საქმე №ას-1337-2020 08 აპრილი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე.კ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ.თ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 28 ივლისის განჩინებით ე.კ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი ზ.თ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ მოპასუხის უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვით მოსარჩელეს ნება მისცემოდა მოპასუხის ნებართვის გარეშე ამოეღო და დათვალიერების შემდეგ აღედგინა წ–ის საფლავის მიწა, რომელსაც ე.წ–ის საფლავად მიიჩნევდა, არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადავო საფლავი არ წარმოადგენდა იმ საფლავს, სადაც დაკრძალული იყო ე.წ–ის ნეშტი. სასამართლოს მიერ გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად, არსებულ საფლავზე შპს „ჰ–ის“ მიერ გაცემული ნებართვის თანახმად, მ.წ–ის დაკრძალვის თაობაზე ნებართვა გაიცა არა როგორც ახალ საფლავზე, არამედ - უკვე არსებულ საფლავზე სამარხის გაჭრის თაობაზე, რაც ადასტურებდა, რომ მ.წ–ი განსვენებულ იქნა მისი ძმის - ჯ.წ–ის სამარხის გვერდით. ამდენად, დადგინდა, რომ მოპასუხე მხარე წარმოადგენდა სადავო სამარხის მართლზომიერ მფლობელს და მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სადავო საფლავის ფლობის ფაქტი;
2.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე მიეთითა, რომ მ.წ–ის დაკრძალვისათვის შესაბამისი ნებართვის გაცემა მოხდა არა წინა საფლავის მიტოვებულად აღიარების საფუძვლით, არამედ - მისი ოჯახის წევრის - ძმის გვერდით დაკრძალვის უფლების მინიჭების სახით;
2.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დატოვებულ იქნა განუხილველად;
2.4. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2018 წლის 21 მაისს გაცემული დასკვნის თანახმად, გეორადარით კვლევა განხორციელდა ქალაქ თბილისში, ვერის სასაფლაოზე, ეკლესიის მახლობლად, რისთვისაც გამოყენებულ იქნა გეოფიზიკური ხელსაწყო გეორადარი 500 მგც სიხშირის ანტენით, რომლის ჩაწვდომის სიღრმეა 6 მეტრი. საკვლევ ტერიტორიაზე გატარდა როგორც გრძივი, ასევე განივი პროფილები. ჩანაწერის კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებულ რადაროგრამებზე რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა სტრუქტურული რღვევები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სამარხების არსებობით, თუმცა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნულის მტკიცება შეუძლებელია, რადგან ამ სახის ანომალიები შეიძლება სხვა ბევრი ფაქტორითაც იყოს გამოწვეული;
2.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის განჩინებით დადგენილია, რომ სადავო სასაფლაო იმყოფება მოპასუხე მხარის მართლზომიერ მფლობელობაში. თავდაპირველ დავაში მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო რაიმე მტკიცებულებით იმ ფაქტის დადასტურება, რომ სადავო საფლავში განსვენებული იყო მისი დიდი ბებია - ე.წ–ი. სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ სადავო სამარხში დაკრძალულია 1944 წელს გარდაცვლილი ჯ.წ–ი, რომლის განსვენებაც მოხდა 1952 წელს, ხოლო ჯ.წ–ის გვერდით კი დაკრძალულია მისი და - 1999 წელს გარდაცვლილი მ.წ–ი;
2.6. მოწმის ა.ხ–ძის განმარტებით, მისი მშობლების საფლავი არის ახლოს, მას მხოლოდ მოსარჩელის ოჯახის წევრისგან (ძმისგან) სმენია საფლავის არსებობის თაობაზე (ნანახი ჰყავს მითითებულ საფლავთან), ხოლო თავად საფლავზე განთავსებული ქვა ან რაიმე წარწერა არ შეუმჩნევია და არ ახსოვს.
3. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელე სარჩელით ითხოვს არა თავისი, არამედ - მოპასუხის საკუთრებაში/მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ქონების გამოყენებისას მისი მხრიდან უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვას, რაც მოიაზრებს საფლავის გათხრის ნებართვის მიცემას. ანუ, მოსარჩელე არ წარმოადგენს იმ ნივთის მესაკუთრეს, რომლის სარგებლობით ხელშეშლის აღკვეთასაც ითხოვს მოპასუხისგან, რის გამოც, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ნივთის მესაკუთრის ქმედება მიმართულია იქით, რომ არ მისცეს სხვა პირს მისი ქონებით სარგებლობის უფლება, რაც მესაკუთრის აბსოლუტურად მართლზომიერი მოქმედებაა და უფლების ბოროტად გამოყენების კონტექსტში იგი ვერ იქნება წარმოჩენილი.
4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, წონადი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ სადავო საფლავში განისვენებს მოსარჩელის დიდი ბებია - ე.წ–ი, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაშიც გამოთქმულია მხოლოდ ვარაუდი, რომ შეიძლება საკვლევ ტერიტორიაზე არსებობდეს სამარხი. თუმცა, იქვე აღნიშნულია, რომ რადაროგრამებზე დაფიქსირებული სტრუქტურული რღვევების მსგავსი ანომალიები შეიძლება სხვა ბევრი ფაქტორითაც იყოს გამოწვეული. ამასთან, ვერც მოწმის ჩვენება იძლევა ცალსახა და უტყუარ ინფორმაციას სამარხთან დაკავშირებით.
5. სააპელაციო სასამართლომ ისიც აღნიშნა, რომ მოცემული სარჩელით შეუძლებელია დავის საბოლოო გადაწყვეტის თვალსაზრისით რაიმე სამართლებრივი შედეგის მიღწევა. თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, მხარეს მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობა ექნება ჩაატაროს ექსპერტიზა, რაც შედეგობრივად გულისხმობს არა დავის გადაწყვეტას, არამედ - მტკიცებულების შექმნას სამოქალაქო დავისათვის. სასამართლოს მოსაზრებით, მსგავსი მოთხოვნა შესაძლოა დაყენებული ყოფილიყო სასამართლოს მიერ ამ სარჩელამდე არსებული დავის განხილვის დროს ან ზოგადად სხვა სასარჩელო წარმოებისას, რა დროსაც ექსპერტის დასკვნა გამოყენებული იქნებოდა როგორც მტკიცებულება. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის სახით მისი დაკმაყოფილება კი უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო პალატამ. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველი სარჩელით მოსარჩელე ფაქტობრივად ითხოვს მიეცეს შესაძლებლობა მოახდინოს იმ ფაქტის დადასტურება, რაც თავდაპირველ დავაში მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო, კერძოდ, იმ ფაქტის დადასტურება, რომ სადავო საფლავში განსვენებული იყო მისი დიდი ბებია - ე.წ–ი, რაც შეუძლებლად მიიჩნია სასამართლომ წარმოდგენილი დავის მეშვეობით.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
11. საკასაციო საჩივრის თანახმად:
11.1. სასამართლომ ისე უარყო მოსარჩელის სარჩელი, რომ არ გამოუკვეთავს მოპასუხის არც ინტერესის უპირატესობა და არც მისი მოქმედების აუცილებლობა;
11.2. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელე ვალდებულია ადასტუროს, რომ სადავო სამარხში ე.წ–ის ნეშტი არის განსვენებული, მაშინ როდესაც დავის საგნის - უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის მიზანი სწორედ ისაა, რომ აღნიშნულ საფლავში ე.წ–ის ნეშტის არსებობის ფაქტი დადასტურდეს საფლავის გათხრით, რომელსაც მოპასუხე ცარიელად აცხადებს, ხოლო მოსარჩელის მტკიცებით, ე.წ–ის საფლავია;
11.3. სააპელაციო სასამართლო არასწორად განმარტავს სსკ-ის 115-ე, 110-ე და 170-ე მუხლებს, იგი უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის მოთხოვნის სუბიექტუნარიანად მიიჩნევს მხოლოდ მესაკუთრეს, რაც იმთავითვე ეწინააღმდეგება უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის არსს. უფლების ბოროტად გამოყენება ეკრძალება სწორედ მესაკუთრეს და არა სხვა პირს;
11.4. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტება საქმეზე Benthem v. the Netherlands, პარ. 32, რომ დავა შეიძლება, აგრეთვე, ეხებოდეს ფაქტობრივი გარემოებების საკითხს;
11.5. სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მიღებულ იქნა სხვა მოპასუხის - ზ.ბ–ის მიმართ აღძრულ სარჩელზე და არა - ამჟამინდელი მოპასუხის - ზ.თ–ძის მიმართ, რომელიც არ არის ზ.ბ–ის უფლებამონაცვლე. გაურკვეველია ისიც, რომელ მოპასუხეს გულისხმობს სააპელაციო სასამართლო, როდესაც მიუთითებს: „დადგინდა, რომ მოპასუხე მხარე წარმოადგენდა სადავო სამარხის მფლობელს“.
12. განსახილველ შემთხვევაში დავის საგანია უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვა, კერძოდ, მოპასუხის უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვით მოსარჩელეს ნება დაერთოს მოპასუხის ნებართვის გარეშე ამოიღოს და დათვალიერების შემდეგ აღადგინოს წ–ის საფლავის მიწა, რომელსაც ე.წ–ის საფლავად მიიჩნევს.
13. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას [სსკ-ის 170.1. მუხლი]. უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა, და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია [სსკ-ის 170.2. მუხლი]. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას [სსკ-ის 115-ე მუხლი].
14. საკასაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო სამართალი პირთა თანასწორობაზე დამყარებული ურთიერთობების მომწესრიგებელი ნორმებისაგან შედგება და კანონის მიზანი სამოქალაქო ბრუნვის კეთილსინდისიერად წარმართვაზეა ორიენტირებული. სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარება სახეზეა მაშინ, როდესაც უფლების მქონე პირი ამ უფლებას საკუთარი ინტერესებისა და კეთილდღეობისათვის მართლზომიერად იყენებს. სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ადგენს სხვა პირის ქონებისადმი/უფლებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების მოვალეობას, ასე მაგალითად: სანივთო სამართალი, რომელიც ნივთზე ბატონობის პრინციპიდან გამომდინარე მეტი იმპერატიულობით ხასიათდება, ერთი მხრივ, ადგენს მესაკუთრის უფლებას, საკუთარი შეხედულებით გადაწყვიტოს საკუთრების ბედი, ამასთან, 170-ე მუხლის პირველი ნაწილითვე განსაზღვრავს შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძველს - თუკი არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. 316-ე მუხლის მე-2 ნაწილით სახელშეკრულებო ურთიერთობაში ხაზგასმულია სხვა პირის ქონებისა და უფლებებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერების დაცვა. სამოქალაქო ურთიერთობისათვის დამახასიათებელ ზოგად პრინციპებს ვხვდებით ასევე მე-8 მუხლის მე-3 ნაწილსა და 115-ე მუხლში, უფლების კეთილსინდისიერად განხორციელება სამართლის საკითხს წარმოადგენს და ყოველ სადავო შემთხვევაში სასამართლო ამოწმებს უფლების მქონე პირის ქმედების მიზანს: ურთიერთობის მონაწილის ნება ხომ არ არის მიმართული მხოლოდ სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისკენ (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-1002-963-2016, 15 მარტი, 2019 წელი).
15. კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).
16. უფლების განხორციელებისას პირმა უნდა დაიცვას კეთილსინდისიერება და მართლზომიერება. სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ავალდებულებს მონაწილე სუბიექტებს, რომ უფლებები ბოროტად არ გამოიყენონ. ეს უკანასკნელი მათი ზნეობრივი მოვალეობაცაა. ამ შემთხვევაში, საუბარია პირის მიერ უფლების იმგვარად გამოყენებაზე, როდესაც მეორეს ზიანი ადგება (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი). უფლების გაუმართლებელ განხორციელებად ჩაითვლება ცალკეული შემთხვევა, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან არ დგინდება პირის მიერ უფლების განხორციელების არანაირი მიზანი, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა (იხ. სუსგ საქმე №ას-942-2020, 28 აპრილი, 2021 წელი).
17. უფლების განხორციელება გამართლებულია, თუ არსებობს ობიექტურად შეცნობადი დასაბუთებული ინტერესი, რომელიც მის განხორციელებას გაამართლებს. იმისათვის, რომ პირის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებას ადგილი ჰქონდეს, უნდა იკვეთებოდეს ამ უკანასკნელის მიზანი - ზიანი მიაყენოს სხვა პირს. ყოველი შემთხვევის თავისებურების გათვალისწინებით თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ ძირითადი მამოძრავებელი ინტერესი პირის მიერ უფლების გამოყენებისა სწორედ მესამე პირისათვის ზიანის მიყენება ან ზიანის დაშვებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-942-2020, 28 აპრილი, 2021 წელი).
18. განსახილველ შემთხვევაში სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2018 წლის 21 მაისს გაცემული დასკვნით ირკვევა, რომ გეორადარით კვლევა განხორციელდა ქალაქ თბილისში, ვერის სასაფლაოზე, ეკლესიის მახლობლად, რისთვისაც გამოყენებულ იქნა გეოფიზიკური ხელსაწყო გეორადარი 500 მგც სიხშირის ანტენით, რომლის ჩაწვდომის სიღრმეა 6 მეტრი. საკვლევ ტერიტორიაზე გატარდა როგორც გრძივი, ასევე განივი პროფილები. ჩანაწერის კომპიუტერული დამუშავების შედეგად მიღებულ რადაროგრამებზე რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა სტრუქტურული რღვევები, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სამარხების არსებობით, თუმცა ერთმნიშვნელოვნად აღნიშნულის მტკიცება შეუძლებელია, რადგან ამ სახის ანომალიები შეიძლება სხვა ბევრი ფაქტორითაც იყოს გამოწვეული (იხ. წინამდებარე განჩინების 2.4. ქვეპუნქტი).
19. დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ხსენებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ სადავო საფლავი არ წარმოადგენდა იმ საფლავს, სადაც დაკრძალული იყო ე.წ–ის ნეშტი. სასამართლოს მიერ გამოკვლეულ გარემოებათა შესაბამისად, არსებულ საფლავზე შპს „ჰ–ის“ მიერ გაცემული ნებართვის თანახმად, მ.წ–ის დაკრძალვის თაობაზე ნებართვა გაიცა არა როგორც ახალ საფლავზე, არამედ - უკვე არსებულ საფლავზე სამარხის გაჭრის თაობაზე, რაც ადასტურებდა, რომ მ.წ–ი განსვენებულ იქნა მისი ძმის - ჯ.წ–ის სამარხის გვერდით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. ქვეპუნქტი). საკასაციო სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ დასახელებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს, მართალია, პრეიუდიციული მნიშვნელობა ვერ მიენიჭება, რადგან ვერ აკმაყოფილებს სსსკ-ის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ წინაპირობებს, თუმცა, შესაძლოა, გათვალისწინებულ იქნეს როგორც ერთ-ერთი რიგითი მტკიცებულება სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში შეფასებისას.
20. საკასაციო პალატა კასატორს ასევე განუმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი.
21. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს [სსსკ-ის 102.1. მუხლი].
22. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
23. მოცემულ შემთხვევაში ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი მოდავე მხარის ინტერესი. მოსარჩელე ცდილობს საკუთარი წინაპრის საფლავის დადგენას, ხოლო მოპასუხე - საკუთარი ოჯახის წევრების საფლავების დაცვას. ორივე მხარის ინტერესი გამომდინარეობს საქართველოში დამკვიდრებული ტრადიციიდან, რომლის თანახმად, წინაპართა საფლავების მოვლა-პატრონობა მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
24. განსახილველ შემთხვევაში სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთი იყო იმის დადასტურება, რომ ადგილი ჰქონდა მოპასუხის მიერ უფლების ბოროტად გამოყენებას. მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა საკუთარი ინტერესის უპირატესობა. თუმცა, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა არათუ საკუთარი ინტერესის უპირატესობა, არამედ - დამაჯერებლად ვერც ის დაადასტურა, რომ შესაძლოა სადავო სამარხი ეკუთვნოდეს მის წინაპარს, რაც გამორიცხავს მოპასუხის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სარჩელის უარყოფის შესახებ.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ე.კ–ძეს (პ.ნ. ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 03 დეკემბერს №10191099354 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი