Facebook Twitter

საქმე №ას-1095-2020 25 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თიანეთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ბ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 23 ივნისის განჩინებით თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მერია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ნ.ბ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 04 იანვრის №1/კ ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 7000 ლარის ოდენობით; მოსარჩელეს სარჩელის დანარჩენი ნაწილის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2012 წლის 14 ნოემბრიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო მდივან-რეფერენტის პოზიციაზე;

2.2. 2015 წლის 5 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება 1 წლის ვადით, რომელიც თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 4 იანვრის ბრძანების საფუძველზე გაგრძელდა ერთი წლით - 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მოსარჩელეს შრომის ანაზღაურება განესაზღვრა 650 ლარის ოდენობით;

2.3. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 4 იანვრის ბრძანების საფუძველზე მოსარჩელეს კიდევ ერთი წლით გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება №1 (05.01.2015 წ) 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და შრომის ანაზღაურება განესაზღვრა კვლავ 650 ლარის ოდენობით;

2.4. 2018 წლის 4 იანვარს გამოიცა მერის ბრძანება N1/კ, რომელიც მოსარჩელეს გაეცნო და ჩაბარდა 2018 წლის 8 იანვარს და, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება.

3. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოპასუხის პრეტენზია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება არ უნდა ჩაითვალოს უვადო ხელშეკრულებად, რადგან მოსარჩელე მუდმივად არ ყოფილა დასაქმებული, ის იყო შტატგარეშე დროებითი სამუშაოს შემსრულებელი, რომელსაც ყოველ წელიწადს უგრძელდებოდა შრომითი ხელშეკრულება.

4. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) მე-6 მუხლის 13 პუნქტსა და ამავე მუხლის მე-10 პუნქტზე დაყრდნობით მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება მიიჩნია განუსაზღვრელი ვადით დადებულად.

5. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არც მოპასუხეს მიუთითებია და არც სასამართლოს დაუდგენია ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც სშკ-ის 37.1. მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების მოშლას მართლზომიერს გახდიდა, შესაბამისად, სადავო ბრძანება არღვევს კანონით დადგენილ წესს (სსკ-ის 54-ე მუხლი). გამომდინარე აქედან, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ცნო ბათილად მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გამოცემული სადავო ბრძანება.

6. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები, ხოლო მერიაში მდივან-რეფერენტის ტოლფასი თანამდებობა არ არსებობდა. შესაბამისად, სასამართლომ მართებულად ჩათვალა მოსარჩელის დარღვეული უფლების რესტიტუცია კონკრეტული თანხის - 7 000 ლარის ანაზღაურებით.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. საკასაციო საჩივრის თანახმად, მოსარჩელე იყო შტატგარეშე დროებითი სამუშაოს შემსრულებელი, რომელსაც საჭიროების გამო ყოველ წელიწადს უგრძელდებოდა შრომითი ხელშეკრულება. მერიამ მოსარჩელე გაათავისუფლა სამსახურიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, რადგან მერზე დაიშვა თანაშემწის შტატი გენდერული თანასწორობის საკითხზე, რომელზეც საჭირო იყო კონკურსის წესით საჯარო მოხელის მიღება. აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსის წესით დაინიშნა სხვა პირი. მათი სამუშაო აღწერილობები განსხვავდებოდა. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული შრომის კოდექსის ნორმები ვრცელდება შტატით გათვალისწინებულ საჯარო მოხელესთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაზე, რომელიც დროებითი სამუშაოს შემსრულებელია და არა - შტატგარეშე არასაჯარო მოხელესთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაზე.

13. საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერება წარმოადგენს.

14. კერძო სამართლის სხვა დარგების მსგავსად, შრომით სამართალშიც მოქმედებს სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპი, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის მონაწილე მხარეები თავისუფალნი არიან დადონ (ან არ დადონ) ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი, მათ შორის, ხელშეკრულების მოქმედების ვადა. თუმცა, კერძო სამართლის სუბიექტებს მოქმედების თავისუფლება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ ფარგლებში აქვთ, რაც ურთიერთობის ძლიერი მხარის მიერ სუსტის საწინააღმდეგოდ ძალაუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებას ემსახურება. სწორედ ზემოაღნიშნული მიზნით იყო განპირობებული ქართველი კანონმდებლის მიერ შრომის კოდექსში შრომითი ხელშეკრულების ვადის განსაზღვრის ობიექტური საფუძვლის ცნების შემოღება და ვადიანი შრომის ხელშეკრულების დადების დასაშვებობის ფარგლების განსაზღვრა. საქართველოს შრომის კოდექსი 2013 წლის ცვლილებებამდე არ იცნობდა შრომის ხელშეკრულების ვადის განსაზღვრის ობიექტური საფუძვლის ცნებას, ვინაიდან არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების ვადის განსაზღვრისათვის საფუძვლის არსებობის სავალდებულობას. 2013 წლის 12 ივნისის ცვლილებების ტექსტით კი კანონმდებელმა, დასაქმებულის სოციალური ინტერესებიდან გამომდინარე, ვადიანი შრომის ხელშეკრულებები გარკვეულ რეგულაციას დაუქვემდებარა, რაც ასევე ვადის განსაზღვრის კონკრეტული წინაპირობების ფორმულირებასაც მოიცავს (იხ. სუსგ საქმე №ას-1251-1191-2014, 12 თებერვალი, 2016 წელი).

15. შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შრომითი ხელშეკრულების ვადაა 1 წელი ან მეტი, შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით იდება მხოლოდ მაშინ, როცა: ა) შესასრულებელია კონკრეტული მოცულობის სამუშაო; ბ) შესასრულებელია სეზონური სამუშაო; გ) სამუშაოს მოცულობა დროებით იზრდება; დ) ხდება შრომითი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლით სამუშაოზე დროებით არმყოფი დასაქმებულის ჩანაცვლება; ე) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს ხელშეკრულების განსაზღვრული ვადით დადებას. თუ შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით, ან თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადების შედეგად და მისი ხანგრძლივობა აღემატება 30 თვეს, ჩაითვლება, რომ დადებულია უვადო შრომითი ხელშეკრულება. ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60 დღის განმავლობაში [სშკ-ის მე-6 მუხლის 1, 12 და 13 პუნქტები].

16. დადგენილია, რომ 2012 წლის 14 ნოემბრიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო მდივან-რეფერენტის პოზიციაზე. 2015 წლის 5 იანვარს მხარეებს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება 1 წლის ვადით, რომელიც თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 4 იანვრის ბრძანების საფუძველზე გაგრძელდა ერთი წლით - 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 4 იანვრის ბრძანების საფუძველზე მოსარჩელეს კიდევ ერთი წლით გაუგრძელდა შრომითი ხელშეკრულება №1 (05.01.2015 წ) 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 2018 წლის 4 იანვარს გამოიცა მერის ბრძანება N1/კ, რომლის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება.

17. ამდენად, მოსარჩელესთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების მიმდევრობით დადების შედეგად შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა აღემატებოდა 30 თვეს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მხარეთა შორის არსებული შრომითი ხელშეკრულება განუსაზღვრელი ვადით დადებულად. გამომდინარე აქედან, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით (სშკ-ის 37.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი) უკანონოა [სსკ-ის 54-ე მუხლი: ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს].

18. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომ სშკ-ის ნორმები არ ვრცელდება მოსარჩელესთან არსებულ შრომით ურთიერთობაზე, საკასაციო პალატა მიუთითებს სშკ-ის 1.1. მუხლზე [რომლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით] და მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზია უსაფუძვლოა. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სადავო ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხისთვის კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი