საქმე №ას-691-2020 14 თებერვალი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ი.ქ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ი.ქ–იასა (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) და ა(ა)იპ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „სააგენტო“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი მოპასუხის მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სააგენტოს 2016 წლის 18 მაისის N2/122 ბრძანება ა(ა)იპ ქ. თბილისის N144 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის - მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 9600 ლარის ანაზღაურება.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 13 აპრილის N2/092 ბრძანებით, მოსარჩელეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - შენიშვნა, ხოლო 2016 წლის 18 მაისის ბრძანებით თანამდებობიდან გათავისუფლდა მოსარჩელე და მისი გათავისუფლების საფუძველი გახდა მის მიერ ერთი წლის განმავლობაში მასზე დაკისრებული ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა;
2.2. 2016 წლის 5 მაისს მონიტორინგის ჯგუფმა N144 საბავშვო ბაგა-ბაღში ჩაატარა მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც ბაღში შემოწმდა 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდის ფინანსური საქმიანობა, 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 1 მაისამდე განხორციელებული და დაგეგმილი შესყიდვები და 2014-2015 წლების ინვენტარიზაციის შედეგების შემოწმება-ანალიზი. მონიტორინგის ჯგუფმა გამოავლინა დარღვევა-ნაკლოვანებები, კერძოდ, N144-ე ბაგა-ბაღსა და ი/მ „ლ.ჩ–ს“ შორის 2015 წლის 10 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, გაურკვეველი იყო 85 კვ.მ. მეტლახის საკითხი, ვინაიდან ხელშეკრულების საფუძველზე შეძენილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ 74 კვ.მ. მეტლახი, დანარჩენი 11 კვ.მ. მეტლახის შეძენის დოკუმენტაცია ბაგა-ბაღს არ გააჩნდა;
2.3. 2015 წლის 10 აგვისტოს ა(ა)იპ N144-ე საბავშვო ბაგა-ბაღსა და ი/მ „ლ.ჩ–ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება რემონტისთვის საჭირო მასალის შესყიდვის შესახებ. შესყიდვის ღირებულებამ შეადგინა 10664 ლარი. 2015 წლის 12 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ 2015 წლის 10 აგვისტოს გაფორმებული N-1/65 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია. კერძოდ, ბაღს საკუთრებაში გადაეცა ხელშეკრულებაში მითითებული საქონელი. სულ შესყიდვის ღირებულებამ შეადგინა 10 664 ლარი. შესაბამისად, დასტურდება, რომ აღნიშნული სამუშაოები შესრულდა ზუსტად იმ მოცემულობით, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით.
3. სააპელაციო პალატის მითითებით, მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში - „სშკ“) 37.1. მუხლის „თ“ ქვეპუნქტი.
4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა რაიმე ისეთი ქმედების ჩადენა, რაც ობიექტურად გაამართლებდა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას და დაასაბუთებდა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების მიზანშეწონილობას. ასევე, არ დადასტურდა სშკ-ის 37.1. მუხლით გათვალისწინებული, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა რომელიმე საფუძვლის არსებობა. დამსაქმებლის პოზიციას მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე არ გააჩნია ლეგიტიმური საფუძველი და დასახული მიზნის არაპროპორციულია.
5. სააპელაციო პალატის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შესრულებულია ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულების ფარგლებში. სამუშაოების შემსრულებელმა ი/მ „ლ.ჩ–მა“ თავად შეიძინა ზედმეტი 11 კვ.მ. ოდენობის მასალა, რომლის ღირებულებაც თავად აანაზღაურა. შესაბამისად, აღნიშნული ქმედებით საბავშვო ბაღს ზიანი არ მისდგომია. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ პირობებში დაუშვებელია მოსარჩელეს დარღვევად შეერაცხოს მესამე პირის მიერ ჩადენილი ქმედება, რომელიც საბოლოოდ ბაღისთვის ზიანის მომტანი არ გამხდარა.
6. სააპელაციო პალატამ გაიზიარა ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მხარეებს შორის, საკმაოდ დიდი ხანია, აღარ არსებობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა და დირექტორის თანამდებობა არ არის ვაკანტური. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის დამაბრკოლებელი გარემოებები, ხოლო მართებული იყო მოსარჩელის დარღვეული უფლების რესტიტუცია კონკრეტული თანხის - 9600 ლარის ანაზღაურებით.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
12. საკასაციო საჩივრის თანახმად:
12.1. შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დავები სასამართლოში განხილულ უნდა იქნეს არაუგვიანეს 1 თვისა, თუმცა ამ ვადის დაცვა ვერ ხდება, რაც, ცხადია, მოსარჩელის ბრალით არ არის გამოწვეული და არც იმის საფუძველი უნდა გახდეს, რომ სასამართლომ ამ მიზეზით მისი სამუშაოზე აღდგენა შეუძლებლად მიიჩნიოს. ამასთან, იმ პირობებში, როცა მოსარჩელე 2007 წლიდან იკავებდა ბაღის დირექტორის პოზიციას, გაურკვეველია, რის საფუძველზე დაასკვნა სასამართლომ, რომ მხარეთა შორის დიდი დროის მანძილზე შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის არარსებობა მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენას დააბრკოლებდა;
12.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებიდან გამომდინარე საქმეზე №ას-602-602-2018, დასაქმებულის თანამდებობაზე აღდგენას არ უკავშირდება კონკრეტული თანამდებობის ვაკანტურობა/არავაკანტურობა, ასევე არც ის გარემოება, თუ რამდენი წელია გასული დასაქმებულის გათავისუფლებიდან;
12.3. გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია ასევე დაანგარიშებული კომპენსაციის ნაწილშიც. გაურკვეველია, რატომ მიიჩნია სააპელაციო პალატამ 9600 ლარი სამართლიან კომპენსაციად, მაშინ როდესაც მოსარჩელის ხელფასი 800 ლარს შეადგენდა, 2007 წლიდან იკავებდა დირექტორის პოზიციას და მასთან უვადო ხელშეკრულება იყო დადებული.
13. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე წარმოადგენდა ა(ა)იპ ქ. თბილისის N144 საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორს და სააგენტოს 2016 წლის 18 მაისის N2/122 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია მხოლოდ მოსარჩელის მიერ სამუშაოზე აღდგენაზე უარის თქმისა და კომპენსაციის განსაზღვრის ნაწილში.
14. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის სამართლებრივ საკითხებს აწესრიგებს სსკ-ის 35-ე მუხლი, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად (მოსარჩელის გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით), არაკომერციული იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები.
15. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მოწესრიგებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. აღნიშნული მუხლის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
16. სამართლებრივად ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული შეთანხმება დავალების ხელშეკრულებაა და იგი არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, პირობითად, შეიძლება მოვიხსენიოთ "სასამსახურო ხელშეკრულებად", რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და განსხვავდება შრომის სამართლისთვის დამახასიათებელი პრინციპებისგან. შესაბამისად, მისი ცალმხრივად შეწყვეტის მართლზომიერების შემოწმებისას „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებთან ერთად, გამოიყენება დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები (სსკ-ის 709-ე და მომდევნო მუხლები), აგრეთვე მასთან დადებული ხელშეკრულება (აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა იხ. მაგ., სუსგ საქმე №ას-379-363-2016, 30 ივნისი, 2016 წელი; №ას-1203-2018, 25 აპრილი, 2019 წელი; №ას-1559-2019, 02 მარტი, 2020 წელი; №ას-1097-2020, 31 მარტი, 2021 წელი; №ას-1096-2020, 08 აპრილი, 2021 წელი) (იხ. სუსგ საქმე №ას-540-540-2018, 17 ივნისი, 2021 წელი).
17. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ზუსტ განსაზღვრას იძლევა სშკ-ის 2.1 მუხლი და შეიძლება, დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-114-2021, 16 ივლისი, 2021 წელი).
18. სსკ-ის 720.1. მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამდენად, აღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
19. ამდენად, გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, ა(ა)იპ-ის დირექტორის სამსახურში აღდგენაზე უარისა და მოპასუხისთვის კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში ეწინააღმდეგება ამ სახის დავებთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის პრინციპი [სსსკ-ის 409-ე მუხლი: საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ], რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო, მიუხედავად გადაწყვეტილების კანონიერებისა, თუკი მას წაგებული მხარე არ ედავება, არ არის უფლებამოსილი, გააუარესოს მოგებული პირის სამართლებრივი მდგომარეობა. საუარესოდ შებრუნების აკრძალვის პრინციპი წარმოადგენს საჩივრის შეტანის უფლების უზრუნველყოფის გარანტიას, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მხარის სასარგებლოდაა გამოტანილი, მის საზიანოდ არ შეიცვლება.
21. იმის გათვალისწინებით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით მხოლოდ მოსარჩელემ გაასაჩივრა, ხოლო მოპასუხეს არ გამოუყენებია გასაჩივრების საპროცესო შესაძლებლობა და მოსარჩელის სასარგებლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილებული მოთხოვნა სადავოდ არ გაუხდია, საუარესოდ შებრუნების აკრძალვის პრინციპიდან გამომდინარე, კასატორის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიები დაუშვებელია.
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
23. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ი.ქ–იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ი.ქ–იას (პ.ნ. .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 08 იანვარს №8913762963 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 (სამასი) ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი