Facebook Twitter

საქმე №ას-1319-2020 25 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.გ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ფ.ბ–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საკრედიტო დავალიანების გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ.გ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 12 თებერვლის გადაწყვეტილება მოპასუხისთვის შპს „ფ.ბ–ოს“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია“) სასარგებლოდ დაკისრებული 5234,13 ლარიდან, სესხის ძირითადი თანხის სახით, 2254,95 ლარის და საპროცენტო სარგებლის სახით - 2753,68 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2015 წლის 22 მაისის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების, სესხის ძირითადი თანხის სახით - 1582,82 ლარისა და პროცენტის სახით - 550,97 ლარის გადახდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება, პირგასამტეხლოს სახით, 225,50 ლარის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2015 წლის 22 მაისს მოპასუხემ სს „ს.ბ–დან“ გამოიტანა სესხი 2270 ლარის ოდენობით, წლიური 35.60% სარგებლით. მოპასუხეს აღნიშნული სესხი უნდა დაეფარა 2018 წლის 1 ივნისის ჩათვლით. 2019 წლის 27 ივნისს სს „ს.ბ–მა“ მსესხებლის - მოპასუხის სასესხო ვალდებულებების თაობაზე მოთხოვნის უფლებები დათმო მოსარჩელის სასარგებლოდ;

2.2. მოპასუხემ ნაწილობრივ შეასრულა სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულება, კერძოდ, მან დაფარა სესხის ძირი თანხა - 15,05 ლარი, პროცენტი - 429,36 ლარი, პირგასამტეხლო - 115,35 ლარი;

2.3. მოპასუხესთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანდართული გადახდის გრაფიკის თანახმად, სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდის ბოლო ვადა განისაზღვრა 2018 წლის 01 ივნისით;

2.4. იმ შემთხვევაში, თუკი ვალდებულება ჯეროვნად იქნებოდა შესრულებული და თანხები პერიოდულად, გრაფიკის მიხედვით იქნებოდა გადახდილი, სს „ს.ბ–ს“ უფლებამონაცვლის, მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენამდე (სარჩელი წარდგენილი იქნა 2019 წლის 04 ოქტომბერს) სამი წლით ადრე, 2016 წლის 04 ოქტომბრისათვის, ძირითადი დავალიანების ოდენობა იქნებოდა 1582,82 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილი პერიოდისათვის (01.06.2018წ-მდე) გადასახდელი საპროცენტო სარგებელი - 550,97 ლარი (ს.ფ.30). მოპასუხეს ამ თანხის ოდენობაზე შედავება არ განუხორციელებია. სადავო გახადა მხოლოდ მოთხოვნის ხანდაზმულობა.

3. სააპელაციო პალატის მითითებით, საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემული თანხის დაბრუნებისა და ვალდებულების სრულად შესრულების ვადა ამოიწურა 2018 წლის 01 ივნისს, ამასთან, მსესხებელს დავალიანება (ძირითადი თანხის ნაწილი, მასზედ დარიცხული სარგებლით) უნდა გადაეხადა გარკვეული პერიოდულობით, კერძოდ, თვეში ერთხელ. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული გარიგება წარმოშობდა სწორედ პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებს და მათზე უნდა გავრცელებულიყო პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებებთან მიმართებით კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.

4. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 129.2. მუხლით და მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი მის აღძვრამდე (2019 წლის 04 ოქტომბერი) სამი წლით ადრე - 2016 წლის 04 ოქტომბრიდან წარმოშობილი დავალიანების მოთხოვნის ნაწილში, რაც მოიცავს ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებულ სესხის ძირითად თანხას - 1582,82 ლარს, ასევე, მისი სარგებლობისათვის ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილი პერიოდისათვის (01.06.2018წ-მდე) გადასახდელ საპროცენტო სარგებელს - 550,97 ლარს (სულ 2133,79 ლარი), ხანდაზმული არ იყო.

5. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 427-ე მუხლზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ, ვინაიდან სადავო არ იყო მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, ასევე სარჩელის აღძვრამდე სამი წლის წინა პერიოდისათვის, ხელშეკრულების მოქმედების ვადაში 2133,79 ლარის ოდენობით დავალიანება, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნული თანხის მოვალისათვის დაკისრების თაობაზე გამომდინარეობდა სსკ-ის 623-ე, 625.1-ე, 867-868-ე მუხლებიდან და უნდა დაკმაყოფილებულიყო.

6. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში დასაბუთებულად მიიჩნია. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ 3 წლის განმავლობაში მოთხოვნის წარდგენის დაყოვნებით, თავად შეუწყო ხელი პირგასამტელოს ოდენობის გაზრდას, რაც სსკ-ის 420-ე მუხლიდან გამომდინარე მისი შემცირების საფუძველს წარმოადგენდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, 751,65 ლარის ნაცვლად, 225,50 ლარამდე შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობად ჩათვალა.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო პალატას მოსარჩელის მოთხოვნა სრულად უნდა მიეჩნია ხანდაზმულად.

13. სსკ-ის 128.1. მუხლის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

14. სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა - ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვნის იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა.; ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში (იხ. სუსგ საქმე №ას-266-254-2013, 25 დეკემბერი, 2013 წელი).

15. ხანდაზმულობის ვადაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა ისაა, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი იძულებით ვერ განხორციელდება, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე (სსკ-ის 144.1-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე №ას-68-68-2018, 3 აპრილი, 2018 წელი).

16. განსახილველ შემთხვევაში სახეზეა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებები. სსკ-ის 129.2. მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

17. კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად (იხ. სუსგ საქმე №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი). პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება (იხ. სუსგ №ას-599-562-2010, 1 დეკემბერი, 2010 წელი). ამრიგად, თითოეული შესრულების დარღვევა დამოუკიდებლად წარმოშობს უფლებამოსილი პირის მიერ მოვალის მიმართ მოთხოვნის უფლებას და ეს მოთხოვნა მისი წარმოშობიდან სამი წლის ვადაში უნდა წარედგინოს ვალდებულების დამრღვევ მხარეს.

18. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას მოსარჩელის მოთხოვნის სრულად ხანდაზმულად აღიარებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ წარმოდგენილი სარჩელი მის აღძვრამდე (2019 წლის 04 ოქტომბერი) სამი წლით ადრე - 2016 წლის 04 ოქტომბრიდან წარმოშობილი დავალიანების მოთხოვნის ნაწილში, რაც მოიცავს სესხის ძირითად თანხას - 1582,82 ლარს, ასევე, მისი სარგებლობისათვის ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილი პერიოდისათვის (01.06.2018წ-მდე) გადასახდელ საპროცენტო სარგებელს - 550,97 ლარს (სულ 2133,79 ლარი), ხანდაზმული არ არის.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი