Facebook Twitter

№ა-2405-შ-59-2024

16 მაისი, 2024 წ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.შ–ი

განხილვის საგანი – გერმანიის პფორცჰაიმის რაიონული სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის პფორცჰაიმის რაიონული სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ.შ–ი და კ.შ–ნი განქორწინდნენ. ამავე გადაწყვეტილებით მხარეებს შორის გაიყო საპენსიო წილები.

თ.შ–ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 მაისის განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

თ.შ–ის წარმომადგენელმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ გერმანიის პფორცჰაიმის რაიონული სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ.შ–ი და კ.შ–ნი განქორწინდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოპასუხე მხარე მონაწილეობდა საქმის განხილვაში და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 15 ოქტომბერს. საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის პფორცჰაიმის რაიონული სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება თ.შ–ისა და კ.შ–ნის განქორწინების ნაწილში, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დაადგინა:

1. თ.შ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის პფორცჰაიმის რაიონული სასამართლოს საოჯახო სასამართლოს 2015 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილება თ.შ–ისა და კ.შ–ნის განქორწინების ნაწილში.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე