განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში მიმდინარეობს, სააპელაციო სასამართლოს არსებითად უნდა ემსჯელა სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობაზე.

24. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება.

25. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის N1/5/675,681 გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძვლით დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვასა და გადაწყვეტას. აღნიშნული ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი ამ გადაწყვეტილების საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან.

26. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ზემოთ ხსენებული საფუძვლებისაგან განსხვავებით სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი გადაწყვეტილების აღსრულებას არ უკავშირებს კონკრეტული დავის ტიპს. მის საფუძველზე გადაწყვეტილება შეიძლება დაუყოვნებლივ აღსრულდეს „ყველა სხვა საქმეზე, თუ განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება გადამხდევინებელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს, ან თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება“. ხსენებული სამართლებრივი დასკვნის გასაკეთებლად სასამართლოს უცილობლად ესაჭიროება დამატებითი ფაქტების გამოკვლევა, მან უნდა განსაზღვროს, რა ზიანი შეიძლება მიადგეს გადამხდევინებელს გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებით. იმისათვის, რომ სასამართლომ დაადგინოს ზიანის მიყენების ალბათობა, მან უნდა გამოიკვლიოს ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ამ ზიანის დადგომას განაპირობებს, შეუძლებელია მოსალოდნელი ზიანის დადგომის ფაქტის დადგენა მხოლოდ სამართლებრივი ანალიზის შედეგად. ასევე, იმისათვის, რათა სასამართლომ დაასკვნას, რომ გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულებადი გახდეს, მას სჭირდება დაადგინოს ის ფაქტორივი გარემოებები, რომლებიც სამომავლოდ გადაწყვეტილების აღუსრულებადობას განაპირობებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო, სამართლებრივი ნორმების შეფასებასთან ერთად, იკვლევს და ადგენს ფაქტობრივ გარემოებებს, შესაბამისად, ასეთ პირობებში არსებობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მომეტებული ინტერესი”.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძვლით ითხოვდა, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი ზეპირი მოსმენით უნდა განეხილა და გადაეწყვიტა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინება ზეპირი მოსმენის გარეშე მიიღო, რაც საპროცესო სამართლის ნორმის დარღვევას წარმოადგენს და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

28. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია. შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად საქმე იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ზ.თ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 დეკემბრის განჩინება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შპს „ზ.თ–ის“ შუამდგომლობის ხელახლა განსახილველად საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი