Facebook Twitter

№ას-630-2023

23 თებერვალი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტომ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „გ-ის“ (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საიჯარო ქირის 7015.77 ლარის, პირგასამტეხლოს სახით 4044.48 ლარისა და 300 ლარის, ასევე 2020 წლის 16 თებერვლიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - 7 ლარის დაკისრება (იხ. სარჩელი: ს.ფ. 2-22).

1.2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს „გ“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის 7015.77 ლარისა და პირგასამტეხლოს 370 ლარის გადახდა. სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის სამომავლო პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ოქტობრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 370 ლარის დაკისრებისა და მისთვის სამომავლო პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 808.90 ლარისა და 100 ლარის გადახდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 2021 წლის 16 თებერვლიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 1.40 ლარის გადახდა.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 03 აპრილის Nბ61.01170931 ბრძანებით (ბრძანება შპს „გ-ის“ ელექტრონულ განცხადებასთან ერთად, გაცნობისთანავე გათანაბრებულია იჯარის ხელშეკრულებასთან, რომელის განუყოფელ ნაწილს შეადგენს თანდართული საიჯარო პირობები), შპს „გ-ს“ პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაეცა ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, პარკის ტერიტორიაზე მდებარე 18570 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ………) 1195 კვ.მ. საერთო ფართობის რვა მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული რვა ერთეული ატრაქციონი. აღნიშული ბრძანების თანახმად იჯარის მოქმედების ვადად განისაზღვრა 10 წელი.

5.2. საიჯარო პირობები განისაზღვრა ბრძანების N2 დანართით, რომლის 3.1 პუნქტის თანახმად, იჯარით გადაცემული ქონების საერთო საიჯარო ქირის წლიური საფასური შეადგენდა 17630 ლარს. 3.2 პუნქტის თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობიდან 24 თვის განმავლობაში მოიჯარე გათავისუფლდა სარგებლობის ქირის გადახდისგან. 20.1 პუნქტის თანახმად, განისაზღვრა მოიჯარის ვალდებულება დაუყოვნებლივ აცნობოს მეიჯარეს, თუ უძრავ ქონებას აღმოაჩნდება ნაკლი. 20.2 პუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო მოთხოვნისთანავე წარედგინა მეიჯარისათვის წერილობითი ინფორმაცია წინამდებარე პირობებით და საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად. 20.5 პუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაცემიდან (ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაცნობის მომენტიდან) არაუგვიანეს 6 თვის განმავლობაში უზრუნველეყო ატრაქციონების მუშა მდგომარეობაში მოყვანა (შეკეთება) და ფუნქციონირების დაწყება. 20.6 პუნქტის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო უზრუნველეყო ატრაქციონების განთავსება უსაფრთხოების ნორმების დაცვით, საჭიროების შემთხვევაში უფლებამოსილ უწყებებთან შეთანხმებით. საიჯარო პირობების 21-ე პუნქტის თანახმად, წინამდებარე პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრებოდა 22-24-ე პუნქტებით განსაზღვრული პირგასამტეხლო. 22-ე პუნქტის თანახმად, სარგებლობის ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრა გადასახდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არანაკლებ 5 ლარის ოდენობით. 24-ე პუნქტის თანახმად, წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების (გარდა სარგებლობის ქირის) გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით.

5.3. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2019 წლის 27 აგვისტოს Nბ61.01192396 ბრძანებით, შეწყდა მოპასუხის იჯარის ფორმით სარგებლობის უფლება ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, პარკის ტერიტორიაზე მდებარე 18570 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან (ს/კ ........) 1195 კვ.მ საერთო ფართობის რვა მიწის ნაკვეთსა და მათზე განთავსებული რვა ერთეული ატრაქციონზე.

5.4. ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის მოპასუხის საიჯარო ქირის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 7015.77 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 270 ლარს.

5.5. სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2021 წლის 16 თებერვლის ცნობით მხარეთა შორის არსებული საიჯარო ურთიერთობიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ შესასრულებელი იყო შემდეგი ფინანსური ვალდებულებები: ა) 2019 წლის 27 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი საიჯარო ქირის დავალიანება - 7 015.77 ლარი; ბ) 2021 წლის 15 თებერვლის მდგომარეობით, ხელშეკრულების 22-ე მუხლის შესაბამისად დაკისრებული პირგასამტეხლო - 4 044.48 ლარი, რომელიც იზრდება 7 ლარით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საიჯარო ქირის სრულად დაფარვამდე; გ) ხელშეკრულების 20.2, 20.5 და 20.6 პუნქტების დარღვევისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - ჯამში 300 ლარი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.6. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პალატის განმარატებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოდგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით.

5.7. პალატამ მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო 0.15 უნდა შემცირებულიყო 0.02%-მდე, შესაბამისად, დარღვევის ხასიათის, სიმძიმისა და მიყენებული ზიანის მოცულობის შესატყვის პირგასამტეხლოს ოდენობად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია 808.90 ლარი.

5.7. სასამართლომ მიუთითა იჯარის პირობების 22-ე პუნქტზე, რომლის თანახმად, სარგებლობის ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განსაზღვრულია დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ასევე, იმ გარემოებაზე, რომ პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – მის შესრულებამდე და მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ასევე უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლოს, 2021 წლის 16 თებერვლიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 1.40 (7 ლარის 5- ჯერ შემცირებით) ლარის გადახდა.

5.8. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ არარელევანტურია, საიჯარო პირობების თითოეულ დარღვევაზე 100 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დარიცხვა (საერთო ჯამში 300 ლარი). სასამართლომ მიიჩნია, რომ საიჯარო პირობების 24-ე პუნქტი (წინამდებარე პირობებით გათვალისიწინებული სხვა ვალდებულებების (გარდა სარგებლობის ქირის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულებებისა) დარღვევის შემთხვევაში, მოიჯარეს ეკისრება პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით) უნდა გავრცელებულიყო ზოგადად ხელშეკრულების დარღვევის ფაქტზე და არა ცალკეულ ქმედებებზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, კი მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა საიჯარო პირობების მე-20 პუნქტიდან გამომდინარე ვალდებულებების დარღვევისათვის, პირგასამტეხლო 100 ლარის ოდენობით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოპასუხე ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაეთანხმა პირგასამტეხლოს შესახებ მხარეთა შეთანხმებას. სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლო არაპროპორციულია და არ აკმაყოფილებს სსკ-ის 420-ე მუხლის მოთხოვნას. ამასთან, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემა და ხელშეკრულების გაფორმება განხორციელდა ნორმატიული აქტების საფუძველზე, მათში დადგენილი პირობების გათვალისწინებით.

6.2. კასატორი ასევე მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია ასევე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სასყიდლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესებზე. თითოეულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვა და შემდგომში მისი განაწილება სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებზე. თითოეული ხელშეკრულების შეუსრულებლობით, ან არაჯეროვანი შესრულებით, რაც უკავშირდება გადასახდელი თანხების დაყოვნებას, საჯარო ინტერესებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით განსაზღვრული ოდენობა. ხელშეკრულების ობიექტი პირდაპირ კავშირშია სამინისტროს ფუნქცია-მოვალეობების შესრულებასთან და ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას. შესაბამისად, მოსარჩელეს შესრულების მიმართ აქვს მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური ინტერესი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

9. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა, უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება მოპასუხისათვის. საიჯარო ქირის ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. რაც შეეხება მის საკასაციო მოთხოვნას პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ, ეს სამართლებრივი შედეგი მიიღება 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში. კერძოდ, ეს წინაპირობები შემდეგია: ა) მხარეთა შორის ხელშეკრულების დადება; ბ) პირგასამტეხლოზე წერილობითი შეთანხმება; გ) ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება.

10. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა დაუსაბუთებლად შეამცირეს.

11. უდავოა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 03 აპრილის Nბ61.01170931 ბრძანებით (ბრძანება შპს „გ–დის“ ელექტრონულ განცხადებასთან ერთად, გაცნობისთანავე გათანაბრებულია იჯარის ხელშეკრულებასთან, რომელის განუყოფელ ნაწილს შეადგენს თანდართული საიჯარო პირობები), შპს „გ–ს“ პირდაპირი განკარგვის წესით, 10 წლის ვადით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით გადაეცა ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, პარკის ტერიტორიაზე მდებარე 18 570 კვ.მ. მიწის ნაკვეთიდან (ს/კ .......) 1195 კვ.მ. საერთო ფართობის რვა მიწის ნაკვეთი და მათზე განთავსებული რვა ერთეული ატრაქციონი. საიჯარო პირობები განისაზღვრა ბრძანების N2 დანართით. სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით დადებული ხელშეკრულების პირობები, უფლებები და ვალდებულებები. უდავოა ასევე მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა. საკასაციო საჩივრით სადავოა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).

13. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

14. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, აღნიშნული მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა, (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და გარკვეულ ნიშნულამდე დაყვანა არ წარმოადგენს საერთო სტანდარტს. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგადაც, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების მხედველობაში მიღებით, როგორიცაა: სახელშეკრულებო ურთიერთობათა მხარეები, ხელშეკრულების ღირებულება, ხელშეკრულების მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დამრღვევის ბრალეულობის ხარისხი, დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხე და კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეაფასებს როგორც შეუსაბამოდ მაღალს, მან უნდა განსაზღვროს პირგასამტეხლოს ისეთი ოდენობა, რომელიც იქნება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. რაც შეეხება დარღვევის თანაზომიერი და გონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს განსაზღვრას, აღნიშნულიც ასევე უნდა შეფასდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ზემოთმითითებული გარემოებების ურთიერთშეჯერების შედეგად.

16. მართალია, სსკ-ის 420-ე მუხლი უშვებს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, თუმცა აუცილებლად უნდა შეფასდეს, თუ რამდენად კვალიფიციური შედავება განახორციელა მოპასუხემ მოსარჩელის მიმართ, რამეთუ, სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან (მრავალთა შორის იხ. სუსგ.: ას-1499-2022, 24.01.2023წ; ას-1576-2022, 16.03.2023წ.).

17. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით დასტურდება, რომ მოპასუხე მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებისა და თანხის დაკისრებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითებდა მისთვის ნაკლიანი ნივთის გადაცემაზე. მოპასუხეს პირგასამტეხლოს შემცირება არ მოუთხოვია და არც მის შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე მიუთითებია.

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოხსენებული გარემოების გათვალისწინებით, განსახილველ საქმეზე პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ გამოვლენილა. ანალოგიურ საკითხზე საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ დავაზე განმარტა: პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე, – კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. აღნიშნულ გარემოებებზე სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მხარის მოთხოვნის შესაბამისად და მხოლოდ ამგვარი წინაპირობის არსებობისას შეუძლია გამოიყენოს დისკრეცია, რაც გულისხმობს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას (შდრ. სუსგ. საქმე N ას-819-771-2012, 12 სექტემბერი, 2012 წელი).

19. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მხარეები მოქმედებენ რა დისპოზიციურობისა (სსსკ-ის მე-3 მუხლი - მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი - სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები) პრინციპის ფარგლებში, თავად განსაზღვრავენ, თუ რა სახის სარჩელი აღძრან სასამართლოში, რომელ ფაქტებს დაამყარონ თავიანთი მოთხოვნა, რა ტიპის შესაგებელი დაუპირისპირონ სასარჩელო მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებები წარუდგინონ სასამართლოს საკუთარი პოზიციის დასასაბუთებლად. აქედან გამომდინარე, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირებით დაინტერესებულმა პირმა შესაგებლით უნდა მოითხოვოს პირგასამტეხლოს შემცირება ან აღნიშნულის თაობაზე საქმის მომზადების დასრულებამდე განაცხადოს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ითქვა, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მოპასუხეს პირგასამტეხლოს შემცირება არ მოუთხოვია, შესაბამისად, მას არც იმ ფაქტებზე არ მიუთითებია, რომლებიც პირგასამტეხლოს შემცირებას დაასაბუთებდა. სასამართლო კი მოკლებულია შესაძლებლობას, მოპასუხის მითითების გარეშე იმსჯელოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობაზე.

20. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ მოპასუხე სამეწარმეო საქმიანობაში გამოცდილი იურიდიული პირია. პალატის მოსაზრებით, მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს (შდრ. იხ. სუსგ, საქმე Nას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირება და ამ მიზნით მხარეთა შორის თავისუფალი ნების გამოვლენის ფარგლებში მიღწეულ შეთანხმებაში სასამართლოს ჩარევა, უპირველეს ყოვლისა, ემსახურება იმ სუსტი კონტრაჰენტის ინტერესების დაცვას, რომელიც, ერთი მხრივ, ვალდებულების შესრულების იმედით თანხმდება მისთვის თუნდაც მიუღებელ პირგასამტეხლოს განაკვეთს და, მეორე მხრივ, სრულფასოვნად ვერ აფასებს სახელშეკრულებო რისკებს და ვალდებულების დარღვევის თანამდევად დასაკისრებელი პირგასამტეხლოს მოსალოდნელ სამართლებრივ და ეკონომიკურ ეფექტს. სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს, მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე შედავების არარსებობის პირობებში, პალატა სარჩელით მოთხოვნილ პირგასამტეხლოს - 4044.48 ლარსა და 300 ლარს, ასევე 2020 წლის 16 თებერვლიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 7 ლარს, მიიჩნევს დარღვევის თანაზომიერ და პროპორციულ ოდენობად.

22. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რამდენადაც, სააპელაციო სასამართლომ, ყურადღება არ გაამახვილა პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობაზე.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2., 1.3. ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. შპს „გ“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 4044.48 ლარისა და 300 ლარის გადახდა. შპს „გ“-ს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 2020 წლის 16 თებერვლიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - 7 ლარის გადახდა. 19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გაწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

20. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1263.18 (445.80+339.01+478.37) ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 408.3-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლი 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2., 1.3. ქვეპუნქტები და მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. შპს „გ–ს“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 4044.48 ლარისა და 300 ლარის გადახდა;

5. შპს „გ–ს“ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს 2020 წლის 16 თებერვლიდან დავალიანების სრულ დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს - 7 ლარის გადახდა.

6. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 მარტის გადაწყვეტილების 5-ე პუნქტი.

7. შპს „გ–ს“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის - 1263.18 (445.80+339.01+478.37) ლარის გადახდა;

8. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე