Facebook Twitter

საქმე №ას-996-2020 08 აპრილი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ შპს „ჯ.......“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ფ–ძე (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე _ ჯ.კ–ნი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი – მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თ–ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 ნოემბრის განჩინებით შპს „ჯ.......-ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც ს.ფ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, მატერიალური ზიანის სახით, 6 684 ლარის, ხოლო მორალური ზიანის სახით - 3 000 ლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2014 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თბილისში, ქ–სა და ბ–ის ქუჩის კვეთაზე არსებული მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-15 სართულზე, ბინა №78-ში დასაშვებზე მეტი წნევით გაზის მიწოდების შედეგად გაჩნდა ხანძარი, რის შედეგად სხეულზე დაზიანება მიიღო აღნიშნულ ბინაში მცხოვრებმა მოსარჩელემ და, ასევე, დაზიანდა მისი პირადი ნივთები. მოპასუხე კომპანია აწარმოებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე გაზის მილების გაყვანასა და ექსპლუატაციაში გაშვებას;

2.2. მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში ხანძრის შედეგად სხვადასხვა სახის საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთების დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობამ შეადგინა 5325 ლარი და საცხოვრებელი ბინის სამზარეულო ოთახში კედლების, ელექტროგაყვანილობების, მისაღებ ოთახში კედლებისა და ჭერის აღდგენითი-სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებამ (პირდაპირი დანახარჯებით), ჯამში, შეადგინა 1359.70 ლარი;

2.3. 2014 წლის 12 ივლისს მოსარჩელე ხანძრის შედეგად მიღებული ტრამვის გამო მოთავსებულ იქნა კლინიკაში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: სხეულის თერმული დამწვრობა 5% I ხარისხის დაზიანება, რომელიც განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით.

3. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებიდან გამომდინარე, გაზის წნევის მომატება და ხანძრის გაჩენა გამოიწვია სისტემაში გაზის გაშვების წესების დარღვევამ. დადგენილია, რომ გაზის მილების გაყვანასა და ექსპლუატაციაში გაშვებას აწარმოებდა მოპასუხე კომპანია. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 12 თებერვლის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დასტურდება, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორმა ჯ.კ–ნმა და მისმა მოადგილემ ა.ს–მა (დაკითხვის ოქმი) იცოდნენ, რომ შპს „ყ-თ–ის“ წარმომადგენლის გამოცხადების გარეშე არ უნდა დაეწყოთ გაზსადენის მილების გაყვანა. ამასთან, საცხოვრებელი სახლის ქსელში მოპასუხე კომპანიის მუშის მიერ გაშვებულ იქნა გაზი, მაშინ როცა გაზის ქსელში გაშვების უფლება ჰქონდა მხოლოდ შპს „ყ-თ–ის“ წარმომადგენელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე კომპანიის ხელმძღვანელობა ვალდებული იყო, როგორც შპს „მ-ლ–ვის“, ასევე, შპს „ყ-თ–ის“ ტექზედამხედველობის სამსახურისათვის ეცნობებინა აღნიშნული სამუშაოს დაწყების დრო და ტექზედამხედველობის წარმომადგენლის გამოცხადების გარეშე არ დაეწყო გაზის მილების დაერთების სამუშაოები. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ანალოგიურ გარემოებებზე მიუთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 10 სექტემბრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 81,89).

4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ დაარღვია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 09.07.2009 წლის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდება და მოხმარების წესების“ №16 პუნქტისა და №07-05 ნარდობის ხელშეკრულების მოთხოვნები, რომლის თანახმად, გაზსადენის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მწარმოებელმა უნდა აცნობოს შპს „ყ- თ–ის“ ხელმძღვანელობას აღნიშნულ ობიექტზე გაზის ქსელის მოწყობის დაწყებაზე და შემდეგ სამუშაო შეასრულოს მათი წარმომადგენლის ზედამხედველობით, ამავე ნორმატივის №5 პუნქტის თანახმად, გაზსადენის ჩართვა და გაზის გაშვება ქსელში კონკრეტულ შემთხვევაში უნდა მოეხდინა შპს „ყ- თ–ის“ წარმომადგენელს.

5. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ბინაში გაჩენილი ხანძარი გამოწვეულია მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით, კერძოდ, ხანძრის გამომწვევი მიზეზი გახდა მოპასუხის მიერ ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რასაც უშუალოდ შედეგად მოჰყვა მოსარჩელისათვის ქონების დაზიანების ფაქტი. ხანძრის შედეგად განადგურდა მოსარჩელის მოძრავი ნივთები და დაზიანდა მისი კუთვნილი ბინა, მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობამ შეადგენა 6684 ლარი. შესაბამისად, სახეზეა მოპასუხისთვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

6. მოსარჩელის მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 413-ე მუხლით, მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე N003712914, რომლის თანახმად, მოსარჩელე 2014 წლის 12 ივლისს 20:58 საათზე მოათავსეს კლინიკაში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: სხეულის თერმული დამწვრობა 5% I ხარ., თერმული ტრამვა მიიღო ბინაში გაზის აფეთქების შედეგად. დამწვრობითი ჭრილობები ლოკალიზებულია სახეზე, გულმკერდზე და მარცხენა მხრის და წინამხრის ზედაპირზე. მითითებულ დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ მოსარჩელეს ჩაუტარდა ქირურგიული დამუშავება, შეხვევა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზეა ზიანის მიმყენებლის ბრალეული ქმედება, რომელსაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება, რაც მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველია.

7. სააპელაციო სასამართლომ მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა რა მიყენებული ზიანის სიმძიმე, დაზარალებულის ფსიქო-ემოციური დამოკიდებულება, ასევე საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები, მიიჩნია, რომ მოპასუხისთვის მორალური ზიანის დაკისრება 3000 ლარის ოდენობით გონივრული და სამართლიანია.

8. რაც შეეხება მოპასუხის მოთხოვნას გამოძიების მასალების გამოთხოვის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალები და მტკიცებულებები აშკარად მიუთითებდნენ, რომ გაზის ჩართვა განხორციელდა მოპასუხის მიერ და კონკრეტულად მისი მუშების მიერ. ეს დასკვნა სასამართლოსა და ექსპერტების მიერ გაკეთებულია სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ მოპასუხის ბრალზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამატებით ამ მასალების გამოთხოვის საპროცესო საფუძველი არ არსებობდა.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და იმავე სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად:

14.1. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის მოთხოვნაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოძიების მასალების გამოთხოვის, საქმეზე დართვისა და გამოკვლევის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის განჩინების გაუქმების შესახებ;

14.2. სასამართლო საერთოდ არ მსჯელობს სახანძრო ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმად, ხანძრის გაჩენის მიზეზია გაჟონილი აირის მაინიცირებელი საშუალებით (ელექტრონაპერწკალი) აალება. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ ოთახში, სადაც აალება მოხდა, ისმოდა გაზის გაჟონვისთვის დამახასიათებელი შიშინის ხმა. ბინის მესაკუთრემ - მოსარჩელემ შემოწმების მიზნით გადაწია გაზის ქურის ჩამრთველი და მიუშვირა ელ.ნაპერწკალი, რასაც გაზის აალება მოჰყვა;

14.3. მოპასუხეს არ გააჩნდა შპს „ყ თ–იდან“ ზედამხედველის გამოძახების ვალდებულება, რადგან მასთან ხელშეკრულება გაფორმებული აქვს შპს „ე-ლ–ს“. ამასთან, გაზის გაშვებას მოპასუხე კომპანიის მუშა ვერ მოახდენდა, რადგან გაზის გაშვება ხდება მკაცრად რეგლამენტირებული წესით, მხოლოდ გაზის მარეგულირებელი პუნქტიდან, რომელიც შპს „ყ თ–ის“ საკუთრებაა. ეს ობიექტი ჩაკეტილია და მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული პირებისთვის არის ხელმისაწვდომი. ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ წარმოებულ სამუშაოებს არ შეეძლო გავლენა მოეხდინა ქსელში და საცხოვრებელ კორპუსში გაზის წნევის რეგულირებაზე;

14.4. გამოძიებით არ არის დადგენილი, ჰქონდა თუ არა ადგილი ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევას და, თუ ასეთი იყო, არის თუ არა მასზე პასუხისმგებელი მოპასუხე ან იქ მომუშავე პიროვნება. აღნიშნული ფაქტი დადგენილია როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ასევე შსს ორგანოებიდან 2020 წლის 9 იანვარს მიღებული წერილით.

15. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნების სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 992-ე [პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი], 408.1 [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება], 409-ე [თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება] და 413-ე [1. არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. 2. სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც] მუხლები.

16. სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული დელიქტური ვალდებულების წინაპირობებია: მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი, მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის, ზიანის მიმყენებლის ბრალი. პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული ოთხივე წინაპირობა (გენერალური დელიქტი). „გენერალური დელიქტის“ ერთ-ერთი მთავარი პირობა მოვალის მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. თუკი ასეთი ქმედება არ არსებობს, მაშინ დელიქტის შემადგენლობის სხვა წინაპირობების შემოწმება ზედმეტია. მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრივ დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. არის თუ არა ქმედება მართლსაწინააღმდეგო, ეს საკითხი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეამოწმოს სასამართლომ. მოქმედება შეიძლება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, თუ: ა. იგი ობიექტურად მიმართულია რომელიმე კანონისმიერი ამკრძალავი ნორმის წინააღმდეგ; ბ. თუ მოქმედება არღვევს სხვა ვალდებულებებს, მათ შორის, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს; გ. თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს) (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-506-480-2015, 29 ივლისი, 2016 წელი).

17. საკასაციო პალატის განმარტებით, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის განხილვისას მტკიცების ტვირთის ზოგადი წესიდან გამონაკლისის დადგენას არც პროცესუალური კანონმდებლობა და არც სამოსამართლო სამართალი (პრაქტიკა) არ იცნობს. დელიქტური ვალდებულების სამართლებრივი ბუნების გათვალისწინებით, მტკიცებულებათა წარდგენა უფრო ლოგიკური და ბუნებრივია, რომ დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ მოპასუხე მხარის არამართლზომიერი ქმედების შედეგად ზიანი მიადგა, ხოლო მოპასუხეს საკუთარი მტკიცების ფარგლებში ევალება, რომ წარადგინოს შედავება, რომელიც სრულად (ან ნაწილობრივ) გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის სავალდებულებელო წინაპირობებს (ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა ერთობლიობას) (იხ. სუსგ საქმე №ას-80-80-2018, 20 აპრილი, 2018 წელი).

18. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 12 ივლისს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ–ში, ქ–სა და ბ–ის ქუჩის კვეთაზე არსებული მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-15 სართულზე, ბინა №78-ში დასაშვებზე მეტი წნევით გაზის მიწოდების შედეგად გაჩნდა ხანძარი, რის შედეგად სხეულზე დაზიანება მიიღო აღნიშნულ ბინაში მცხოვრებმა მოსარჩელემ და, ასევე, დაზიანდა მისი პირადი ნივთები. მოპასუხე კომპანია აწარმოებდა აღნიშნულ ტერიტორიაზე გაზის მილების გაყვანასა და ექსპლუატაციაში გაშვებას (იხ. წინამდებარე განჩინების 2.1. ქვეპუნქტი).

19. კასატორის მოსაზრებით, ხანძრის გამომწვევი მიზეზია თავად მოსარჩელის ქმედება, რომელმაც შემოწმების მიზნით გადაწია გაზის ქურის ჩამრთველი და მიუშვირა ელ.ნაპერწკალი, რასაც გაზის აალება მოჰყვა.

20. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ შედავებას და მიუთითებს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 12 თებერვლის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორმა ჯ.კ–ნმა და მისმა მოადგილემ ა.ს–მა (დაკითხვის ოქმი) იცოდნენ, რომ შპს „ყ-თ–ის“ წარმომადგენლის გამოცხადების გარეშე არ უნდა დაეწყოთ გაზსადენის მილების გაყვანა. ამასთან, საცხოვრებელი სახლის ქსელში მოპასუხე კომპანიის მუშის მიერ გაშვებულ იქნა გაზი, მაშინ როცა გაზის ქსელში გაშვების უფლება ჰქონდა მხოლოდ შპს „ყ-თ–ის“ წარმომადგენელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე კომპანიის ხელმძღვანელობა ვალდებული იყო, როგორც შპს „მ-ლ–თვის“, ასევე, შპს „ყ-თ–ის“ ტექზედამხედველობის სამსახურისათვის ეცნობებინა აღნიშნული სამუშაოს დაწყების დრო და ტექზედამხედველობის წარმომადგენლის გამოცხადების გარეშე არ დაეწყო გაზის მილების დაერთების სამუშაოები (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი). ამავე დასკვნის თანახმად, ხანძარი და გაზის წნევის მომატება განაპირობა არაკომპეტენტური პირის მიერ გაზის ჩართვამ, გაზის ჩართვის წესების მოთხოვნების დარღვევით. სისტემაში გაზის ჩართვის უფლება ჰქონდა მხოლოდ შპს „ყ-თ–ის“ წარმომადგენელ სათანადო კომპეტენციის მქონე პირს (იხ. ტ. I, ს.ფ. 91).

21. ზემოაღნიშნული დასკვნიდან გამომდინარე, ხანძრის გამომწვევ მიზეზს არაკომპეტენტური პირის მიერ გაზის ჩართვა წარმოადგენდა და არა - მოსარჩელის ქმედება, რის გამოც კასატორის პრეტენზია ხანძრის წარმოშობაში მისი ბრალის გამორიცხვის თაობაზე უსაფუძვლოა.

22. რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მორალური ზიანის ერთ-ერთი მახასიათებელი თვისებაა ადამიანის ფიზიკური, ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროზე ნეგატიური ზემოქმედება, რაც ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში გამოიხატება (იხ. სუსგ საქმე №ას-543-518-2016, 23 დეკემბერი, 2016 წელი). ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სამართლის მიერ დაცულ ერთ-ერთ იმ სიკეთეს, რომლის ხელყოფის შედეგად დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის ანაზღაურება (სსკ-ის 413.2. მუხლი). განსახილველი ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი. სხეულის დაზიანებასა ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებაში უნდა ვიგულისხმოთ ისეთი ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს ადამიანის სხეულს ან ადამიანის ორგანიზმის შინაგან პროცესებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1156-1176-2011, 20 იანვარი, 2012 წელი).

23. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2014 წლის 12 ივლისს მოსარჩელე ხანძრის შედეგად მიღებული ტრამვის გამო მოთავსებულ იქნა კლინიკაში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: სხეულის თერმული დამწვრობა 5% I ხარისხის დაზიანება, რომელიც განვითარებულია რაიმე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3. ქვეპუნქტი). ამასთან, დამწვრობითი ჭრილობები ლოკალიზებულია სახეზე, გულმკერდზე და მარცხენა მხრის და წინამხრის ზედაპირზე. მოსარჩელეს ჩაუტარდა ქირურგიული დამუშავება, შეხვევა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი).

24. ამდენად, მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად სახეზეა მოსარჩელის ჯანმრთელობის დაზიანება, რაც მართებულად გახდა ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოპასუხისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - ჯამში, 484,20 ლარის 70% – 338,94 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჯ.......“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ ჯ.......“-ს (ს.ნ. .....) დაუბრუნდეს ჯ.კ–ნის (პ.ნ. .......) მიერ 2020 წლის 21 იანვარს №22887276 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 350 (სამას ორმოცდაათი) ლარისა და 2020 წლის 15 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 134,20 (ას ოცდათოთხმეტი ლარი და ოცი თეთრი) ლარის, ჯამში 484,20 (ოთხას ოთხმოცდაოთხი ლარი და ოცი თეთრი) ლარის 70% – 338,94 (სამას ოცდათვრამეტი ლარი და ოთხმოცდათოთხმეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თ–ი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი