საქმე №ას-375-2024 29 აპრილი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ა.მ–ძე (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ტ.კ–ი’’ (სს „თ.ბ“-ს უფლებამონაცვლე) (აპელანტი, მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ტ.კ’’-ს (სს „თ.ბ“-ს უფლებამონაცვლე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ 1.1 ა.მ–ძეს შპს ,,ტ.კ’’-ს (სს „თ.ბ“-ს უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ 2015 წლის 07 დეკემბრის საბანკო კრედიტის №378441-8170528 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების - 2526,64 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა არის 1695,27 ლარი, პროცენტი - 427,31 ლარი, პირგასამტეხლო - 400 ლარი და დაზღვევა - 4,06 ლარი.
1.2. ა.მ–ძეს შპს ,,ტ.კ’’-ს (სს „თ.ბ“-ს უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ 2021 წლის 04 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) დაეკისრა 2015 წლის 07 დეკემბრის საბანკო კრედიტის №378441-8170528 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1695,27 ლარზე, ვალდებულების აღსრულებამდე წლიური 15 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 21,19 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.
1.3. ა.მ–ძეს შპს ,,ტ.კ’’-ს (სს „თ.ბ“-ს უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ 2017 წლის 03 ოქტომბრის საბანკო კრედიტის №3718441-9234335 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების - 287,64 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა არის 231,64 ლარი, პირგასამტეხლო - 50 ლარი და საკომისიო - 6 ლარი.
1.4. ა.მ–ძეს შპს ,,ტ.კ’’-ს (სს „თ.ბ“-ს უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ 2017 წლის 22 აპრილის საბანკო კრედიტის №3718441-9813543 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების - 4923,02 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა არის 4390,72 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარი და საკომისიო - 32,3 ლარი.
1.5. ა.მ–ძეს შპს ,,ტ.კ’’-ს (სს „თ.ბ“-ს უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ 2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა დავალიანების - 12839,75 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა არის 9999,13 ლარი, პროცენტი - 1840,66 ლარი და პირგასამტეხლო - 1000 ლარი.
1.6. ა.მ–ძეს შპს ,,ტ.კ’’-ს (სს „თ.ბ“-ს უფლებამონაცვლე) სასარგებლოდ 2021 წლის 04 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) დაეკისრა 2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 9999,13 ლარზე, ვალდებულების აღსრულებამდე წლიური 33 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 274,97 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა.
2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ორივე მხარემ. მოსარჩელემ, შპს „ტ.კ–მა“, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო მოპასუხემ ა.მ–ძემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1 1.3 1.4 ქვეპუნქტები და მოითხოვა ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შპს ,,ტ.კ–ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2022 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2 1.6 პუნქტები და ამ ნაწილებში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება. ა.მ–ძეს შპს ,,ტ.კ–ის’’ სასარგებლოდ 2021 წლის 04 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) დაეკისრა 2015 წლის 07 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირ თანხაზე - 1
695.27 ლარზე ვალდებულების შესრულებამდე წლიური 15% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად 21.19 ლარს შეადგენს. ა.მ–ძეს შპს ,,ტ.კ–ის’’ სასარგებლოდ 2021 წლის 04 ივლისიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) დაეკისრა 2017 წლის 18 ივლისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 9 999.13 ლარზე ვალდებულების შესრულებამდე წლიური 33% სარგებლის
გადახდა, რაც ყოველთვიურად 274.97 ლარს შეადგენს, ხოლო ა.მ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა
4. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა ა.მ–ძემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, კასატორს ა.მ–ძეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა 860.7 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი. აღნიშნული ვადის დაცვით საქართველოს უზენაესს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა და იშუამდგომლა ხარვეზის ვადის დამატებით 07 (შვიდი) დღით გაგრძელების თაობაზე, ვინაიდან კასატორთან ვერ შეძლო კომუნიკაცია მისი ადგილსამყოფელის გათვალისწინებით. როგორც წარმომადგენელი განცხადებაში უთითებს, მეზობლების განმარტებით ა.მ–ძე იმყოფება ხულოს რაიონში, ახლო ნათესავის გარდაცვალების გამო.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 აპრილის განჩინებით ა.მ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის დამატებით 07 (შვიდი) დღით გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. ა.მ–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 07 (შვიდი) დღის ვადაში 860.7 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტის წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.მ–ძის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
9. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
13. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 აპრილის განჩინებით, ა.მ–ძის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის დამატებით 07 (შვიდი) დღით გაგრძელების თაობაზე დაკმაყოფილდა. ა.მ–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 07 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში 860.7 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტის წარმოდგენა.
14. კასატორის წარმომადგენელს, ტ.მ–ძეს (მინდობილობა ერთვის საქმეს ტ.1 ს.ფ. 148) აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაჰბარდა 2024 წლის 10 აპრილს. შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 07 (შვიდი) დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 11 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 17 აპრილს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2024 წლის 17 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორმა, ა.მ–ძემ, 2024 წლის 18 აპრილს განცხადებით ა-2184-24 მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, წარმოადგინა 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი და იშუამდგომლა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის 6 თვით გადავადების შესახებ.
15. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ერთი დღის დაგვიანებით წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ მან გაუშვა ხარვეზის შევსებისთვის განსაზღვრული 07 (შვიდი) დღიანი ვადა, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. ასევე, განუხილველად უნდა დარჩეს მისი შუამდგომლობა დარჩენილი სახელმწიფო ბაჟის 6 თვით გადავადების შესახებ.
16. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.მ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 6 თვით გადავადების თაობაზე დარჩეს განუხილველად;
2. ა.მ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
3. ა.მ–ძეს (პირადი № .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ. ხ–ძის (პირადი № .......) მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2024 წლის 17 აპრილს №21454609156 საგადახდო დავალებით გადახდილი 100 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე