საქმე №ა-4514-შ-125-2023 30 აპრილი, 2024 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „პ.მ. და ქ.ფ.- უ–ნა“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.ქ–ი“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №115/2022)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით (საქმე №115/2022) (შემდგომში - „საარბიტრაჟო გადაწყვეტილება“) შპს „ჯ.ქ–ს“ (საქართველო, 0190, თბილისი, ........., საიდენტიფიკაციო კოდი: ..........) (შემდგომში - „მოწინააღმდეგე მხარე“) შპს „პ.მ. და ქ.ფ.- უ–ას“ (უ –ნა, ......., ქ. ლუცკი, .........., იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი: ........) (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული საქონლისათვის 141 364,97 აშშ დოლარის დავალიანების და საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ხარჯების ასანაზღაურებლად, 8490,95 აშშ დოლარის, ჯამში, 149 855,92 აშშ დოლარის გადახდა.
2. შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა - ადვოკატმა მ.მ–მა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით შპს „პ.მ. და ქ.ფ.- უ–ს“ შუამდგომლობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
4. ზემოაღნიშნული განჩინება, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა 2023 წლის 24 ოქტომბერს და ამავე წლის 25 ოქტომბერს მოწინააღმდეგე მხარის სარეგისტრაციო მისამართზე - თბილისი, ........, ჩაბარდა კომპანიის მენეჯერს.
5. 2023 წლის 7 ნოემბერს მოწინააღმდეგე მხარის კომერციულმა დირექტორმა - შოთა ხიზანიშვილმა წარმოადგინა წერილობითი მოსაზრება (პასუხი) და მოითხოვა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე დაყრდნობით:
5.1. 2019 წელს მსოფლიოში შექმნილმა სიტუაციამ, რაც გამოწვეული იყო პანდემიით, მკვეთრად გააუარესა და დააზიანა ბიზნეს-გარემო. მოპასუხე კომპანიაც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. ასევე დიდი გავლენა იქონია რუსეთ-უკრაინის ომმაც;
5.2. ყველა არსებული პრობლემის მიუხედავად, მოპასუხე კომპანიას არც უფიქრია პარტნიორის წინაშე აღებული ვალდებულებების უგულებელყოფა. 2022 წლის აგვისტო-სექტემბრის თვეში ორივე კომპანიის ხელმძღვანელთა მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ დარჩენილი დავალიანებების დაფარვა მოხდებოდა 2023 წლის ბოლომდე. ზემოაღნიშნული შეთანხმების შემდგომ, მოპასუხის მხრიდან სრულდებოდა აღებული ვალდებულება და გრაფიკით ხდებოდა თანხის გადარიცხვა;
5.3. მიუხედავად ამისა, შუამდგომლობის ავტორმა მაინც აღძრა საარბიტრაჟო სარჩელი მთლიან თანხაზე. აღნიშნულ საქმეზე 2023 წლის 24 იანვარს ჩაინიშნა სხდომა, სადაც შუამდგომლობის ავტორმა აღიარა თანხის ნაწილის ჩარიცხვა და დავალიანება დაკორექტირდა 141 364,97 აშშ დოლარამდე, ასევე კომპანიის მენეჯმენტის მიერ შეთავაზებულ იქნა თანხის განწილვადება და გადახდის გრაფიკი;
5.4. 2023 წლის 24 იანვრის შემდგომ სატელეფონო კომუნიკაციისას მხარეთა შორის შედგა შეთანხმება თანხის ეტაპობრივად ჩარიცხვისა და დავალიანების დაფარვის შესახებ. მოპასუხე კომპანია თავს არ არიდებს წარმოშობილ ვალდებულებებს და დავალიანებას ფარავს ეტაპობრივად, შეთანხმებისამებრ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „პ.მ. და ქ.ფ. უ–ას“ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს.
7. „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44.1. მუხლის თანახმად, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით. საქართველოში გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის მიზნებისათვის უფლებამოსილ სასამართლოდ ითვლება სააპელაციო სასამართლოები, ხოლო საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით – საქართველოს უზენაესი სასამართლო.
8. უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების 1958 წლის ნიუ-იორკის კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, ყოველი ხელშემკვრელი სახელმწიფო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებებს ცნობს როგორც სავალდებულოს და აღასრულებს მათ იმ ტერიტორიის პროცესუალური ნორმებით, სადაც მოითხოვება ამ გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, ქვემოჩამოთვლილ მუხლებში ჩამოყალიბებული პირობებით.
9. ცნობა და აღსრულება ანიჭებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას იურიდიულ ძალას იმ ქვეყანაში, სადაც არ გამოტანილა ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება (იხ. სუსგ საქმე №ა-2367-შ-70-2022, 20 ნოემბერი, 2023 წელი). საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხზე მსჯელობისას საკასაციო სასამართლო საარბიტრაჟო გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად (იხ. სუსგ საქმე №ა-3151-შ-83-2016, 1 თებერვალი, 2017 წელი). revision au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილი პრინციპი კატეგორიულად უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს თუ არბიტრაჟის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (შედ. იხ. სუსგ საქმე №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი).
10. სამოქალაქო საქმეთა პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული საქონლისათვის 141 364,97 აშშ დოლარის დავალიანების და საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ხარჯების ასანაზღაურებლად, 8490,95 აშშ დოლარის, ჯამში, 149 855,92 აშშ დოლარის გადახდა; საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა მისი მიღების დღიდან, არის საბოლოო და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას; ამასთან, მოპასუხე ინფორმირებული იყო საარბიტრაჟო განხილვის თაობაზე.
11. საარბიტრაჟო გადაწყვეტილებიდან და შუამდგომლობაზე დართული 2019 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებიდან ირკვევა, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს (ქ. კიევი) კომპეტენცია მხარეთა მიერ შეთანხმებული იყო მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების 9.4. პუნქტით [მხარეთა მიერ პირველი მოლაპარაკების დღიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში ყველა დავა, უთანხმოება თუ მოთხოვნა, რაც თავს იჩენს წინამდებარე კონტრაქტიდან ან მასთან დაკავშირებით, მათ შორის, მის დასადებად, განმარტებისათვის, შესრულებისათვის, დარღვევის, შეწყვეტისა თუ ბათილობისათვის, ექვემდებარება მოგვარებას უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულ საერთაშორისო კომერციულ საარბიტრაჟო სასამართლოში (კიევში) აღნიშნული სასამართლოს წესების, რეგლამენტისა და პროცედურის შესაბამისად].
12. ნიუ-იორკის კონვენციის მე-5 მუხლი, ისევე როგორც „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლი, ამომწურავად განსაზღვრავს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს. შუამდგომლობის ავტორს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარი შეიძლება ეთქვას იმ მხარის მოთხოვნით, რომლის წინააღმდეგაც არის იგი მიმართული. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრება მტკიცების ტვირთი და მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა, თუ მოწინააღმდეგე მხარე დაადასტურებს, რომ არსებობს ნიუ-იორკის კონვენციის 5.1. მუხლითა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი. ნიუ-იორკის კონვენციის 5.2. მუხლი და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლებს, რომლებიც სასამართლომ საკუთარი ინიციატივით (ex officio) უნდა შეაფასოს, კერძოდ, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე შეიძლება უარის თქმა, თუ სასამართლო დაადგენს, რომ: საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.
13. სამოქალაქო საქმეთა პალატა აღნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებზე. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები. მოწინააღმდეგე მხარის მხოლოდ ზეპირი შედავება, რომ მის მიერ ხდება დავალიანების ეტაპობრივად დაფარვა, როდესაც მას არ წარმოუდგენია გადახდის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, არ წარმოადგენს საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველს.
14. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის ავტორის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №115/2022).
15. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორს შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 150 ლარი. სსსკ-ის 53.1. მუხლიდან გამომდინარე [იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან], მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს შუამდგომლობის ავტორის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 150 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „პ.მ. და ქ.ფ- უ–ას“ შუამდგომლობა უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების (საქმე №115/2022) ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება (საქმე №115/2022), რომლითაც შპს „ჯ.ქ–ს“ (საქართველო, 0190, თბილისი, .........., საიდენტიფიკაციო კოდი: .......) შპს „პ.მ. და ქ.ფ- უ–ას“ (უკრაინა, 43023, ქ. ლუცკი, ......სახლი 3, იურიდიული პირის საიდენტიფიკაციო კოდი: ......) სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული საქონლისათვის 141 364,97 აშშ დოლარის დავალიანების და საარბიტრაჟო მოსაკრებლის გადახდის ხარჯების ასანაზღაურებლად, 8490,95 აშშ დოლარის, ჯამში, 149 855,92 აშშ დოლარის გადახდა;
3. შპს „ჯ.ქ–ს“ შპს „პ.მ. და ქ.ფ.- უ–ას“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი