№ას-807-2023
12 ოქტომბერი, 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „რ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – საიჯარო ქირის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „რ-ას“ (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დაკისრება - 23 748.70 ლარის ოდენობით; 2018 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა 9 097.28 ლარის ოდენობით; პირგასამტეხლოს გადახდა 2018 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 23.74 ლარის ოდენობით, საიჯარო ქირის სრულად გადახდამდე; საიჯარო პირობების 20.1 პუნქტის დარღვევისთვის 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა - 38 000 ლარის ოდენობით; მზარდი პირგასამტეხლოს გადახდა, 2018 წლის 7 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 ლარის ოდენობით, საიჯარო ქირის სრულად გადახდამდე და საიჯარო პირობების 20.3 პუნქტით გათვალისწინებული 2014 წლის 30 იანვრის N QN1155626 გადაწყვეტილების საფუძველზე წარმოშობილი საჯარო ქირის დავალიანების გადახდა - 88 866 ლარის ოდენობით (იხ. სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 2-25).
1.2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 10 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 აპრილის განჩინებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. ქ. თბილისის მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის N02.30.50 დადგენილების და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 30 იანვრის N QN1188626 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხე შპს „რ-ას“ („მოიჯარე“) გადაეცა ქ. თბილისში, ….... N7-ის გამყოფ ზოლზე მდებარე 1 250 კვმ მიწის ნაკვეთი, ს.კ. ..... („საიჯარო ქონება“), გაზის გასამართი სადგურის მოწყობის მიზნით. იჯარის ვადა განისაზღვრა 25 წლით. დადგენილების და გადაწყვეტილების დანართების სახით შეთანხმებულ იქნა საიჯარო პირობები. საიჯარო პირობების 3.1.-3.2. პუნქტების მიხედვით, ყოველწლიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 36 000 ლარით, რაც გადახდილ უნდა ყოფილიყო თანაბარწილად, ყოველ 6 თვეში ერთხელ. საიჯარო პირობების 11.1. პუნქტით, მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ქონებაზე განახორციელოს გაზის გასამართი სადგურის მოწყობა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს („მეიჯარე“) გადაწყვეტილების გაცნობიდან 2 წლის ვადაში; 11.2. პუნქტის მიხედვით მოიჯარემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს მეიჯარეს საიჯარო ქონების ნაკლის შესახებ; 12.1. პუნქტით, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო განისაზღვრა ქირის 0.1 %-ის, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის, ოდენობით დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.2. მოპასუხის იმჟამინდელმა დირექტორმა ზ.გ–მა NAR1217225 განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურს საიჯარო ქონებაზე - ს.კ.-ით ........ ქალაქგეგმარებითი დასკვნის გაცემის მოთხოვნით. სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 05 მაისის N 1266627 გადაწყვეტილებით განმცხადებელს ეცნობა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს რთულ სატრანსპორტო კვანძში შემავალ ტერიტორიაზე, ხიდის სიახლოვეს, გლდანი-დიდი დიღმის შემაერთებელი მაგისტრალის გამყოფ ზოლში, სადაც ნებისმიერი ობიექტის განთავსება ნორმით დაუშვებელია. ამასთან, მდებარეობს აშშ-ს საელჩოსთან 160 კვ.მ-ის რადიუსში და საელჩოს მოთხოვნით, საპროექტო ტერიტორიაზე იზღუდება ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაეცა დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა საკითხთან დაკავშირებით.
5.3. საიჯარო ქონების გამოყენების შეუძლებლობის გამო, 2015 წლის 12 ოქტომბერს მოპასუხემ მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის, საიჯარო ქირისა და მისი გადაუხდელობის გამო, დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების მოთხოვნით. ასევე ითხოვა საიჯარო ქონების სანაცვლო მიწის ნაკვეთის გამოყოფა. განცხადების საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ, 2015 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე შესწავლილ იქნა შპს „რ–თვის“ ხელშეკრულების შეწყვეტის, დაკისრებული პირგასამტეხლოს პატიებისა და ახალი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა. კომისიამ, წევრთა აბსოლუტური უმრავლესობით, რეკომენდირებულად მიიჩნია, შპს „რ–თან“ გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების შეწყვეტა და შპს „რ–ას“ გათავისუფლება ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებებისა და პირგასამტეხლოსგან. გათავისუფლება არ შეხებია მოპასუხის ფულად - საიჯარო ქირის დავალიანების, ვალდებულებას.
5.4. კომისიის 2015 წლის 24 ნოემბრის სხდომაზე მიღებული რეკომენდაცია მოპასუხეს ეცნობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 09 თებერვლის წერილით. მასვე ეთხოვა, წარედგინა საკუთარი პოზიცია წერილის მიღებიდან უმოკლეს ვადაში. 2016 წლის 11 თებერვლის განცხადებით შპს „რ–ას“ დირექტორმა, 2016 წლის 09 თებერვლის წერილის პასუხად, ქ. თბილისის მერს და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს აცნობა, რომ თანახმა იყო, შეწყვეტილიყო 2014 წლის იანვარში გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება, თუ მოხდებოდა საიჯარო ქონების ჩანაცვლება სხვა, კერძოდ, ლილოში მდებარე მიწის ნაკვეთით. განცხადების მიხედვით მიწის ნაკვეთზე მოპასუხე გაზის გასამართ სადგურს მოაწყობდა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის ვადაში და იჯარის ხელშეკრულების ვადაში დაასაქმებდა 20 ფიზიკურ პირს.
5.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი კომისიამ 2016 წლის 14 მარტის სხდომაზე, წევრთა აბსოლუტური უმრავლესობით, რეკომენდირებულად მიიჩნია, შპს „რ–ას“ ქ. თბილისში, ....... N7-ის გამყოფ ზოლზე მდებარე 1250 კვმ მიწის ნაკვეთის, ს.კ. ......., სანაცვლოდ, ქ. თბილისში, ლილოს დასახლებაში არსებული მიწის ნაკვეთის 15-წლიანი სარგებლობის უფლებით გადაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შპს „რ–ას“ მიერ წარდგენილი იქნებოდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის რეკომენდაცია შემოთავაზებულ მიწის ნაკვეთზე გაზის გასამართი სადგურის მშენებლობის შესაძლებლობის თაობაზე. ამასთან, კომისიამ რეკომენდირებულად მიიჩნია, ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის დადებითი პოზიციის არსებობის შემთხვევაში, შპს „რ–ას“, ძირითად ვალდებულებად განესაზღვროს: ა) წლიური საიჯარო ქირის გადახდა საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ბ) მიწის ნაკვეთის გადაცემიდან 1 წლის ვადაში საიჯარო ტერიტორიაზე გაზის გასამართი სადგურის მშენებლობის დასრულება და კანონმდებლობით დადგენილი წესით ექსპლუატაციაში მიღება; გ) გაზის გასამართი სადგურის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ ყოველწლიურად არანაკლებ 20 ადამიანის დასაქმება იჯარის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში; დ) სააგენტოს N QN1155626 გადაწყვეტილებით განსაზღვრული საიჯარო ქირის დავალიანების (72 000 ლარის ოდენობით) გადახდა ახალი გაზის გასამართი სადგურის ექსპლუატაციაში მიღებიდან 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, კერძოდ, წელიწადში ერთხელ, ჯამის პროპორციულობის გათვალისწინებით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 01 ივნისის N 07/5186-13 წერილით სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ: ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N 20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, საკითხის განხილვის დღის მდგომარეობით, მიწის ნაკვეთზე [ს.კ.-ით ......] მოცემულ დედაქალაქის განვითარების ნაწილის - რუკის მიხედვით, სატრანსპორტო ზონა 2 (ტრ-2) წარმოადგენს ზონას, რომელიც მდებარეობს ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს არსებულ და საპროექტო (პერსპექტიულ) ავტოსადგომებს, ავტოგასამართ სადგურებს, გზატკეცილების გასხვისების ზოლებს, სადგურებს (მათ შორის აეროსადგურები, საწყლოსნო სადგურები, ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები) და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველმყოფ სხვა საზოგადოებრივ შენობა–ნაგებობებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოცემულ ფუნქციურ ზონაში დასაშვებია გაზის გასამართი სადგურის მშენებლობა.
5.6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2016 წლის 8 ივნისის N22.11.483 განკარგულებით გათვალისწინებულ იქნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 01 ივნისის N07/5186-13 წერილის დასკვნა და მთავრობამ გადაწყვიტა: 1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის ქ. თბილისში, ......, N7-ის გამყოფ ზოლზე მდებარე 1250 კვმ მიწის ნაკვეთზე, ს.კ. ....., შპს „რ–თვის“ პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემული იჯარის უფლების შეწყვეტის და შესაბამისი საიჯარო პირობების გაუქმების შესახებ წინადადების ქ. თბილისის საკრებულოსთვის შესათანხმებლად წარდგენა, ასევე, ქ. თბილისში, დიდ ლილოში არსებული 1600 კვმ მიწის ნაკვეთის, ს.კ. ......, იჯარის ფორმით გადაცემის საკითხის შეთანხმება, გაზის გასამართი სადგურის განთავსების მიზნით, საიჯარო პირობების დაცვით. საკრებულოს შესათანხმებლად ასევე წარედგინა დიდ ლილოში არსებული მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირის წლიური ოდენობა 13300 ლარი. იჯარის მოქმედების ვადა უნდა განსაზღვრულიყო 15 წლით, საიჯარო პირობები კი განისაზღვრა დანართის შესაბამისად. საკითხის შეთანხმების შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ - ქონების მართვის სააგენტოს უნდა უზრუნველეყო მოპასუხისთვის დიდ ლილოში მდებარე აღნიშნული მიწის ნაკვეთის გადაცემა, 2014 წლის 30 იანვრის N QN1188626 გადაწყვეტილებით განსაზღვრული საიჯარო ქირის დავალიანების დაანგარიშება, ფარნავაზ მეფის გამზირის გამყოფ ზოლზე მდებარე მიწის ნაკვეთზე იჯარის უფლების შეწყვეტის რეგისტრაციის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარება. მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეთხოვა შეეთანხმებინა ქ. თბილისის მთავრობის 2014 წლის 25 იანვრის N 02.30.50 დადგენილებით განსაზღვრული საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, დარიცხული და დასარიცხი პირგასამტეხლოს გადახდისგან შპს „რ–ას“ გათავისუფლების საკითხი. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 8 ივლისის N184 განკარგულებით თანხმობა მიეცა მუნიციპალიტეტის მთავრობას 2016 წლის 8 ივნისის N22.11.483 განკარგულებით შესათანხმებლად წარდგენილ საკითხებზე და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2016 წლის 19 ივლისის N04-1/84 ბრძანებით შეწყდა ქ. თბილისში, ....... N7-ის გამყოფ ზოლზე მდებარე 1250 კვმ მიწის ნაკვეთზე შპს „რ–თვის“ პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემული იჯარის უფლება. შპს „რ–ას“, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით გადაეცა ქ. თბილისში, დიდ ლილოში არსებული 1600 კვმ მიწის ნაკვეთი, ს.კ. ......, გაზის გასამართი სადგურის განთავსების მიზნით. მიწის ნაკვეთის საიჯარო ქირა განისაზღვრა 13000 ლარით. იჯარის მოქმედების ვადა – 15 წლით.
5.7. გაზის გასამართი სადგურის მოწყობა, ასევე, შეუძლებელი აღმოჩნდა დიდ ლილოში მდებარე მიწის ნაკვეთზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის N3710779 გადაწყვეტილების მიხედვით: სამსახურის მიერ განხილულ იქნა 2017 წლის 30 აგვისტოს N AR1536341 განცხადება დიდი ლილოს ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. .....) გაზის გასამართის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადების შესახებ. 2016 წლის 27 მაისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის და „ფ–ის“ მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით თბილისის ზღვის შემოგარენის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომსახურების შესახებ, კომპანიას დაევალა ჩაატაროს კვლევა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამომავლო განვითარების კონცეფციის შემუშავების მიზნით. კვლევის შეჯამებამდე სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს აღნიშნულ არეალში შემავალი ნაკვეთების სამშენებლო განვითარებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2017 წლის 16 ნოემბრის N61-01173202676 წერილით შპს „რ–ას“ ეცნობა, რომ მის მიერ გადასახდელი იყო 2016 წლის 19 ოქტომბრიდან 2017 წლის 19 ოქტომბრამდე პერიოდის საიჯარო ქირის დავალიანება, ჯამში 16625 ლარი. საიჯარო პირობების 22-ე პუნქტის შესაბამისად, შეთანხმდა, რომ მოიჯარეს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით, რაც 2017 წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით შეადგენდა 3638.71 ლარს და რაც იზრდებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. ასევე, საიჯარო პირობების 20.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საიჯარო პირობების 24-ე პუნქტის შესაბამისად, ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, დღეში 100 ლარის ოდენობით. მოპასუხეს მოეთხოვა მითითებული დავალიანებების უმოკლეს, მაგრამ არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, გადახდა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 07 მარტის N 61-01180663412 წერილით შპს „რ–ას“ ეცნობა 2016 წლის 19 ოქტომბრიდან 2018 წლის 19 იანვრამდე გადასახდელი საიჯარო ქირის დავალიანების შესახებ, რომელმაც შეადგინა ჯამში 19950 ლარი და პირგასამტეხლო, საიჯარო პირობების 22-ე პუნქტის შესაბამისად, გადასახადელი თანხის 0.1 %-ის ოდენობით, რაც 2018 წლის 9 მარტის მდგომარეობით, შეადგენდა 5696.88 ლარს და იზრდებოდა ყოველი ვადაგადაცილებული დღის მიხედვით, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. ასევე, საიჯარო პირობების 20.1 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, საიჯარო პირობების 24-ე პუნქტის შესაბამისად, ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა, დღეში 100 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. მოპასუხეს მოეთხოვა მითითებული დავალიანებების უმოკლეს, მაგრამ არაუგვიანეს 1 თვის ვადაში გადახდა. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2018 წლის 2 მაისის N ბ61.01181222 ბრძანებით შეწყდა ქ. თბილისში, დიდ ლილოში არსებული 1600 კვმ მიწის ნაკვეთზე, ს.კ. ..., იჯარის ფორმით სარგებლობის უფლება. შპს „რ–ას“ უნდა უზრუნველეყო: ბრძანების გამოცემის დროისთვის არსებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება ბრძანების გაცნობიდან 10 დღის ვადაში, იმავე ვადაში აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა.
5.8. 2018 წლის 2 მაისის მდგომარეობით გადასახდელი საიჯარო ქირისა და 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით დარიცხული პირგასამტეხლოს შესახებ ინფორმაციის თანახმად, საიჯარო ქირის დავალიანება 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენდა 23 748.70 ლარს, პირგასამტეხლო: – 9 097.28 ლარს და საიჯარო პირობების 20.1. პუნქტის დარღვევისთვის – 38 000 ლარს, ხოლო 2014 წლის 30 იანვრის N QN1188626 გადაწყვეტილების საფუძველზე გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება – 88 866 ლარს.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.9. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საიჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს გააჩნდა ვალდებულება, მოპასუხისთვის უზრუნველეყო საიჯარო ქონებით იმგვარად სარგებლობის შესაძლებლობა, რომ მას შეძლებოდა შემოსავლის მიღება. შემოსავლის მიღება უნდა განხორციელებულიყო გაზის გასამართი სადგურის მოწყობის შედეგად სამეწარმეო საქმიანობის წარმართვით. მოსარჩელემ მოპასუხეს, სარგებლობის უფლებით, გადასცა ჯერ ერთი, ხოლო შემდეგ მეორე მიწის ნაკვეთი. გადაცემის მომენტში მიწის ნაკვეთები არ იძლეობდა შემოსავლის მიღების შესაძლებლობას. ორივე მიწის ნაკვეთის გადაცემის შემდეგ, მოპასუხემ გარკვეულ ვადაში მიმართა კომპეტენტურ ორგანოს - ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურს გაზის გასამართი სადგურის მოსაწყობად, ქალაქგეგმარებითი ნებართვის მისაღებად. ავტოტრანსპორტის მომსახურე გაზის გასამართი სადგურის მშენებლობა საჭიროებს მშენებლობის ნებართვას, რომელსაც გასცემს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანო.
5.10. იჯარის ხელშეკრულების ბუნებიდან გამომდინარე, მეიჯარეს - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობას, უნდა უზრუნველეყო საიჯარო ქონებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა, რაც დამოკიდებული იყო მისსავე ორგანოს მიერ თანხმობის გაცემაზე და არ მოითხოვდა სხვა უწყების ჩართვას. ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურმა არ გასცა ქალაქგეგმარებითი კვლევის შესახებ დასკვნა, რის გამოც, მოპასუხემ ვერ მიიღო მშენებლობის ნებართვა. შესაბამისად, მეიჯარემ არ შეასრულა საკუთარი ვალდებულება ორმხრივ ხელშეკრულებაში და მოიჯარეს არ მისცა საიჯარო ქონებით სარგებლობის შესაძლებლობა. ამ გარემოების გამო მოპასუხემ ვერ ააშენა გაზის გასამართი სადგური საიჯარო ქონებაზე და ვერ შეასრულა ფიზიკურ პირთა დასაქმების ვალდებულება.
5.11. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის განმარტება, რომ სააგენტომ ქონების განკარგვის დროს შეისწავლა საპროექტო არეალის მდგომარეობა, რაზეც წარმოადგენა არქიტექტურის სამსახურის დადებითი პოზიცია და რომ, სააგენტოს პასუხისმგებლობა მხოლოდ ქონების განკარგვაა და ქონების განმკარგავი ვერ იქნება პასუხისმგებელი არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან რამდენიმე თვეში, გადაცემული საიჯარო ქონება წარმოადგენდა ნაკლიან ნივთს, რადგან არ იყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისთვის ვარგისი, რაზედაც საიჯარო ქონების გამოყენების შეუძლებლობის გამო, მოპასუხემ მიმართა მოსარჩელეს, რომელმაც ვერ უზრუნველყო ნაკლოვანებათა აღმოფხვრა და შეუწყვიტა ხელშეკრულება. ამრიგად, პალატამ მიიჩნია, რომ მოიჯარეს საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ წარმოშობია.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 აპრილის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. კასატორი მიუთითებს, რომ მხარეები თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე, განსაზღვრეს სარგებლობის საფასური, გადახდის პირობები და მისი დარღვევის შედეგები. საქმეში წარმოდგენილი მტკიებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა შეთანხმებული პირობები, რამაც წარმოშვა საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
6.2. კასატორის მოსაზრებით, გასათვალისწინებელია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ ხელშეკრულების სპეციფიკა და მისი გავლენა საჯარო ინტერესზე. თითოეულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულია მუნიციპალური ბიუჯეტის დაგეგმვა და შემდგომში მისი განაწილება სხადასხვა საკითხებზე. თითოეული ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით საჯარო ინტერესებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა კი უფრო მეტია, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით განსაზღვრული თანხა.
6.3. გასაჩივრებულ განჩინებაში, სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხე მხარის ვალდებულებაზე მოეპოვებინა შესაბამისი ნებართვა სადგურის მოწყობის მიზნით. ასევე არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ერთიანი სისტემისა, სააგენტო და სსიპ არქიტექტურის სამსახური დამოუკიდებელი სტრუქტურებია. განსაზღვრული აქვთ კომპეტენცია და უფლებამოსილებები, რის მიხედვითაც მოქმედებენ და ერთმანეთის კომპეტენციაში აღნიშნული სამსახურები ვერ ჩაერევიან. შესაბამისად, ქონების განმკარგავი ვერ იქნება პასუხისმგებელი არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებაზე.
6.4. სასამართლოს არ უმსჯელია და არ გაუთვალისწინებია ის ფაქტი, რომ 2014 წლის მაისიდან 2015 წლის ოქტომბრამდე პერიოდისათვის, მოპასუხე მხარისათვის ცნობილი იყო, რომ ვერ გამოიყენებდა საპროექტო ტერიტორიას, თუმცა ამის შესახებ არ შეატყობინა მოსარჩელეს. აღნიშნული კი ადასტურებს, რომ მოპასუხე სარგებლობდა იჯარის ობიექტით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ივნისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
10. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და სათანადოდ დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია არსებობდა თუ არა მოპასუხისათვის, იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობები. შესაბამისად, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 581.1 (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც.), 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას), 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლები.
13. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 5.1.-5.8. პუნქტებში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ.
14. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა საიჯარო სახელშეკრულებო ურთიერთობა განჩინების 5.1. და 5.6. პუნქტებში მითითებული პირობებით. გამომდინარე იქიდან, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან, განჩინების 5.1-5.8 პუნქტებში მითითებულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, საკასაციო სასამართლოს კვლევის საგანია, რამდენად არსებობდა იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.
15. მოპასუხე, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად საიჯარო ქონების ნაკლის გამო მისი გამოყენების შეუძლებლობაზე მიუთითებს. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ იჯარა ორმხრივმავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსესუალური ტიპის ხელშეკრულებაა. საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობის მიზანი არის არა მხოლოდ იჯარის საგნით სარგებლობა, არამედ იჯარის საგნის სარგებლობის გამო მიღებული შემოსავალი. იჯარას ქირავნობისგან სწორედ იჯარის საგნის სარგებლობით შემოსავლის მიღების აუცილებლობა მიჯნავს. შემოსავლის მიღების შესაძლებლობის აუცილებლობის უზრუნველყოფა კი, მეიჯარის ვალდებულების ჯეროვნად შესრულების გამოკვეთილი პასუხისმგებლობაა, რასაც ეფუძნება მოიჯარის ვალდებულება საიჯარო ქირის გადახდის შესახებ (სუსგ. Nას-294-294-2018, 08.05.2018წ.). ამდენად, საიჯარო ქირის თუ მისი გადაუხდელობით შეთანხმებული პირგასამტეხლოს შესახებ მეიჯარის მოთხოვნის პერსპექტიულობა დამოკიდებულია მეიჯარის მტკიცებაზე, ისეთი საიჯარო ქონების გადაცემის შესახებ, რითაც ქონების სარგებლობით გარანტირებულია შემოსავლის მიღების შესაძლებლობა. იჯარის ხელშეკრულების შემთხვევაში ნივთის „ვარგისინობა“ გულისხმობს ნაყოფის მიღების შესაძლებლობას. აქედან გამომდინარე, ისმის კითხვები: რას ნიშნავს ნივთის ვარგისიანობა, შესაბამისად ნაყოფის მიღების შესაძლებლობა? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად უნდა გამოვიყენოთ ქირავნობის წესები სამოქალაქო კოდექსის 581–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 533–ე მუხლის თანახმად გამქირავებელმა უნდა გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის დავა ეხება ნივთობრივ ნაკლს, განმარტებას მოითხოვს ამავე კოდექსის 535–ე მუხლი, რომლის თანახმად, გაქირავებული ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ მას აქვს დათქმული თვისებები. თუ ეს თვისებები არ არის დათქმული, მაშინ გაქირავებული ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის (იხ. სუსგ. ას-648-616-2013, 02.06.2014წ.).
16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იჯარის ურთიერთობების ჭრილში ამ ნორმის გამოყენება უნდა გაგებულ იქნეს იმ თავისებურერებით, რაც დამახასითებელია იჯარის ხელშეკრულებისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ იჯარის ხელშეკრულება (განსხვავებით ქირავნობისაგან) ითვალისწინებს სამეურნეო დანიშნულებას, მაშინ, თუ ეს თვისებები არ არის დათქმული, იჯარით გაცემული (გაქირავებული) ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ ნივთი იძლევა ნაყოფის მიღების შესაძლებლობას. ამ მუხლის თანახმად, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაირკვეს ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ თუ არა ნივთის ხარისხზე, თვისებაზე. შეთანხმების შემთხვევაში ივარაუდება, რომ ნივთი ვარგისია და ზუსტად ნივთის ამ თვისების შენარჩუნების ვალდებულება ეკისრება მეიჯარეს (გამქირავებელს). თუ მხარეები არ არიან შეთანხმებული ნივთის ვარგისიანობის თაობაზე, მაშინ გაქირავებული ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის (ნივთი მიიჩნევა უნაკლოდ, თუ ნივთი იძლევა ნაყოფის მიღების შესაძლებლობას). ამ შემთხვევაში მეიჯარემ (გამქირავებელმა) უნდა შეინარჩუნოს, უზრუნველყოს ამ ნივთის ვარგისიანობა, რაც აუცილებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობისათვის ან შეთანხმების არარსებობის პირობებში, შეინარჩუნოს ვარგისიანობა, რაც საკმარისია ჩვეულებრივი გამოყენებისათვის (რაც უზრუნველყოფს ნაყოფის მიღების შესაძლებლობას).
17. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნივთის ნაკლად მიუთითებს იჯარის სახით აღებულ მიწის ნაკვეთზე გაზის გასამართი სადგურის მოწყობის ნებართვის მიღების შეუძლებლობაზე, რაც, საიჯარო ქონების იმგვარ ნაკლს წარმოადგენს, რომელიც ქონებას გამოუსადეგარს ხდის. უდავოა ის გარემოება, რომ ქ. თბილისის მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის N02.30.50 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 30 იანვრის NQN1188626 გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხისათვის იჯარის საგნის სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზანს წარმოადგენდა გაზის გასამართი სადგურის მოწყობა. საიჯარო პირობების 2.1. პუნქტის თანახმად, მოიჯარეს ქ. თბილისში, ........., N7 გამყოფი ზოლის მიერ დაკავებული 1250 კვ.მ. მიწის ნაკვეთი (ს/კ ......) გადაეცა გაზის გასამართი სადგურის მოწყობის მიზნით. სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 05 მაისის N1266627 გადაწყვეტილებით მოპასუხეს მისი მიმართვის პასუხად ეცნობა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი მდებარეობს რთულ სატრანსპორტო კვანძში შემავალ ტერიტორიაზე, ხიდის სიახლოვეს, გლდანი-დიდი დიღმის შემაერთებელი მაგისტრალის გამყოფ ზოლში, სადაც ნებისმიერი ობიექტის განთავსება ნორმით დაუშვებელია. ამასთან, მდებარეობს აშშ-ს საელჩოსთან 160 კვ.მ-ის რადიუსში და საელჩოს მოთხოვნით, საპროექტო ტერიტორიაზე იზღუდება ავტოგასამართი სადგურის მშენებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არქიტექტურის სამსახურმა აღნიშნა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას, გაეცა დადებითი ქალაქგეგმარებითი დასკვნა საკითხთან დაკავშირებით. პალატა აღნიშნავს, რომ სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2014 წლის 05 მაისის N1266627 გადაწყვეტილებაში მითითებული საფუძვლები, რის გამოც მეიჯარეს უარი ეთქვა ქალაქგეგმარებითი დაკვნის გაცემაზე გაზის გასამართი სადგურის მოწყობასთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ საიჯარო ხელშეკრულების გაფორმების დროისათვის იჯახის ხელშეკრულების საგანზე, ქ. თბილისში, ფარნავაზ ......, N7 გამყოფი ზოლის მიერ დაკავებული 1250 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე (ს/კ ....), გაზის გასამართი სადგურის მოწყობის ნებართვის გაცემა იმთავითვე შეუძლებელი იყო, რაც მოპასუხის პოზიციას მისთვის ნაკლიანი ნივთის გადაცემაზე, საფუძვლიანს ხდის. საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე მხარის მიერ, მოპასუხის პოზიციის გაზიარება მითითებულ საკითხზე, შესაბამისად, იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა, პირგასამტეხლოს გადახდისგან და ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესასრულებელი სხვა ვალდებულებებისგან მისი გათავისუფლება, ასევე სხვა მიწის ნაკვეთზე საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება, თავისთავად ადასტურებს იმას, რომ მოსარჩელე მხარემ, ქ. თბილისის მთავრობის 2014 წლის 23 იანვრის N02.30.50 დადგენილებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2014 წლის 30 იანვრის NQN1188626 გადაწყვეტილების საფუძველზე მოპასუხისათვის იჯარის სახით გადაცემული ქონება, თავადაც მიიჩნია ნაკლიან ქონებად.
18. რაც შეეხება შპს „რადასათვის“ პირდაპირი განკარვის წესით, სარგებლობის უფლებით, ქ. თბილისში, დიდ ლილოში მდებარე 1600 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთის - ს/კ ...... იჯარით გადაცემას, ხელშეკრულების გაფორმება აღნიშნულ ქონებაზე განაპირობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2016 წლის 01 ივნისის N 07/5186-13 წერილმა, რომლითაც სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ეცნობა, რომ ქ. თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის N 20-105 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის - რუკის მიხედვით, საკითხის განხილვის დღის მდგომარეობით, მიწის ნაკვეთზე [ს.კ.-ით .....] მოცემულ დედაქალაქის განვითარების ნაწილის - რუკის მიხედვით, სატრანსპორტო ზონა 2 (ტრ-2) წარმოადგენდა ზონას, რომელიც მდებარეობდა ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავდა არსებულ და საპროექტო (პერსპექტიულ) ავტოსადგომებს, ავტოგასამართ სადგურებს, გზატკეცილების გასხვისების ზოლებს, სადგურებს (მათ შორის აეროსადგურები, საწყლოსნო სადგურები, ავტოსადგურები, რკინიგზის სადგურები) და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველმყოფ სხვა საზოგადოებრივ შენობა–ნაგებობებს. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოცემულ ფუნქციურ ზონაში დასაშვები იყო გაზის გასამართი სადგურის მშენებლობა. მიუხედავად ამისა, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის N3710779 გადაწყვეტილების მიხედვით: სამსახურის მიერ განხილულ იქნა 2017 წლის 30 აგვისტოს N AR1536341 განცხადება დიდი ლილოს ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 81.21.03.038) გაზის გასამართი სადგურის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების მომზადების შესახებ. 2016 წლის 27 მაისს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის და „ფ–ის“ მიერ ხელმოწერილი შეთანხმებით თბილისის ზღვის შემოგარენის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომსახურების შესახებ, კომპანიას დაევალა ჩაატაროს კვლევა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამომავლო განვითარების კონცეფციის შემუშავების მიზნით. კვლევის შეჯამებამდე სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს აღნიშნულ არეალში შემავალი ნაკვეთების სამშენებლო განვითარებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამდენად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2017 წლის 30 ნოემბრის N3710779 გადაწყვეტილებით დგინდება, რომ გაზის გასამართი სადგურის მოწყობის შესახებ ქალაქგეგმარებით დასკვნის გაცემაზე უარის თქმის საფუძველია 2016 წლის 27 მაისის ქ. თბილისის მუნიციპალიტეტსა და „ფ–სს“ შორის არსებული შეთანხმება, თბილისის ზღვის შემოგარენის განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომსახურების შესახებ, რითაც კომპანიას დაევალა ჩეტარებინა კვლევა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამომავლო განვითარების კონცეფციის შემუშავების მიზნით. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც, 2016 წლის 01 ივნისის წერილით მეიჯარეს ეცნობა, რომ მოცემულ ფუნქციურ ზონაში დასაშვები იყო გაზის გასამართი სადგურის მშენებლობა, თუმცა ამ დროისათვის, უკვე არსებობდა 2016 წლის 27 მაისის ხელშეკრულება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტსა და „ფ–სს“ შორის (რაც გახდა გაზის გასამართი სადგურის მოწყობის შესახებ ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი), თავისთავად დასტურდება, რომ იჯარის ხელშეკრულების საგანი - ქ. თბილისში, დიდ ლილოში მდებარე 1600 კვ.მ. ფართის მქონე მიწის ნაკვეთი - ს/კ ......, ამ შემთხვევაშიც ნაკლიანი იყო.
19. საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მერიის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური და ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტო წარმოადგენენ ქ. თბილისის მთავრობის აღმასრულებელ ორგანოებს და ორივე სამსახურის მაკონტროლებელი ორგანოა ქ. თბილისის მთავრობა. ზემოაღნიშნულს არც კასატორი ხდის სადავოდ, რამეთუ, საკასაციო საჩივრით კასატორი მიუთითებს, რომ მიუხედავად ერთიანი სისტემისა, სააგენტო და სსიპ არქიტექტურის სამსახური დამოუკიდებელი სტრუქტურებია, მათ განსაზღვრული აქვთ კომპეტენცია და უფლებამოსილებები, რის მიხედვითაც მოქმედებენ და ერთმანეთის კომპეტენციაში აღნიშნული სამსახურები ვერ ჩაერევიან. ამდენად, საკასაციო პრეტენზია შეეხება მხოლოდ დასახელებული სამსახურების კომპეტენციის გამიჯვნას. პალატა მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას (შდრ. სუსგ №ას-774-2023, 12 სექტემბერი, 2023 წ.) და მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ქონების მართვის სააგენტოს უნდა უზრუნველეყო მოპასუხისათვის ისეთი საიჯარო ქონებების გადაცემა, რომელზეც ქ. თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის მიერ შესაძლებელი იქნებოდა გაზის გასამართი სადგურის მოწყობისათვის ნებართვის გაცემა, რაც უზრუნველყოფდა საიჯარო ქონებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პაატას მაიჩნია, რომ მოპასუხემ კვალიფიციური შედავების პირობებში შეძლო სასარჩელო მოთხოვნების განხორციელების გამორიცხვა, მოსარჩელემ კი, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტის დაცვით, ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურება. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის საკასაციო პრეტენზიების გაზიარების საფუძველი. სააპელაციო პალატის მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
21. საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილ საკასაციო შესაგებელში შპს „რ–ა“ შუამდგომლობს კასატორს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ დაეკისროს პროცესის ხარჯის - სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით ადვოკატის დახმარებისათვის 7000 ლარის ანაზღაურება საკასაციო ეტაპისათვის; კასატორისათვის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით, საკასაციო შესაგებელზე დახარჯული ცელულოზას ქაღალდის ფურცლების, შესაგებლის აკინძვაზე, საფოსტო კონვერტსა და მომსახურებაზე გაღებული ხარჯებისათვის კრებსითად 21 ლარისა და საკასაციო პალატის საპროცესო აქტის ჩაბარების მიზნით საკასაციო სასამართლოში გამოცხადებისათვის აუცილებელი ხარჯის - 30 ლარის დაკისრებას, ასევე საკასაციო ეტაპზე სასამართლოში გადაადგილებაზე გაწეული ტრანსპორტირების ხარჯის - 100 ლარის დაკისრებას.
22. საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს შუამდგომლობას და მიიჩნევს, რომ მოთხოვნა იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს საკასაციო შესაგებელზე დახარჯული ცელულოზას ქაღალდის ფურცლების, შესაგებლის აკინძვასა და საფოსტო კონვერტზე და მომსახურებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა, ხოლო შუამდგომლობას სასამართლოსგარეშე პროცესის სხვა ხარჯების ანაზღაურების ნაწილში ეთქვას უარი.
23. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე.
24. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ 24.10.2016წ. საქმე №ას-739-707-2016).
25. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ხარჯის რეალურად გაწევის თაობაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარე ვალდებულია, სასამართლოს დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართოს, მან უნდა წარადგინოს მისი მოთხოვნის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში პალატა მხედველობაში იღებს საქმეში წარმოდგენილი სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილობას, რომლის თანახმადაც, მოსარჩელემ წარმომადგენელს მიანიჭა მისი ინტერესების სასამართლოში დაცვის უფლება და საქმის მასალებით დგინდება წარმომადგენლის მონაწილეობა საპროცესო მოქმედებებში, ეს გარემოებები თავისთავად მიანიშნებს მხარეთა შორის სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების არსებობაზე, რომელიც შეიძლება ზეპირადაც დაიდოს. ასეთ შემთხვევაში, სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ, პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ 30.10.2015წ. საქმე №ას-444-423-2015).
26. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ საქმეზე საკასაციო საჩივარი, რომელზეც შესაგებლის შედგენისათვისაც განმცხადებელი მოითხოვს მისი მარწმუნებლის მიერ გაღებული ხარჯის ანაზღაურების მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებას, არსებითად არ განხილულა. საკასაციო შესაგებლის წარდგენის ეტაპზე საკასაციო პალატა იხილავდა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე.
27. წარმოდგენილ საქმეზე დავის საგანია მოპასუხისათვის საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის მხრიდან საკასაციო შესაგებლის შედგენა მნიშვნელოვანი დროისა და ინტელექტუალური რესურსის დახარჯვას არ მოითხოვდა, რაც უთუოდ უნდა იქნეს გათვალისწინებული წარმომადგენლის ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრისას. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ საკასაციო შესაგებელში მოცემული მსჯელობის ძირითადი ნაწილი იდენტურია სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის მიერ წარდგენილი სააპელაციო შესაგებლისა, რისი წარდგენის შემდგომაც, სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელე მხარეს მოპასუხის სასარგებლოდ დააკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულებისა და კანონით განსაზღვრული ზღვრული პროცენტული ნიხრის გათვალისწინებით (სსსკ-ის 53-ე მუხლი), საკასაციო პალატას გონივრულ ოდენობად მიაჩნია, რომ კასატორს დაეკისროს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ საკასაციო შესაგებელზე წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურება დავის საგნის ღირებულების 1%-ის - 771.61 ლარის ოდენობით.
28. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორისათვის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე პროცესის ხარჯის სახით, საკასაციო შესაგებელზე დახარჯული ცელულოზას ქაღალდის ფურცლების, შესაგებლის აკინძვაზე, საფოსტო კონვერტსა და მომსახურებაზე გაღებული ხარჯებისათვის კრებსითად 21 ლარის დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს შესაგებელზე დახარჯული ცელულოზას ქაღალდის ფურცლების ოდენობის გათვალისწინებით, ცელულოზას ფურცლებზე, შესაგებლის აკინძვაზე, საფოსტო კონვერტსა და მომსახურებაზე გაღებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით უნდა დაეკისროს 10 ლარის გადახდა.
29. რაც შეეხება განმცხადებლის მოთხოვნას საკასაციო პალატის საპროცესო აქტის ჩაბარების მიზნით საკასაციო სასამართლოში გამოცხადებისათვის აუცილებელი ხარჯის - 30 ლარის დაკისრების, ასევე საკასაციო ეტაპზე სასამართლოში გადაადგილებაზე გაწეული ტრანსპორტირების ხარჯის - 100 ლარის ანაზღაურების შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, განმცხადებელმა ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეეხება, საკასაციო პალატის აქტის ჩაბარების მიზნით, საკასაციო სასამართლოში გამოცხადებისათვის გაღებულ თანხას, ან საკასაციო ეტაპზე სასამართლოში გადაადგილებაზე გაწეული ტრანსპორტირების ხარჯს და მათ ოდენობას. პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებისა და საკასაციო საჩივრის ასლები მოწინააღმდეგე მხარეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა ფოსტის მეშვეობით. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვა კი დანიშნული იყო ზეპირი მოსმენის გარეშე. შესაბამისად, საკასაციო ეტაპზე სასამართლოში გადაადგილების საჭიროება მოწინააღმდეგე მხარეს არ წარმოშობია.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (205296375) შპს „რ–ას“ (......) სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 771.61 ლარის გადახდა.
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს (........) შპს „რ–ას“ (......) სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო შესაგებელზე დახარჯული ფურცლების, შესაგებლის აკინძვასა და საფოსტო კონვერტზე გაღებული ხარჯების ანაზღაურება 10 ლარის ოდენობით.
4. შპს „რ–ას“ შუამდგომლობა სასამართლოსგარეშე პროცესის სხვა ხარჯების ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე