Facebook Twitter

ბს-851-815(გ-06) 6 ნოემბერი, 2006 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შორის დავა განსჯადობის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციამ სარჩელი აღძრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის _ შპს “ნ...ის” მიმართ, რომლითაც მოითხოვა დაყადაღებული ქონების რეალიზაციის თაობაზე ნებართვის მინიჭება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 21 სექტემბრის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სარჩელი დატოვებულ იქნა განუხილველად მოსარჩელის გამოუცხადებლობის გამო.

საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციამ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:

საქმე წარმოადგენს ადმინისტრაციულ დავას, ვინაიდან გამომდინარეობდა საჯარო სამართლებრივი ურთიერთობებიდან და მონაწილე მხარე აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს, რის გამოც სასამართლოს მიერ დარღვეულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-5 და სსკ-ის 72-ე მუხლების მოთხოვნები.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2005წ. 23 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადაეგზავნა ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. “გ” მუხლი და განმარტა, რომ სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა ქმედების განხორციელების შესახებ, მოცემულ შემთხვევაში კი დავის საგანს წარმოადგენს საბიუჯეტო და სახელმწიფო ფონდების მიმართ დავალიანება, რის გამოც საქმე ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილვას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2005წ. 2 აგვისტოს განჩინებით არ გაიზიარა სამოქალაქო პალატის მოსაზრება, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლის საფუძველზე წამოიწყო დავა განსჯადობის თაობაზე და მოცემული საქმე განსჯადობის წესით განსახილველად გადმოუგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.1. 1.2, სამოქალაქო საპრცესო კოდექსის 420-ე მუხლები და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ამავე კოდექსის მე-2 მუხლით სასამართლოს განსჯად საქმეები, შესაბამისი საჩივრის (სააპელაციო, კერძო) საფუძველზე, I ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილული და გადაწყვეტილი დავები, ხოლო, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხი განხილულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ამდენად, სსსკ-ის 394 “ა” მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, როგორც არაგანსჯადი, მოკლებული იყო უფლებამოსილებას, განეხილა აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა თუ მიიჩნევდა, რომ აქციზის გადამხდელთა ინსპექციის სასარჩელო მოთხოვნა და დავის საგანი მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას, მაშინ მას დავის საგანთან მიმართებაში უნდა გამოეყენებანა სსსკ-ის 394 “ა” მუხლი, გაეუქმებინა სამოქალაქო კოლეგიის განჩინება და შესაბამისი მითითებებით სარჩელი განსჯადობის მიხედვით უნდა დაებრუნებინა I ინსტანციის სასამართლოსათვის.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, განსჯადობის თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატასა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსაზრებების გაცნობის შედეგად, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, წყვეტს რა დავას სასამართლოთა შორის განსჯადობის თაობაზე, მიაჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განსჯად ადმინისტრაციულ დავას წარმოადგენს და შესაბამისად, საქმე განსახილველად უნდა დაექვემდებაროს მითითებულ სასამართლოს განსჯადობის მიხედვით, შემდეგ გარემოებათა გამო:

კონკრეტულ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხის დაყადაღებული ქონების ღია აუქციონზე რეალიზაციის უფლების მინიჭება, რაც წარმოადგენს ადმინისტრაციული კატეგორიის დავას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის მიხედვით, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე, სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილ დავებს. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.2. მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს, თუ რა შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული დავის საგანს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვის ძირითად ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც წარმოშობილია იმ სამართალურთიერთობიდან, რომელსაც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობა აწესრიგებს.

საკასაციო სასამართლო საგადასახადო კოდექსის XI თავის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმით დადგენილია საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებები. საგადასახადო კოდექსის 88.1 მუხლი განსაზღვრავს მოვალის დაყადაღებული ქონების რეალიზციის წესს, კერძოდ, მოვალის დაყადაღებული ქონების რეალიზაციას ახორციელებს საგადასახადო ორგანო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ღია აუქციონის წესით, ამასთან სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული ორგანოს _ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა ინსპექციის მიერ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯაროსამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი, კერძოდ, დავა დაკავშირებულია იმ სამართლებრივ ურთიერთობასთან, რომელიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ასევე სარჩელი აღძრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რის გამოც არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლით განსაზღვრული პირობები, დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული სასამართლოს მსჯელობას, რომ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხი განხილულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, ამდენად, სსსკ-ის 394 “ა” მუხლიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა, როგორც არაგანსჯადი მოკლებული იყო უფლებამოსილებას განეხილა აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის სარჩელი განიხილა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას არ ართმევდა შესაძლებლობას საქმე გადაეგზავნა განსჯადი ადმინისტრაციული სასამართლოსათვის და ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული სასამართლოს თვალსაზრისს, რომ იგი უფლებამოსილი არ არის განიხილოს სამოქალაქო სამართალწარმოების საფუძველზე გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერება, ვინაიდან სასამართლოს იურისდიქციისათვის განმსაზღვრელია არა ის ფაქტორი, თუ რომელი დარგობრივი სასამართლოს მიერ არის საქმე განხილული პირველი ინსტანციის წესით, არამედ _ თავად საქმის კუთვნილება ამა თუ იმ კატეგორიისადმი.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა მივიდა რა იმ დასკვნამდე, რომ სადავო სამართალურთიერთობა გამომდინარეობდა ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, აღნიშნული მომენტიდან სამოქალაქო პალატის უფლებამოსილება _ განეხილა აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი, როგორც კომპეტენტური სასამართლოსი დასრულდა, რის გამოც კერძო საჩივარის მოტივების დასაბუთებულობა-საფუძვლიანობის და გასაჩივრებული განჩინების /რომელიც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იქნა გამოტანილი/ კანონიერების შემოწმების უფლებამოსილება /განსჯადობის შესაბამისად/ წარმოეშვა მხოლოდ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ მისი უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განხილულ და გადაწყვეტილ დავებზე, დაუსაბუთებელია.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომლებიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან და რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მსჯელობას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, თუ მიიჩნევდა, რომ აქციზის გადამხდელთა ინსპექციის სასარჩელო მოთხოვნა და დავის საგანი მიეკუთვნებოდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველ დავათა კატეგორიას, მაშინ მას დავის საგანთან მიმართებაში უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 394 “ა” მუხლი, გაეუქმებინა სამოქალაქო კოლეგიის განჩინება და შესაბამისი მითითებებით სარჩელის განსჯადობის შესახებ უნდა დაებრუნებინა I ინსტანციის სასამართლოსათვის, რამდენადაც სამოქალაქო საქმეთა პალატა, არაგანსჯადობის გამო, ვერ იმსჯელებდა რა კერძო საჩივრის მოტივების დასაბუთებულობაზე, ვალდებული იყო, საქმე გადაეგზავნა განსჯადი სასამართლოსათვის, რაც განახორციელა კიდეც.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი შეტანილია არაუფლებამოსილ სასამართლოში, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ სარჩელი განსახილველად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.2. მუხლის მიხედვით სწორად გადაუგზავნა უფლებამოსილ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რამდენადაც ეს უკანასკნელი იყო უფლებამოსილი მოცემული კერძო საჩივრის განხილვაზე.

საკასაციო სასამართლო კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26.3. მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენებას _ განსჯადობის შესახებ დავის წამოწყებას, რამდენადაც ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.1. მუხლის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მხოლოდ ადმინისტრაციული დავების განხილვაა დაშვებული.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის მოტივების – საფუძვლიანობა-დასაბუთებულობაზე, უნდა ემსჯელა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რამდენადაც აღნიშნულზე საპროცესო აქტი უნდა მიიღოს უფლებამოსილმა სასამართლომ, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის თანახმად მოცემული საქმე განსჯადობით განსახილველად უნდა გადაეგზავნოს უფლებამოსილ – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; 2.1; 26.3 და სსკ-ის 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის აქციზის გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის კერძო საჩივარი განსჯადობით განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას;

2. საქმე გადაეცეს განსჯად სასამართლოს;

3. წინამდებარე განჩინება გაეგზავნოთ მხარეებს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.