Facebook Twitter

საქმე №ას-263-2024 26 მარტი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.ფ–ას უფლებამონაცვლე რ.ფ–ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ა–ი, ლ.ბ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.03.2023 წლის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება – კერძო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 15.12.2021 წლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი.ფ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „აპელანტი“) სარჩელი ლ.ა–ისა და ლ.ბ–ძის მიმართ სესხის, იპოთეკისა და ბინით სარგებლობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.05.2022 წლის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

3. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.03.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.09.2022 წლის განჩინებით აპელანტს დაევალა 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. სააპელაციო პალატას განცხადებით მომართა აპელანტმა და განმარტა, რომ 26.12.2022 წლიდან გადის მკურნალობის კურსს, ასევე - არის პენსიორი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.

4.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 24.01.2023 წლის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 15 დღით. იმავე განჩინებით აპელანტს განემარტა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსი და რომ, მოცემულ შემთხვევაში, მას არ ჰქონდა წარმოდგენილი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რის საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებაზე მსჯელობა.

4.3. 23.03.2023 წელს აპელანტმა განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება საქმის საბოლოო დასრულებამდე. მისი მითითებით, აქვს რეკომენდაცია და დასკვნა, რომ უნდა მიენიჭოს შშმ პირის სტატუსი. უახლოეს მომავალში წარმოდგენილი იქნება ინვალიდობის მოწმობა. აპელანტის მიერ წარმოდგენილია ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, საიდანაც დგინდება, რომ მისი დიაგნოზია არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმია, ტაქისისტოლური ფორმის აორტის სარქველის სტენოზი, მიტრალური სარქველის სტენოზი, გულის შეგუბებითი უკმარისობა. სხვა რაიმე დოკუმენტი, რის საფუძველზეც სასამართლომ შეიძლება იმსჯელოს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა თუ მისი გადახდისაგან გათავისუფლების საკითხზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

4.4. სსსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა.

4.5. განსახილველ შემთხვევაში, აპელანტს 14 დღე მიეცა ხარვეზის შესავსებად და გაუგრძელდა ვადა 15 დღით, ამასთან, საერთო ჯამში ხარვეზის დადგენიდან წინამდებარე განჩინების გამოტანამდე გასულია თითქმის ექვსი თვე. შესაბამისად, მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა ხარვეზის შესავსებად. მიუხედავად ამისა, მას არ გადაუხდია სახელმწიფო ბაჟის თუნდაც მცირე ნაწილი, რათა დავის მიმართ საკუთარი ინტერესი დაედასტურებინა, ასევე - არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რაც მის გადახდისუუნარობაში დაარწმუნებდა სასამართლოს. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ არსებობდა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების ან საქმის საბოლოო დასრულებამდე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების და არც ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების საფუძველი.

4.6. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 59-ე, 63-ე, 368.5 მუხლებით და მიუთითა, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩენილიყო განუხილველად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.01.2024 წლის განჩინებით მოსარჩელის გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა რ.ფ–ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელის უფლებამონაცვლე“ ან „კერძო საჩივრის ავტორი“).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.03.2023 წლის განჩინებაზე მოსარჩელის უფლებამონაცვლემ წარადგინა კერძო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მოსარჩელე გარდაიცვალა 2023 წლის მაისში. 2023 წლის მარტის თვიდან იმყოფებოდა კლინიკაში, რის შესახებაც სასამართლო ინფორმირებული იყო. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით დაირღვა მხარის უფლებები.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

9. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

10. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა მსჯელობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის მიერ ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

11. საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტი ითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას საქმის დასრულებამდე.

12. პალატა განმარტავს, რომ მხარის მიმართ გარკვეული შეღავათის გამოყენების საკითხი, კანონით იმპერატიულად განსაზღვრული წინაპირობების გარდა (სსსკ-ის 46-ე მუხლი, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), სასამართლოს შეხედულებით წყდება, რა დროსაც სასამართლო საკითხს ე.წ. „პროპორციულობის ტესტის“ გამოყენებით აფასებს. ამ დროს სასამართლო იკვლევს მხარის ქონებრივ მდგომარეობას (რომელიც პირდაპირ და უტყუარ მტკიცებულებებს ემყარება) და დარღვეული უფლების დაცვის ინტერესს. ამგვარი საგამონაკლისო წესი დადგენილია საპროცესო კანონმდებლობით, კერძოდ, პირის უფლების შეზღუდვასა და სახელმწიფო ინტერესს შორის სამართლიან ბალანსს ადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (სსსკ-ის 47-ე და 48-ე მუხლები). კანონმდებლობით დადგენილი და გათვალისწინებული გამონაკლისები (სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, მისი ოდენობის შემცირება ან გადახდის გადავადება) დასაშვებია მხოლოდ ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დადასტურების შემთხვევაში (სუსგ №ას-66-62-2017, 06.04.2017წ.).

13. სსსკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. ამავე კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს.

14. სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 47-ე-48-ე მუხლები არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდისგან გათავისუფლების ან მისი გადავადების საფუძველი. აღნიშნულის თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაადასტურებს.

15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებული პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, სამოქალაქო პროცესში შეზღუდულია სამართალწარმოების ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც. სასამართლო ხელმისაწვდომობაზე ბაჟის სახით გონივრული შეზღუდვის დაწესება სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლებაა, რა დროსაც დაცული უნდა იყოს ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესს შორის. კერძო ინტერესის დაცვას ემსახურება ქართულ კანონმდებლობაში ბაჟთან დაკავშირებით დაწესებული ზედა ზღვარი, ასევე, საკანონმდებლო დონეზე რეგლამენტირებული უფლება იმისა, რომ ბაჟისაგან გათავისუფლების ან ბაჟის შემცირების საკითხი გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რა დროსაც მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რასაც მხარე თავად წარმოადგენს (სუსგ №ას-1825-2018, 29.03.2019წ., პ.13; სუსგ №ას-1952-2018, 29.03.2019წ., პ.14).

16. სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლების ან სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, სასამართლომ უნდა შეაფასოს მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი სწორედ ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა დაასაბუთოს (სუსგ №ას-284-2020, 29.09.2020წ.). გათვალისწინებულ უნდა იქნეს მომჩივნის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ყოველთვიური შემოსავალი(შდრ. სუსგ №ას-972-2019, 25.07.2019წ., პ.11).

17. მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დასადასტურებლად აპელანტი უთითებდა, რომ ჰქონდა მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა და გადიოდა მკურნალობის კურსს. ამასთან, იგი იყო პენსიონერი. აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოში 23.03.2023 წელს წარდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობით დგინდება, რომ მისი დიაგნოზი იყო არტერიული ჰიპერტენზია, მოციმციმე არითმია, ტაქისისტოლური ფორმის აორტის სარქველის სტენოზი, მიტრალური სარქველის სტენოზი, გულის შეგუბებითი უკმარისობა (ს.ფ. 270-272). საქმის მასალებით დგინდება, რომ 2023 წლის მაისში აპელანტი გარდაიცვალა (ს.ფ. 289-293). მითითებულ გარემოებებს საკასაციო სასამართლო საკმარისად მიიჩნევს იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის პერიოდში სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ შეეძლო (შდრ. სუსგ №ას-972-2019, 25.07.2019წ., პ.13).

18. საკასაციო პალატა მიუთითებს ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (Weissman and Others v. Romania, no. 63945/00, §§ 34 და 35, ECHR 2006-... (extracts)), თუმცა ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა (Kreuz v. Poland, no. 28249/95, §§58 და 60, ECHR 2001-VI). უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობისა, გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის (Weissman and Others, §36). თუ მხარის განცხადება გადახდისუუნარობის შესახებ საეჭვო ან არასაკმარისია, სასამართლომ უნდა მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია წარსადგენი დოკუმენტაციის მითითებით და/ან უბრძანოს წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმება (mutatis mutandis, Jedamski and Jedamska v. Poland, no. 73547/01, § 64, 26.07.2005; Kreuz §64), (იხ: საფეხბურთო კლუბი „მრეტები“ საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი №38736/04), 31.07.2007წ. (საბოლოო გახდა 30.01.2008წ.), § 41, 45; სუსგ №ას-1825-2018, 29.03.2019წ.).

19. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ შეძლო, დაეცვა სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, სასამართლო ხარჯების გადახდის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინტერესსა და, მეორე მხრივ, მომჩივნის ინტერესებს შორის - დაემტკიცებინა თავისი საჩივრის სამართლიანობა სასამართლოს გზით, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ფ–ას უფლებამონაცვლე რ.ფ–ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 30.03.2023 წლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია