Facebook Twitter
საქმე №ას-6-2022 07 ივლისი, 2022 წელი
ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ჭ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ ჭ–ის ...” (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სასამართლოსგარეშე ხარჯის სრულად ანაზღაურება

დავის საგანი – წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ.ჭ–ძეს (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“), ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ყ–ძე ?“-ის თავმჯდომარეებს - ზ.შ–ას, ე.მ–ს, გ.ი–ძეს და შპს „ ჭ–ის ...“-ს (შემდგომში - „მოპასუხე“) შორის 2016 წლის 30 ივნისს დაიდო მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:
1.1. ვინაიდან მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა სამოქალაქო სარჩელი (საქმის N2/9934-14), რომლითაც ითხოვდა: მენაშენეთა ამხანაგობა „ყ–ძე ?“-ის 05.04.2013 წლის და 06.04.2013 წლის კრებების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, იბა „ყ–ძე ?“-სა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 17 აპრილს დადებული გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, შპს „ბ–ოს“ გარიცხვას ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობიდან, მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის - 2 000 000 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრებას და დასახელებული სარჩელის უზრუნველსაყოფად დავის დასრულებამდე მოპასუხეს ეკრძალებოდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის, ფართობი 3 500 კვ.მ, ს.კ. N.........., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ასევე, ვინაიდან მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა ადმინისტრაციული სარჩელი (საქმის N3/7721-15), რომლითაც ითხოვდა მოპასუხესა და ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ყ–ძე ?“-ს შორის დადებული უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც დარეგისტრირდა მოპასუხის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე: ფართობი 3 500 კვ.მ, ს.კ. N...... და ვინაიდან ხსენებული სარჩელის უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ფართობი 3 500 კვ.მ, ს.კ. ......, მესაკუთრის ცვლილების და უფლებრივად დატვირთვის რეგისტრაცია (პრეამბულა), მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, გადაეცა მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთზე: ფართობი 3 500 კვ.მ, ს.კ. N........, მის მიერ ასაშენებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან 650 კვ.მ საცხოვრებელი ფართი (პუნქტი 1). იმავე მორიგების აქტის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ბინები უნდა ყოფილიყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში;
1.2. მორიგების აქტის მე-3 პუნქტის მიხედვით, მორიგების აქტის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდებოდა პრეამბულაში დასახელებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმებისა და მათ საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე: ფართობი 3 500 კვ.მ, ს.კ. ......., რეგისტრირებული ყადაღისა და აკრძალვის ვალდებულების რეგისტრაციის გაუქმებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში;
1.3. მორიგების აქტის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოპასუხე მოსარჩელეს ფინანსური კომპენსაციის სახით გადასცემდა 150 000 ლარს მორიგების აქტზე ხელმოწერიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში;
1.4. მორიგების აქტის მე-7 პუნქტის თანახმად, მორიგების აქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გადაცემისა და ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას, უარი ეთქვა ნებისმიერ მოთხოვნასა და პრეტენზიაზე ამხანაგობა „ყ–ძე ?“-ის, მისი წევრებისა და მოპასუხის მიმართ. მოსარჩელის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა ჩაითვლებოდა მის მიერ ვალდებულების დარღვევად და მორიგების აქტით განსაზღვრული შედეგები მოჰყვებოდა;
1.5. მორიგების აქტის მე-8 პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, უარი ეთქვა პრეამბულაში დასახელებულ ადმინისტრაციულ სარჩელზე და მოეთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის იმ განჩინების გაუქმება, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე: მიწის ნაკვეთის ფართობი 3 500 კვ.მ, ს.კ. ......., მესაკუთრის ცვლილების და უფლებრივად დატვირთვის რეგისტრაცია;
1.6. მორიგების აქტის მე-10 პუნქტის თანახმად, შეთანხმების სრულყოფილად და წარმატებით შესრულების მიზნით, მოსარჩელემ უარი განაცხადა მოპასუხეს წაუყენოს რაიმე მოთხოვნა ან/და პრეტენზია და სარჩელი, რაც დაკავშირებული იქნება 1) ამ უკანასკნელის საკუთრების უფლებასთან მიწის ნაკვეთზე: ს.კ. ..........; 2) გამომდინარეობს მოპასუხესა და ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ყ–ძე 2“-ს შორის 2013 წლის 17 აპრილს დადებული გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან; 3) პირველ ორ პუნქტში დასახელებული უფლებისა და დოკუმენტის საფუძველზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობასთან ან ძალადაკარგულად გამოცხადებასთან.
1.7. მორიგების აქტის მე-11 პუნქტის თანახმად, მის მიერ სარჩელის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარჩელემ, როგორც სავარაუდო მოსარჩელემ, წინასწარ განაცხადა უპირობო და გამოუხმობადი უარი გამოიყენოს ნებისმიერი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც: ა) შეეხება მოპასუხეს, ბ) ექნება მზღუდავი ძალა მოპასუხის უფლებამოსილებაზე; გ) რაიმე შემხებლობაში იქნება მიწის ნაკვეთთან - ს.კ. ..........; დ) ზიანს მიაყენებს მოპასუხის კანონიერ ინტერესებს;
1.8. შეთანხმების მე-12 პუნქტის თანახმად, მორიგების აქტი წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რომ მე-10 პუნქტში დასახელებული შემთხვევის დადგომისას მოპასუხე ჩაერთოს როგორც მე-3 პირი სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ პროცესში, ხოლო ამ დოკუმენტის, ასევე, მის პირველ პუნქტში დასახელებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისა და მე-4 პუნქტში მითითებული თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა საკმარისი იქნება სასამართლოსთვის დროებითი შეზღუდვის ბრძანების ან/და სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გასაუქმებლად;
1.9. მორიგების აქტის მე-18 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ შეასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, შეთანხმების თითოეული დებულება ჩაითვლება ძალადაკარგულად და მათ აღარ ექნებათ მბოჭავი ძალა ხელმომწერი პირების მიმართ. ხოლო, უკვე გადაცემული შესრულება, მათ შორის, ფულადი თანხა და უძრავი ქონება, დაექვემდებარება დაბრუნებას უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად.
2. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ მოპასუხის საკუთრება რეგისტრირებულია შემდეგ უძრავ ნივთებზე, მდებარე:
- ქ. თბილისი, ........., სადარბაზო 1, სართული 2, ბინა N24, 128,20 კვ.მ ფართი, ს.კ. N.......(ამონაწერის მომზადების თარიღი 19.06.2019);
- ქ. თბილისი, .........., ბინა N55, 72,60 კვ.მ ფართი, ს.კ. N..........(ამონაწერის მომზადების თარიღი 18.06.2019);
- ქ. თბილისი, ..........., ბინა N74, 54,60 კვ.მ ფართი, ს.კ. N.........(ამონაწერის მომზადების თარიღი 18.06.2019);
- ქ. თბილისი, ........., ბინა N105, 193,80 კვ.მ ფართი, ს.კ. N.........(ამონაწერის მომზადების თარიღი 18.06.2019);
- ქ. თბილისი, .........., ბინა N143, 78,50 კვ.მ ფართი, ს.კ. N.........(ამონაწერის მომზადების თარიღი 18.06.2019);
- ქ. თბილისი, .........., ბინა N146, 59,00 კვ.მ ფართი, ს.კ. N.........(ამონაწერის მომზადების თარიღი 18.06.2019);
- ქ. თბილისი, .........., ბინა N148, 118,70 კვ.მ ფართი, ს.კ. N........(ამონაწერის მომზადების თარიღი 18.06.2019).
3. მითითებულ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულია სს „ს. ბ–ის“ იპოთეკის უფლება, იპოთეკის ხელშეკრულება NCAH000191702, რეესტრის ნომერი: 161448627/161448665, დამოწმების თარიღი 22.12.2016, ნოტარიუსი ი. შ–ძე.
4. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......., ბინა N174, 119,40 კვ.მ ფართი, ს.კ. N........., რეგისტრირებულია ზ.ლ–ძის საკუთრებად; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 08.01.2019წ.; უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სს „ს.ბ–ის“ იპოთეკის უფლება, იპოთეკის ხელშეკრულება NCAH000191702, რეესტრის ნომერი: 161448627/161448665, დამოწმების თარიღი 22.12.2016, ნოტარიუსი ი. შ–ძე.
5. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........, 137,40 კვ.მ ფართი, ს.კ. N.........., რეგისტრირებულია თ.ჭ–ის საკუთრებად; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - შეთანხმება უძრავი ქონების საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, დამოწმების თარიღი 27.06.2018წ.; უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სს „ს.ბ–ის“ იპოთეკის უფლება, იპოთეკის ხელშეკრულება NCAH000191702, რეესტრის ნომერი: 161448627/161448665, დამოწმების თარიღი 22.12.2016, ნოტარიუსი ი. შ–ძე.
6. ადმინისტრაციულ საქმეზე (საქმე N3/7721-15) მოსარჩელის სარჩელისა გამო, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირების - ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ყ–ძე ?“-ის წევრების - შპს „ბა-ჯოს“, ზ.შ–ას, თ.კ–ის, ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ყ–ძე ?“-ის თავმჯდომარის - გ.ი–ძის და მოპასუხის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 ივლისის განჩინებით გაუქმდა იმავე სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. თბილისში, .......... მდებარე უძრავ ნივთზე (ს.კ. .........., მესაკუთრე - მოპასუხე) მესაკუთრის ცვლილების, უფლებრივად დატვირთვის რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე.
7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა და მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო სამოქალაქო საქმეზე N2/9934-14 მოსარჩელის სარჩელის გამო, მოპასუხეების - გ.ი–ძის, შპს „ბა-ჯოს“, ვ.ჯ–ის, დ.მ–ისა და მოპასუხის (ა.გ–ი) მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, შეწყდა საქმის წარმოება.
8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.06.2016წ. N102016179544/3 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს.კ. N........, დარეგისტრირდა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გაუქმება, საფუძველი განჩინება N2/99...-14, 02.06.2015წ.
9. მოსარჩელემ 06.04.2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 28.10.2016წ. N2/99...-14 განჩინების ბათილად ცნობა.
10. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა:
- მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული - 512,60 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. თბილისი, ........... (ს.კ. ........), 2016 წლის 30 ივნისის მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თეთრი კარკასის მდგომარეობით (ბინები საკადასტრო კოდებით: N .........; N ..........; N........; N........) და 5 ავტოსადგომი. აღნიშნული ფართები მოსარჩელეს გადაეცეს იპოთეკისგან თავისუფალ მდგომარეობაში;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 150 000 ლარის გადახდა;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის - 150 000 ლარის 11,5%-ის გადახდა 2016 წლის 02 ივლისიდან, რაც შეადგენს 51 750 ლარს;
- მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 23 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.
11. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
- მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა მოპასუხის საკუთრებაში არსებული 512,60 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ბინები: ს.კ. N.........; ს.კ. N..........; ს.კ. N........და ს.კ. N........... (თეთრი კარკასის მდგომარეობით) და 5 ავტოსადგომი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, .........;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 150 000 ლარის გადახდა;
- მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების იპოთეკისგან გათავისუფლებისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;
- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის გადახდა 5 482,20 ლარის ოდენობით (გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი).
13. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწლობრივ გაუქმება და მიუღებელი შემოსავლისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკაყოფილება მოითხოვა; ხოლო, მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხოლო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა 5 ავტოსადგომის გადაცემის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი 5 ავტოსადგომის (მდებარე: ქ. თბილისი, .........) გადაცემის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
15. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე გადაწყვეტილების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული დავის ფარგლებში სადავოა მოპასუხის მიერ მორიგების აქტით შეთანხებული პირობების ჯეროვანი შესრულება. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებები და მის მიერ გადასაცემი ფართიდან მოსარჩელის შვილიშვილს - თ. ჭ–ეს საკუთრებაში გადასცა მხოლოდ 137,4 კვ.მ ფართის მქონე ინდივიდუალური ბინა (ს.კ. ..........), ხოლო დანარჩენი უძრავი ქონება მოსარჩელეს არ გადასცემია. ასევე, მოსარჩელის მტკიცებით, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, გარდა საცხოვრებელი ფართებისა, მოსარჩელისათვის გადაეცა ავტოფარეხები. მოსარჩელე აგრეთვე მოითხოვს მორიგების აქტით შეთანხმებული 150 000 აშშ დოლარის გადაცემას; აღნიშნულის საპირისპიროდ მოპასუხე სადავოდ ხდის სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებას და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის შეთანხმება კონკრეტული უძრავი ნივთების (ს.კ. N.........; N.........; N.........; N.......) გადაცემაზე არ მომხდარა, მორიგების აქტით განისაზღვრა მხოლოდ გადასაცემი ფართის ოდენობა. ამავდროულად, მოპასუხე უარყოფს ავტოფარეხებთან მიმართებით შეთანხმების არსებობას და მიუთითებს მისი მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულებაზე.
17. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.2, 319.1 მუხლებით და მორიგების აქტის შინაარსისა და საქმეში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, გამართლებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებელი ფართების გადაცემის ნაწილში. სასამართლოს განმარტებით, კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს მორიგების აქტის პირველი პუნქტიდან, რომლის შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის გადაეცა მშენებარე კორპუსის (ს.კ. ..........) ფარგლებში 650 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. მორიგების აქტის დადების დროისათვის საცხოვრებელი სახლი იყო ასაშენებელი და, შესაბამისად, მხარეები ვერ შეძლებდნენ კონკრეტული ბინების მითითებას, ხოლო მოსარჩელისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ფართის ოდენობა - 650 კვ.მ შეთანხმებაში ნათლად და გარკვევით არის მითითებული.
18. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ მხარეებმა წერილობით გაფორმებული მორიგების აქტით დეტალურად განსაზღვრეს ორმხრივი ვალდებულებები. აღნიშნულის პარალელურად, მოსარჩელის მტკიცება, რომ თითქოს ზეპირი ფორმით განხორციელდა ავტოფარეხებთან მიმართებით შეთანხმება, ვერ იქნება გაზიარებული სათანადო მტკიცებულებების არარსებობის საფუძვლით. მოპასუხე უარყოფს ავტოფარეხების გადაცემის თაობაზე შეთანხმების არსებობას, შესაბამისად, მოსარჩელის ზეპირი განმარტება შეთანხმების არსებობის დასადასტურებლად სათანადო და საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა არაერთი დავა და მორიგების აქტის გაფორმების გზით წერილობით დარეგულირდა მათ შორის ურთიერთობა. ამასთან, რადგანაც მორიგების აქტი ძირითადად შეეხებოდა საცხოვრებელ ფართს, აღნიშნულში ავტოფარეხი ვერ მოიაზრება.
19. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლით და აღნიშნა, რომ მორიგების აქტის მე-4 პუნქტით მოპასუხემ იკისრა მოსარჩელისათვის 150 000 ლარის გადაცემის ვალდებულება, რომლის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებაც მას არ წარუდგენია. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება თანხის გადახდის ვალდებულების სრულად შესრულების თაობაზე.
20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი პრინციპის თანახმად, მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნისას მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების (მტკიცების საგანი), ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი (მტკიცების ტვირთი). შესაბამისად, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მას იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ, რეალურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით და არა ვარაუდს, ალბათობას, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა კრედიტორის სუბიექტური შეფასებით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულებები (მაგ. ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას კონკრეტულ ბანკში კონკრეტული პირობებით გახსნილი აქვს ანაბარი), რომლებიც სასამართლოს დაარწმუნებდა მის მიერ მითითებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მითითება, რომ წერილობით აცნობა მოპასუხეს მისაღები თანხის ბანკში განთავსებისა და სარგებლის მიღების თაობაზე, მიუღებელი შემოსავლის დადასტურებისათვის საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევა. მოსარჩელეს ევალებოდა სათანადოდ დაედასტურებინა, რომ თანხის მიღების პირობებში იგი მიიღებდა შემოსავალს წლიური 11,5%-ის ოდენობით.
21. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის ანაზღაურებული წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი - 5 482,20 ლარი გონივრულ შესაბამისობაშია წინამდებარე დავის საგანთან და უზრუნველყოფს სსსკ-ის 53.1 მუხლით დადგენილ ფარგლებში ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას.
22. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ავტოსადგომების, მიუღებელი შემოსავლისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 მაისის განჩინებით იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
24. დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:
24.1. სააპელაციო სასამართლომ საადვოკატო მომსახურების ხარჯთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი და სსსკ-ის 53.1 მუხლი განმარტა იმგვარად, რომ მოცემული თანხის განსაზღვრა მხოლოდ სასამართლოს დისკრეციაა და მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებას მნიშვნელობა არ აქვს. აღნიშნული განმარტება არ გამომდინარეობს სსსკ-ის 53.1 მუხლის არსიდან. ამ ნორმის დანიშნულებაა: უზრუნველყოს მხარის იურიდიული ხარჯების ანაზღაურება, როდესაც მოთხოვნილია, მაგრამ საქმეში არ არის წარდგენილი აღნიშნული ხარჯის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი; ასევე, მხარემ ბოროტად არ გამოიყენოს უფლება და ზედმეტად გაზრდილი ანაზღაურება არ მოითხოვოს. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი იურიდიული მომსახურების ხარჯი სრულ შესაბამისობაშია სასარჩელო მოთხოვნის ოდენობასთან. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული მოთხოვნისა და ამჟამად საკასაციო პრეტენზიის საერთო ჯამური მოცულობა დაახლობით 2 500 000 ლარია (მხოლოდ ბინების ნაწილში დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება სულ ცოტა 770 000 აშშ დოლარია - 512 კვ.მ ფართის ბინა ვაკეში, 1 კვ.მ-ის ღირებულება სულ მცირე 1 800 აშშ დოლარია);
24.2. სასამართლომ საადვოკატო ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, იმაზე მითითებით, რომ ადვოკატის ხარჯის ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულების საფუძველზე. სასამართლოს აღნიშნული მსჯელობა არ გამომდინარეობს სსსკ-ის 53-ე მუხლის განმარტებიდან და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკიდან. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე (საქმე Nას-...0-315-2015, 29 ივნისი, 2015 წელი) განმარტა შემდეგი: „მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების დათქმას (3.2 პუნქტი) ანაზღაურების წესის თაობაზე და განმარტავს, რომ მოსარჩელესა და შპს „ე-ს ი-ლ ჯ-ს“ შორის წარმოშობილი ურთიერთობის მატერიალურ საფუძველს წარმოადგენს დავალების ხელშეკრულება (სსკ-ის 709-ე მუხლი), სამოქალაქო კოდექსის 710-ე მულის პირველი ნაწილის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში; „ამდენად, რადგანაც ირკვევა მხარეთა შორის სასყიდლიანი დავალების ხელშეკრულების არსებობა, ასევე ის გარემოება, რომ მარწმუნებელს მომსახურების ხარჯის გადახდის ვალდებულება დავის დასრულების შემდგომ წარმოეშობოდა, პალატა მიიჩნევს, რომ ო.მ-ძის პრეტენზია ადვოკატის მომსახურების ხარჯის დაკისრების ნაწილში დასაბუთებულია“;
24.3. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარდგენილია 2019 წლის 03 ივნისის ხელშეკრულება სამართლებრივი მომსახურების გაწევის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 პუნქტით განისაზღვრა, რომ მოსარჩელე თანხის ნაწილს იხდიდა ავანსის სახით, ხოლო დარჩენილ ნაწილს დავის დასრულების შემდგომ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისა და სსსკ-ის 53-ე მუხლის მიხედვით, აღნიშნული მოთხოვნა სრულად ექვემდებარება დაკმაყოფილებას.


ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი


25. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
26. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოსარჩელისათვის გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება.
27. კასატორი დავობს, რომ მის მიერ მოთხოვნილი იურიდიული მომსახურების ხარჯის ოდენობა სრულ შესაბამისობაშია სასარჩელო მოთხოვნის ოდენობასთან. კერძოდ, მისი განმარტებით, წინამდებარე საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებული მოთხოვნის ჯამური მოცულობა დაახლობით 2 500 000 ლარს შეადგენს, მათ შორის, მხოლოდ ბინების ნაწილში დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება სულ ცოტა 770 000 აშშ დოლარია, შესაბამისად, სსსკ-ის 53-ე მუხლის მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა სრულად ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
29. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
30. აღნიშნული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი. ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (იხ. სუსგ საქმე Nას-818-784-2016, 02 ნოემბერი, 2016 წელი). გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, შესრულებული საპროცესო მოქმედებების მოცულობით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი იურიდიული მომსახურების ხარჯის გონივრულობას განაპირობებს (იხ. სუსგ საქმე Nას-112-105-2017, 06 თებერვალი, 2019 წელი).
31. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად: იურიდიული მომსახურების ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯს (სსსკ-ის 37.3 მუხლი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე. თუმცა, ამგვარი მტკიცებულების არარსებობის შემთხვევაში სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე, თვითონაც შეუძლია გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ საქმე Nას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).
32. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელის ინტერესებს პირველი ინსტანციის სასამართლოში იცავდნენ წარმომადგენლები - ა.ხ–ვა და ზ.ჯ–ძე (იხ. მინდობილობა ტ. 1, ს.ფ. 52-54, სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის ოქმები, ტ. 2, ს.ფ. 5-9, 21-22, 29-41, 61-63); საქმეში წარდგენილია 2019 წლის 03 ივნისს მოსარჩელესა და შპს „ი.ფ.ბ.ლ.ბ–ოს“ (წარმოდგენილი მისი დირექტორის ა.ხ–ვას სახით) შორის გაფორმებული „სამართლებრივი მომსახურების გაწევის შესახებ“ ხელშეკრულება, რომლის მე-2 პუნქტით განისაზღვრა სამართლებრივი მომსახურების შინაარსი. კერძოდ, ხელშეკრულების 2.1.3 პუნქტის მიხედვით, მომსახურებით გათვალისწინებულ იქნა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული მორიგების აქტიდან გამომდინარე დამკვეთის ინტერესების წარმოდგენა ყველა ინსტანციის სასამართლოში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 44-48); ამასთან, 2019 წლის 24 ივნისს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით მოსარჩელემ მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება მიანიჭა ა.ხ–ვას და ზ.ჯ–ძეს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 52-54).
33. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 6.1 პუნქტით იურიდიული მომსახურების საფასური განისაზღვრა 23 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით გადახდის დღისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსის შესაბამისად (აღნიშნული თანხა მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს); ხელშეკრულების 7.1 პუნქტის მიხედვით, აღნიშნული მომსახურების თანხიდან დამკვეთს (მოსარჩელე) ავანსის სახით უნდა გადაეხადა 2 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი, ხელშეკრულების ხელმოწერიდან არაუგვიანეს 03 კალენდარული დღისა; სარჩელზე დართული სალაროს შემოსავლის ორდერიდან ირკვევა, რომ მოსარჩელემ სრულად გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსი - 5 482,20 ლარის ოდენობით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 51).
34. საქმეში ასევე წარდგენილია მოსარჩელესა და შპს „ი.ფ.ბ.ლ.ბ–ოს“ შორის 2019 წლის 06 ივნისს გაფორმებული დამატებითი შეთანხმება „სამართლებრივი მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდის პირობების შესახებ“; აღნიშნული შეთანხმების პირველი პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ დამკვეთის მიერ ბიუროსათვის მომსახურების საფასურის დარჩენილი ნაწილის (21 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი) გადახდა დამოკიდებული იქნებოდა იმაზე, სამართლებრივი მომსახურების ხარჯებს სასამართლო დააკისრებდა თუ არა მოპასუხეს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 49-50).
35. წინამდებარე დავაზე, რომელიც სწორედ მხარეთა შორის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული მორიგების აქტიდან გამომდინარეობს, მიღებული გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა მოპასუხის კუთვნილი 512,60 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ბინები, მდებარე: ქ. თბილისი, ........ (ს.კ. N .......; ს.კ. N.......; ს.კ. N..........და ს.კ. N........), თეთრი კარკასის მდგომარეობით; ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 150 000 ლარის გადახდა. კასატორის განმარტებით, მხოლოდ ბინების ნაწილში დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება დაახლოებით 770 000 აშშ დოლარს შეადგენს, ბინები მდებარეობს ვაკის რაიონში და 1 კვ.მ-ის ღირებულება სულ მცირე 1 800 აშშ დოლარია.
36. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ წინამდებარე საქმეში მოსარჩელის სახელით ყველა ძირითადი საპროცესო-სამართლებრივი მოქმედება განხორციელებულია მოსარჩელის წარმომადგენლების - ა.ხ–ვას და ზ.ჯ–ძის მიერ (სარჩელს ხელს აწერს ზ.ჯ–ძე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 17); მოსარჩელის სახელით საქმესთან დაკავშირებული განცხადებები პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილია ასევე ზ.ჯ–ძის მიერ (იხ. ტ. 1, ს.ფ. 67-68, 77; ტ. 2, ს.ფ. 70)); ამასთან, ისინი მონაწილეობდნენ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ ყველა სხდომაში; აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ა.ხ–ვა და ზ.ჯ–ძე მოსარჩელის ინტერესებს იცავდნენ როგორც სააპელაციო, ისე საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში (სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს ზ.ჯ–ძე (იხ. ტ. 2, ს.ფ. 125); ხოლო საკასაციო საჩივარს ორივე წარმომადგენელი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 226); ამასთან, ისინი მონაწილეობდნენ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომებში (იხ. ტ. 2, ს.ფ. 155-161, 164-165)); სხვა წარმომადგენელი, რომელიც მოსარჩელის ინსტერესებს დაიცავდა, საქმეში ჩართული არ ყოფილა.
37. შესაბამისად, განსახილველი საქმის სირთულის, შესრულებული საპროცესო მოქმედებების მოცულობის, ჩატარებული სასამართლო სხდომების რაოდენობისა და მასში დახარჯული დროის, ასევე, საქმეზე დამდგარი შედეგისა და დაკმაყოფილებული მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროს 50 000 ლარის გადახდა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული ოდენობა არის გონივრული, სამართლიანი და შეესაბამება როგორც მხარეთა შორის დადებულ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებას, ისე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს ამგვარი საფუძვლები, შესაბამისად, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის გაუქმების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიული მომსახურების ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯის - 50 000 ლარის გადახდა.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი


საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ლ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ.ჭ–ძის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის გაუქმების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. ლ.ჭ–ძის მოთხოვნა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. შპს „ ჭ–ის ...“-ს ლ.ჭ–ძის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 50 000 ლარის გადახდა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ნ. ბაქაქური


მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი


ე. გასიტაშვილი