Facebook Twitter

საქმე №ას-82-2021 7 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჰ–ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ამბროლაურის მუნიციპალიტეტი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. Kl ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 03 ნოემბრის განჩინებით შპს „ჰ–ოს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მიმწოდებელი“, „აპელანტი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში ასევე - „მოსარჩელე“ ან „შემსყიდველი“) სარჩელი მოპასუხის მიმართ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასატეხლო 3 927,70 ლარის ოდენობით.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიასა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 30 ნოემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N171 ხელშეკრულება, რომლის თანახმად:

- შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ 2019 წელს განხორციელებული წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების (სისტემის) მოწყობისა და რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება 2018-2019 წლების განმავლობაში (1.1 მუხლი);

- მიმწოდებელი ვალდებული იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება განეხორციელებინა 2019 წლის 30 სექტემბრამდე (3.1 მუხლი);

- პროექტირებას დაქვემდებარებულ თითოეულ ობიექტზე მომსახურების გაწევის ვადები, მათ შორის, აუცილებლობის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ცალკეული ეტაპები და ეტაპების შესრულების ვადები განისაზღვრებოდა დეტალური ტექნიკური დავალებით, რომელსაც მიმწოდებელს გადასცემდა შემსყიდველი ორგანიზაცია. ამასთან, კონკრეტული გასაწევი მომსახურების მიახლოებითი ვადები (თვეებში გაწერილი ვადები) მოცემული იყო დანართ N6-ში (3.2 მუხლი);

- ხელშეკრულების პირველი მუხლით გათვალისწინებული მომსახურება მიმწოდებელს უნდა განეხორციელებინა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჯეროვნად, მსგავსი მომსახურებისათვის უკვე დადგენილი სტანდარტების, ხელშეკრულებითა და მასზე თანდართული ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად (5.1 მუხლი);

- მიმწოდებელი ვალდებული იყო მომსახურების გაწევის პროცესში ეხელმძღვანელა ხელშეკრულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტით და დეტალური ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, მომსახურება გაეწია ხელშეკრულების მე-3 მუხლსა და დეტალურ ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულ ვადაში და პირობებით (7.1.ა და 7.1.ბ მუხლები);

- შემსყიდველი ვალდებული იყო მიმწოდებლისათვის გადაეცა დეტალური ტექნიკური დავალება, რომელიც მოიცავდა მომსახურების გაწევის ვადებს, პროექტირებას დაქვემდებარებული ობიექტის დასახელებას, მის ადგილმდებარეობას, საპროექტო მომსახურების ძირითად სახეობებს, პროექტით განსახორციელებელი სამუშაოების ჩამონათვალს და მათ საორიენტაციო ღირებულებას (7.2.ა მუხლი);

- მიმწოდებლის მიერ პროექტირებას დაქვემდებარებულ კონკრეტულ ობიექტზე მიღებული დეტალური ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადების დარღვევის შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ამ დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების 0,02%-ის ოდენობით (10.1 მუხლი);

- ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მეორე მხარეს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც მეორე მხარისათვის წერილობითი ფორმით უნდა ეცნობებინა (11.1 მუხლი);

- შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო, ვადამდეც ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება თუ: მიმწოდებელი დაარღვევდა (არ ასრულებდა ან არაჯეროვნად ასრულებდა) ხელშეკრულებითა და დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ ვალდებულებას; პროექტირებას დაქვემდებარებულ კონკრეტულ ობიექტზე მიღებული დეტალური ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ვადა მიმწოდებლის მიერ დაირღვეოდა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენდა 15 კალენდარულ დღეს (11.5.ა და 11.5.ე მუხლები); ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული საფუძვლებით ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით (11.6 მუხლი) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19-27).

2.2. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოპასუხისათვის 2019 წლის 01 თებერვალს გაგზავნილ N822 წერილში მითითებულია შემდეგი: „გიგზავნით ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ 2019 წელს განსახორციელებელი წყალმომარაგების ქსელების (სისტემების) მოწყობისა და რეაბილიტაციის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენის ტექნიკურ დავალებებს და გთხოვთ, მათ შორის, 2018 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N171 ხელშეკრულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, დათქმულ ვადაში უზრუნველყოთ „სოფელ ......ის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების“, „სოფელ ..... დ–ის უბანში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაციის“, „სოფელ ...... წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის“, „სოფელ ........ წყალსადენის რეაბილიტაციისა“ და „სოფელ ჟ–ი წყალსადენის მთავარი მაგისტრალის შეცვლის“ სამუშაოების საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენა“ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 28). აღნიშნული დოკუმენტაცია, ხელშეკრულებაზე თანდართული გასაწევი მომსახურების გეგმა-გრაფიკის მიხედვით, წარდგენილი უნდა ყოფილიყო 2019 წლის 12 მარტისათვის.

2.3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოპასუხისათვის 2019 წლის 04 მარტს გაგზავნილ N1416 წერილში მითითებულია შემდეგი: „ჩვენ შორის 2018 წლის 30 ნოემბერს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N171 ხელშეკრულების 3.1 პუნქტის მოთხოვნიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის სოფლებში დასაპროექტებელი წყალმომარაგების სისტემების დეტალური ტექნიკური დავალებები ჩაგბარდათ ჩვენი 2019 წლის 01 თებერვლის N822 წერილის საფუძველზე. შესაბამისად, იმავე პუნქტისა და ხელშეკრულებაზე თანდართული გასაწევი მომსახურების გეგმა-გრაფიკის მიხედვით, მიმდინარე წლის 12 მარტისათვის უნდა წარმოადგინოთ „სოფელ ......ის დ–ის უბანში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაციისა“ და „სოფელ ..... წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების“ ექსპერტიზა, გავლილი მზა პროექტები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს მიმართ გატარდება ხელშეკრულების 10.1 პუნქტის მიხედვით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები” (იხ. ტ. 1, ს.ფ. 29). მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხემ ვერ წარადგინა მუნიციპალიტეტის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად მოთხოვნილი დოკუმენტაცია.

2.4. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 13 მარტის N1635 წერილით მიმართა მოპასუხეს და აცნობა, რომ თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების წარდგენის ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა შეადგენდა 15 კალენდარულ დღეს, მუნიციპალიტეტის მერია ხელშეკრულების 11.5.ა მუხლის შესაბამისად, ცალმხრივად შეწყვეტდა ხელშეკრულებას. მოპასუხეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 28 მარტის N652 ბრძანებით ცალმხრივად შეწყვიტა მხარეთა შორის 2018 წლის 30 ნოემბერს დადებული N171 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

2.5. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 01 აპრილის N2222 წერილით მოპასუხეს აცნობა, რომ ხელშეკრულების 3.1 და 10.1 მუხლების მიხედვით, მომსახურების ვადების დარღვევისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დეტალური ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების 0,02%-ის ოდენობით, 1 050 ლარი, ხოლო ხელშეკრულების 11.6 მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის გამო სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ოდენობით, 2 877,70 ლარი, ჯამში 3 927,70 ლარი.

2.6. მოპასუხის დირექტორის 12.03.2019წ. წერილში, რომელსაც ეს უკანასკნელი სწერს აბროლაურის მუნიციპალიტეტის მერს, მითითებულია, რომ მათ შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში ასრულებდნენ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლის წყალმომარაგების პროექტს. მოპასუხემ დაასრულა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის სოფელ ........ წყალმომარაგების პროექტი და უგზავნიდა ელექტრონულ ვერსიას როგორც განმარტებით, გრაფიკულ, ასევე, სახარჯთაღრიცხვო საპროექტო დოკუმენტაციას (იხ. ტ. 1, ს.ფ. 66). თუმცა, საქმეში არ არის წარდგენილი აღნიშნული წერილის ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერისათვის ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულება, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოპასუხემ შეასრულა მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. ამასთან, წერილი ჩაბარებულადაც რომ ჩაითვალოს, არც ის გარემოება ირკვევა - ზოგადად რა პროექტი შეიმუშავა მოპასუხემ და შეესაბამებოდა თუ არა იგი მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს.

2.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 28.07.2020წ. სხდომაზე მოსარჩელის განმარტებით დადგენილია და აღნიშნული მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო დაანგარიშებულია მხოლოდ „სოფელ ბუგეულის დვლების უბანში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაციისა“ და „სოფელ ......ის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების“ პროექტის წარუდგენლობისათვის. ამასთან, მოპასუხეს პირგასამტეხლოს ოდენობა სადავოდ არ გაუხდია.

3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებით და საქმეში წარდგენილი მოსარჩელის წერილების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ნარდობის ხელშეკრულებით დადგენილი წესით გაუგზავნა მოპასუხეს 2019 წელს განსახორციელებელი წყალმომარაგების ქსელების (სისტემების) მოწყობისა და რეაბილიტაციის საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენის ტექნიკური დავალებები, რაც მოპასუხეს 2019 წლის 12 მარტამდე უნდა წარედგინა. სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის მიერ წარდგენილი საქართველოს ფოსტის ამონაწერებით დადგენილია აღნიშნული წერილების მოპასუხისათვის ჩაბარების ფაქტი.

4. სააპელაციო პალატის მითითებით, საქმეში არ არის წარდგენილი იმის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, რომ მოპასუხემ დათქმულ ვადაში უზრუნველყო აღნიშნული დოკუმენტაციის შემუშავება და ამბროლაურის მუნიციპალიტეტისათვის წარდგენა. საქმეში არსებული მერიისთვის მიწერილი წერილი, მისი ჩაბარების დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენის გარეშე, სააპელაციო პალატამ არ მიიჩნია სადავო გარემოების დამადასტურებელ სათანადო და ვარგის მტკიცებულებად, შესაბამისად, არ გაიზიარა მოპასუხის შედავება პროექტის შემუშავებისა და მერიისთვის წარდგენის თაობაზე.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო მოპასუხისათვის ხელშეკრულების 10.1 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 1 050 ლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 11.5, 11.6 მუხლებით და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, რის გამოც არსებობდა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტისა და მოპასუხისათვის ხელშეკრულების 11.6 მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 2 877,70 ლარის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.

8. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

8.1. გასაჩივრებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის საკასაციო სასამართლოს ანალოგიური კატეგორიის საქმეებთან;

8.2. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები;

8.3. ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიას ხელშეკრულების ხელმოწერის შემდგომ ეკისრებოდა ვალდებულება, რომ მოპასუხისათვის გაეგზავნა დეტალური ტექნიკური დავალება, რომლითაც უნდა შედგენილიყო პროექტი. შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა ქმედება, რასაც მოჰყვებოდა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება;

8.4. მოსარჩელემ პირგასამტეხლოს განსაზღვრისას იხელმძღვანელა დეტალური ტექნიკური დავალებით, რაც მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი არ არის და არც მოპასუხისთვის არის ჩაბარებული;

8.5. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს არ მიუღია დეტალური ტექნიკური დავალება, მან შეასრულა ვალდებულება და გააგზავნა პროექტი 2019 წლის 12 მარტს 14:18 საათზე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გაგზავნიდან 20 წუთში ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიამ მოპასუხეს გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც დაადასტურა პროექტის მიღება. იმავე თარიღში მოპასუხემ გააგზავნა წერილი შპს „ე–ა, მ–ბა, დ–თვის“ აღნიშნული პროექტის ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე;

8.6. რაც შეეხება დანართს, დანართით გათვალისწინებული ვადა არის საორიენტაციო და ათვლა დეტალური ტექნიკური დავალების მიღებიდან უნდა დაწყებულიყო;

8.7. როგორც N822 წერილიდან ირკვევა, ის გაგზავნილია მოპასუხის დირექტორის, ცოტნე გიორგაძისათვის, თუმცა იმ დროისათვის ეს უკანასკნელი მოპასუხის დირექტორს არ წარმოადგენდა;

8.8. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გაურკვეველია, რა გახდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ხელშეკრულების ცამხრივად შეწყვეტის მიზეზი.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

13. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

14. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მენარდის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. კასატორი დავობს, რომ მას ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის ვალდებულება ეკისრებოდა შემსყიდველის მხრიდან შესაბამისი ტექნიკური დავალების მიღების შემდგომ, თუმცა კონკრეტულ ობიექტებთან - ,,სოფელ ბუგეულის დვლების უბანში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაცია“ და ,,სოფელ ....ის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები“, მიმართებით მას ტექნიკური დავალება არ მიუღია.

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

16. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე Nას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).

18. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მოპასუხეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის 01 თებერვლის N822 წერილით გაეგზავნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიერ 2019 წელს განსახორციელებელი წყალმომარაგების ქსელების (სისტემების) მოწყობისა და რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შედგენის ტექნიკური დავალებები და ეთხოვა დათქმულ ვადაში უზრუნველეყო, მათ შორის, „სოფელ აბარის წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოებისა“ და „სოფელ ბუგეულის დვლების უბანში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაციის“ სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარდგენა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 28); ტექნიკური დავალებები მოპასუხეს ჩაბარდა, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი საქართველოს ფოსტის ინფორმაციით საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 87). აქედან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მომსახურება გაეწია. მოპასუხეს მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში არ წარუდგენია აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო მტკიცებულება.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საფოსტო მომსახურების განხორციელების შესახებ საქართველოს ფოსტის ინფორმაციის თანახმად, მოპასუხეს ტექნიკური დავალებები გაეგზავნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერში მითითებულ მის მისამართზე (თბილისი, .......) (იხ. ტ. 1, ს.ფ. 67, 87), შესაბამისად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ გზავნილში ადრესატად მითითებულია ცოტნე გიორგაძე, საკასაციო სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას, რომ ტექნიკური დავალება მოპასუხის ყოფილ დირექტორს გაეგზავნა.

20. კასატორის მტკიცებით, მან შეასრულა ტექნიკური დავალებები და მოსარჩელეს 2019 წლის 12 მარტს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გადაუგზავნა პროექტი, რომლის მიღებაც ამ უკანასკნელმა დაუდასტურა. თუმცა, მოპასუხეს არც ამ შემთხვევაში წარუდგენია ტექნიკური დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებისა და სადავო სახარჯთაღრიცხვო - საპროექტო დოკუმენტაციის მოსარჩელისათვის წარდგენის დამადასტურებელი სათანადო და საკმარისი მტკიცებულება.

21. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას „სოფელ .....წყალმომარაგების სისტემის მოწყობისა“ და „სოფელ ......ის დ–ის უბანში საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე წყალმომარაგების შიდა ქსელის რეაბილიტაციის“ სამუშაოების საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარუდგენლობისათვის, კასატორის მიერ მითითებულ 12.03.2019წ. ელექტრონულ წერილში კი საუბარია მხოლოდ სოფელ ბ–ის წყალმომარაგების პროექტზე.

22. ამრიგად, ზემოთ მითითებული გარემოებებისა და მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 10.1 და 11.6 მუხლების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

23. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, თუმცა იგი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებს, მისი პრეტენზია არის ზოგადი და არაკვალიფიციური, რაც შეუძლებელს ხდის მასზე საკასაციო სასამართლოს მიერ მსჯელობას

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

26. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ჰ–ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ჰ–ოს“ (ს/კ ........) დაუბრუნდეს ნ. ქ–იას (პ/ნ .......) მიერ 2021 წლის 6 აპრილის №10699108312 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი