საქმე №ას-9-2021 7 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.გ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – მეცამეტე ხელფასის ანაზღაურება და ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 27 ნოემბრის განჩინებით თ.გ–ძის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) და სს „თ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კომპანია“, „დამსაქმებელი“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის 25 დეკემბრიდან 2016 წლის 25 ივლისამდე პერიოდის მიუღებელი ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ანაზღაურება, ჯამში 11 400 ლარის (დარიცხული) ოდენობით; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის 2012, 2013 და 2014 წლების მეცამეტე ხელფასის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოსარჩელე დასაქმებული იყო კომპანიის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ელექტროენერგიის ენერგოგასაღების დეპარტამენტის „ავჭალის” აბონენტთა მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა 2 400 ლარის (დარიცხული) ოდენობით;
2.2. მოსარჩელე კომპანიის 24.07.2012წ. Nკ-134 ბრძანებით გათავისუფლდა თანამდებობიდან.
2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.11.2013წ. გადაწყვეტილებით მოსარჩელის სარჩელი დააკმაყოფილდა და მოპასუხეს დაევალა მოსარჩელის სამსახურში აღდგენა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო და საკასაციო წესით, რის შემდეგაც გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
2.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულია: მოსარჩელე დაინიშნა კომპანიის კომერციული საქმიანობის სამმართველოს ენერგოგასაღების სამსახურის კომერციული და ტექნიკური პრეტენზიების განყოფილებაში განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 22 დეკემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულებით მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა 2 400 ლარით (დარიცხული).
2.5. კომპანიის მუშაკებისთვის ანაზღაურების დარიცხვის წესის თავისებურებების შესახებ დებულებით განსაზღვრულია შრომის ანაზღაურებისა და მასთან გათანაბრებული სხვა შემოსავლების, მათ შორის, დამატებითი გადახდების, საგარანტიო და საკომპენსაციო გადახდების განსაზღვრა; შრომის ანაზღაურების და მასთან გათანაბრებული სხვა შემოსავლების გაანგარიშება; მასტიმულირებელი გადახდები მუშაკთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური სტიმულირების შესახებ.
2.6. მოპასუხის 11.07.2008წ. ბრძანებით დამტკიცდა წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს მიხედვით მოპასუხის თანამშრომელთა ანაზღაურების შესახებ დებულება. მითითებული დებულების თანახმად, წლიური შედეგების მიხედვით, თანამშრომელთა დაჯილდოების - მეცამეტე ხელფასის გაცემის წინაპირობას წარმოადგენს მოპასუხის კალენდარული წლის საწარმოო და ფინანსური სამეურნეო მაჩვენებლები. მეცამეტე ხელფასი დაერიცხებათ დასაქმებულებს, რომლებიც ირიცხებიან მოპასუხის დასაქმებულთა საშტატო განრიგში კალენდარული წლის განმავლობაში 9 ან მეტი თვე და მეცამეტე ხელფასის გაცემის დროს აგრძელებენ კომპანიაში მუშაობას. მეცამეტე ხელფასი აგრეთვე დაერიცხებათ დასაქმებულებს, რომელთაც არ უმუშავიათ კომპანიაში კალენდარული წლის განმავლობაში 9 ან მეტი თვე, შემდეგი მიზეზებით: შვებულება ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო; დროებითი შრომისუუნარობა; მივლინება; სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა.
2.7. 2012, 2013 და 2014 წლებში მოსარჩელე კომპანიაში დასაქმებული არ ყოფილა.
3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 32.1, 44-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408.1, 411-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ კომპანიის მუშაკებისთვის ანაზღაურების დარიცხვის წესის თავისებურებების შესახებ დებულების 4.3. მუხლის მიხედვით, მასტიმულირებელი ხასიათის გადახდებს განეკუთვნება: ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი (იმდ); ყოველთვიური, წლიური პრემია; ერთჯერადი პრემია: განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისას მიღწეული შედეგებისთვის; სახელმწიფო, საუწყებო და კორპორაციული ჯილდოებით დაჯილდოება; დაჯილდოება საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით. ხოლო, 5.4.1 და 5.4.2 მუხლების თანახმად, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი ინიშნება პროცენტული ან თანხობრივი გამოხატულებით გენერალური დირექტორის ბრძანების საფუძველზე. ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის დარიცხვა ხორციელდება ფაქტობრივად ნამუშევარი დროის პროპორციულად. გაანგარიშება ხდება შემდეგნაირად: იმდ გაყოფილი მიმდინარე თვის სამუშაო გრაფიკის შესაბამისი საათების რაოდენობაზე, გამრავლებული ფაქტობრივად ნამუშევარ საათებზე; ყოველთვიური პრემია დარიცხულ უნდა იქნას საზოგადოების ფინანსურ-სამეურნეო შედეგებისთვის ყოველთვიური პრემირების შესახებ დებულების შესაბამისად; ერთჯერადი პრემიის გაანგარიშება ხორციელდება დანიშნული სარგოს შესაბამისად, რომელიც მოქმედებს ბრძანების გამოცემის თარიღისათვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ბრძანებით განსაზღვრულია პრემიის ოდენობა და/ან პერიოდი; წლიური პრემია ინიშნება თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური სტიმულირების შესახებ დებულების საფუძველზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 58-70).
4. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე 2012, 2013 და 2014 წლებში არ იყო კომპანიაში დასაქმებული, შესაბამისად, მოპასუხეს მართებულად დაეკისრა 2014 წლის 25 დეკემბრიდან 2016 წლის 25 ივლისამდე პერიოდის გათვალისწინებით მიუღებელი ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ანაზღაურება ჯამში 11 400 ლარის (დარიცხული) ოდენობით.
5. ე.წ. „მეცამეტე ხელფასის“ ანაზღურების თაობაზე მოსარჩელის პრეტენზიასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა კომპანიის მუშაკთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური სტიმულირების შესახებ დებულების 3.1 და 3.2 მუხლებზე, რომელთა თანახმად, მუშაკების შრომის ანაზღაურების სტრუქტურა შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: თანამდებობრივი სარგო; ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი; ყოველთვიური პრემია; წლიური პრემია; ერთჯერადი პრემია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების შესრულების შესაბამისად მიღწეული შედეგებისათვის; ერთჯერადი პრემია მუშაკის სახელმწიფო, უწყებრივი და კორპორაციული ჯილდოებით დაჯილდოების შემთხვევაში; ერთჯერადი პრემია საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით; საკომპენსაციო გადახდები; დამატებით გადახდები და დანამატები, რომლებიც დადგენილი იქნება მუშაკებისათვის შრომის კანონმდებლობის და საზოგადოების ლნა-ს შესაბამისად; თანამდებობრივი სარგოს, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის და წლიური პრემიის სიდიდე დამოკიდებულია თანამდებობის გრეიდზე, მუშაკის შედეგიანობასა და პროფესიულ კომპეტენტურობაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დამსაქმებელი არ არის ვალდებული დასაქმებულს აუნაზღაუროს ე.წ. „მეცამეტე ხელფასი“ იმ პერიოდში, როცა ის არ იყო მოპასუხე კომპანიაში დასაქმებული.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
7. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
7.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ მსგავსი ტიპის საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებებისაგან;
7.2. 2014 წლის 25 დეკემბერს (მოსარჩელის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენის თარიღი) მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ოდენობა დაეფუძნა 2013 წლის 26 ნოემბრის სასამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც ითვალისწინებდა განთავისუფლებამდე არსებულ პირვანდელი მდგომარეობაში მოსარჩელის უფლებების აღდგენას. აღნიშნული გადაწყვეტილებით რაიმე დამატებითი თანხის, მათ შორის, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის (შემდგომში - „იმდ“) გადახდის ვალდებულება კასატორს არ დაკისრებია. იმდ-ს გადახდის ვალდებულება არც 2014 წლის ახალი შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულა. შესაბამისად, იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა 2014 წლის 25 დეკემბრიდან 2016 წლის 25 ივლისამდე პერიოდზე იმდ-ს მოსარჩელისათვის ანაზღაურების სავალდებულოობაზე;
7.3. კომპანიის მუშაკთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური სტიმულირების შესახებ დებულების 2.5 პუნქტის თანახმად, მუშაკთათვის ყველა გადახდაზე ხარჯები გაღებული უნდა იყოს იმ სახსრების ხარჯზე, რომლებიც საზოგადოებაში გამოყოფილია შრომის ანაზღაურების ბიუჯეტის ფარგლებში. აღნიშნული გარემოება გამორიცხავს მოსარჩელისათვის სარჩელით მოთხოვნილი იმდ-ის ანაზღაურების შესაძლებლობას განვლილ პერიოდზე. დებულების 3.2 პუნქტის თანახმად, თანამდებობრივი სარგოს, იმდ-სა და წლიური პრემიის სიდიდე დამოკიდებულია თანამდებობის გრეიდზე, მუშაკის შედეგიანობასა და პროფესიულ კომპეტენტურობაზე. დებულების 4.1 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ თანამდებობრივი სარგო დადგენილი უნდა იქნეს მუშაკის შრომის ხელშეკრულებითა და საზოგადოების საშტატო განარიგით, რომელსაც ამტკიცებს საზოგადოების გენერალური დირექტორი. რაც შეეხება იმდ-ს დანიშვნას, დებულება განსაზღვრავს, რომ იმდ წარმოადგენს მასტიმულირებელი ხასიათის გადახდას შესასრულებელი სამუშაოს შედეგებიდან და ინდივიდუალური პროფესიული მომზადებიდან გამომდინარე;
7.4. მოცემულ შემთხვევაში მოწინააღმდეგ მხარეზე დაკისრებული სამუშაოს სპეციფიკა, მისი უნარ-ჩვევები და შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ იძლეოდა 2014 წლის 25 დეკემბრიდან მისთვის იმდ-ს დანიშვნის საფუძველს;
7.5. დებულების თანახმად, იმდ ინიშნება და გადაიხედება წელიწადში ერთხელ კომპანიის მუშაკთა შეფასების შესახებ დებულების შესაბამისად. შეფასების შედეგებმა კასატორს არ მისცა ფორმალური შესაძლებლობა, რათა მოსარჩელეს იმდ დანიშვნოდა საზოგადოებაში არსებული წესის შესაბამისად;
7.6. კომპანიაში მოქმედი დებულება იმდ-ს დანიშვნის უპირობო წესს არ ითვალისწინებს და დასაქმებულისათვის იმდ-ს დანიშვნა მისი მხრიდან გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილებაზე და ამავდროულად დამსაქმებლის ნებაზეა დამოკიდებული;
7.7. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლები, სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 408-ე და 411-ე მუხლები, არასწორი შეფასება მისცა და არასწორად განმარტა კომპანიაში მოქმედი შიდა ლოკალური აქტები, დებულებები, რომლებიც იმდ-ს დანიშვნისა და გადახდის წესს არეგულირებენ; არასწორად განმარტა და შეაფასა მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება. შრომითი ხელშეკრულებითა და დებულებით მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ იმდ-ს გადახდის ვალდებულება არ უკისრია;
7.8. არასწრია სასამართლოს მსჯელობა, რომ თანამდებობაზე აღდგენის შემდგომ დამსაქმებელს გაუჩნდა ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, რომ მასზე გაავრცელოს საზოგადოებაში მოქმედი დებულებით გათვალისწინებული ანაზღაურების სტრუქტურა, მათ შორის, იმდ-ს მიღების ნაწილში, ვინაიდან საზოგადოებაში მოქმედი დებულება 2014 წლის 25 დეკემბერს გაფორმებული ახალი შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ ყოფილა. გარდა ამისა, უშუალოდ დებულება იმდ-ს უპირობო დანიშვნის წესს არ ითვალისწინებ(და)ს და დასაქმებულებს იმდ ნებისმიერ შემთხვევაში არ ენიშნებ(ოდ)ათ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
12. კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით პრეტენზია (შედავება) არ განუხორციელებია.
13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომითი ურთიერთობა შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ სამუშაოს შესრულებას გულისხმობს (სშკ-ის 2.1 მუხლი) და მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას ეფუძნება (სშკ-ის 2.2 მუხლი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (იხ. სუსგ საქმე Nას-98-94-2016, 26 ივლისი, 2016 წელი). შესაბამისად, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია, გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ უფლების ბოროტად გამოყენება. სსკ-ის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ფუნქციაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაა. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა (იხ. სუსგ საქმე Nას-1391-1312-2012, 10 იანვარი, 2014 წელი).
14. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა იქნეს ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში.
15. მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო საკითხს წარმოადგენს დასაქმებულისათვის ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის ანაზღაურების მართლზომიერება. დადგენილია, რომ კომპანიის მუშაკთა შრომის ანაზღაურებისა და მატერიალური სტმულირების შესახებ 2014წ. დებულების 3.1 პუნქტის თანახმად, კომპანიის მუშაკების შრომის ანაზღაურების სტრუქტურა შედგება შემდეგი ელემენტებისაგან: თანამდებობრივი სარგო, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი, წლიური პრემია, ერთჯერადი პრემია და სხვა. აღნიშნული დებულების 3.2 მუხლის მიხედვით კი, თანამდებობრივი სარგოს, ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატისა და წლიური პრემიის სიდიდე დამოკიდებულია თანამდებობის გრეიდზე, მუშაკის შედეგიანობასა და პროფესიულ კომპეტენტურობაზე; დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 26.11.2013წ. გადაწყვეტილების საფუძველზე მოსარჩელის პირვანდელ თანამდებობაზე აღგენის შემდეგ დამსაქმებელს მასზე ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატი არ გაუცია; კასატორის მტკიცებით აღნიშნული იმ გარემოებით იყო გამოწვეული, რომ მოსარჩელისათვის დაკისრებული სამუშაოს სპეციფიკა, მისი უნარ-ჩვევები და შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ იძლეოდა 2014 წლის 25 დეკემბრიდან მისთვის ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის დანიშვნის საფუძველს, შეფასების შედეგებმა კასატორს არ მისცა მოსარჩელისათვის აღნიშნული დანამატის დანიშვნის ფორმალური შესაძლებლობა, თუმცა მოპასუხეს მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში სასამართლოსათვის არ წარუდგენია 2014 წლის 25 დეკემბრიდან 2016 წლის 25 ივლისამდე პერიოდში დასაქმებულის საქმიანობის შეფასებისა და შეფასების შედეგად იმგვარი შედეგის გამოვლენის ფაქტის დამადასტურებელი სანადო მტკიცებულებები, რაც ზემოაღნიშნული დებულების მიხედვით დასაქმებულისათვის ინდივიდუალური მასტიმულირებელი დანამატის მიცემას გამორიცხავდა.
16. კასატორი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინება განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, თუმცა იგი არ მიუთითებს კონკრეტულ გარემოებებს, მისი პრეტენზია არის ზოგადი და არაკვალიფიციური, რაც შეუძლებელს ხდის მასზე საკასაციო სასამართლოს მიერ მსჯელობას.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
19. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 570 ლარის 70% – 399 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს სს „თ–ს“ (ს/კ .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 29 დეკემბრის №123918 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 570 (ხუთას სამოცდაათი) ლარის 70% – 399 (სამას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი