Facebook Twitter

საქმე №ას-211-2024 26 აპრილი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, მეიჯარე ან სამინისტრო) სარჩელი შპს „დ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, მოიჯარე ან კომპანია) წინააღმდეგ, თანხის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება და მოსარჩელე სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საიჯარო ქირის - 7 687.5 ლარის გადახდა დაეკისრა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს ანაზღაურება 2020 წლის 20 აპრილის მდგომარეობით გადასახდელი საიჯარო ქირის - 7 687.5 ლარის 0.05 %-ის ოდენობით, ყოველდღიურად 90 დღის განმავლობაში, რაც ჯამში 345,94 ლარს შეადგენს; სამინისტროს სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფ. ........, 21 876 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ს.კ......;

3.2. მოპასუხე კომპანიამ 2017 წლის 11 მაისს წერილით მიმართა მოსარჩელე სამინისტროს და აცნობა, რომ ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის პროცესში მოპასუხემ მიიღო გზის პროექტის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების უფლება. პროექტისათვის აუცილებელი იყო სამშენებლო მასალების წარმოება, სასაწყობე მეურნეობები, ასევე, სხვა ტექნიკური და მატერიალური საშუალებები უნდა ყოფილიყო ხელმისაწვდომი. იგი უნდა ყოფილიყო შემოვლით გზასთან ახლოს. პროექტისათვის აუცილებელი იყო ქვის სამსხვრევი დანადგარისა და ბეტონის ქარხნის მოწყობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა ბეტონის წარმოება;

3.3. მოპასუხე კომპანიამ საჭირო რესურსების უზრუნველსაყოფად მოითხოვა №....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის გამოყოფა და ქვის სამსხვრევი დანადგარისა და ბეტონის ქარხნის განთავსებისათვის გრძელვადიანი იჯარით მისთვის გადაცემა;

3.4. სამინისტრომ 2017 წლის 19 ივნისის №01-3/244 ბრძანებით პირობიანი ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ........ში მდებარე 21 876 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე მდებარე 1 274,54 კვ.მ შენობა-ნაგებობის სარგებლობის უფლებით იჯარით გადაცემაზე. საიჯარო პირობას წარმოადგენდა: იჯარად განსაზღვრული 30 750 ლარის გადახდა ყოველ მესამე თვეში თანაბარი გადანაწილებით; გადაცემულ ქონებაში 12 თვის ვადაში საწარმოს ამოქმედება; საწარმოს ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს არანაკლებ 25 მოქალაქის დასაქმება; არაუგვიანეს 12 თვის ვადაში არანაკლებ 700 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება; ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შეტყობინების მიღებიდან ერთ თვეში, საიჯარო ქონების დაბრუნება;

3.5. ზემოაღნიშნულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მოპასუხე კომპანია, რის შედეგადაც 2017 წლის 19 ივლისს მოიჯარესა (მოპასუხე) და მეიჯარეს (მოსარჩელე) შორის გაფორმდა აჭარის არ საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის (იჯარის ფორმით) შესახებ N311 ხელშეკრულება (შემდეგში: იჯარის ხელშეკრულება), რომლითაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ........ში მდებარე 21 876 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 1 274,54 კვ.მ შენობა-ნაგებობა მოპასუხეს იჯარით 2027 წლის 4 ივლისამდე ვადით გადაეცა (3, 5 მუხლები);

3.6. იჯარის წლიური გადასახადი შეადგენდა 30 750 ლარს, რაც მოიჯარეს ხელშეკრულების გაფორმებიდან თანაბარწილად ყოველ მე-3 თვეს უნდა გადაეხადა (4.1-4.2 მუხლები);

3.7. მეიჯარე ვალდებული იყო: ა) გადაეცა მოიჯარესათვის ქონება; ბ) მოიჯარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში და იმ შემთხვევაში, თუ მოიჯარე მეიჯარეს წარუდგენდა შესაბამის აუდიტორულ დასკვნას, გაეგზავნა ,,მოიჯარისათვის" ოფიციალური შეტყობინება და დაედასტურებინა, რომ მოიჯარემ სრულად, სათანადოდ და დროულად შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; გ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე განეხორციელებინა ყველა სახის ქმედება და მიეღო შესაბამისი ზომები წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებასთან და მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით (6.1 მუხლი);

3.8. მოიჯარემშემდეგი ვალდებულებები იკისრა: ა) ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამინისტროს შეტყობინების მიღების დღიდან ერთ თვეში გამოეთავისუფლებინა საიჯარო ქონება. ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდებოდა; ბ) წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში აემოქმედებინა გადაცემულ ქონებაზე საწარმო; გ) საწარმოს ამოქმედებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაესაქმებინა არანაკლებ 25 (ოცდახუთი) საქართველოს მოქალაქე. შეენარჩუნებინა დასაქმებულთა პროფილი და დასაქმებულთა რაოდენობა სარგებლობის ვადით; დ) აღნიშნული პროექტის ფარგლებში არაუგვიანეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში განეხორციელებინა არანაკლებ 700 000 (შვიდასი ათასი) ლარის ინვესტიცია; ე) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასადასტურებლად წარედგინა შესაბამისი აუდიტორული დასკვნები, რომლებიც შედგენილი უნდა ყოფილიყო იმ აუდიტის/აუდიტორული კომპანიის მიერ, რომელიც "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ" საქართველოს 2016 წლის 8 ივნისის N5386 კანონის შესაბამისად რეგისტრირებული იყო აუდიტორების/აუდიტორული (აუდიტური) ფირმების სახელმწიფო რეესტრში და უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა აუდიტორული საქმიანობა (მომსახურება); ვ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე მოხოვნისთანავე (არანაკლებ წელიწადში ერთხელ) წარედგინა ინფორმაცია ,,მეიჯარისათვის"; ზ) აენაზღაურებინა მეიჯარისათვის ქონების მდგომარეობის გაუარესებით გამოწვეული ზიანი, ამასთან, ნორმალური ცვეთა მხედველობაში არ მიიღებოდა; თ) შეენახა ქონება სათანადო სამსახურების მიერ დადგენილ მოთხოვნათა შესაბამის მდგომარეობაში და არ შეეშალა ხელი მათ მიერ ინსპექციის ჩატარებას; ი) გადაეხადა ხელშეკრულების სანოტარო დადასტურების, საჯარო რეესტრში რეგისტრაციისა და ამისათვის აუცილებელი საბუთების წარდგენის ხარჯები (6.3 მუხლი);

3.9. წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, "მოიჯარეს" ეძლეოდა წერილობითი გაფრთხილება, რომელშიც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების გონივრული ვადა და დაჯარიმდებოდა: ა) საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში - გადასახდელი ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; გ) ხელშეკრულებით ნაკისრი სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში - თითოეულ დარღვევაზე წლიური საიჯარო ქირის 0,05%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (6.6 მუხლი);

3.10. ხელშეკრულებით დადგენილი იჯარის ვადის გასვლის ან/და მეიჯარის მიერ მისი გაუქმების შემთხვევაში იჯარით გადაცემული ქონება დაუბრუნდებოდა მეიჯარეს (8.1 მუხლი). თუკი მოიჯარე ურთიერთობის დამთავრების შემდგომ არ დააბრუნებდა იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეეძლო მოეთხოვა დათქმული ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეეძლო მოეთხოვა სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც (8.2 მუხლი);

3.11. ხელშეკრულების პირობების შეცვლა, ნებისმიერი ცვლილება ან/და დამატება იჯარის ხელშეკრულებაში შეიძლებოდა შეტანილიყო მხარეების მიერ ორმხრივი წერილობითი, ნოტარიულად დადასტურებული შეთანხმების საფუძველზე. აღნიშნული ცვლილება ან/და დამატება ძალაში იყო მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან (მუხლი 9);

3.12. მხარეები გათავისუფლდებოდნენ წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ შეუსრულებლობა გამოწვეული იქნებოდა დაუძლეველი ძალით, ანუ ისეთი გარემოებებით, რაც მათ კონტროლს არ ექვემდებარებოდა (10.1 მუხლი);

3.13. იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სახელშეკრულებო პირობების შესრულების მიზნით, მოპასუხე კომპანიამ წერილობით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას და ითხოვა ინერტული მასალის გადამამუშავებელი საწარმოს მოწყობასთან დაკავშირებით მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების განსაზღვრა;

3.14. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 24 იანვრის წერილით მოიჯარეს ეცნობა, რომ სამრეწველო საქმიანობისათვის შერჩეულ მიწის ნაკვეთს, მდებარე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ........ში (ს/კ .......), ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 28 სექტემბრის №53 განკარგულებით მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1-ის (სსზ-1) სტატუსი, რის გამოც ამ ტერიტორიაზე სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება დაუშვებელი იყო;

3.15. ზემოაღნიშნული პრობლემის შესახებ კომპანიის დირექტორმა 26.01.2018 წ. განცხადებით აცნობა სამინისტროს და სთხოვა მათ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების ვადების, მათ შორის, საიჯარო ქირისა და ხელშეკრულების 6.3 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შეჩერება;

3.16. ამასთან, მოიჯარემ მეიჯარეს აცნობა, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მათ განახორციელეს მთელი რიგი მოსამზადებელი სამუშაოები (ტერიტორიის მოწესრიგება-დასუფთავება, საწარმოს ტერიტორიაზე შესაბამისი კონსტრუქციებისა და მათი შემადგენელი ნაწილების შეძენა-განთავსება, შესაბამისი ნებართვების აღება, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება);

3.17. მეიჯარეს ასევე ეცნობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათგან დამოუკიდებელი მიზეზებით ვერ განხორციელდებოდა იჯარის ხელშეკრულებით აღებული უძრავი ქონების მიზნობრივად გამოყენება, იძულებული გახდებოდნენ ვადამდე შეეწყვიტათ ხელშეკრულება და მოეთხოვათ ზიანის ანაზღაურება. აღნიშნული წერილი თანდართულ ნებართვებთან ერთად ადრესატს 26.01.2018 წ. ჩაჰბარდა;

3.18. მოიჯარე კომპანიის დირექტორმა 15.02.2018 წელს მეიჯარე სამინისტროს კვლავ აცნობა ზემოაღნიშნული პრობლემის შესახებ და დამატებით მიუთითა, რომ იჯარის საგანი გახდა ნაკლის მქონე, რის გამოც მათ მიერ დაწყებული საწარმოს გამართვის პროცესი იძულებით შეჩერდა. იჯარის საგნისთვის მინიჭებული საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1-ის სტატუსის (სსზ-1) გამო, მოიჯარე უკვე 2 თვეა ვერ ახერხებდა საწარმოს მოწყობას. შესაბამისად, მოიჯარემ მეიჯარისაგან მოითხოვა მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების 6.1.,,გ“ მუხლის შესაბამისად, საიჯარო ქირის მესამე ნაწილის გადახდამდე არაუგვიანეს ამა წლის 15 მარტამდე, იჯარის საგნის ნაკლის გამოსწორება და მოიჯარისათვის გადაცემული ქონებისათვის მინიჭებული ზონის სტატუსის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიჯარე აფრთხილებდა მეიჯარეს, რომ იძულებული იქნებოდა, გასულიყო ხელშეკრულებიდან და მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

3.19. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ 2018 წლის 15 მარტამდე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ........ში მდებარე #...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს (იჯარის საგანი) სტატუსი არ შეცვლია;

3.20. მოიჯარე კომპანიის დირექტორმა 10.07.2018 წელს მესამედ აცნობა და გააფრთხილა მეიჯარე სამინისტრო, გამოესწორებინათ საიჯარო საგნის ნაკლი 2018 წლის 31 ივლისამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოიჯარე იძულებული იქნებოდა, გასულიყო ხელშეკრულებიდან და მოეთხოვა მიყენებული ზიანის ანაზღაურება;

3.21. აღნიშნული წერილების პასუხად სამინისტრომ 08.08.2018 წლის წერილით მოპასუხე (მოიჯარე) კომპანიას აცნობა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2018 წლის 26 ივლისს დაამტკიცა კორექტირებული სივრცითი მოწყობის გეგმა, რომლითაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ........ში მდებარე #......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი მოექცა სამრეწველო ზონაში. მეიჯარემ მოიჯარეს ასევე აცნობა, რომ ხელშეკრულების 6.6 პუნქტის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, მოიჯარეს ერიცხებოდა პირგასამტეხლო, რომელიც მოიცავდა:

ა) ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში საწარმოს ამოქმედების ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, წლიური საიჯარო ქირის 30 750 ლარის 0.05%- ს, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 15,38 ლარს). 2018 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით 19 ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენდა 292,22 ლარს;

ბ) ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში არანაკლებ 700 000 ლარის ინვესტიციის განხორციელების შეუსრულებლობისათვის, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1%-ს, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (დღეში 700 ლარს). 2018 წლის 20 ივლისიდან 2018 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით 19 ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენდა 13 300 ლარს;

3.22. მოიჯარეს, 2018 წლის 7 აგვისტოს მდგომარეობით, ჯამში ერიცხებოდა პირგასამტეხლო 13 592,22 ლარი. მეიჯარე ითხოვდა როგორც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, ასევე - პირგასამტეხლოს გადახდას;

3.23. მოიჯარე კომპანიის დირექტორმა 20.08.2018 წ. და 03.09.2018 წ. წერილებით ითხოვა, მეიჯარე სამინისტროს გაეთვალისწინებინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რამაც მოიჯარისგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხელი შეუშალა ვალდებულებათა შესრულებაში. მიუხედავად ამისა, მოიჯარემ სრულად გადაიხადა საიჯარო გადასახადი და მზად იყო, ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები შეესრულებინა. მოიჯარემ ითხოვა ცვლილებების შეტანა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებთან მიმართებით. ასევე,მოითხოვა პირგასამტეხლოს გაუქმება;

3.24. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ........ში მდებარე ......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთში ინერტული მასალის გადამამუშავებელი საწარმოს არქიტექტურული პროექტი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ შეითანხმა და მშენებლობის ნებართვა ერთი წლის ვადით 2018 წლის 29 აგვისტოს გასცა;

3.25. პარალელურად, მხარეთა შორის წერილობით მიმდინარეობდა მოლაპარაკებები იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადის ცვლილების, მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გაუქმებისა და მოსარჩელე (მეიჯარე) სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, მოიჯარის მიერ საბანკო გარანტიის წარდგენის თაობაზე. შედეგად, 2019 წლის 21 იანვარს, მხარეთა შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება, რომლითაც 2017 წლის 19 ივლისს დადებულ იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილებები იქნა შეტანილი;

3.26. მხარეები შეთანხმდენ, რომ მოიჯარე გადაცემულ ქონებაში 24 თვის ვადაში აამოქმედებდა საწარმოს და არაუგვიანეს 24 თვის ვადაში განახორციელებდა არანაკლებ 700 000 ლარის ინვესტიციას. 2017 წლის 19 ივლისს გაფორმებული იჯარისხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათის განსაზღვრული ჯარიმებისაგან (პირგასამტეხლო) მოიჯარე გათავისუფლდებოდა იმ პირობით, თუ შესრულებული იქნებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. მხარეები ასევე შეთანხმდნენ საბანკო გარანტიის თაობაზე;

3.27. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ 2019 წლის 21 იანვრის შეთანხმებით გათვალისწინებულ ვადაში, ანუ 24 თვეში მოიჯარე კომპანიამ აამოქმედა საწარმო და არანაკლებ 700 000 ლარის ინვესტიცია განახორციელა;

3.28. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოებაც, რომ მოიჯარემ 2019 წლის ოქტომბერში გადასახდელი იჯარის ქირა (6 787,5 ლარი) ნაცვლად 2019 წლის 21 ოქტომბრისა, გადაიხადა 2019 წლის 24 ოქტომბერს, რის გამოც მეიჯარე სამინისტრომ მოიჯარეს მოსთხოვა ხელშეკრულების 6.6 მუხლით გათვალისწინებული იმ პირგასამტეხლოს გადახდა (92 620.96 ლარი), რომლის გადახდისაგან მოიჯარე გათავისუფლებული იყო პირობით, მინისტრის 15.01.1019 წლის N01-013/9 ბრძანების საფუძველზე (იხ. წინამდებარე განჩინების 3.26. ქვეპუნქტი);

3.29. მოიჯარე კომპანიამ 24.03.2020 წ. სამინისტროს N024/20 წერილი გაუგზავნა და აცნობა, რომ პატივსადები, ფორს-მაჟორული ვითარების - პანდემიის გამო, ვინაიდან კომპანია მუშაობდა ზარალზე, ხელშეკრულებიდან გადიოდა ცალმხრივად. მოიჯარემ წერილში მიუთითა, რომ ზარალზე მუშაობის მიუხედავად, თითქმის 3 წლის მანძილზე საიჯარო ქირის გადაუხდელობას ადგილი არ ჰქონია და ამასთანავე, მოიჯარეს სრულად ჰქონდა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. სულ 2017 წლიდან დღემდე (საქმის განხილვის დრომდე) საიჯარო ქირის სახით გადახდილი ჰქონდა 85 000 ლარამდე. თუმცა, პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო, მორიგი გადახდა ვერ განხორციელდებოდა. ამ ეტაპისათვის უკვე გამოცხადებული იყო ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობა და მისი გახანგრძლივების პერიოდის განსაზღვრა შეუძლებელი იყო. მთავრობის რეკომენდაციით მოიჯარე კომპანიას უწევდა სამუშაოების შეჩერება, რათა დაეცვა მათთან მომუშავე პირების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება. ამდენად, ხელშეკრულების 6.4,,ბ“ და 10.3 ქვეპუნქტების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 399-ე მუხლის შესაბამისად, ფორს-მაჟორული გარემოებების გამო, მოიჯარემ ითხოვა ხელშეკრულების მოშლა 2020 წლის 24 მარტიდან. მოიჯარის განმარტებით, საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისად, ერთი თვის ვადაში, არაუგვიანეს 2020 წლის 19 აპრილამდე გაათავისუფლებდა საიჯარო ქონებას. მოიჯარის წერილი სამინისტროს 2020 წლის 26 მარტს ჩაჰბარდა;

3.30. სამინისტრომ კომპანიასთან დადებული იჯარის ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის მიზნით 07.08.2020 წ. დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება;

3.31. სამინისტრომ 29.09.2020 წ. გამოსცა №01-01-3/243 ბრძანება, რომლითაც მოიჯარესთან დადებული იჯარის ხელშეკრულება მოიშალა (გაუქმდა);

3.32. დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ იჯარის წლიური საფასური, 30 750 ლარი, მოიჯარეს უნდა გადაეხადა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 19 ივლისიდან თანაბარწილად, ყოველ მე-3 თვეს. შესაბამისად, საიჯარო ქირის გადახდის პერიოდი მოიცავდა ყოველი წლის 20 ივლისიდან - 19 ოქტომბრამდე, 20 ოქტომბრიდან 19 იანვრამდე, 20 იანვრიდან 19 აპრილამდე, 20 აპრილიდან 19 ივლისამდე პერიოდს. ყოველ მესამე თვეს გადასახდელი ქირა კი, 7 687.5 ლარს შეადგენდა;

3.33. დადგენილია, რომ მოსარჩელის (მეიჯარის) ერთ-ერთი მოთხოვნაა საიჯარო ქირის დავალიანების - 15 375 ლარის დაკისრება, რაც მოიცავს 2020 წლის 19 იანვრიდან 19 აპრილამდე გადასახდელ საიჯარო ქირას 7 687.5 ლარსა და 2020 წლის 20 აპრილიდან 19 ივლისის ჩათვლით გადასახდელ საიჯარო ქირას 7 687.5 ლარს. დადგენილია, რომ მოიჯარეს 2020 წლის 19 იანვრიდან 2020 წლის 19 აპრილამდე გადასახდელი საიჯარო ქირა - 7 687.5 ლარი გადახდილი არ აქვს. მართალია, ამ გარემოებას მოპასუხე (მოიჯარე) არ ადასტურებს, მაგრამ რაიმე მტკიცებულება, რაც საიჯარო ქირის გადახდის ფაქტს დაადასტურებდა, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრებოდა;

3.34. მოიჯარეს ასევე გადახდილი არ აქვს საიჯარო ქირა 2020 წლის 20 აპრილიდან 19 ივლისის ჩათვლით პერიოდისათვის, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა შეწყდა ვადამდე, მოიჯარის ინიციატივით, პატივსადები მიზეზების გამო, ხოლო საიჯარო ქონება ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში მეიჯარეს 2020 წლის 19 აპრილამდე დაუბრუნდა.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს (მეიჯარე სამინისტროს) სურს, კერძოდ, საიჯარო ქირის დავალიანების გადახდის, საიჯარო ქირის დავალიანების გადახდის დაყოვნებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებისა და იჯარის საგნის დაბრუნების დაყოვებისათვის დათქმული საიჯარო ქირის გადახდის თაობაზე მოთხოვნა სსკ-ის 581.1-ე (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც), 417-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 591-ე (თუ მოიჯარე საიჯარო ურთიერთობის დამთავრების შემდეგ არ დააბრუნებს იჯარით აღებულ ქონებას, მაშინ მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს დათქმული საიჯარო ქირის გადახდა ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის; მეიჯარეს შეუძლია მოითხოვოს სხვა სახის ზიანის ანაზღაურებაც) მუხლებიდან გამომდინარეობს.

5. მოსარჩელის/აპელანტის მტკიცებით, 2020 წლის 19 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხეს გააჩნია მის მიმართ საიჯარო ქირის დავალიანება -15 375 ლარი, რაც მოიცავს 2020 წლის 20 აპრილამდე და 2020 წლის 20 ივლისამდე პერიოდის დავალიანებას. მეიჯარისავე მტკიცებით, საიჯარო ქონების დაბრუნების დაყოვნებისათვის, მოიჯარე ვალდებულია ყოველდღიურად გადაიხადოს 84.25 ლარი (ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის შესაბამისად), ასევე, საიჯარო ქირის გადახდის დაყოვნებისათვის მოიჯარეს უნდა დაეკისროს იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. ამასთან, ვინაიდან მოპასუხემ დაარღვია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება და 2019 წლის ოქტომბრის თვის იჯარის ქირა (6787,5 ლარი) გადაიხადა 3 დღის დაგვიანებით (2019 წლის 21 ოქტომბრის ნაცვლად გადაიხადა 2019 წლის 24 ოქტომბერს), მასვე უნდა დაეკისროს პირობით გათავისუფლებული პირგასამტეხლოს - 92 620.96 ლარის გადახდა.

6. მოპასუხის/მოიჯარის მტკიცებით, მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა რეალურად არა 29.09.2020 წელს, არამედ - 2020 წლის მარტში მოიჯარის ინიციატივით, ფორს-მაჟორული, პატივსადები მიზეზის გათვალისწინებითა და ამის თაობაზე სამინისტროს/მეიჯარის ინფორმირებით. ამასთან, მოიჯარეს 20.04.2020 წლამდე მდგომარეობით სრულად აქვს გადახდილი საიჯარო ქირა, რის გამოც არ არსებობს საიჯარო ქირის გადახდისა და მისი დაყოვნებისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძვლები. 2019 წლის ოქტომბრის თვის იჯარის ქირა მან გადაიხადა მხოლოდ 3 დღის დაგვიანებით, რის გამოც პირგასამტრეხლოს დაკისრება მოთხოვნილი ოდენობით, არაგონივრული და არაპროპორციულია. მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის (20.04.2020წ.) შემდგომ, მოიჯარეს არ დაუყოვნებია საიჯარო საგნის დაბრუნება, რის გამოც არ უნდა დაეკისროს ქირის გადახდა.

7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სსკ-ის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581 – 606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

8. სსკ-ის 532-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელი მოვალეა გადასცეს დამქირავებელს გაქირავებული ნივთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგის მდგომარეობაში და ქირავნობის მთელი დროის განმავლობაში შეინარჩუნოს ნივთის ეს მდგომარეობა.

9. სსკ-ის 533-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელმა უნდა გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი. ამავე კოდექსის 534-ე მუხლის თანახმად, გაქირავებული ნივთი უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს დამქირავებელს მოთხოვნები ამ ნივთის გამო. ამავე კოდექსის 535-ე მუხლის თანახმად, გაქირავებული ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ მას აქვს დათქმული თვისებები. თუ ეს თვისებები არ არის დათქმული, მაშინ გაქირავებული ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.

10. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების წარმოშობისათვის, საკმარისი არ არის მხოლოდ საიჯარო საგნის მხარისათვის გადაცემა, არამედ, აუცილებელია მისთვის უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულება.

11. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მასალებით, უდავოდ დასტურდება, რომ მეიჯარე სამინისტროსათვის ცნობილი იყო ის გარემოება, რომ მოიჯარეს იჯარის საგანი ესაჭიროებოდა ქვის სამსხვრევი დანადგარისა და ბეტონის ქარხნის განთავსებისათვის და სწორედ ამ მიზნითაც გააფორმა მასთან 19.07.2017 წელს აჭარის არ საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის (იჯარის ფორმით) შესახებ N311 ხელშეკრულება. თუმცა, როგორც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, იჯარის საგანი გახდა ნაკლის მქონე, კერძოდ, მას მიენიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1-ის (სსზ-1) სტატუსი, რის გამოც ამ ტერიტორიაზე სამრეწველო დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება და ამ მიზნით გამოყენება დაუშვებელი იყო. სწორედ ამ მიზეზით, მოიჯარე კომპანიას შეეზღუდა საიჯარო საგნის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა და იძულებული გახდა, საწარმოს გამართვის პროცესი შეეჩერებინა.

12. დადგენილია, რომ სწორედ საიჯარო საგნის ნაკლის გამო, (საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1-ის (სსზ-1) სტატუსის მინიჭების გამო) მოიჯარემ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით მის მიერ აღებული ვალდებულებები. მოიჯარის მოთხოვნით და მეიჯარის მცდელობით, საიჯარო საგნისათვის სტატუსის შეცვლით, საიჯარო საგნის ნაკლი აღმოიფხვრა მოგვიანებით, თუმცა, ხელშეკრულებით ნაკისრი ზემოაღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეს (მოიჯარეს) მაინც დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ჯამში 92 620,96 ლარის ოდენობით.

13. სსკ-ის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. თუმცა, სსკ-ის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.

14. სსკ-ის 398-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა.

15. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო სამინისტროს ბრალით, არ არსებობდა მოიჯარე კომპანიისათვის, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევისათვის პირგასამტეხლოს სახით 92 620,96 ლარის დარიცხვის წინაპირობები.

16. ასეც რომ არ იყოს უდავოდ დადგენილია, რომ 2019 წლის 21 იანვარს, მხარეთა შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება, 2017 წლის 19 ივლისს დადებულ იჯარის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. ამ ცვლილებების შესაბამისად მხარეები შეთანხმდენ, რომ მოიჯარე გადაცემულ ქონებაში 24 თვის ვადაში აამოქმედებდა საწარმოს; მოიჯარე გადაცემულ ქონებაში არაუგვიანეს 24 თვის ვადაში განახორციელებდა არანაკლებ 700 000 ლარის ინვესტიციას. ამასთან, მოპასუხე გათავისუფლდებოდა 2017 წლის 19 ივლისს გაფორმებული სარგებლობის (იჯარის) ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათის განსაზღვრული ჯარიმებისაგან (პირგასამტეხლო 92 620,96 ლარი) იმ პირობით, თუ შესრულებული იქნებოდა იჯარის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.

17. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ შეთანხმებულ ვადაში, ანუ 24 თვეში, მოიჯარემ აამოქმედა საწარმო და განახორციელა არანაკლებ 700 000 ლარის ინვესტიცია. თუმცა, მოიჯარემ 2019 წლის ოქტომბრის იჯარის ქირა (6 787,5 ლარი) ნაცვლად 2019 წლის 21 ოქტომბრისა, გადაიხადა სამი დღის დაგვიანებით, 2019 წლის 24 ოქტომბერს, რის გამოც სამინისტრომ კომპანიას მოსთხოვა იჯარის ხელშეკრულების 6.6 მუხლითა და 15.01.1019 წ. N01-013/9 ბრძანებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 92 620,96 ლარის გადახდა.

18. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, იმ შემთხვევაშიც, თუ მივიჩნევთ, რომ 2019 წლის 21 იანვარის შეთანხმებამდე დარიცხული პირგასამტეხლო - 92 620,96 ლარი მოიჯარეს მართლზომიერად დაერიცხა, არ არსებობს მოიჯარისათვის მისი გადახდის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან დადგენილია, რომ 21.01.2019 წლის შეთანხმებით მოიჯარე პირობით გათავისუფლდა დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდისაგან. ამასთან, მოიჯარემ შეასრულა ყველა ის პირობა, რაც საფუძვლად დაედო პირგასამტეხლოს გადახდისაგან გათავისუფლებას. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხოლოდ 3 დღის დაგვიანებით საიჯარო ქირის - 6 787,5 ლარის გადახდა არ წარმოადგენს ხელშეკრულების/შეთანხმების მიზნებიდან გამომდინარე, ვალდებულების იმგვარ არსებით და მძიმე დარღვევას, რაც შექმნიდა პირობით გათავისუფლებული პირგასამტეხლოს კვლად გადახდევინების წინაპირობას, მით უმეტეს, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით. უდავოა, რომ მცირე დარღვევის (6 787.5 ლარის გადახდის სამი დღით ვადაგადაცილებით) შედეგად, მოსარჩელეს/მეიჯარეს რაიმე სახის ზიანი არ მისდგომია და ამის შესახებ არც მიუთითებია. შესაბამისად, ამ დარღვევისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება 92 620.96 ლარის ოდენობით, გონივრულად და მართლზომიერად ვერ მიიჩნევა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ არ არსებობს პირგასამტეხლოს სახით 92 620.96 ლარის დაკისრებისა და ამ ნაწილში მეიჯარის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.

19. მოსარჩელე სამინისტრო (აპელანტი), ასევე, ითხოვდა 2020 წლის 19 ივლისის მდგომარეობით, საიჯარო ქირის დავალიანების - 15 375 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, საიდანაც 7 687,5 ლარი 2020 წლის 20 აპრილამდე გადასახდელი ქირის დავალიანებაა. მოთხოვნის ამ ნაწილზე მსჯელობისას სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 24.03.2020 წ. მოიჯარემ N024/20 წერილით აცნობა მეიჯარეს, რომ პატივსადები, ფორს-მაჟორული ვითარების-პანდემიის გამო, წყვეტდა ხელშეკრულებას ცალმხრივად, 2020 წლის 24 მარტიდან. ამვე წერილით მოიჯარემ მეიჯარეს აცნობა, რომ იჯარის ხელშეკრულების თანახმად, ერთი თვის ვადაში, არაუგვიანეს 2020 წლის 19 აპრილამდე, გაათავისუფლებდა საიჯარო ქონებას.

20. სსკ-ის 399-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების, მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე.

21. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 21.03.2020წ. N1 განკარგულებით, 21.04.2020 წ. ჩათვლით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, 2020 წლის 11 მარტს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადების, მისი მასობრივი გავრცელებისა და ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით. ამასთან, პანდემიის რისკების გათვალისწინებით, დამსაქმებლებს მიეცათ რეკომენდაცია მაქსიმალურად დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადასვლის თაობაზე, დადგინდა ინფიცირებული პირისა და მასთან კონტაქტში მყოფი პირების კარანტინისა და იზოლაციის წესები და ვადები. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს პრეზიდენტის შემდგომი განკარგულებებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა კვლავ გაგრძელდა.

22. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიად გამოცხადებისა და ქვეყანაში შემოღებული მთელი რიგი შეზღუდვების გამო, არსებობდა პატივსადები საფუძვლები, რის გამოც მოიჯარეს უფლება ჰქონდა, მოეშალა მხარეთა შორის დადებული გრძელვადიანი ხელშეკრულება (სსკ-ის 399.1-ე მუხლი).

23. სამინისტროს/მეიჯარეს მოიჯარე კომპანიის წერილი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე ჩაჰბარდა 2020 წლის 26 მარტს, მიუხედავად ამისა, სამინისტრომ მხოლოდ 29.09.2020 წ. გამოსცა №01-01-3/243 ბრძანება, რომლითაც მოიჯარესთან დადებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა. თუმცა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოიჯარემ, პატივსადები მიზეზის გამო (რომლის არსებობა და საფუძვლიანობა მოსარჩელეს/მეიჯარეს სადავოდ არ გაუხდია), უარი თქვა გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე 2020 წლის 26 მარტიდან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული იჯარის ხელშეკრულება მოიშალა 26.03.2020 წლიდან, მოიჯარის მიერ ცალმხრივად გამოხატული ნების საფუძველზე.

24. დადგენილია, რომ მოპასუხე (მოიჯარე) კისრულობდა ვალდებულებას, 1 თვის ვადაში (2020 წლის აპრილში) გაეთავისუფლებინა საიჯარო საგანი, რაც განახორციელა კიდეც. საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა 2020 წლის 19 აპრილის შემდგომ პერიოდში, მოიჯარის მხრიდან საიჯარო საგნის (მიწის ნაკვეთისა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობის) ფლობისა და ამ ქონებით სარგებლობის ფაქტი. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სსკ-ის 591-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია გადაიხადოს საიჯარო ქირა იჯარის საგნის დაბრუნებამდე, მოიჯარე ვალდებული იყო, საიჯარო ქირა გადაეხადა 2020 წლის 20 აპრილამდე. შესაბამისად, მოსარჩელის (მეიჯარის) მოთხოვნა იჯარის საგნის დაბრუნების დაყოვნებისათვის გათვალისწინებული ქირის გადახდევინებისა და საიჯარო საგნის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემის ნაწილში სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია.

25. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა აპელნტის (მეიჯარის) მტკიცება, რომ მოიჯარეს 2020 წლის 20 იანვრიდან 2020 წლის 20 აპრილამდე გადასახდელი საიჯარო ქირა გადახდილი არ აქვს, რაც სსკ-ის 581-ე მუხლის შესაბამისად, ამ ნაწილში მეიჯარის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უსაფუძვლოა მოსარჩელის (მეიჯარის) მოთხოვნა 2020 წლის 20 აპრილიდან 2020 წლის 19 ივლისის ჩათვლით მოიჯარისათვის საიჯარო ქირის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეთა

შორის არსებული საიჯარო ხელშეკრულება მოიჯარის ინიციატივით შეწყდა 2020 წლის მარტიდან, 2020 წლის 19 აპრილის მდგომარეობით კი, საიჯარო საგანი უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო მდგომარეობაში გადაეცა სამინისტროს/მეიჯარეს. მართალია, ამ გარემოებას სამინისტრო (მეიჯარე) არ ადასტურებს, მაგრამ რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა 20.04.2020 წლის შემდეგ მოიჯარის მიერ საიჯარო საგნის ფლობის/სარგებლობის ფაქტს, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

26. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პატივსადები მიზეზის გათვალისწინებით, მოიჯარის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლის გამო, არ არსებობს 20.04.2020 წ.-დან 19.07.2020წ.-მდე პერიოდისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საიჯარო ქირის ანაზღაურების საფუძვლები, რაც ასევე, გამორიცხავს ამ ნაწილში საიჯარო ქირის გადაუხდელობის გამო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოიჯარისათვის დაკისრებას. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის (მოიჯარის) მტკიცება იმის თაობაზე, რომ მას გადახდილი აქვს საიჯარო ქირა 7 687,5 ლარი, 20.04.2020 წ. მდგომარეობით, ვინაიდან, ამ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად, მოიჯარეს რაიმე სახის სარწმუნო მტკიცებულება არ წარუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ ამ გარემოების დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს განეკუთვნებოდა. აღნიშნულ დასკვნას აძლიერებს სსკ-ის 429-ე მუხლის დანაწესიც, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, კერძოდ, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

27. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე, ასევე, ითხოვდა საიჯარო ქირის გადაუხდელობისათვის მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას გადაუხდელი საიჯარო ქირის 0.1 %-ის ოდენობით, ჯამში 1 799 ლარის ოდენობით, საიდანაც 2020 წლის 19 აპრილს გადასახდელი საიჯარო ქირის 7 687.5 ლარის გადაუხდელობისათვის მოსარჩელე ითხოვდა პირგასამტეხლოს დაკისრებას საიჯარო ქირის 0.1 %-ის ოდენობით, 90 ვადაგადაცილებულ დღეზე, ჯამში 692 ლარის ოდენობით.

28. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოიჯარეს გადახდილი არ აქვს მეიჯარისათვის საიჯარო ქირა 7 687.5 ლარი, რის გამოც სსკ-ის 417-418-ე მუხლების შესაბამისად, მხოლოდ ამ ნაწილში არსებობდა მოიჯარისთვის მხარეთა შორის წერილობით შეთანხმებული პირგასამტეხლოს (ხელშეკრულების 6.6.,,ა“ პუნქტი - საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში - გადასახდელი ქირის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე) დაკისრების წინაპირობები.

29. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში, საიჯარო ქირის დავალიანების ოდენობისა და ვადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - საიჯარო ქირის გადახდის დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,1%- ის ოდენობით დაკისრება არაგონივრულია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს 0,05%-მდე. ამდენად, ვადაგადაცილებული დღეების (90 დღე) და საიჯარო ქირის დავალიანების ოდენობის (7 687.5 ლარი) გათვალისწინებით, მოპასუხეს პირგასატეხლოს სახით უნდა დაეკისროს 345,94 ლარის გადახდა, რაც ამ ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

30. მოსარჩელე (მეიჯარე) ასევე ითხოვდა 2020 წლის 20 ივლისიდან 2020 წლის 24 დეკემბრამდე ქონების-საიჯარო საგნის გადაცემის დაყოვნების გამო ყოველ ვადაგაცილებულ დღეზე 84.25 ლარის გადახდას. საქმეში წარმოდგენილი მოიჯარე კომპანიის 24.03.2020 წ. N024/20 წერილით დგინდება, რომ მას, საიჯარო ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ფართი უნდა გაეთავისუფლებინა ერთი თვის ვადაში, არაუგვიანეს 2020 წლის 19 აპრილამდე. ხოლო ის გარემოება, რომ მოპასუხეს 2020 წლის 19 აპრილისათვის საიჯარო ფართი არ გაუთავისუფლებია და იგი 2020 წლის 19 აპრილის შემდგომაც ფლობდა და სარგებლობდა საიჯარო ქონებით, საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება. აღნიშნული კი გამორიცხავს ზემოხსენებულ ნაწილში მეიჯარის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

31. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

31.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრებით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოიჯარემ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა, ხოლო მეიჯარემ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

31.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით მეიჯარე სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

31.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით მოიჯარე კომპანიის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძვლით.

31.4. მეიჯარე სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, როგორიცაა მხარეთა შორის 2017 წლის 19 ივლისს №311 ხელშეკრულებით, მხარეთა შორის შეთანხმებული პირობები. ხელშეკრულების მთავარი მიზანი იყო, საიჯარო ქირის - 30 750 ლარის გადახადა, საწარმოს ამოქმედება, სადაც დასაქმდებოდა 25 მოქალაქე და განხორციელდებოდა 700 000 ლარის ინვესტიცია;

31.5. სასამართლოს მსჯელობა, რომ საიჯარო ხელშეკრულება შეწყდა 2020 წლის მარტის თვიდან, ყოველგვარ საფუძვლებს მოკლებულია. ამდენად, უდავოა, რომ იჯარის ხელშეკრულება ფაქტობრვად შეწყდა-გაუქმდა 2020 წლის 29 სექტემბერს სამინისტროს №01-01-3/243 ბრძანებით, რაც მოიჯარეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა (ჩაჰბარდა);

31.6. უდავოა, რომ მოჯარეს 20.04.2020 წ.-დან 19.07.2020 წ.-მდე პერიოდისათვის გადასახელი აქვს საიჯარო თანხა და ასევე, მისი გადაუხდელობის გამო დარიცხული პირგასამტეხლოც, ვინაიდან ეს ხელშეკრულებით შეთანხმებულია. სააპელაციო სასამართლომ, არასწორად გამოიყენა სსკ-ის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და არასწორად შეამცირა პირგასამტეხლო;

31.7. უდავოა, რომ მოპასუხე მხარეს (მოიჯარეს) სსსკ-ის 22-ე თავით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, არ ჰქონდა წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი, ამდენად დავის საგანი არ ყოფილა პირგასამტეხლო შეუსაბამობა; სამინისტროს მიერ მოიჯარისათვის გაგზავნილი წერილის მიუხედავად მოიჯარეს ქონება მიღება-ჩაბარების აქტით არ გადაუცია მეიჯარისათვის, შესაბამისად მოიჯარე ვალდებულია, გადაიხადოს საიჯარო ქირა ქონების გადაცემის დაყოვნებისათვის სსკ-ის 591-ე მუხლის საფუძველზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მეიჯარის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

32. . სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

33. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

34. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მათ სამართლებრივ შეფასებებს. ამასთან, არ არსებობს საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები

35. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მეიჯარე სამინისტროს საკასაციო საჩივარი შეეხება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია 2020 წლის 20 აპრილიდან 2020 წლის 19 ივლისამდე საიჯარო ქირის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და მოიჯარის მხრიდან მეიჯარისათვის ქონების გადაცემის/დაბრუნების დაყოვნებისათვის განსაზღვრული ქირის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის მართლზომიერება. რაც შეეხება, საიჯარო ქირას, რომლის გადახდაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, მოიცავს 2020 წლის 19 იანვრიდან 2020 წლის 19 აპრილამდე პერიოდს და 7 687.5 ლარს შეადგენს. ასევე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდა დაეკისრა. ამ ნაწილში მოიჯარის საკასაციო პრეტენზიები არ შეფასდება, რადგან საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა (იხ. წინამდებარე განჩინების 31.3 ქვეპუნქტი).

36. საკასაციო სასამართლო ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის სამართლებრივ ბუნებას განმარტავს და მიუთითებს, რომ სსკ-ის 352-ე მუხლი არის გერმანიის სამოქალაქო კოდექსის (გსკ) 346-ე პარაგრაფის ანალოგი და რეცეპციის შედეგი, რომელიც ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის (ხელშეკრულებაზე უარის თქმის) წინაპირობებს, რაც მოიცავს ხელშეკრულებიდან გასვლის როგორც კანონისმიერ, ისე - სახელშეკრულებო დათქმის საფუძველს და განიმარტება, როგორც ცალმხრივი მიღებასავალდებულო ნების გამოვლენით ვალდებულებითი ურთიერთობის უკუქცევა (იხ. იან კროპჰოლერი, გსკ-ის კომენტარი, 2014 წ. გამოცემა, ს.ფ. 242-243). დოქტრინაში არაერთი მოსაზრებაა გამოთქმული სსკ-ის 352-ე მუხლში მითითებულ ხელშეკრულებაზე უარის თქმისა (გასვლის) და ხელშეკრულების მოშლის ტერმინოლოგიური უზუსტობის შესახებ (იხ. www.gccc.ge – 352-ე მუხლის კომენტარი) და დასკვნის სახით შესაძლებელია აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაზე უარის თქმას, რასაც გადაცემულისა და მიღებულის ორმხრივი რესტიტუცია მოსდევს, ხელშეკრულებიდან გასვლა ეწოდება. საგულისხმოა ისიც, რომ ზოგადად ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ, მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი პირველადი ვალდებულების შესრულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის კრედიტორად და რესტიტუციის მოვალედ (იხ. სუსგ-ები: N ას-168-158-2017, 20.07.2018წ; N ას-444-444-2018, 30. 09.2020წ; N ას-222-2021, 4.06.2021წ; N ას-349-2021, 11.06.2021წ.).

37. საკასაციო სასამართლო აღიარებული სამართლებრივი დოქტრინისა და სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ასევე, სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლების გაანალიზების საფუძველზე განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული ფუნდამენტური უფლებაა და მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ მისი განხორციელებისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა.

38. ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონით გათვალისწინებული უფლებაა, ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები).

39. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების, საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში იგულისხმება ვალდებულების დარღვევა, ხოლო ფორმალურში - დამატებითი ვადის დაწესება (გაფრთხილება) და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინება.

40. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია:

ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს);

ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი);

გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა;

დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება;

ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი;

ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე);

ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მიცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი, ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება (იხ. დამატებით: მ.თოდუა/ჰ. ვილემსი, ვალდებულებითი სამართალი, თბილისი, 2006, 56; ჰ.ბიოლინგი/პ.ლუტრინგჰაუსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ცალკეული მოთხოვნის საფუძვლების სისტემური ანალიზი, თბილისი, 2009, გვ.39; შდრ: სუსგ №ას-1003-924-2017, 01.12.2017.პ.34).

41. სსკ-ის 398-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. 2. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. 3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.

42. იურიდიულ მეცნიერებაში აღიარებულია, რომ შეცვლილი გარემოებები ფორსმაჟორისა (რომანულ სამართალში vis major) და შესრულების გართულების (Hardship) ორ ფუნდამენტურ, საბაზისო კონცეფციას აფუძნებს თანამდევი სამართლებრივი შედეგებით.

43. კერძოდ, შესრულების გართულება გულისხმობს ობიექტურად განხორციელებადი ვალდებულების შესრულების უკიდურეს დამძიმებას, რომელიც ობიექტურად არ გამორიცხავს შესრულების შესაძლებლობას და რომლის პირობებშიც უპირველესი სამართლებრივი დაცვის საშუალება შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების მისადაგებაა.

44. ფორსმაჟორი კი განსხვავებული სამართლებრივი წინაპირობებით ფუძნდება, რომელიც თანამდევ შედეგად შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლებას მოიაზრებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ადაპტაციის შეუძლებლობისას, დაზარალებული მხარისათვის უცვლელად ხელმისაწვდომი რჩება ხელშეკრულებიდან გასვლის/ შეწყვეტის (გრძელვადიან ურთიერთობაში) მოთხოვნები.

45. კრედიტორის სურვილი, გადახედოს ხელშეკრულების პირობებს, გასათვალისწინებელია, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტა (ex nunc შედეგით)/გასვლა (ex ante მნიშვნელობით) რჩება დაზარალებული მხარის დაცვის შეუცვლელ მექანიზმად.

46. 2020 წლის მარტიდან ქვეყანაში გავრცელებული პანდემია და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ნორმატიული აქტები ეკონომიკურ სფეროში გარკვეული სახის შეზღუდვების დაწესების შესახებ სსსკ-ის 106-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე საყოველთაოდ ცნობილ ფაქტად მიიჩნევა და მტკიცებას არ საჭიროებს.

47. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებას, რომ მოიჯარის მხრიდან ხელშეკრულებიდან გასვლა ნამდვილია 2020 წლის 26 მარტიდან, იმ დღიდან როდესაც მეიჯარეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ მოიჯარის ნება მიუვიდა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია კასატორის (მეიჯარის) პრეტენზია 2020 წლის 20 აპრილიდან 2020 წლის 19 ივლისამდე პერიოდისათვის საიჯარო ქირის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

48. კასატორის პრეტენზია ისიცაა, რომ არასწორად დადგინდა პირგასამტეხლოს სამართლიანი ოდენობა.

49. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.

50. კასატორის პრეტენზიასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (შდრ. სუსგ-ები:№ას-1245-2022, 09.03.2023 წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022 წ.; №ას-1451-1371-2017, 13.11.2018 წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016 წ.).

51. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობის თაობაზე შედავება შესაგებლით ხორციელდება და არ არის სავალდებულო პირგასამტეხლოს შემცირების მოთხოვნით მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრას. ამგვარი საჭიროება არც კანონით და არც სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. მთავარია, რომ პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა და არაგონივრულობა შესაგებლით იყოს შედავებული, რადგან სასამართლოს მხრიდან სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებას მოპასუხის პროცესუალური აქტიურობა- შესაგებლით შედავება სჭირდება და არა შეგებებული სარჩელის აღძვრა, როგორც ამას კასატორი უთითებს. აქვე საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“(იხ. სუსგ-ები: N ას-889-2022, 23.03.2023 წ; N ას-1389-2023, 30.01.2024წ.). „მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს“ (შეად. სუსგ-ებს: Nას-1451-1371-2017, 13.11. 2018 წ; N ას-1389-2023, 30.01.2024წ.). სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (შეად. სუსგ-ებს: N ას-1417-2018, 16.11. 2020 წ; N ას-1389-2023, 30.01.2024წ.).

52. კასატორის მოთხოვნას იჯარის საგნის ვადაში დაუბრუნებლობის გამო საიჯარო ქირის მოიჯარისათვის დაკისრების თაობაზე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს, რადგან მეიჯარეს ხელშეკრულების მოშლიდან ერთი თვის შემდეგ მოიჯარის მიერ საიჯარო ქონების ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარუდგენია.

53. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმისწარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ გადაწყვეტილებას. მხარეებს უფლება აქვთ, საქმისწარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

54. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

55. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

56. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის, ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).

57. საკასაციო სასამართლო ზემოთ მოხმობილი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების საფუძველზე, კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და კასატორის მიერ წარმოდგენილი პრეტენზიები მას ვერ აქარწყლებენ.

58. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

59. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური