Facebook Twitter

საქმე №ას-235-2024 13 მაისი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი- ნ.შ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი.შ–ი (მოსარჩელე, აპელანტი) სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრი

არასრულწლოვნები - ს.შ–ი, ნ.შ–ი

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი.შ–ის მოთხოვნა ნ.შ–ის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვისა (გამოსახლების გზით, უძრავი ქონება (საცხოვრებელი ბინა), მდებარე ქ. ბათუმი, ......, ს/კ #.......) და მოპასუხე ნ.შ–ისთვის მოსარჩელე ი.შ–ის სასარგებლოდ არაუმეტეს 8 თვის განმავლობაში ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელე ი.შ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ნოემბრის განჩინებით შეჩერდა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე, ი.შ–ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული N 2/ბ-277-2023 სამოქალაქო საქმის წარმოება, გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 18 ოქტომბრის განჩინებაზე ი.შ–ის კერძო საჩივართან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

4. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ.შ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის ავტორს, ნ.შ–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მის მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, რ.ხ–ვას სახელზე შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი ან ნ.შ–ის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარის დედანი და 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.შ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

8. სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

10. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

11. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

12. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

13. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 მარტის განჩინებით, კერძო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, კერძო საჩივრის ავტორს ნ.შ–ს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 05 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა მის მიერ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის შესაბამისად, რ.ხ–ვას სახელზე შედგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი ან ნ.შ–ის მიერ ხელმოწერილი კერძო საჩივარის დედანი და 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი.

14. ნ.შ–ს აღნიშნული განჩინება გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო შესაგებელში მის მიერ მითითებულ მისამართზე (ტ.2 ს.ფ 93) და გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაჰბარდა 2024 წლის 04 აპრილს პირადად. შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შევსების 05 (ხუთი) დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 05 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 10 აპრილს. (09 აპრილი იყო უქმე დღე) ამდენად, კერძო საჩივრის ავტორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2024 წლის 10 აპრილის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსაზღვრული ვადის ფარგლებში მხარის მიერ არ მომხდარა ხარვეზის შევსება, ან შესაბამისი სახის შუამდგომლობის დაყენება, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

15. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ.შ–ის კერძო საჩივარი დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.შ–ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე