საქმე №ას-192-2024 24 აპრილი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ბ.მ–ი (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ტ.კ–ი“(მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2019 წლის 26 თებერვალს, სს „თ.ბ–სა“ და ბ.მ–ს შორის დაიდო N2038497-10383625 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 19000 ლარის ოდენობით, 1453 დღის ვადით, წლიური 14.5% სარგებლის დარიცხვით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 18 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების დამატებით პირობად, აგრეთვე, განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2. 2019 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულება დაირღვა 2020 წლის 18 სექტემბერს და აღარ მომხდარა გადახდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, რის გამოც, 2021 წლის 22 მარტის მდგომარეობით მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 19424.57 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 15173.03 ლარი, პროცენტი - 2397.39 ლარი, ჯარიმა - 1763.39 ლარი და დაზღვევა - 90.76 ლარი.
3. 2019 წლის 6 მაისს, სს „თ.ბ–სა“ და ბ.მ–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის #2038497-10473090 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3000 ლარის ოდენობით, წლიური 14.5% სარგებლის დარიცხვით, 1443 დღის ვადით. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2020 წლის 18 სექტემბერს. დასახელებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 3191.32 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2492.89 ლარი, პროცენტი - 391.11 ლარი, ჯარიმა - 292.46 ლარი და დაზღვევა - 14.86 ლარი.
4. 2019 წლის 15 ივლისს, სს „თ.ბ–სა“ და ბ.მ–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის #2038497-10567171 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მსესხებელზე გაიცა კრედიტი 3300 ლარის ოდენობით, წლიური 21% სარგებლის დარიცხვით, 1461 დღის მოქმედების ვადით. ხელშეკრულებით, ასევე გათვალისწინებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 5 ლარი, ამას დამატებული 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულება დაირღვა 2020 წლის 15 ოქტომბერს. N2038497-10567171 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება დავალიანება 4035.25 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა -3223.5 ლარი, პროცენტი - 654.7 ლარი და ჯარიმა - 157.05 ლარი.
5. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
ბ.მ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2019 წლის 26 თებერვლის საბანკო კრედიტის #2038497-10383625 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 19424.57 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 15173.03 ლარი, პროცენტი - 2397.39 ლარი, ჯარიმა - 1763.39 ლარი და დაზღვევა - 90.76 ლარი. ბ.მ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2019 წლის 26 თებერვლის საბანკო კრედიტის #2038497-10383625 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2021 წლის 22 მარტიდან ძირითად თანხაზე -15173.03 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 14.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 183.34 ლარს. ბ.მ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2019 წლის 26 თებერვლის საბანკო კრედიტის #2038497-10383625 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2021 წლის 22 მარტიდან ძირითად თანხაზე -15173.03 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 0,27%-ის გადახდა დაეკისროს, რაც ყოველდღიურად შეადგენს 40.96 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 2000 ლარისა. ბ.მ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2019 წლის 06 მაისის საბანკო კრედიტის #2038497-10473090 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3191.32 ლარის გადახდა დაეკისროს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2492.89 ლარი, პროცენტი - 391.11 ლარი, ჯარიმა - 292.46 ლარი და დაზღვევა - 14.86 ლარი. ბ.მ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2019 წლის 06 მაისის საბანკო კრედიტის #2038497-10473090 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2021 წლის 22 მარტიდან აღსრულებამდე ძირითად თანხაზე - 2492.89 ლარზე, წლიური 14.5% სარგებლის გადახდა დაეკისროს, რაც ყოველთვიურად შეადგენს 30.12 ლარს. ბ.მ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2019 წლის 06 მაისის საბანკო კრედიტის #2038497-10473090 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2021 წლის 22 მარტიდან ძირითად თანხაზე - 2492.89 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველდღიურად 0,27%-ის გადახდა დაეკისროს, რაც ყოველდღიურად შეადგენს 6.73 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა. ბ.მ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2019 წლის 15 ივლისის საბანკო კრედიტის #2038497-10567171 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4035.25 ლარის გადახდა დაეკისროს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3223.5 ლარი, პროცენტი - 654.7 ლარი და ჯარიმა - 157.05 ლარი. ბ.მ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2019 წლის 15 ივლისის საბანკო კრედიტის #2038497-10567171 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2021 წლის 22 მარტიდან აღსრულებამდე, ძირითად თანხაზე - 3223.5 ლარზე, წლიური 21% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 56.41 ლარს. ბ.მ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2019 წლის 15 ივლისის საბანკო კრედიტის #2038497-10567171 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2021 წლის 22 მარტიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირითად თანხაზე - 3223.5 ლარზე, ყოველდღიურად 0,27%-ის გადახდა დაეკისროს, რაც ყოველდღიურად შეადგენს 8.7 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
6. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
7. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
შპს „ქ.კ–ის’’ სარჩელი ბ.მ–ის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბ.მ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2019 წლის 26 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 18361,18 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 15173,03 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 2397,39 ლარი, პირგასამტეხლო - 700 ლარი და დაზღვევა - 90,76 ლარი. ბ.მ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა, 2019 წლის 26 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2021 წლის 22 მარტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ძირითად თანხაზე - 15173,03 ლარზე, წლიური 14.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 183,34 ლარს, ბ.მ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა, 2019 წლის 6 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3098,86 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2492,89 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 391,11 ლარი, პირგასამტეხლო - 200 ლარი და დაზღვევა - 14,86 ლარი, ბ.მ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა, 2019 წლის 6 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2021 წლის 22 მარტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ძირითად თანხაზე - 2492,89 ლარზე, წლიური 14.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 30,12 ლარს. (1.5). ბ.მ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა, 2019 წლის 15 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 4035,25 ლარის გადახდა, საიდანაც, ძირითადი თანხაა - 3223,50 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 654,7 ლარი, პირგასამტეხლო - 157,05 ლარი. (1.6). ბ.მ–ს შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2019 წლის 15 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა, 2021 წლის 22 მარტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ძირითად თანხაზე - 3223,50 ლარზე, წლიური 21% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 56,41 ლარს.
8. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა
ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვა.
9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
10. მოპასუხის საკასაციო მოთხოვნა
10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 ნოემბრის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10.2. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები ხელშეკრულებების დადებისა და თანმდევი სამართლებრივი შედეგების შესახებ, ასევე ის, რომ 2019 წლის 26 თებერვლის საბანკო კრედიტის საფუძველზე მსესხებელზე 19 000 ლარის გაცემის შესახებ. აღნიშნული საკითხი სადავოდ იქნა გამხდარი მოპასუხის მიერ, რადგან ხელშეკრულების ვალდებულების შესრულებისთვის პირველ რიგში აუცილებელი იყო კრედიტორის მიერ ფულის გადაცემა მსესხებლისთვის, რაც ვერ იქნა დამტკიცებული მოსარჩელის მიერ, რადგან მათ ვერ წარადგინეს საბანკო გადარიცხვის შესახებ რაიმე სახის მტკიცებულება.
10.3. მოსარჩელემ დაარღვია საბანკო კრედიტის სათანადოდ შენახვის წესები. მართალია, დადასტურდა 2019 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულების არსებობა, რაც მატერიალური სახით იქნა წარმოდგენილი, თუმცა დანარჩენი ორი საკრედიტო ხელშეკრულება ელექტრონული ფორმით დადო, მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ ვერ შეძლო აღნიშნულ ხელშეკრულებათა დედნის წარმოდგენა, შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება არის მხოლოდ ხელშეკრულების პროექტი და არა დასრულებული, ხელმოწერილი გარიგება.
10.4. მოსარჩელე ვერ ადასტურებს აღნიშნული ორი ხელშეკრულების დადების ფაქტსა და ვალდებულების წარმოშობის შემთხვევას, ამიტომ მათი სასარჩელო მოთხოვნა ფაქტობრივი გარემოებებს მოკლებულია.
11. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მეორე მოპასუხის (დასაჩუქრებულის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად აქვს გამოკვლეული საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა ფაქტობრივი გარემოება.
15. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
16. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).
17. სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი, რაც გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ამ წესის დარღვევით პროცენტის შესახებ დადებული შეთანხმება ბათილია. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო შედავების მთავარი სამართლებრივი საკითხი წარმოადგენს საკრედიტო ხელშეკრულებების (2019 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულების გარდა) როგორც დადების, ასევე სავარაუდოდ წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულების ნამდვილობა.
19. ისეთ შემთხვევებში, როდესაც მოპასუხე უარყოფს ხელშეკრულების დადების ფაქტს, მოსარჩელე ხდება ვალდებული დაადასტუროს ხელშეკრულების ნამდვილობა, რადგან მოპასუხეს არ ეკისრება უარყოფითი ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი. ამასთან, მოსარჩელე ვალდებული იქნება დაასაბუთოს როგორც ხელშეკრულების არსებობის, ასევე თანხის გადაცემის ფაქტი.
20. ქვედა ინსტანციის სასამართლოში დადგინდა, რომ 2019 წლის 06 მაისისა და 15 ივლისის N2038497-10473090 და N038497-10567171 კრედიტის ხელშეკრულებები ნამდვილად დაიდო მხარეებს შორის.
21. აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე, მოსარჩელემ, როგორც კრედიტორმა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე მოითხოვა კრედიტის ძირი თანხის, სარგებლის (ხელშეკრულების მთლიანი ვადის განმავლობაში მისაღები), მიუღებელი შემოსავლისა და პირგასამტეხლოს დაკისრება. დადგენილია, რომ 2019 წლის 26 თებერვლისა და 15 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოპასუხემ ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რამაც წარმოშვა ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების კანონიერი საფუძვლები, შედეგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეს კანონიერად დაეკისრა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა.
22. რაც შეეხება პროცენტსა და პირგასამტეხლოს, დადგენილია, რომ 2019 წლის 26 თებერვლისა და 06 მაისის ხელშეკრულებებით საპროცენტო განაკვეთად განისაზღვრა წლიური 14.5%, 2019 წლის 15 ივლისის ხელშეკრულებით - წლიური 21%. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ არ გადაიხადა როგორც პროცენტის, ასევე პირგასამტეხლოს ღირებულება, რისი მოთხოვნის უფლებაც მოსარჩელეს, როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, წამოეშვა, შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია შეასრულოს აღნინული მეორეული მოთხონებით წარმოშობილი ფულადი ვალდებულებები. კასატორის შედავება მოცემულ ვალდებულებათა არარაციონალურობის შესახებ ვერ იქნება გაზიარებული, რადგან მან ვერ შეძლო დაესაბუთებინა ოდენობის არაკანონიერი ან უფლებაში გაუმართლებლად მზღუდავი ხასიათი, შესაბამისად მისი დასაბუთება ვერ იქნება გაზიარებული.
23. პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ.).
24. პირგასამტეხლოს ნაწილში, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ხელშეკრულებების პირობებზე, რომელთა თანახმად, 2019 წლის 26 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2019 წლის 06 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო 2019 წლის 15 ივლისის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 5 ლარი, ამას დამატებული 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
25. დადგენილი გარემოებების თანახმად, 2019 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხისთვის დასაკისრებლად მოთხოვნილია 1763.39 ლარის გადახდა, ასევე ძირზე, 15 173.03 ლარის 0.27%-ის დაკისრება ყოველდღიურად, არაუმეტეს 2000 ლარისა. 2019 წლის 06 მაისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო მოთხოვნილია 292.49 ლარის ოდენობით, ასევე ძირი თანხის, 24982.89 ლარის 0.27%-ის გადახდა ყოველდღიურად, არაუმეტეს 500 ლარისა, ხოლო 2019 წლის 15 ივლისის ხეშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 157.05 ლარს, რასაც ემატება ძირი თანხის, 3223.5 ლარის 0.27% ყოველდღიურად, არაუმეტეს 500 ლარისა.
26. მართალია, აღნიშნული ოდენობები იყო მოთხოვნილი სარჩელით, თუმცა ქვედა ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული თანხების გონივრული ოდენობა იქნებოდა პირველ ხელშეკრულებაზე - 700; მეორეზე - 200, ხოლო მესამეზე 157.05 ლარი. ამ კუთხით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას შესრულების ღირებულების, ვალდებულების ხასიათის, დარღვევის სიმძიმის, შეუსრულებლობის ვადისა და დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გონივრულ ოდენობამდე. სწორედ აღნიშნული შემთხვევაა სახეზე წინამდებარე დავის ფარგლებშიც, რასაც ასევე იზიარებს საკასაციო პალატა და მიიჩნევს, რომ მისი კიდევ მეტად შემცირების საკანონმდებლო საფუძველი არ არსებობს.
27. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნას, რაც გულისხმობს 2019 წლის 26 თებერვლის საბანკო კრედიტის #2038497-10383625 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2021 წლის 22 მარტიდან ძირითად თანხაზე -15173.03 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 14.5% სარგებლის გადახდას, რაც ყოველთვიურად შეადგენს 183.34 ლარს; შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2019 წლის 06 მაისის საბანკო კრედიტის #2038497-10473090 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2021 წლის 22 მარტიდან აღსრულებამდე ძირითად თანხაზე - 2492.89 ლარზე, წლიური 14.5% სარგებლის გადახდის დაკისრებას, რაც ყოველთვიურად შეადგენს 30.12 ლარს; შპს „ტ.კ–ის“ სასარგებლოდ 2019 წლის 15 ივლისის საბანკო კრედიტის #2038497-10567171 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2021 წლის 22 მარტიდან აღსრულებამდე, ძირითად თანხაზე - 3223.5 ლარზე, წლიური 21% სარგებლის გადახდას, რაც ყოველთვიურად შეადგენს 56.41 ლარს, აღნიშნული მოთხოვნებთან მიმართებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად დაადგინეს, რომ 2019 წლის 26 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2021 წლის 22 მარტიდან ძირითად თანხაზე - 15173,03 ლარზე, წლიური 14.5% სარგებლის (რაც ყოველთვიურად შეადგენს 183,34 ლარს), 2019 წლის 6 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2021 წლის 22 მარტიდან ძირითად თანხაზე - 2492,89 ლარზე, წლიური 14.5% სარგებლის (რაც ყოველთვიურად შეადგენს 30,12 ლარს), ხოლო 2019 წლის 15 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 3223,50 ლარზე, წლიური 21% სარგებლის (რაც ყოველთვიურად შეადგენს 56,41 ლარს) დაკისრება იქნებოდა ყველაზე სწორი მოპასუხის უფლებების დარღვევისგან და მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებისგან თავის არიდებისთვის.
28. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელი შემოსავლის გამო მიყენებული ზიანის მოპასუხეთათვის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძველს სსკის 411-ე მუხლის წინაპირობების არარსებობა ქმნის. სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება შეეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.
29. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან.
30. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია.
31. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. (იხ. სუსგ. №ას-601-2021, 21.03.2024).
32. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (შდრ. იხ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.15).
33. მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული მოთხოვნები, შესაბამისად, სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს წარმოეშობა მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის უფლება, შესაბამისად, საკასაციო პალატაც, ისევე როგორც ქვედა ინსტანციის სასამართლოებიც, მიიჩნევენ, რომ მოპასუხეს მართებულად დაეკისრა 2019 წლის 26 თებერვლის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2021 წლის 22 მარტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ძირითად თანხაზე - 15173,03 ლარზე, წლიური 14.5% სარგებლის გადახდა (რაც ყოველთვიურად შეადგენს 183,34 ლარს); ასევე 2019 წლის 6 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2021 წლის 22 მარტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ძირითად თანხაზე - 2492,89 ლარზე, წლიური 14.5% სარგებლის გადახდა (რაც ყოველთვიურად შეადგენს 30,12 ლარს) და 2019 წლის 15 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2021 წლის 22 მარტიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, ძირითად თანხაზე - 3223,50 ლარზე, წლიური 21% სარგებლის გადახდა (რაც ყოველთვიურად შეადგენს 56,41 ლარს).
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია დასაჩუქრებულის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. ბ.მ–ს (პ.ნ. .......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1733,5 ლარის (საგადასახადო დავალება: 3540; გადახდის თარიღი 12.03.2024;) 70% – 1212,45 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე