საქმე №ას-97-2024 26 აპრილი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, საკუთრების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ვ.მ–მა (შემდეგში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.მ–ის (შემდეგში „მოპასუხე“) მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და საკუთრების დაბრუნების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განჩინებით ნ.მ–ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. კასატორს დაევალა მოცემული განჩინების ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (დღეის მდგომარეობით) დამადასტურებელი დოკუმენტი და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობის სარწმუნოდ დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა მის გადახდისუუნარობაზე.
ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება და აღნიშნა, რომ კასატორი არ იმყოფება საქართველოში და ვერ მოახერხა მასთან კომუნიკაცია ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში. მან ასევე აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების განსაზღვრა უნდა მოხდეს სპეციალისტის მიერ, რაც გარკვეულ დროსთან და ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა ხარვეზის ვადის გაგრძელება 20 დღით აუდიტის დასკვნისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის ან კასატორის გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოსადგენად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებით ნ.მ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 20 (ოცი) დღით.
სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა კვლავ მომართა უზენაეს სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით და აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივრის საგნის რეალური საბაზრო ღირებულება 35 000 აშშ დოლარია, შესაბამისად გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარამდეა. ამასთან, კასატორის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კასატორი ამჟამად იმყოფება საბერძნეთში, იგი ორ კვირაში ბრუნდება საქართველოში და თვითონ გადაიხდის სახელმწიფო ბაჟს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა ხარვეზის ვადის კიდევ ორი კვირით გაგრძელება ქონების შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის კვლავ გაგრძელების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებით ნ.მ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. კასატორს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 20 (ოცი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (დღეის მდგომარეობით) დამადასტურებელი დოკუმენტი და მასში მითითებული ღირებულების 5%-ის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი ან კასატორის მძიმე ფინანსური მდგომარეობის სარწმუნოდ დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებდა მის გადახდისუუნარობაზე.
სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დაწესებულ ვადაში კასატორის წარმომადგენელმა კვლავ მომართა უზენაეს სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით.
განმცხადებელმა აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივრის საგნის რეალური საბაზრო ღირებულება 35 000 აშშ დოლარია, შესაბამისად გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარამდეა. ამასთან, კასატორის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ კასატორი ამჟამად იმყოფება საბერძნეთში, იგი ორ კვირაში ბრუნდება საქართველოში და თვითონ გადაიხდის სახელმწიფო ბაჟს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა ხარვეზის ვადის კიდევ ორი კვირით გაგრძელება ქონების შეფასების დამადასტურებელი დოკუმენტისა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოსადგენად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორის წარმომადგენელი შუამდგომლობს საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების თაობაზე ისე, რომ არ წარმოუდგენია განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის შესაბამისად, კვლავ გაეგრძელებინა მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა.
გარდა ამისა, საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ერთხელ უკვე იმსჯელა კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობაზე საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და 2024 წლის 7 მარტის განჩინებით დააკმაყოფილა იგი და კასატორს გაუგრძელა საპროცესო ვადა ხარვეზის შევსებისათვის. ამავე განჩინებით კასატორს განემარტა, რომ თუ მითითებულ ვადაში ხარვეზი სრულყოფილად არ გამოსწორდებოდა, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესის მონაწილე მეორე მხარის ინტერესის შელახვა. მოცემულ საქმეში დადგენილია, რომ საკასაციო საჩივარზე სასამართლოს მიერ ხარვეზის დადგენიდან (2024 წლის 7 თებერვალი) გასულია 60 დღეზე მეტი, რაც გონივრული ვადაა სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხების მოძიებისათვის და საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების (დღეის მდგომარეობით) დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოსადგენად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს მხარეს კვლავ გაუგრძელოს ხარვეზის შევსებისათვის მის მიერ განსაზღვრული დრო.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმის გათვალისწინებით, რომ კასატორის მიერ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი გამოსწორებული არ არის, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ნ.მ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური