Facebook Twitter

საქმე №ას-6-2022 31 მაისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ.ჭ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჭ–ძის ..” (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ლ.ჭ–ძეს (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“), ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ყ..“-ის თავმჯდომარეებს - ზ.შ–იას, ე.მ–ს, გ.ი–ძეს და შპს „ჭ–ძის ..“-ს (შემდგომში - „მოპასუხე“) შორის 2016 წლის 30 ივნისს დაიდო მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

1.1. ვინაიდან მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა სამოქალაქო სარჩელი (საქმის N2/9934-14), რომლითაც ითხოვდა: მენაშენეთა ამხანაგობა „ყ..“-ის 05.04.2013 წლის და 06.04.2013 წლის კრებების გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას, იბა „ყ..“-სა და მოპასუხეს შორის 2013 წლის 17 აპრილს დადებული გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობას, შპს „ბ–ს“ გარიცხვას ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობიდან, მოსარჩელისათვის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის - 2 000 000 ლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრებას და დასახელებული სარჩელის უზრუნველსაყოფად დავის დასრულებამდე მოპასუხეს ეკრძალებოდა მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის, ფართობი 3 500 კვ.მ, ს.კ. N......., გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; ასევე, ვინაიდან მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა ადმინისტრაციული სარჩელი (საქმის N3/7721-15), რომლითაც ითხოვდა მოპასუხესა და ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ყ..“-ს შორის დადებული უძრავი ქონების განვადებით ნასყიდობისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას, რომლითაც დარეგისტრირდა მოპასუხის საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე: ფართობი 3 500 კვ.მ, ს.კ. N....... და ვინაიდან ხსენებული სარჩელის უზრუნველსაყოფად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ფართობი 3 500 კვ.მ, ს.კ. ........, მესაკუთრის ცვლილების და უფლებრივად დატვირთვის რეგისტრაცია (პრეამბულა), მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, გადაეცა მოსარჩელისათვის მიწის ნაკვეთზე: ფართობი 3 500 კვ.მ, ს.კ. N........, მის მიერ ასაშენებელი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან 650 კვ.მ საცხოვრებელი ფართი (პუნქტი 1). იმავე მორიგების აქტის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ბინები უნდა ყოფილიყო თეთრი კარკასის მდგომარეობაში;

1.2. მორიგების აქტის მე-3 პუნქტის მიხედვით, მორიგების აქტის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია მოხდებოდა პრეამბულაში დასახელებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმებისა და მათ საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიწის ნაკვეთზე: ფართობი 3 500 კვ.მ, ს.კ. ........., რეგისტრირებული ყადაღისა და აკრძალვის ვალდებულების რეგისტრაციის გაუქმებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში;

1.3. მორიგების აქტის მე-4 პუნქტის მიხედვით, მოპასუხე მოსარჩელეს ფინანსური კომპენსაციის სახით გადასცემდა 150 000 ლარს მორიგების აქტზე ხელმოწერიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში;

1.4. მორიგების აქტის მე-7 პუნქტის თანახმად, მორიგების აქტით განსაზღვრული უძრავი ქონების გადაცემისა და ფულადი თანხის მიღების სანაცვლოდ მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას, უარი ეთქვა ნებისმიერ მოთხოვნასა და პრეტენზიაზე ამხანაგობა „ყ..“-ის, მისი წევრებისა და მოპასუხის მიმართ. მოსარჩელის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა ჩაითვლებოდა მის მიერ ვალდებულების დარღვევად და მორიგების აქტით განსაზღვრული შედეგები მოჰყვებოდა;

1.5. მორიგების აქტის მე-8 პუნქტის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, უარი ეთქვა პრეამბულაში დასახელებულ ადმინისტრაციულ სარჩელზე და მოეთხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის იმ განჩინების გაუქმება, რომლითაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა მოპასუხის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე: მიწის ნაკვეთის ფართობი 3 500 კვ.მ, ს.კ. .........., მესაკუთრის ცვლილების და უფლებრივად დატვირთვის რეგისტრაცია;

1.6. მორიგების აქტის მე-10 პუნქტის თანახმად, შეთანხმების სრულყოფილად და წარმატებით შესრულების მიზნით, მოსარჩელემ უარი განაცხადა მოპასუხეს წაუყენოს რაიმე მოთხოვნა ან/და პრეტენზია და სარჩელი, რაც დაკავშირებული იქნება: 1) ამ უკანასკნელის საკუთრების უფლებასთან მიწის ნაკვეთზე: ს.კ. .........; 2) გამომდინარეობს მოპასუხესა და ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ყ..“-ს შორის 2013 წლის 17 აპრილს დადებული გადახდის განვადებით უძრავი ქონების ნასყიდობის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან; 3) პირველ ორ პუნქტში დასახელებული უფლებისა და დოკუმენტის საფუძველზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობასთან ან ძალადაკარგულად გამოცხადებასთან.

1.7. მორიგების აქტის მე-11 პუნქტის თანახმად, მის მიერ სარჩელის უფლებით სარგებლობის შემთხვევაში, მოსარჩელემ, როგორც სავარაუდო მოსარჩელემ, წინასწარ განაცხადა უპირობო და გამოუხმობადი უარი გამოიყენოს ნებისმიერი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც: ა) შეეხება მოპასუხეს, ბ) ექნება მზღუდავი ძალა მოპასუხის უფლებამოსილებაზე; გ) რაიმე შემხებლობაში იქნება მიწის ნაკვეთთან - ს.კ. .......; დ) ზიანს მიაყენებს მოპასუხის კანონიერ ინტერესებს;

1.8. შეთანხმების მე-12 პუნქტის თანახმად, მორიგების აქტი წარმოადგენს საკმარის საფუძველს, რომ მე-10 პუნქტში დასახელებული შემთხვევის დადგომისას მოპასუხე ჩაერთოს როგორც მე-3 პირი სამოქალაქო ან ადმინისტრაციულ პროცესში, ხოლო ამ დოკუმენტის, ასევე, მის პირველ პუნქტში დასახელებული უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემისა და მე-4 პუნქტში მითითებული თანხის გადაცემის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა საკმარისი იქნება სასამართლოსთვის დროებითი შეზღუდვის ბრძანების ან/და სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების გასაუქმებლად;

1.9. მორიგების აქტის მე-18 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ შეასრულებს შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებას, შეთანხმების თითოეული დებულება ჩაითვლება ძალადაკარგულად და მათ აღარ ექნებათ მბოჭავი ძალა ხელმომწერი პირების მიმართ. ხოლო, უკვე გადაცემული შესრულება, მათ შორის, ფულადი თანხა და უძრავი ქონება, დაექვემდებარება დაბრუნებას უსაფუძვლო გამდიდრების წესების შესაბამისად.

2. საჯარო რეესტრის ამონაწერებით დგინდება, რომ მოპასუხის საკუთრება რეგისტრირებულია შემდეგ უძრავ ნივთებზე, მდებარე:

- ქ. თბილისი, .........., ბინა N24, 128,20 კვ.მ ფართი, ს.კ. N..........(ამონაწერის მომზადების თარიღი 19.06.2019);

- ქ. თბილისი, .........., ბინა N55, 72,60 კვ.მ ფართი, ს.კ. N.........(ამონაწერის მომზადების თარიღი 18.06.2019);

- ქ. თბილისი, .........., ბინა N74, 54,60 კვ.მ ფართი, ს.კ. N........ (ამონაწერის მომზადების თარიღი 18.06.2019);

- ქ. თბილისი, ........, ბინა N105, 193,80 კვ.მ ფართი, ს.კ. N.........(ამონაწერის მომზადების თარიღი 18.06.2019);

- ქ. თბილისი, ............, ბინა N143, 78,50 კვ.მ ფართი, ს.კ. N.........(ამონაწერის მომზადების თარიღი 18.06.2019);

- ქ. თბილისი, .........., ბინა N146, 59,00 კვ.მ ფართი, ს.კ. N.......(ამონაწერის მომზადების თარიღი 18.06.2019);

- ქ. თბილისი, .........., ბინა N148, 118,70 კვ.მ ფართი, ს.კ. N............ (ამონაწერის მომზადების თარიღი 18.06.2019).

3. მითითებულ უძრავ ნივთებზე რეგისტრირებულია სს „ს.ბ–ის“ იპოთეკის უფლება, იპოთეკის ხელშეკრულება NCAH000191702, რეესტრის ნომერი: 161448627/161448665, დამოწმების თარიღი 22.12.2016, ნოტარიუსი ი. შ–ძე.

4. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ......., 119,40 კვ.მ ფართი, ს.კ. N.........., რეგისტრირებულია ზ.ლ–ძის საკუთრებად; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი 08.01.2019წ.; უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სს „ს.ბ–ის“ იპოთეკის უფლება, იპოთეკის ხელშეკრულება NCAH000191702, რეესტრის ნომერი: 161448627/161448665, დამოწმების თარიღი 22.12.2016, ნოტარიუსი ი. შ–ძე.

5. საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, .........., ბინა N52, 137,40 კვ.მ ფართი, ს.კ. N........, რეგისტრირებულია თ. ჭ–ძის საკუთრებად; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია - შეთანხმება უძრავი ქონების საკუთრების უფლების გადაცემის შესახებ, დამოწმების თარიღი 27.06.2018წ.; უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია სს „ს.ბ–ის“ იპოთეკის უფლება, იპოთეკის ხელშეკრულება NCAH000191702, რეესტრის ნომერი: 161448627/161448665, დამოწმების თარიღი 22.12.2016, ნოტარიუსი ი. შ–ძე.

6. ადმინისტრაციულ საქმეზე (საქმე N3/7721-15) მოსარჩელის სარჩელისა გამო, მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, მესამე პირების - ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ყ..“-ის წევრების - შპს „ბა-ჯოს“, ზ.შ–იას, თ.კ–ის, ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა „ყ..“-ის თავმჯდომარის - გ.ი–ძის და მოპასუხის მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე, შეწყდა საქმის წარმოება მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 04 ივლისის განჩინებით გაუქმდა იმავე სასამართლოს 2015 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის ქ. თბილისში, ......... მდებარე უძრავ ნივთზე (ს.კ. ........, მესაკუთრე - მოპასუხე) მესაკუთრის ცვლილების, უფლებრივად დატვირთვის რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა და მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო სამოქალაქო საქმეზე N2/9934-14 მოსარჩელის სარჩელის გამო, მოპასუხეების - გ.ი–ძის, შპს „ბ–ს“, ვ.ჯ–ის, დ.მ–ისა და მოპასუხის (ა.გ–ი) მიმართ, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ხელშეკრულებების ბათილად ცნობის მოთხოვნით, შეწყდა საქმის წარმოება.

8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 15.06.2016წ. N102016179544/3 გადაწყვეტილებით უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს.კ. N......, დარეგისტრირდა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გაუქმება, საფუძველი განჩინება N2/99..-14, 02.06.2015წ.

9. მოსარჩელემ 06.04.2017 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში წარადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ 28.10.2016წ. N2/99..-14 განჩინების ბათილად ცნობა.

10. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ და მოითხოვა:

- მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებული - 512,60 კვ.მ საცხოვრებელი ფართი, მდებარე: ქ. თბილისი, .......... N8 (ს.კ. ..........), 2016 წლის 30 ივნისის მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თეთრი კარკასის მდგომარეობით (ბინები საკადასტრო კოდებით: N........; N........; N..........; N.......) და 5 ავტოსადგომი. აღნიშნული ფართები მოსარჩელეს გადაეცეს იპოთეკისგან თავისუფალ მდგომარეობაში;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 150 000 ლარის გადახდა;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის - 150 000 ლარის 11,5%-ის გადახდა 2016 წლის 02 ივლისიდან, რაც შეადგენს 51 750 ლარს;

- მოსარჩელემ ასევე მოითხოვა იურიდიული მომსახურების ხარჯის - 23 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

11. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 15 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

- მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა მოპასუხის საკუთრებაში არსებული 512,60 კვ.მ საცხოვრებელი ფართის ბინები: ს.კ. N.........; ს.კ. N........; ს.კ. N...........და ს.კ. N...........(თეთრი კარკასის მდგომარეობით) და 5 ავტოსადგომი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, .........;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 150 000 ლარის გადახდა;

- მოსარჩელის მოთხოვნა უძრავი ქონების იპოთეკისგან გათავისუფლებისა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

- მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯის გადახდა 5 482,20 ლარის ოდენობით.

13. მხარეებმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინეს სააპელაციო საჩივრები. მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწლობრივ გაუქმება და მიუღებელი შემოსავლისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკაყოფილება მოითხოვა; ხოლო, მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ხოლო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა 5 ავტოსადგომის გადაცემის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი 5 ავტოსადგომის (მდებარე: ქ. თბილისი, .........) გადაცემის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.

15. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-9 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

16. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული დავის ფარგლებში სადავოა მოპასუხის მიერ მორიგების აქტით შეთანხებული პირობების ჯეროვანი შესრულება. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულა მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებები და მის მიერ გადასაცემი ფართიდან მოსარჩელის შვილიშვილს - თამარ ჭ–ძეს საკუთრებაში გადასცა მხოლოდ 137,4 კვ.მ ფართის მქონე ინდივიდუალური ბინა (ს.კ. .........), ხოლო დანარჩენი უძრავი ქონება მოსარჩელეს არ გადასცემია. ასევე, მოსარჩელის მტკიცებით, ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, გარდა საცხოვრებელი ფართებისა, მოსარჩელისათვის გადაეცა ავტოფარეხები. მოსარჩელე აგრეთვე მოითხოვს მორიგების აქტით შეთანხმებული 150 000 აშშ დოლარის გადაცემას; აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხე სადავოდ ხდის სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებას და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის შეთანხმება კონკრეტული უძრავი ნივთების (ს.კ. N...........; N.........; N........; N.......) გადაცემაზე არ მომხდარა, მორიგების აქტით განისაზღვრა მხოლოდ გადასაცემი ფართის ოდენობა. ამავდროულად, მოპასუხე უარყოფს ავტოფარეხებთან მიმართებით შეთანხმების არსებობას და მიუთითებს მისი მხრიდან ფულადი ვალდებულების შესრულებაზე.

17. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.2, 319.1 მუხლებით და მორიგების აქტის შინაარსისა და საქმეში მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, გამართლებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა საცხოვრებელი ფართების გადაცემის ნაწილში. სასამართლოს განმარტებით, კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს მორიგების აქტის პირველი პუნქტიდან, რომლის შესაბამისად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, მოსარჩელისათვის გადაეცა მშენებარე კორპუსის (ს.კ. .........) ფარგლებში 650 კვ.მ საცხოვრებელი ფართი. მორიგების აქტის დადების დროისათვის საცხოვრებელი სახლი იყო ასაშენებელი და, შესაბამისად, მხარეები ვერ შეძლებდნენ კონკრეტული ბინების მითითებას, ხოლო მოსარჩელისათვის გადასაცემი საცხოვრებელი ფართის ოდენობა - 650 კვ.მ შეთანხმებაში ნათლად და გარკვევით არის მითითებული.

18. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, დადგენილია, რომ მხარეებმა წერილობით გაფორმებული მორიგების აქტით დეტალურად განსაზღვრეს ორმხრივი ვალდებულებები. აღნიშნულის პარალელურად, მოსარჩელის მტკიცება, რომ თითქოს ზეპირი ფორმით განხორციელდა ავტოფარეხებთან მიმართებით შეთანხმება ვერ იქნება გაზიარებული სათანადო მტკიცებულებების არარსებობის საფუძვლით. მოპასუხე უარყოფს ავტოფარეხების გადაცემის თაობაზე შეთანხმების არსებობას, შესაბამისად, მოსარჩელის ზეპირი განმარტება შეთანხმების არსებობის დასადასტურებლად სათანადო და საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა არაერთი დავა და მორიგების აქტის გაფორმების გზით წერილობით დარეგულირდა მათ შორის ურთიერთობა. ამასთან, რადგანაც მორიგების აქტი ძირითადად შეეხებოდა საცხოვრებელ ფართს, აღნიშნულში ავტოფარეხი ვერ მოიაზრება.

19. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლით და აღნიშნა, რომ მორიგების აქტის მე-4 პუნქტით მოპასუხემ იკისრა მოსარჩელისათვის 150 000 ლარის გადაცემის ვალდებულება, რომლის გადახდის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებაც მას არ წარუდგენია. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მითითება თანხის გადახდის ვალდებულების სრულად შესრულების თაობაზე.

20. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზოგადი პრინციპის თანახმად, მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნისას მოსარჩელეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების (მტკიცების საგანი), ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი (მტკიცების ტვირთი). შესაბამისად, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლის სახით, მას იმგვარი მტკიცებულებები უნდა წარედგინა, რომელიც შექმნიდა ობიექტურ, რეალურ სურათს ასეთი შემოსავლების მიღებასთან დაკავშირებით და არა ვარაუდს, ალბათობას, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი მხოლოდ იმ შემოსავლის ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც ობიექტური მოცემულობითაა ნაკარნახევი და არა კრედიტორის სუბიექტური შეფასებით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს არ წარუდგენია იმგვარი მტკიცებულებები, (მაგ. ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მას კონკრეტულ ბანკში კონკრეტული პირობებით გახსნილი აქვს ანაბარი), რომლებიც სასამართლოს დაარწმუნებდა მის მიერ მითითებული შემოსავლის მიღებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მითითება, რომ წერილობით აცნობა მოპასუხეს მისაღები თანხის ბანკში განთავსებისა და სარგებლის მიღების თაობაზე, მიუღებელი შემოსავლის დადასტურებისათვის საკმარის საფუძვლად ვერ მიიჩნევა. მოსარჩელეს ევალებოდა სათანადოდ დაედასტურებინა, რომ თანხის მიღების პირობებში იგი მიიღებდა შემოსავალს წლიური 11,5%-ის ოდენობით.

21. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის ანაზღაურებული იურიდიული მომსახურების ხარჯი - 5 482,20 ლარი გონივრულ შესაბამისობაშია წინამდებარე დავის საგანთან და უზრუნველყოფს სსსკ-ის 53.1 მუხლით დადგენილ ფარგლებში ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას.

22. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ავტოსადგომების, მიუღებელი შემოსავლისა და იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

23. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

23.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა,რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება მოსარჩელისათვის 5 ავტოფარეხის გადაცემის თაობაზე. საქმეში ავტოსადგომებზე შეთანხმების არსებობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებებია წარდგენილი. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია ან უსაფუძვლოდ არ გაიზიარა საქმეში არსებული სმს და ელ.ფოსტის მიმოწერა, სადაც მხარეები განიხილავენ გადასაცემი ავტოსადგომების საკითხს. ამავე ავტოსადგომებზეა საუბარი მოპასუხის დირექტორისა და პარტნიორების მიმართ გაგზავნილ მოსარჩელის 16.02.2018წ. შეტყობინებაში, რომლითაც ეს უკანასკნელი მისთვის ავტოსადგომების გადაცემას მოითხოვს;

23.2. ზემოაღნიშნულ შეტყობინებაში ასევე მითითებულია, რომ მოსარჩელის მიერ მისაღები 150 000 ლარი (რაც მოპასუხეს დაეკისრა) საბანკო ანგარიშზე უნდა გათავსებულიყო, რომელსაც პროცენტი დაერიცხებოდა, ხოლო ამ თანხებით (ძირითადი თანხა და სარგებელი) საცხოვრებელი ბინების სარემონტო სამუშაოები განხორციელდებოდა. სწორედ აღნიშნული საბანკო პროცენტი წარმოადგენს მიუღებელ შემოსავალს, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით წლიურ 11,5%-ს შეადგენს.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 25 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებია.

26. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, დასაშვებია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

28. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს.

29. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ზემოაღნიშნულ ნაწილში განხილულ უნდა იქნას საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე.

30. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში, არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

32. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

33. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების პირობების შესრულება, ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. იმავე კოდექსის 319.1 მუხლი ადგენს სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპს, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძოსამართლებრივი გარიგების მონაწილეები კანონის ფარგლებში უფლებამოსილი არიან თავისუფლად დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას, ანუ მოქმედებს პრინციპი – „ნებადართულია, რაც აკრძალული არ არის“.

35. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

36. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე Nას-8..-8..-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; Nას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).

37. წინამდებარე საქმეში სადავო არ არის, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 30 ივნისს გაფორმებული მორიგების აქტი არ შეიცავს დათქმას მოსარჩელისათვის ხუთი ავტოსადგომის გადაცემის შესახებ. აღნიშნულის თაობაზე შეთანხმების არსებობის ფაქტი არც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით დასტურდება. ხოლო, ის გარემოება, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა მსჯელობა მოსარჩელისათვის ავტოსადგომების გადაცემის თაობაზე, არ ადასტურებს, რომ საბოლოოდ აღნიშნულ საკითხზე შეთანხმება შედგა. შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი მართებულად არ დაკმაყოფილდა.

38. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.

39. უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ „მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (იხ. სუსგ საქმე Nას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; Nას-945-895-2015, 14 მარტი, 2016 წელი).

40. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს მორიგების აქტის მე-4 პუნქტით განსაზღვრული 150 000 ლარი მოსარჩელისათვის ფინანსური კომპენსაციის სახით უნდა გადაეცა. საქმეში არ არის წარდგენილი იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს დასაბუთებულ ვარაუდს მაინც შეუქმნიდა, რომ მოსარჩელის მიზანს ამ თანხის ბანკში ანაბარზე განთავსება და ამ გზით სარგებლის მიღება წარმოადგენდა. კასატორის განმარტებით, აღნიშნული თანხა მას საცხოვრებელი სახლების გარემონტებისთვის უნდა გამოეყენებინა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელია და ის ასევე მართებულად არ დაკმაყოფილდა.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

42. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

43. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

44. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

45.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით, 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ლ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნობილ იქნას დასაშვებად;

2. ლ.ჭ–ძის საკასაციო საჩივარი დანარჩენ ნაწილში, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

3. საქმის განხილვა დაინიშნოს ზეპირი მოსმენის გარეშე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის შემდეგი შემადგენლობით: ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი), მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი;

4. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი