საქმე №ას-183-2021 29 ნოემბერი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 03 დეკემბრის განჩინებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შემსყიდველი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი (სარჩელით მოთხოვნილი იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 8 347 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც მოპასუხემ ცნო 3 000 ლარი) შპს „ლ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მიმწოდებელი“) მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასატეხლოს სახით 3 500 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2017 წლის 06 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. თბილისში, მდ. მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ორმოული და პერიოდული შეკეთების სამუშაოები. ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 490 999,83 ლარით.
2.2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს სამუშაოები უნდა განეხორციელებინა ეტაპობრივად, წერილობითი დავალების შესაბამისად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით.
2.3. ხელშეკრულების 3.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს წერილობით გადაეცემოდა სამშენებლო ობიექტის კონკრეტული მისამართი, შესაბამისი შესასრულებელი დასახელება ან/და დეფექტური აქტი და სამუშაოებისათვის განსაზღვრული ვადები.
2.4. ხელშეკრულების 9.4 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა ჯარიმის გადახდა (გარდა შესრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის გონივრული ვადის დარღვევისას) ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით.
2.5. ხელშეკრულების 9.5 პუნქტის მიხედვით, წერილობითი დავალებით განსაზღვრული კონკრეტული სამუშაოს დასრულების ვადის და წერილობით განსაზღვრული ხარვეზის აღმოფხვრის გონივრული ვადის დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%-ის ოდენობით (იხ. ს.ფ. 19-24).
2.6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 31.01.2017წ. წერილით მიმწოდებელს დაევალა მხარეთა შორის 06.01.2017წ. დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში ჩასატარებელი სამუშაოების მნიშვნელობიდან გამომდინარე, ორმოული და პერიოდული შეკეთების სამუშაოების წარმოება რამდენიმე ობიექტზე, მათ შორის: ვეფხი და მოყმის მოედნის და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი პანდუსი; ........ ქუჩა და ........ ქუჩა, უზრუნველეყო უწყვეტ რეჟიმში, ყოველდღიურად - 2017 წლის 03 თებერვლიდან 2017 წლის 28 თებერვლის ჩათვლით (იხ. ს.ფ. 24).
2.7. მოპასუხემ დაარღვია 06.01.2017წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის 31.01.2017წ. წერილით განსაზღვრული ვადის დარღვევითა და წუნდებით განახორციელა სამუშაოები შემდეგ ობიექტებზე: ვეფხი და მოყმის მოედნის და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი პანდუსის სამუშაოები შესრულდა წუნდებით, 2017 წლის 05 მარტს, 05 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით. კერძოდ, აღნიშნულ ობიექტზე მოწყობილ წვრილმარცვლოვან ა/ბეტონის საფარზე შეინიშნება ზედაპირული ფორიანობა, სატკეპნის ნაკვალევები, უსწორმასწორობა; ბარათაშვილის ქუჩის ორმოული და ფრაგმენტული შეკეთების სამუშაოები შესრულდა 2017 წლის 19 მარტს, 19 კალენდარული დღის დაგვიანებით; ..... ქუჩაზე სამუშაოები შესრულდა 2017 წლის 10 მარტს, 10 კალენდარული დღის დაგვიანებით (იხ. ს.ფ. 25-27).
2.8. მოპასუხეს მხარეთა შორის 06.01.2017წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადის დარღვევისა და სამუშაოების არაჯეროვანი შესრულებისათვის დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შემდეგი ოდენობით:
- ვეფხი და მოყმის მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი პანდუსის სამუშაოების წუნდებით განხორციელებისათვის ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის - 245,5 ლარის ოდენობით, ასევე, სამუშაოების შესრულების ვადის 05 კალენდარული დღით ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის, ჯამში 1 227,5 ლარის ოდენობით;
- ბარათაშვილის ქუჩის ორმოული და ფრაგმენტული შეკეთების სამუშაოების შესრულების ვადის 19 კალენდარული დღით ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის, ჯამში 4 664,50 ლარის ოდენობით;
- ...... ქუჩაზე სამუშაოები შესრულების ვადის 10 კალენდარული დღით ვადაგადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,05%-ის, ჯამში 2 455 ლარის ოდენობით (იხ. ს.ფ. 29).
2.9. მოპასუხეს 05.04.2017წ. და 11.04.2017წ. გაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნით, თუმცა პირგასამტეხლო არ დაფარულა.
3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით, მხედველობაში მიიღო შესრულების ღირებულება, რეალურად დამდგარი ზიანის არარსებობა, ვალდებულების შეუსრულებლობის ფარგლები, კერძოდ, თითოეულ შემთხვევაში ვალდებულების შეუსრულებლობის ძალიან მცირე ვადა (5, 10, 19 დღე) და მოცულობა, ის ფაქტი, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი სოლიდური ვალდებულება სრულად აქვს შესრულებული, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია და მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება შემსრულებლის (მენარდის) მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს.
4. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატის განმარტებით, მართალია, სასამართლო მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპის შეფასებაში ვერ შევა, თუმცა ხელშეკრულების პირობების შეფასება სამართლის საკითხს მიემართება, ხელშეკრულების საერთო ღირებულება სოლიდური იყო და 490 999,83 ლარს შეადგენდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ღირებულების მთლიანი და არა შესასრულებელი ვალდებულების ღირებულებიდან გამოითვლიდნენ. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამგვარი სახელშეკრულებო ჩანაწერი, მით უფრო ისეთი ტიპის ხელშეკრულებებში, სადაც სახელმწიფო დაწესებულებებს დომინანტური როლი აქვთ, ხელშეკრულების ფასის სიდიდის კონტექსტში, შესაძლებელია გაუმართლებლად ლახავდეს მეწარმე სუბიექტის ინტერესებს, ვინაიდან, შესაძლოა, მისთვის გაუმართლებლად მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრებას და, საბოლოო ჯამში, მეწარმე სუბიექტისთვის ფინანსური პრობლემების შექმნას იწვევდეს. პირგასამტეხლო ხელშეკრულების შესრულების წახალისებას და არა მოვალის დასჯას ან/და გაკოტრებას უნდა იწვევდეს. ამიტომ, მართალია, სასამართლო უფლებამოსილი არ იყო მხარეთა მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს გამოთვლის წესი შეეცვალა, თუმცა იგი უფლებამოსილი იყო სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ფარგლებში დაკისრებული პირგასამტეხლოს დარღვევასთან შესაბამისობა შეეფასებინა, რაც მოცემულ შემთხვევაში მართებულად განხორციელდა.
5. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
6. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
6.1. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე არ არის საკმარისად დასაბუთებული. ხელშეკრულების მხარეთა თავისუფლება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში გარანტირებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ, სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეები უფლებამოსილნი არიან თავისუფლად განსაზღვრონ ხელშეკრულების პირობები. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდევინებაზე. საგულისხმოა, რომ სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით სრულად უგულებელყო მოპასუხისათვის მზარდი პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა, რაც წინააღმდეგობაში მოდის სსკ-ის 420-ე მუხლით სასამართლოსთვის მინიჭებულ უფლებამოსილებასთან. სასამართლოს შეუძლია, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, თუმცა მისი საერთოდ გაუქმების უფლება არ აქვს;
6.2. საქალაქო სასამართლოს სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი და არ უნდა გამოეყენებინა სსკ-ის 420–ე მუხლი. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს არა ნებისმიერი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, არამედ იმ ოდენობის, რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია. სასამართლომ აღნიშნული ნორმის გამოყენებისას უნდა განმარტოს და დაასაბუთოს, თუ რატომ მიიჩნევს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობა ეწინააღმდეგება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს არ აქვს უფლება გაუმართლებლად ჩაერიოს ხელშეკრულების თავისუფლებაში და შეცვალოს ხელშეკრულების ის პირობები, რომელიც შეთანხმებულია მხარეთა ნების საფუძველზე;
6.3. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა ხელშეკრულების პირობებს, შესაბამისად, მხარეს სრულად უნდა ჰქონოდა გათვითცნობიერებული მოსალოდნელი შედეგი ვალდებულების დარღვევისას;
6.4. მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი წინაპირობა. საქმეში წარდგენილია მხარეთა შორის ორმხრივი ნების საფუძველზე გაფორმებული ხელშეკრულება, შესაბამისი სამსახურის წერილები პირგასამტეხლო/ჯარიმასთან დაკავშირებით, შესაბამისი დასაბუთებითა და მტკიცებულებებით; ამასთან, საყურადღებოა, რომ თავად მიმწოდებელიც ადასტურებს ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტს; საგულისხმოა ასევე, რომ 3 000 ლარის ნაწილში მოპასუხემ სარჩელი ცნო, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ხელშეკრულების პირობების დარღვევის დადასტურებას.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
14. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ასეთ დროს სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ასევე, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიც არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. მაგ., სუსგ საქმე Nას-1560-1463-2012, 28 დეკემბერი, 2012 წელი; Nას-1200-1145-2013, 16 მაისი, 2014 წელი; Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; Nას-1511-2018, 26 მარტი, 2019 წელი).
15. საკასაციო სასამართლო აგრეთვე განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იყოს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან. საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან რამდენიმე დღის ვადაგადაცილებისათვის ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს (იხ. სუსგ საქმე Nას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა (იხ. სუსგ საქმე Nას-186-2021, 25 მარტი, 2021 წელი).
17. მოცემულ შემთხვევაში დარღვეული ვალდებულების ხასიათის, ხელშეკრულების საერთო ღირებულების (490 999,83 ლარი), ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობის (5, 10 და 19 კალენდარული დღე), დარღვევით გამოწვეული შესაძლო ზიანისა და მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,05%, ჯამში 8 347 ლარი), ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო ნაწილობრივ, 3 000 ლარის ოდენობით ცნო, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობა (3 500 ლარი) გონივრულ და სამართლიან ოდენობას წარმოადგენს.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
20. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
21. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
22. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი