საქმე №ას-861-2020 26 იანვარი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ჯ.ა–ძის სამართალმემკვიდრე ე.ა–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ა–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 15 ივლისის განჩინებით ე.ა–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 05 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლითაც ე.ა–იას (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 40 000 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 6 ივლისის აუდიტორული დასკვნისა და საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, ქუთაისში, ......... შესახვევი №11-ში მდებარე სახლი არის კეთილმოწყობილი, კაპიტალური, ორსართულიანი ნაგებობა, საერთო ფართით 130.85 კვ.მ., აქვს დამხმარე ერთსართულიანი ნაგებობა, ფართით 77.62 კვ.მ., არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი - 360.40 კვ.მ.; აღნიშნული უძრავი ქონება ეკუთვნოდა ჯ.ა–ძეს - მოსარჩელის ყოფილ მამამთილს (შემდგომში - „თავდაპირველი მოპასუხე“), ხოლო 2018 წლის 22 ნოემბრიდან საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხის საკუთრებაში. ამ ქონების ღირებულებაა 120 000 ლარი (ს.ფ. 36, 122-123);
2.2. თავდაპირველი მოპასუხე გარდაიცვალა 2017 წლის 03 აგვისტოს (ს.ფ. 76). ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინებით მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა მისი შვილი - მოპასუხე (ს.ფ. 139);
2.3. მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ ბანკიდან გამოიტანა კრედიტები, კერძოდ: 2007 წლის დეკემბერში „ს.ბ–იდან“ - 10 000 ლარი; სს „პ.ბ–დან“ 2008 წლის სექტემბერში - 17 000 ლარი, 2009 წლის მაისში - 30 000 ლარი, 2009 წლის დეკემბერში - 13 800 ლარი, 2009 წლის 4 დეკემბერს - 16 200 ლარი;
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა თ.ა–ძემ განმარტა, რომ იგი არის მოსარჩელის და მოპასუხის შვილი. ოჯახმა გადაწყვიტა ბაბუის - თავდაპირველი მოპასუხის ძველი სახლის დაშლა და მის ადგილზე ახალი სახლის აგება. დედა - მოსარჩელე და მისი ძმა - ჯ.ა–ძე მუშაობდნენ მაღაზიაში. დედამ ბანკიდან აიღო სესხი და მიღებული თანხა მოხმარდა სახლის მშენებლობას, ხოლო სესხი დაფარა მოსარჩელემ. ამასთან, არსებობდა შეთანხმება, რომ ახლადაშენებული სახლი გაფორმდებოდა მისი ძმის - ჯ.ა–ძის სახელზე. სახლის მშენებლობა დაიწყეს 2008 წელს, ხოლო რემონტი - 2009 წელს;
2.5. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ფ.მ–ამ განმარტა, რომ იგი არის მოსარჩელის და. ოჯახს ჰქონდა მაღაზია, სადაც მუშაობდა მოსარჩელე, რომელმაც სესხი აიღო ბანკიდან. მათ დაანგრიეს ძველი სახლი და დაიწყეს ახლის მშენებლობა. სესხი იფარებოდა მაღაზიის შემოსავლებით. სახლის მშენებლობის დასრულების ზუსტი თარიღი არ იცის;
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხულმა ვ.გ–ამ განმარტა, რომ იგი არის მშენებელი. სახლის აშენების შეთანხმება დადო მოპასუხესთან. ძველი სახლი დაანგრიეს და ახალი ორსართულიანი სახლის მშენებლობა დაიწყეს 2008 წლის ივლისში, რაც დასრულდა სექტემბერში. მშენებლობისათვის მიიღო 10 000 ლარი. არ იცის, თანხა ვისი კუთვნილება იყო;
2.7. მოსარჩელის სარჩელზე წარდგენილ, თავდაპირველი მოპასუხის შესაგებელში მითითებულია შემდეგი: მოსარჩელის სახელით, კერძოდ, 2007 წლის დეკემბერში სს „ს.ბ–იდან“ აიღეს 10 000 ლარი, სს „პ.ბ–დან“ 2008 წლის სექტემბერში - 17 000 ლარი და 2009 წლის მაისში - 30 000 ლარი. იგი მოხმარდა თავდაპირველი მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციას, მაგრამ კრედიტები გასტუმრებული იქნა მოპასუხის სახსრებით და შემოსავლებით;
2.8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 21.01.2020წ. ჩატარებული №000059320 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად:
2.8.1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ. ქუთაისში, ......... მე-6 შეს. №11-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ ......) საბაზრო ღირებულება 2013 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენდა 85 300 ლარს;
2.8.2. დანგრევამდე არსებული საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა ექსპერტიზისათვის უცნობია და მისი გათვალისწინებით უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება ვერ დადგინდა;
2.8.3. დანგრევამდე არსებული საცხოვრებელი სახლის მდგომარეობა ექსპერტიზისათვის უცნობია, სახლის შესაფასებლად კი საჭიროა მისი ვიზუალური დათვალიერება, ფაქტიური მდგომარეობის განსაზღვრა, აქედან გამომდინარე, ვერც იმავე პარამეტრების ჩვეულებრივი, საცხოვრებლად ვარგისი სახლის ღირებულებასთან შედარებით მოხერხდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა;
2.8.4. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქ. ქუთაისში, ......... მე-6 შეს. №11-ში მდებარე უძრავი ქონებიდან (ს/კ .......) 360,40 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 77,62 კვ.მ. დამხმარე შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი სახლის გარეშე) საბაზრო ღირებულება 2013 წლის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 37 400 ლარს.
3. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება იმ ფაქტს, რომ მან მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე გასწია ხარჯები (ააშენა სახლი), რითაც გაიზარდა ამ ქონების ღირებულება, რამაც განაპირობა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ფაქტების დასადასტურებლად მოსარჩელე ეყრდნობა საბანკო დაწესებულებებთან გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებებს, გადახდის ქვითრებს, მოწმეთა ჩვენებებს (რომელთაც მოპასუხე სადავოდ ხდის), ასევე ექსპერტიზის დასკვნას. ამასთან, თავდაპირველმა მოპასუხემ შესაგებელში დაადასტურა მოსარჩელის მიერ 2007-2009 წლებში საბანკო დაწესებულებებიდან, საერთო ჯამში, 57000 ლარის სესხად აღების ფაქტი და, რომ აღნიშნული თანხები მოხმარდა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის რეკონსტრუქციას. სსსკ-ის 131-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მითითებული ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნული სესხის თანხებიდან 40000 ლარი მოხმარდა ამჟამად მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული უძრავი ქონების რეკონსტრუქციას. ამ ფაქტის საწინააღმდეგო და სარწმუნო, რამე სახის სხვა მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.
4. სააპელაციო პალატამ არ გაიზირა მოპასუხის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ კრედიტები გასტუმრებული იქნა მოპასუხის სახსრებითა და შემოსავლებით, რადგან აღნიშნული გარემოება საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება.
5. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 987.1. მუხლით და აღნიშნა, რომ თავდაპირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ქ. ქუთაისში, ......... (ყოფ. .....) მე-6 შეს. №11-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე (ს/კ .....) ძველი სახლის დანგრევის შემდეგ, ახლის აშენებას მოხმარდა მოსარჩელის მიერ ბანკიდან გამოიტანილი სესხი - 40 000 ლარი. ეს უძრავი ქონება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულია თავდაპირველი მოპასუხის შვილის (მოსარჩელის ყოფილი მეუღლის) და მისი უფლებამონაცვლის (მემკვიდრე) - მოპასუხის საკუთრებაში. ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოსარჩელის ქორწინების შეწყვეტის შემდეგ, 2013 წლის მდგომარეობით, ახლადაშენებული საცხოვრებელი სახლის გარეშე თავდაპირველი მოპასუხის კუთვნილი, ს/კ .......... უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული 77,62 კვ.მ. დამხმარე შენობა-ნაგებობით) საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 37 400 ლარს, ხოლო ახალი საცხოვრებელი სახლის აშენების შემდეგ, რისთვისაც დაიხარჯა მოსარჩელის 40000 ლარი, მისი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ გახდა 85 300 ლარი (სხვაობა 85 300 - 37 400=47900 ლარი), პალატამ მიიჩნია, რომ თავდაპირველი მოპასუხე გამდიდრდა, ვინაიდან მან მიიღო მოსარჩელის ხარჯით გაუმჯობესებული ქონება, რაც წარმოადგენს სსკ-ის 987.1. მუხლით გათვალისწინებულ გარემოებას და მოსარჩელის მიერ გაწეული დანახარჯების ანაზღაურების საფუძველია.
6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე სადავო უძრავი ქონება მოპასუხის საკუთრებაა, ამასთან, სსკ-ის 987.3 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნის გამომრიცხველ გარემოებებზე მოპასუხე არ მიუთითებდა, სსკ-ის 1484.1. მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო გაწეული დანახარჯი აენაზღაურებინა მოსარჩელისთვის, რის გამოც მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 40 000 ლარის გადახდა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
12. საკასაციო საჩივრის თანახმად:
12.1. სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო მოწმეთა დაკითხვაზე შუამდგომლობა, რაზეც მოპასუხეს ეთქვა უარი. მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდებოდა, რომ სახლი ნამდვილად ააშენა თავდაპირველმა მოპასუხემ და მშენებლობისთვის გაწეული ხარჯებიც მან გადაიხადა;
12.2. მოპასუხემ წარადგინა დეკლარაციები, რომელთა სასამართლო პროცესზე განხილვის შემდეგ სასამართლო დარწმუნდებოდა, რომ მოსარჩელე მაღაზიიდან მიღებული მწირი შემოსავლებით ვერც სახლს ააშენებდა და ვერც ბანკის კრედიტს დაფარავდა;
12.3. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელე გარკვევით ამბობს, რომ ბანკის კრედიტები დაფარა მოპასუხემ, რაც სასამართლომ არ გაიზიარა;
12.4. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ამბობს, რომ ბანკიდან გამოტანილი კრედიტი იყო მისი ბიზნესისთვის განკუთვნილი საბრუნავი თანხა. სასამართლოს მოპასუხის მიერ წარდგენილი მოწმეები რომ დაეკითხა და საქმეზე დაერთო მოპასუხის მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია, დაადგენდა, რომ მოსარჩელემ ბანკიდან ეტაპობრივად გამოტანილი თანხები გადასცა მოპასუხეს ბიზნესის გასაფართოებლად და არა - თავდაპირველ მოპასუხეს სახლის რეკონსტრუქციისთვის. 2009 წელს ბანკიდან მიღებული კრედიტით მოპასუხემ შემოიტანა 30 000 ლარის ჰიგიენური ქაღალდი. მიღებული მოგებით დაფარა კრედიტი და უზრუნველყოფდა ოჯახის რჩენას;
12.5. შესაგებელში დაწერილი მოსაზრება, რომ თავდაპირველმა მოპასუხემ მოსარჩელის თანხა გამოიყენა ახლადაშენებული სახლის სარემონტო სამუშაოებისათვის, არის ადვოკატის მოსაზრება და არ შეესაბამება სინამდვილეს. აღნიშნული არ იყო შეთანხმებული თავდაპირველ მოპასუხესთან, რომელიც საერთოდ არ გასცნობია შესაგებელს და არ მოუწერია ხელი, არ შეხვედრია ადვოკატს და მონაწილეობა არ მიუღია სასამართლო პროცესებზე. ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოში მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა, რომ შესაგებელში არასწორად ეწერა აღნიშნული და არ შეესაბამებოდა არც სინამდვილეს და არც თავდაპირველი მოპასუხის ნებას;
12.6. სასამართლოს ინიციატივით ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზით ვერ დადგინდა ძველი სახლის ღირებულება, ამასთან, ახლადაშენებული სახლი არ შეფასდა დღევანდელი ფაქტიური მონაცემებით/ზომებით და შეფასება მოხდა ძველი სახლის ნახაზის ზომების შესაბამისად. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა მხოლოდ სახლის ღირებულება 2013 წლის მდგომარეობით და მიწის ნაკვეთის და მასზე არსებული ძველი დამხმარე/ნაგებობის ღირებულება. შესაბამისად, მოსამართლემ ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გაუგებარი კალკულაცია დააფიქსირა განჩინებაში. არასრული ექსპერტიზის დასკვნის გამოყენება ერთ–ერთი მხარის - მოსარჩელის სარჩელის გასამყარებლად, კანონის უხეში დარღვევაა;
12.7. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ ორი მოწმის ჩვენებას, ხოლო მოწმე ვ.გ–ას განმარტება, რომ მშენებლობის თანხა 10000 ლარი მოპასუხემ გადაუხადა, საერთოდ არ არის ნახსენები;
12.8. საქმეში არ არსებობს არც ერთი უტყუარი მტკიცებულება, რომ მოსარჩელის მიერ 2007–2012 წელს აღებული კრედიტის თანხით შეძენილი იქნა სახლის მშენებლობისთვის სამშენებლო მასალები ან გადაიხადა შესრულებული მშენებლობისათვის თანხები;
12.9. ფაქტობრივ გარემოებებში არ არის ასახული, რომ თავდაპირველ მოპასუხეს ჰქონდა თავისი მეურნეობა, მან თავისი ხარჯებით დაარღვია/დაშალა მის მიერ აშენებული ძველი სახლი და ააშენა ახალი საცხოვრებელი სახლი.
13. საკასაციო პალატის განმარტებით, კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებასა თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ საქმე №ას-360-342-2015, 03 ივნისი, 2015 წელი).
14. სსკ-ის 987-ე მუხლი [პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს. მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა) პირს, რომელსაც წაეყენება მოთხოვნა, შეუძლია მოითხოვოს დანახარჯების ამოღება და ამოიღებს მას, ან ბ) პრეტენზიის წარმდგენმა პირმა ბრალეულად დააყოვნა შეტყობინება ხარჯების მოთხოვნის შესახებ, ანდა გ) პირმა, რომელსაც წაეყენება პრეტენზია, სადავო გახადა ხარჯები მათ განხორციელებამდე] წარმოადგენს ე.წ დანახარჯების კონდიქციას, რომლითაც განისაზღვრება იმ პირის უფლებები, ვინც სხვის ქონებაზე გასწია ხარჯები. ამ ნორმის უმთავრესი დებულება არის ის, რომ სხვა პირის ქონებაზე შეგნებულად ან შეცდომით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირი ამით გამდიდრდა, ხოლო, თუ გამდიდრების ფაქტი არ არსებობს, მაშინ მხოლოდ ხარჯების გაწევა არ წარმოშობს კონდიქციურ ვალდებულებას. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სახეზე უნდა იყოს შემდეგი წინაპირობები: ვალდებულების გარეშე ხარჯების გაწევა ქონებაზე; ქონება არ უნდა ეკუთვნოდეს კრედიტორს; მოვალემ ამ ხარჯების გაწევით უნდა მიიღოს სარგებელი (იხ. სუსგ საქმე №ას-1254-1176-2015, 15 აპრილი, 2016 წელი).
15. საკასაციო პალატა კასატორს ასევე განუმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს [სსსკ-ის 102.1. მუხლი]. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
16. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მტკიცების ტვირთი იყო დაედასტურებინა, რომ მან გადაიხადა მოსარჩელის მიერ აღებული კრედიტის თანხა, რომელიც მოხმარდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სახლის რეკონსტრუქციას, თუმცა მას არ მიუთითებია აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად რაიმე რელევანტურ მტკიცებულებაზე.
17. მოცემულ შემთხვევაში თავდაპირველი მოპასუხე (რომლის მემკვიდრეც არის მოპასუხე) გამდიდრდა, ვინაიდან მან მიიღო მოსარჩელის ხარჯით გაუმჯობესებული ქონება. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც მოპასუხეს დაეკისრა ქონებაზე გაწეული დანახარჯის მოსარჩელისთვის ანაზღაურების ვალდებულება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
19. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2000 ლარის 70% – 1400 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ჯ.ა–ძის სამართალმემკვიდრის ე.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ე.ა–ძეს (პ/ნ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 5 ოქტომბერს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2000 ლარის 70% – 1400 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი