Facebook Twitter

საქმე №ა-2431-შ-60-2024 24 მაისი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი;

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი –ნ.მ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის რაიონული სასამართლოს, ნიუ-იორკის აღმოსავლეთის რაიონული სასამართლოს ინსტანციის 2009 წლის 29 მაისის პეტიცია სახელის შეცვლაზე

დავის საგანი – სახელისა და გვარის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აშშ-ის რაიონული სასამართლოს, ნიუ-იორკის აღმოსავლეთის რაიონული სასამართლოს ინსტანციის 2009 წლის 29 მაისის პეტიციის თანახმად პირის სახელი ნ.ქ–ი შეიცვალა და იწოდება, როგორც ნ.მ–ის.

2. 2024 წლის 2 მაისს ნ.მ–ის წარმომადგენელმა ნ.კ–ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა აშშ-ის რაიონული სასამართლოს, ნიუ-იორკის აღმოსავლეთის რაიონული სასამართლოს ინსტანციის 2009 წლის 29 მაისის პეტიციის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, სახელისა და გვარის შეცვლის თაობაზე.

3. ნ.მ–ის წარმომადგენლის ნ.კ–ძის განმარტებით, გ.ე–ამ 2023 წლის დეკემბერში სამკვიდროს მიღების თაობაზე განცხადებით მიმართა ნოტარიუსს. განცხადების ფარგლებში დაიწყო დოკუმენტების მომზადება, თუმცა 2024 წლის 2 მარტს გ.ე–ა გარდაიცვალა და ვერ მოესწრო საქმის მასალების სასამართლოში შეტანა უდავო წარმოების წესით იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ კერძოდ, გ.ე–ასა და დედამისის (ნ.ქ–ის) ნათესაური კავშირის დადგენის თაობაზე, ვინაიდან სამკვიდროს გახსნაზე მოთხოვნა დაწყებულია გ.ე–ას განცხადებით და ის გარდაიცვალა, საქმეში მემკვიდრედ ჩაერთო ბიძა ნ.მ–ი (გოჩას დედის ძმა) და კანონმდებლობის შესაბამისად ნოტარიუსთან დაწერა განცხადება სამკვიდროს მიღების თაობაზე.

4. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, მან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართა და გ.ე–ას დაბადების სააქტო ჩანაწერებში ცვლილების შეტანა მოითხოვა, დედის სახელისა და გვარის ცვლილების შესაბამისად.

5. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ნ.მ–ს გადაეცა დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც ნ.მ–ი 2001 წლის 29 აგვისტოს ჯ.ქ–ზე დაქ–წინდა და მიიღო ახალი გვარი - ქ–ი; აშშ-ის რაიონული სასამართლოს, ნიუ-იორკის აღმოსავლეთის რაიონული სასამართლოს ინსტანციის 2009 წლის 29 მაისის პეტიციის თანახმად პირის სახელი ნ.ქ–ი შეიცვალა სახელით და იწოდება, როგორც ნ.მ–ის; ნ.მ–ის არის საქართველოს და აშშ-ის მოქალაქე.

6. ნ.მ–ის 2021 წლის 9 მარტს გარდაიცვალა.

7. თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2024 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების ნ.მ–ს დაევალა, მოემართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის აშშ-ის რაიონული სასამართლოს, ნიუ-იორკის აღმოსავლეთის რაიონული სასამართლოს ინსტანციის 2009 წლის 29 მაისის პეტიციის, სახელის შეცვლის თაობაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რათა რეესტრის სამსახურმა გ.ე–ას დაბადების სააქტო ჩანაწერებში ცვლილება შეიტანოს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და დაასკვნა, რომ ნ.მ–ის შუამდგომლობა აშშ-ის რაიონული სასამართლოს, ნიუ-იორკის აღმოსავლეთის რაიონული სასამართლოს ინსტანციის 2009 წლის 29 მაისის პეტიციის, სახელის შეცვლაზე, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებით უდავო წარმოების წესითაა დადგენილი წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გარემოება სრულწლოვანი პირის სახელის შეცვლის თაობაზე, კერძოდ, პირის სახელი ნ.ქ–ი შეიცვალა სახელით და იწოდება, როგორც ნ.მ–ის.

9. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

10. ამ განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს საქმის მასალების მიხედვით, შესაბამისად, შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად კანონით გათვალისწინებული საფუძვლები დასაბუთებულია.

11. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2, 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს აშშ-ის რაიონული სასამართლოს, ნიუ-იორკის აღმოსავლეთის რაიონული სასამართლოს ინსტანციის 2009 წლის 29 მაისის პეტიცია, რომლითაც პირის სახელი ნ.ქ–ი შეიცვალა და იწოდება, როგორც ნ.მ–ის;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

მ. ერემაძე