№ა-1969-შ-55-2023
16 მაისი, 2024წ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ა.ი–ვა
მოწინააღმდეგე მხარე - ე.ე–ვი
განხილვის საგანი – აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს N2(125)-126/2022 (ID: 1540250) დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება ალიმენტის დაკისრების ნაწილში
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს N2(125)-126/2022 დადგენილებით გაუქმდა ა.ი–ვასა და ე.ე–ვს შორის 2014 წლის 25 თებერვალს ქ. განჯის „ა.ს–ის“ ცენტრის სარეგისტრაციო განყოფილებაში N212 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება; ქორწინების გაუქმების შემდეგ არასრულწლოვანი ბავშვების - ნ.ე–ასა და ა.ე–ვას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვა - დედის საცხოვრებელი ადგილი; ე.ე–ვს დაეკისრა ალიმენტის გადახდა 2021 წლის 10 ივნისიდან, არასრულწლოვანი შვილების: 2015 წლის 3 ოქტომბერს დაბადებული ნ.ე–ასა და 2017 წლის 11 ივნისს დაბადებული ა.ე–ვასათვის ყოველთვიურად თითოეული ბავშვისათვის 150-150 მანათის, მთლიანობაში 300 მანათის გადახდა, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
2023 წლის 13 აპრილს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროდან მიღებული შუამდგომლობა, რომლითაც ა.ი–ვა ითხოვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს N2(125)-126/2022 დადგენილების იმ ნაწილის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულებას, რომლითაც ე.ე–ვს დაეკისრა ალიმენტის გადახდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 აპრილის განჩინებით ა.ი–ვას დაუდგინდა ხარვეზი შუმდგომლობაზე და დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა ცნობა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში ა.ი–ვას შუამდგომლობის შემოსვლის დროისათვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს N1540250 დადგენილება აზერბაიჯის ტერიტორიაზე აღსრულებული არ იყო.
ზემოაღნიშნული განჩინება (აზერბაიჯანული თარგმანით) გადაეგზავნა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ა.ი–ვასათვის ჩასასაბერლად, თუმცა გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარების ან ჩაუბარებლობის მიზეზების შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს უზენაესი სასამართლოსათვის ინფორმაცია არ მოუწოდებია.
2023 წლის 12 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში ა.ი–ვას რწმუნებულმა ხელახლა წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლითაც ა.ი–ვა ითხოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯას საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს N2(125)-126/2022 დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას.
2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით ა.ი–ვას გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 20 დღით და დაევალა აღნიშნულ ვადაში მოთხოვნის დაზუსტება, კერძოდ მითითება, შუამდგომლობის ავტორი სრულად ითხოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს N2(125)-126/2022 დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას, თუ ითხოვს დადგენილების რომელიმე ნაწილის ცნობა-აღსრულებას. შუამდგომლობის ავტორს ასევე დაევალა ამჟამინდელი მდგომარეობით ცნობის წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს N2(125)-126/2022 დადგენილების აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღუსრულებლობას, იმ ნაწილთან მიმართებით, რომლის ცნობა-აღსრულებასაც ის მოითხოვს.
2024 წლის 30 იანვარს (ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში) შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მიუთითა, რომ ითხოვს გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებას მხოლოდ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება გონივრული ვადით, სასამართლოს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შესახებ მოთხოვნილი ცნობის წარმოსადგენად.
საკასაციო პალატის 2024 წლის 08 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით და დაევალა ამჟამინდელი მდგომარეობით ცნობის წარმოდგენა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს N2(125)-126/2022 დადგენილების მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღუსრულებლობის შესახებ.
2024 წლის 12 თებერვალს (ხარვეზის გაგრძელების შესახებ 2024 წლის 08 თებერვლის განჩინების ჩაბარებამდე) საკასაციო პალატას განცხადებით მომართა შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა და წარმოადგინა აზერბაიჯანის განჯის სასამართლოს მიერ 2024 წლის 26 იანვარს გაცემული ცნობა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს დადგენილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით ა.ი–ვას შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს N2(125)-126/2022 (ID: 1540250) დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრების ნაწილში მიღებულ იქნა განსახილველად.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარეს - ე.ე–ვს გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალებში არსებულ მისამართზე - ბოლნისი, სოფელი ......... და ჩაჰბარდა პირადად 2024 წლის 16 აპრილს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში ჰქონდა აღნიშნულ შუამდგომლობაზე თავისი აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეეძლო მოეთხოვა საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ საქმე განიხილებოდა ზეპირი მოსმენის გარეშე. მოწინააღმდეგე მხარეს, განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ზემოაღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს N2(125)-126/2022 (ID: 1540250) დადგენილების ალიმენტის ნაწილში საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დგინდება, რომ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს N2(125)-126/2022 დადგენილებით ე.ე–ვს დაეკისრა ალიმენტის გადახდა 2021 წლის 10 ივნისიდან, არასრულწლოვანი შვილების: 2015 წლის 3 ოქტომბერს დაბადებული ნ.ე–ასა და 2017 წლის 11 ივნისს დაბადებული ა.ე–ვასათვის ყოველთვიურად თითოეული ბავშვისათვის 150-150 მანათის, მთლიანობაში 300 მანათის გადახდა, ბავშვების სრულწლოვანებამდე.
საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დგინდება, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა და მოწინააღმდეგე მხარე საქართველოში მაცხოვრებელი პირია.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებულია ხელშეკრულება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ (ძალაშია 1997 წლის 18 თებერვლიდან).
„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს მინსკის კონვენციის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. ამასთან, არ არსებობს ამავე კონვენციის 55-ე მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლები (გადაწყვეტილებების აღიარებაზე და იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარი ეთქვას, თუკი: ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის თანახმად, რომლის ტერიტორიაზეც გამოტანილია გადაწყვეტილება, იგი არ შესულა კანონიერ ძალაში ან არ ექვემდებარება აღსრულებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადაწყვეტილება ექვემდებარება აღსრულებას კანონიერ ძალაში შესვლამდე; მოპასუხეს არ მიუღია მონაწილეობა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად არ გადასცეს სასამართლოში გამოძახება; საქმეზე იმავე მხარეებს, იმავე საგანზე და იმავე საფუძველზე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, სადაც აღიარებულ და აღსრულებულ უნდა იქნას გადაწყვეტილება, ადრე უკვე გამოტანილი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან არსებობს მესამე სახელმწიფოს სასამართლოს აღიარებული გადაწყვეტილება, ანდა თუ ამ ხელშემკვრელი მხარის დაწესებულებამ ადრე აღძრა წარმოება ამ საქმეზე; წინამდებარე კონვენციის დებულებათა თანახმად, ხოლო მის მიერ გაუთვალისწინებელ შემთხვევებში იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობისა, რომლის ტერიტორიაზეც გადაწყვეტილება აღიარებული და აღსრულებული უნდა იქნას, საქმე ეხება მისი დაწესებულების განსაკუთრებულ კომპეტენციას; არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მხარეთა შეთანხმებას სახელშეკრულებო განსჯადობის შესახებ; ამოიწურა იძულებითი აღსრულების ხანდაზმულობის ვადა, გათვალისწინებული იმ ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობით, რომლის სასამართლოც ასრულებს დავალებებს). შუამდგომლობა აკმაყოფილებს საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებსაც და არც ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-2 (გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს) პუნქტით უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატამ განიხილა შუამდგომლობა და მიიჩნევს, რომ კონვენციით დადგენილი წინაპირობები უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ დაცულია, შესაბამისად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს N2(125)-126/2022 (ID: 1540250) დადგენილება ალიმენტის ნაწილში ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე და ე.ე–ვისათვის ალიმენტის დაკისრების, კერძოდ: 2021 წლის 10 ივნისიდან, არასრულწლოვანი შვილების: 2015 წლის 3 ოქტომბერს დაბადებული ნ.ე–ასა და 2017 წლის 11 ივნისს დაბადებული ა.ე–ვასათვის, ბავშვების სრულწლოვანებამდე, ყოველთვიურად თითოეული ბავშვისათვის 150-150 მანათის, მთლიანობაში 300 მანათის გადახდის დაკისრების ნაწილში მიექცეს აღსასრულებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერობის შესახებ“ კონვენციის 51-ე, 53-ე, 55-ე მუხლებით, ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ი–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქ განჯის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 აგვისტოს N2(125)-126/2022 (ID: 1540250) დადგენილება ე.ე–ვისათვის არასრულწლოვანი შვილების - 2015 წლის 3 ოქტომბერს დაბადებული ნ.ე–ასა და 2017 წლის 11 ივნისს დაბადებული ა.ე–ვასათვის, 2021 წლის 10 ივნისიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე, ყოველთვიურად თითოეული ბავშვისათვის 150-150 მანათის, მთლიანობაში 300 მანათის ოდენობით ალიმენტის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამავე ნაწილში დადგენილება მიექცეს აღსასრულებლად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე