Facebook Twitter

საქმე №ას-35-2022 31 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი _ გ.კ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გ.კ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება (რომლითაც სს „ს.ბ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) სარჩელი მოპასუხის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ დაკმაყოფილდა; დადგინდა, რომ მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ბანკის კუთვნილი უძრავი ნივთი, რომლის მისამართი და მახასიათებლებია: ქ. თბილისი, ........., სართ. 6, ბინა 65, ს/კ .......... და ბანკს ქონება გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში) და ამავე სასამართლოს 2020 წლის 10 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 2020 წლის 06 ოქტომბრის სასამართლო სხდომის თარიღისა და სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ მისთვის ცნობილი იყო კანონით დადგენილი წესით;

2.2. 2020 წლის 06 ოქტომბერს დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე მხარე. მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ იშუამდგომლა;

2.3. მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ 2020 წლის 06 ოქტომბერს მიიღო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც ბანკის სარჩელი დაკმაყოფილდა (ტ. I, ს.ფ.109-114);

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელი 2020 წლის 06 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებდა დისტანციურად გამართულ სასამართლო სხდომაში მონაწილეობის შეუძლებლობაზე და განმარტავდა, რომ სასამართლომ ვერ უზრუნველყო დისტანციურად გამართულ სხდომაზე მისი დასწრება, რის გამოც მის მარწმუნებელს სასამართლო წესით უფლების დაცვის შესაძლებლობლობა წაერთვა.

4. საკითხის სწორად გაანალიზების მიზნით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ მოვლენებზე, რომლებიც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას წინ უსწრებდა. კერძოდ, საქმეზე პირველი სასამართლო სხდომა 2020 წლის 14 ივლისს 14:00 საათზე დაინიშნა. აღნიშნული სხდომის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე სასამართლოს მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა და საქმის განხილვის გადადება მოითხოვა, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვაში მონაწილეობაზე მითითებით დაასაბუთა. აღნიშნულ სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და მომდევნო სხდომის თარიღი 2020 წლის 07 აგვისტოს განისაზღვრა. საქმის მასალების თანახმად, 2020 წლის 07 აგვისტოს დანიშნული სასამართლო სხდომა მისი წინამორბედის მსგავსად არ შედგა, რადგან მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა მისი გადადება სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე კვლავ მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა კიდეც და შემდეგი სხდომის თარიღი 2020 წლის 06 ოქტომბერს განისაზღვრა. 2020 წლის 05 ოქტომბერს მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს განცხადებით ისევ მიმართა და მიუთითა რა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე, სხდომის დისტანციურად ჩატარება, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, საქმის განხილვის კვლავ გადადება მოითხოვა. გასაჩივრებული განჩინებით ირკვევა, ამასთან, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სადავო არ არის, რომ 2020 წლის 06 ოქტომბერს სასამართლო სხდომის გამართვამდე შუალედში, სასამართლოს შესაბამისი მოხელე მოპასუხე მხარის წარმომადგენელს პირადი ტელეფონის ნომერზე დაუკავშირდა და სასამართლო სხდომაზე დისტანციურად დასწრებისთვის საჭირო პროგრამის პირად კომპიუტერში ჩაწერაში დაეხმარა, თუმცა საბოლოოდ გაირკვა რა, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მოწყობილობა აღჭურვილი არ იყო ვიდეოთვალით, სხდომაზე მისი დისტანციურად მონაწილეობა შეუძლებელი გახდა.

5. საააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მსჯელობა, რომ მას სასამართლო წესით უფლების დაცვის შესაძლებლობა არ მიეცა. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2020 წლის 06 ოქტომბრის სხდომამდე დანიშნული ყველა სასამართლო სხდომა მოპასუხე მხარის შუამდგომლობების საფუძველზე გადაიდო. ამასთან, საქმის განხილვის გადადების არაერთი შუამდგომლობის შემდეგ, მხარემ, რომელმაც საქმის განხილვაში დისტანციურად მონაწილეობის შესახებ იშუამდგომლა, ვერ უზრუნველყო შესაბამისი მოწყობილობის ტექნიკურად იმ მდგომარეობაში მოყვანა, რაც საქმის განხილვაში მის დისტანციურად მონაწილეობას შესაძლებელს გახდიდა. ამასთან, სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში მოყვანილი დასაბუთება სხდომაზე მოპასუხე მხარის დისტანციურად დასწრების შეუძლებლობის შესახებ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია და სააპელაციო საჩივრით არ უმტკიცებია, რომ ეს მისი ბრალით გამოწვეული არ ყოფილა.

6. სააპელაციო პალატის განმარტებით, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით; და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებით.

7. სააპელაციო პალატის დასკვნით, იმ ვითარებაში, როდესაც მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა წინამდებარე საქმეზე დანიშნული უკლებლივ ყველა სხდომის გადადება მოითხოვა და საქმესთან მიმართებით მისი ერთადერთი აქტიურობა ყოველი მომდევნო სხდომის გადადების მოთხოვნაში გამოიხატებოდა, უფრო მეტიც, სხდომაზე დისტანციურად დასწრების შესახებ მისივე შუამდგომლობის შემდეგ მან ვერ უზრუნველყო შესაბამისი ტექნიკის ისეთ მდგომარეობაში მოყვანა, რაც შესაძლებელს გახდიდა საქმის განხილვაში მის დისტანციურად მონაწილეობას, მოპასუხე მხარის მოქმედება მიმართული იყო არა დარღვეული უფლების აღდგენის დასაცავად, არამედ საქმის განხილვის გასაჭიანურებლად. პალატის განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ პირი სასამართლოს უფლების რეალურად დაცვის მიზნით კი არ მიმართავს, არამედ სასამართლო რესურსის ფუჭად გახარჯვის, მეორე მხარისთვის საპროცესო- სამართლებრივი დისკომფორტის ან სხვა არაკანონიერი მიზნით და ეს აშკარაა, სასამართლო უფლებამოსილია აღკვეთოს მხარის აღნიშნული ქმედება, რაც, მათ შორის, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაში ვლინდება.

8. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2020 წლის 06 ოქტომბრის სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით და, სსსკ-ის 241-ე და 233-ე მუხლების თანახმად, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

14. საკასაციო საჩივრის თანახმად, სასამართლომ მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობები სხდომის გადადების, სხდომის დისტანციურად ჩატარების, მოსამართლის აცილების და ა.შ. არ განიხილა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლომ მოქმედი საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით აღუკვეთა მხარეს უფლება, რომ მისი საქმე განეხილა მიუკერძოებელ მოსამართლეს არსებითად.

15. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება წარმოადგენს.

16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-317-302-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).

18. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია სსსკ-ის 230-ე მუხლით [თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე]. სასამართლო ყოველთვის არის ვალდებული შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233.1. მუხლით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები [მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები]. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.

19. სასამართლოს სხდომაზე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას ივარაუდება, რომ მან საქმის განხილვისადმი ინტერესი დაკარგა. ამავდროულად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გარკვეული სანქციაა ისეთი მხარის მიმართ, რომელიც კეთილსინდისიერად არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ საპროცესო მოვალეობებს.

20. განსახილველ შემთხვევაში კასატორს არ აქვს წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ გარემოებებთან მიმართებით, კერძოდ, იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა წინამდებარე საქმეზე დანიშნული უკლებლივ ყველა სხდომის გადადება მოითხოვა და საქმესთან მიმართებით მისი ერთადერთი აქტიურობა ყოველი მომდევნო სხდომის გადადების მოთხოვნაში გამოიხატებოდა, ამასთან, სხდომაზე დისტანციურად დასწრების შესახებ მისივე შუამდგომლობის შემდეგ მან ვერ უზრუნველყო შესაბამისი ტექნიკის ისეთ მდგომარეობაში მოყვანა, რაც შესაძლებელს გახდიდა საქმის განხილვაში მის დისტანციურად მონაწილეობას. შესაბამისად, მართებულად მიიჩნია სააპელაციო პალატამ, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო არასაპატიო მიზეზით.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სწორია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 06 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2020 წლის 10 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.

22. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

23. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს გ.კ–ძეს (პ/ნ ..........) დაუბრუნდეს ი.მ–ძის (პ/ნ ......) მიერ 2022 წლის 16 მარტის №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 (ას ორმოცდაათი) ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი