საქმე №ას-350-2021 31 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ა-კ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება დასაჩუქრებულის უმადურობის გამო და გამჩუქებლის ქონების უკან გამოთხოვა/მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 3 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.გ–ის (შემდგომში - „მოსარჩელე“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 19 ივნისის გადაწყვეტილება; მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა 2015 წლის 26 ივნისს მოსარჩელესა და ნ.ა-კ–ძეს (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება; მოსარჩელე ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელი .......(.......), ს/კ N........, მესაკუთრედ.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2015 წლის 26 ივნისს მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, 600 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: საგარეჯოს რაიონი, სოფელ ...... (.......), უძრავი ქონების ს/კ N ......, ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, შვილიშვილს - მოპასუხეს გადასცა. უძრავი ქონება საჯარო რეესტრში დასაჩუქრებულის საკუთრებად არის აღრიცხული (ს.ფ. 14-15, 16-17);
2.2. მოსარჩელე მეორე ჯგუფის ინვალიდი და პენსიონერია, იგი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული (ს.ფ. 22, 24).
3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სსკ-ის 529-ე მუხლის დისპოზიციით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა, რაც მხარეთა შორის 2015 წლის 26 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და ქონების უკან გამოთხოვის საფუძველს ქმნიდა.
4. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, გამჩუქებელი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სსკ-ის 529.1. და 530.1. მუხლებით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრების განხორციელებას მიიჩნევდა. სააპელაციო სასამართლომ, მის მიერ საკვლევ გარემოებას მიკუთვნებული ფაქტების დადგენის მიზნით, ყურადღება მიაქცია საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 03 თებერვლის ზეპირ სხდომაზე მოსარჩელის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებებს, რომელთა თანახმად, მოპასუხე არ ზრუნავს მასზე, თავს არიდებს მასთან შეხვედრას და ურთიერთობას, თითქმის სამი წლის განმავლობაში სატელეფონო კომუნიკაციაც კი არ განხორციელებულა, სტუმრად მისულს ფიზიკურად გაუსწორდა, დააგორა კიბიდან და გამოაგდო სახლიდან. მოსარჩელეს შერყეული აქვს ჯანმრთელობა და საჭიროებს შესაბამის მკურნალობასა და მზრუნველობას. მას ერთადერთ ნათესავთან (დასაჩუქრებულთან) კომუნიკაცია აღარ აქვს და სხვა ყურადღების მიმქცევი არავინ ჰყავს. იგი შიშობს, რომ მისი გარდაცვალების შემთხვევაში, დასაჩუქრებული აღნიშნულის შესახებაც კი ვერ იქნება ინფორმირებული და მისი ღირსეულად დაკრძალვა ვერ მოხდება. გარდა ამისა, მოსარჩელის განმარტებით, მიწის ნაკვეთის გაჩუქების გამო მოსარჩელე ჩავარდა მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, ვინაიდან მოპასუხე აპირებს მის გასხვისებას და, თუ ეს მოხდა, იგი შეიძლება საკვები პროდუქტის გარეშეც კი დარჩეს, რადგან მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს სახელმწიფოს მიერ დანიშნული პენსია წარმოადგენს.
5. სააპელაციო პალატამ მიუთითა სააპელაციო სასამართლოში 2021 წლის 03 თებერვალს გამართულ ზეპირ სხდომაზე მოსარჩელის მიერ მიცემულ განმარტებაზე, რომლის თანახმად, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ მისი ერთადერთი ნათესავი - შვილიშვილი მის მიმართ დასაჩუქრების შემდგომ მეტ ყურადღებას, მზრუნველობას და მადლიერებას გამოიჩენდა, ვიდრე ადრე, ჩუქების ხელშეკრულების დადებამდე, თუმცა, რეალურად საპირისპირო განხორციელდა, იგი სატელეფონო ზარებსაც კი არ პასუხობს, არ მიდის მოსანახულებლად და ყურადღებას არ აქცევს ხანდაზმულ ბებიას. სააპელაციო პალატის აზრით, დასაჩუქრებულისათვის ყურადღების მიქცევა თითქმის ყოველთვის შედის ჩუქების აქტის მორალურ-სამართლებრივ შინაარსში, მით უფრო, როდესაც გამჩუქებელი ხანდაზმული ბებიაა, ხოლო დასაჩუქრებული -შვილიშვილი. ხანდაზმული ადამიანის მიერ თავის ახლო ნათესავზე ქონების ჩუქებისას, როგორც წესი, პრეზუმირებულია, რომ გამჩუქებლის ნებელობის სფეროდან ქონება იმ მოტივით გადის, რომ იგი უფრო დაფასებული, ყურადღებამიქცეული, მოვლილი, ნაპატრონები და, შესაბამისად, მეტად მშვიდად იყოს. საწინააღმდეგოს დაშვების პირობებში, ჩუქების აქტი ქველმოქმედების აქტთან გაიგივდებოდა, რაც სსკ-ის 524-ე-530-ე მუხლების დისპოზიციათა საკანონმდებლო მოწესრიგებიდან ყოველთვის არ გამომდინარეობს.
6. სააპელაციო პალატის განმარტებით, სასამართლო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ხშირად მხარეთა შორის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება არ ფორმდება, თუმცა, მისი მოტივები ჩუქების ხელშეკრულების შინაარსშია ინტეგრირებული. პალატის აზრით, სწორედ ამგვარი შემთხვევაა სახეზე განსახილველ საქმეში, ვინაიდან მოსარჩელე არის ხანდაზმული (პენსიონერი) ქალბატონი, რომელსაც სხვადასხვა დროს ოჯახის წევრები გარდაეცვალა და მის ერთადერთ ნათესავს შვილიშვილი - მოპასუხე წარმოადგენს. მას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, რის გამოც ინვალიდობის სტატუსი აქვს მინიჭებული, თუმცა, მიუხედავად ამისა, იგი მარტო ცხოვრობს. სააპელაციო პალატამ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესწავლით ცალსახად დაადგინა, რომ დასაჩუქრებულის უმადურობა მოსარჩელის მოლოდინების აბსოლუტურ უგულებელყოფაში გამოიხატა, ვინაიდან ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ მეტი ყურადღების, დაფასების, მოვლა-პატრონობის ნაცვლად, მისი ერთადერთი შვილიშვილისგან უყურადღებობა და უხეში მოპყრობა მიიღო. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ დასაჩუქრებულმა ჩუქების ხელშეკრულებით ნაგულისხმევი მორალურ-სამართლებრივი ვალდებულება არ განახორციელა, რაც, თავის მხრივ, მძიმე უმადურობის ფაქტს უთანაბრდება.
7. სააპელაციო პალატამ უპასუხა მოპასუხის აპელირებას, რომ მოსარჩელეს საკუთრებაში ერთი სახლი (სადაც ის ცხოვრობს) და მიწის ნაკვეთი გააჩნია, რის გამოც იგი მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში არ არის. სასამართლოს განმარტებით, უძრავი ქონების საკუთრებაში ქონა, a priori, მატერიალურ უზრუნველყოფას და არსებული საჭიროებების დაკმაყოფილებას არ ნიშნავს. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე სოციალურად დაუცველი პირების ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული, ასევე საქმის მასალებში მის მიერ წარმოდგენილია მარჩენალდაკარგულის, ინვალიდობისა და უფასო სასადილოს ცნობები (ს. ფ. 24, 163). გარდა ამისა, მძიმე მატერიალური მდგომარეობა მხოლოდ გამჩუქებლის ელემენტარული მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შეუძლებლობად არ უნდა იქნეს შეფასებული, პირიქით, უნდა ივარაუდებოდეს, რომ იმაზე ცუდი მატერიალური მდგომარეობის შექმნა (განზრახვის, უხეში გაუფრთხილებლობის გარეშე), რომელიც პირს ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების გარეშე ექნებოდა, მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ყოფნას ნიშნავს, როგორც მატერიალური, ასევე, მორალური თვალსაზრისითაც. პალატის აზრით, ყოველ პირს უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა, ხანდაზმულ ასაკში მის მიერ შეგროვებული მატერიალური დოვლათისგან სარგებელი მიიღოს, აღნიშნული შეიძლება იყოს ქონების განკარგვა და დასაჩუქრებულის მიერ მადლიერების გამოხატვით მიღებული სარგებელი, ან/და მისი რეალიზაცია/განკარგვა და მიღებული მატერიალური სარგებელი. თუმცა, როდესაც პირველი პირობა, დასაჩუქრებულის უმადურობის გამო ვერ რეალიზდება, გამჩუქებელს ყოველთვის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უკან დაიბრუნოს ქონება და ჩუქების ხელშეკრულებით დასახული მოლოდინი/მიზანი მისი სხვაგვარი განკარგვის შედეგად დაიკმაყოფილოს.
8. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ხშირ შემთხვევაში ხანდაზმული ასაკის ადამიანები სამისდღეშიო ხელშეკრულების ნაცვლად ჩუქების ხელშეკრულებას აფორმებენ სწორედ იმ მიზნით, რომ, მათი აზრით, მორალური თვალსაზრისით ჩუქების გზითაც მიიღწევა ის შედეგი, რაც სამართლებრივად სამისდღეშიო ხელშეკრულების გაფორმების შედეგად დგება. ამიტომ, ხშირ შემთხვევაში ისახავენ რა მიზნად ახლო ნათესავისათვის ქონების ჩუქებას, რათა თავიანთთვის „ტკბილი და უზრუნველი“ სიბერე შეიქმნან, სამისდღეშიო ხელშეკრულების ნაცვლად ჩუქების ხელშეკრულებას დებენ, რადგან აქვთ მოლოდინი იმისა, რომ დასაჩუქრებულის მხრიდან იგივე ვალდებულება მორალურადაც განხორციელდება, რა ვალდებულებასაც სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება მათ სამართლებრივად დააკისრებდა.
9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს ეკისრება ვალდებულება სასამართლოს წინაშე სარწმუნოდ ამტკიცოს დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ან/და დიდი უმადურობის გამოვლენა ან/და მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აღმოჩენა. რაც შეეხება მოპასუხეს, მისი მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენს ფაქტობრივი გარემოების მტკიცება, რომ იგი მჩუქებელს დამსახურებული პატივისცემით ეპყრობოდა და მასზე, როგორც შვილიშვილზე და, ამასთანავე, დასაჩუქრებულზე, ბუნებრივად ნაკისრ ვალდებულებებს ჯეროვნად ასრულებდა. სასამართლოს მითითებით, აღნიშნული გარემოების სამტკიცებლად მოპასუხემ ვერ შეძლო ვერცერთი მტკიცებულების წარდგენა, ხოლო მოსარჩელის ახსნა-განმარტებებისა და საქმის მასალებზე დართული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასებით, პალატას შეექმნა მტკიცებულებით გამყარებული შინაგანი რწმენა, რომ მოპასუხე ჩუქების ხელშეკრულებით ნაგულვებ მორალურ/ზნეობრივ სამართლებრივ ვალდებულებებს არ ასრულებდა, რაც მის მიერ მძიმე უმადურობის გამოვლენას უთანაბრდებოდა.
10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის (სახელის შეცვლის შემდეგ - ნ.ა-კ–ძის) საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
15. საკასაციო საჩივრის თანახმად:
15.1. სააპელაციო სასამართლომ მხარეთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულება ფაქტობრივად დააკვალიფიცირა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებად და გადაწყვეტილებას დაუდო ის ფაქტობრივი საფუძველი, რაზეც მოსარჩელე არც სარჩელში და არც სააპელაციო საჩივარში აპელირებდა და, ბუნებრივია, მოპასუხეს ამ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით შესაგებელი ან/და წერილობითი პოზიცია წარდგენილი არ ჰქონია. რადგან სასამართლომ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების ახალი საფუძველი გამოძებნა, ასეთ შემთხვევაში მას უნდა გაეთვალისწინებინა მეორე მხარის ინტერესებიც და მიეცა კასატორისთვის საპროცესო თავდაცვის შესაძლებლობა;
15.2. სააპელაციო სასამართლოს, გარდა იმისა, რომ უმადურობად ჩათვალა ის ფაქტი, რომლის თაობაზეც მხოლოდ მთავარ სხდომაზე დაიწყო ტენდენციური საუბარი მოსარჩელემ (მოპასუხის მიერ გამოჩენილი უყურადღებობა და მზრუნველობა), არც იმის გარკვევა (დადგენა) უცდია, 2015 წლის 26 ივნისის შემდეგ, როცა დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, როდიდან ჰქონდა ადგილი უმადურობის გამოვლენას. სასამართლომ ცალმხრივად გაიზიარა მოსარჩელის მიერ მოყვანილი არგუმენტები და, ამავე დროს, უმნიშვნელოდ მიიჩნია მოპასუხის არგუმენტები ამ უკანასკნელის მცირეწლოვან შვილებთან, უმუშევრობასთან და ხერხემლის ავადმყოფობასთან დაკავშირებით;
15.3. სააპელაციო სასამართლოს მსჯელობიდან გამომდინარეობს, რომ, თუკი ხანდაზმული ადამიანი დებს ჩუქების ხელშეკრულებას, იგი ფაქტობრივად ყოველთვის სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას დებს „ტკბილი სიბერის“ უზრუნველსაყოფად, რაც სხვა არაფერია, თუ არა საკუთარი შეხედულების კანონზე მაღლა დაყენება;
15.4. ამდენად, აშკარაა, რომ, ისეთ ვითარებაში, როდესაც სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოყვანილ არგუმენტს, რომელიც არც კი მიუღია მხედველობაში პირველი ინსტანციის სასამართლოს, ხელმეორედ აყალიბებინებს მოსარჩელეს ე.წ. მისახვედრი კითხვებით, სადაც ამ უკანასკნელს დადასტურების გარდა, სხვა გზა არ რჩება და საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას, კანონიერებაზე საუბარი ზედმეტია;
15.5. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ისე დაადგინა უმადურობის ფაქტი, რომ არ განსაზღვრა მისი გამოვლინების დრო, ამასთან, ისეთი ფაქტობრივი გარემოება მიიჩნია დიდ უმადურობად, ისიც ცალმხრივად, მხოლოდ მისი დახმარებით მოსარჩელის მიერ სააპელაციო სასამართლოში დადასტურებულ ახსნა-განმარტებაზე დაყრდნობით, რომლის თაობაზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა არ ჰქონია და მასზე არც სააპელაციო საჩივარში ყოფილა მითითებული.
16. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და სადავო ქონების მესაკუთრედ ცნობის თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 529-ე [ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. თუ ჩუქება გაუქმდება, მაშინ გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ იქნეს მჩუქებლის მიერ. ჩუქება შეიძლება გაუქმდეს ერთი წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მჩუქებელი შეიტყობს იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას ჩუქების გაუქმების უფლებას აძლევს] და 530.1. [თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში] მუხლები, 976.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი [პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში] და 979.1. მუხლი [უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით].
17. ნაჩუქრობა წარმოადგენს სამართლისა და ზნეობის ურთიერთკავშირის იდეალურ გამოვლინებას. აქ ის შემთხვევა გვაქვს, როდესაც ეთიკურ-ზნეობრივი იმპერატივებითაა დატვირთული მთელი ურთიერთობა, მისი წარმოშობიდან გაუქმების მომენტის ჩათვლით. ამიტომაცაა, რომ მჩუქებლის მიერ ქონებრივი სიკეთის უსასყიდლოდ გაცემა პირდაპირ ენასკვება დასაჩუქრებულის მხრიდან მართალია არა სამაგიერო, მაგრამ ზნეობრივად ქცევის ვალდებულებას. ზნეობრივად სავალდებულო მოქმედების შესრულება კი არ შეიძლება განვიხილოთ თავისუფლების შეზღუდვად. სწორედ ასეთი ვალდებულება უნდა დაუპირისპირდეს მჩუქებლის მიერ გაღებულ ქონებრივ სიკეთეს. ნაჩუქრობა, როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობა, ავალდებულებს დასაჩუქრებულს. ეს ვალდებულება 529-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში კონკრეტული პირობის სახით კი არაა მოცემული, არამედ ზნეობრივსამართლებრივი ვალდებულების სახით არსებობს და, გარდა საზოგადო ხასიათისა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნაჩუქრობის სუბსტანციის იმანენტურ ნიშანთვისებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება სადავო მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის გამოჩენისაგან თავის შეკავებაში მდგომარეობს და ვადით შეზღუდული არაა (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 1 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი მელაძე და აკაკი საღაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
18. სამოქალაქო კოდექსი არ განმარტავს, თუ რას მოიაზრებს უმადურობის ცნება. დიდი უმადურობა და მძიმე შეურაცხყოფა შეფასებითი კატეგორიაა. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შეფასებისას გასათვალისწინებელია როგორც მჩუქებლის მიერ გარემოებების აღქმა, ე.წ. სუბიექტური თვალსაწიერი, ასევე, მოსამართლის მიერ იმის შეფასება, თუ როგორ აღიქვამდა ამ გარემოებებს იმავე პირობებში მყოფი სხვა ადამიანი.
19. საკასაციო პალატის განმარტებით, მოსარჩელის განსასაზღვრია, რომელ ქმედებას მიიჩნევს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება დაედოს საფუძვლად, სასამართლოს შეფასების საგანია და არა თავად მოსარჩელის. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტი ამ ქმედების შეფასებაა, იმ თვალსაზრისით, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა (იხ. სუსგ საქმე №ას-1235-1176-2014, 24 თებერვალი, 2015 წელი).
20. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას დასაჩუქრებულის უმადურობის გამო, აგრეთვე, იმ საფუძვლით, რომ ჩუქების შემდეგ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის რჩენა. სარჩელის თანახმად, იგი არის მარტოხელა, მარჩენალდაკარგული, II ჯგუფის ინვალიდი (უვადო), დიაბეტით დაავადებული, სოციალურად დაუცველი, ესაჭიროება დახმარება, ხშირად მეზობლები და ნათესავები აქცევენ ყურადღებას. მისმა შვილიშვილმა - მოპასუხემ მისდამი ზრუნვა და პატივისცემა უგულებელყო.
21. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელე სოციალურად დაუცველი პირების ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული, ასევე საქმის მასალებში მის მიერ წარმოდგენილია მარჩენალდაკარგულის, ინვალიდობისა და უფასო სასადილოს ცნობები (ს. ფ. 24, 163).
22. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე არის მოსარჩელის შვილიშვილი. მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მოსარჩელეს სხვადასხვა დროს ოჯახის წევრები გარდაეცვალა და მის ერთადერთ ნათესავს შვილიშვილი - მოპასუხე წარმოადგენს (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი).
23. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ მოსარჩელე უკიდურესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება, არის მიტოვებული და არ შეუძლია საკუთარი თავის რჩენა, მოპასუხეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებებზე და/ან მტკიცებულებებზე, რომლებიც დაადასტურებდა სააპელაციო პალატის დასკვნის უსაფუძვლობას, რომ სახეზეა მოპასუხის მიერ დიდი უმადურობის გამოვლენის ფაქტი, რაც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია.
24. აქვე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, ვინაიდან მოსარჩელე დიდ უმადურობას არა მხოლოდ ერთ გარემოებას, არამედ მოპასუხის განგრძობად ქმედებებს უკავშირებდა, რომლებიც სარჩელის შეტანამდე გრძელდებოდა, სსკ-ის 529.3. მუხლით გათვალისწინებული ვადა დაცულია.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 350 ლარის 70% – 245 ლარი.
27. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 407.1. მუხლზე [საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები] და განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება. ამავე კოდექსის 104.1. მუხლის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.ა-კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ნ.ა-კ–ძეს (პ/ნ: ........) დაუბრუნდეს მ.ღ–ის მიერ 2021 წლის 31 მაისს №10970732649 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 350 ლარის 70% – 245 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. ნ.გ–ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ამონაწერი №01 სარეგისტრაციო წიგნიდან, ოჯახის დეკლარაცია), მთლიანობაში „8“ ფურცლად (ტ. 1, ს.ფ. 309-316);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი