საქმე №ას-1212-2020 5 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „უ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების (აღნიშნული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო 1 774,92 ლარის ოდენობით) შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი შპს „უ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 7 039,94 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 03 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/243 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული ჭრის მომსახურება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 319 996,96 ლარს და ძალაში იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
2.2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მიხედვით, მომსახურების გაწევის ვადა იყო: ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 25 დეკემბრამდე, ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობით დავალებაში მოცემული კონკრეტული რაოდენობებისა და ვადების შესაბამისად.
2.3. ხელშეკრულების 6.1 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, შემსყიდველისა და მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით.
2.4. ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენებოდა საჯარიმო სანქციები. კერძოდ, ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ გაცემული ყოველი კონკრეტული დავალების შესრულების ვადის გადაცილებისთვის მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით.
2.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა 2016 წლის 20 ოქტომბერს მოპასუხეს დაავალა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N03.01/30/243 ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოების შესრულება, რომელიც უნდა დასრულებულიყო დავალების მიღებიდან არაუგვიანეს 2016 წლის 30 ნოემბრისა. მიმწოდებელმა შემსყიდველ ორგანიზაციას შესასრულებელი სამუშაო ჩააბარა 22 დღის დაგვიანებით, 2016 წლის 22 დეკემბერს.
2.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურმა 2016 წლის 27 დეკემბერს მოპასუხეს აცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N03.01/30/243 ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველის მიერ გაცემული ყოველი კონკრეტული დავალების ვადის გადაცილებისთვის ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, ჯამში 7 039,94 ლარი. მოპასუხეს მოთხოვნილი პირგასამტეხლო არ გადაუხდია.
3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელზე განხორციელებული შედავების ფარგლებში მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულების ფაქტი სადავოდ არ გაუხდია, თუმცა მიუთითა, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და იგი უნდა დაანგარიშებულიყო ფაქტობრივად შესასრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან (შენიშვნა: მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ ვალდებულების 22 დღის დაგვიანებით შესრულებისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს - 1 774,92 ლარის ნაწილში), რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით გაზიარებულია.
4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს შემცირება მოხდა შემდეგი გარემოებების გაუთვალისწინებლად: მხედველობაში არ იქნა მიღებული სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხი, ის ინტერესი, რაც კრედიტორს (მოსარჩელეს) გააჩნდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ. კერძოდ, განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულების საგანი იყო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სანიტარული ჭრის მომსახურება. შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ კრედიტორის მხრიდან არსებობდა მაღალი საჯარო ინტერესი (საკითხი ეხება დედაქალაქის სანიტარული მდგომარეობის მოწესრიგების გადაუდებელ ინტერესს), რაც ცნობილი იყო მოპასუხისათვის. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ვითარებაში არ არსებობდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევისა და მისი შემცირების სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.
5. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვადადარღვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულების (80 678,60 ლარი) გათვალისწინებითაც კი, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 7 039,94 ლარი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს „შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ“.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება მოითხოვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 5 265,02 (7 039,94-1 774,92=5 265,02) ლარის დაკისრების ნაწილში.
7. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
7.1. გარდა იმ საფუძვლებისა, რომელსაც სააპელაციო სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობად უთითებს (მაღალი პროცენტი, ზიანის უმნიშვნელო ოდენობა, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადა), პირგასამტეხლოს შემცირების წინაპირობა შეიძლება იყოს იმ თანხის ოდენობა, საიდანაც უნდა იქნეს დათვლილი მისი ოდენობა. ანუ, სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერიოს სახელშეკრულებო ურთიერთობაში და თქვას, რომ ან პირგასამტეხლოს პროცენტია მაღალი ან ის თანხა, საიდანაც პროცენტი უნდა იქნეს გამოთვლილი. აღნიშნული არ ჩაითვლება ხელშეკრულების თავისუფლებისა და კერძო ავტონომიის პრინციპში ჩარევად;
7.2. პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა დათვლილიყო ვადაგადაცილებული ვალდებულების ღირებულებიდან - 80 678,60 ლარიდან, ვინაიდან ის თანხა საიდანაც პირგასამტეხლო იქნა დათვლილი, ხელშეკრულების ღირებულება (319 996,96 ლარი) არის მაღალი, შესაბამისად, აქედან დათვლილი პირგასამტეხლოც შეუსაბამოდ მაღალია და არ არის დარღვეული ვალდებულების ადეკვატური. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენება მართებულია.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
13. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (იხ. სუსგ საქმე Nას-32-28-2017 , 29 ივნისი, 2017 წელი).
16. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი).
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).
18. მოცემულ შემთხვევაში დარღვეული ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ მოსარჩელის საჯარო ინტერესის (დედაქალაქის სანიტარული მდგომარეობის მოწესრიგების გადაუდებელი ინტერესი), მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობისა (7 039,94 ლარი) და მისი ვადადარღვევით შესრულებული სამუშაოების ღირებულებასთან (80 678,60 ლარი) თანაფარდობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას არ წარმოადგენს და არ არსებობს მისი შემცირების სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა სამართლიანი და ვალდებულების დარღვევის თანაზომიერია.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
22. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
24. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „უ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს შპს „უ–ს“ (ს/კ N.......) დაუბრუნდეს ი.კ–ძის (პ/ნ N......) მიერ 2020 წლის 28 დეკემბრის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი