№ა-1602-გან-2-2024 25 აპრილი 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - ქ.პ–ი, ნ.ჩ–ნი
განმცხადებლის მოთხოვნა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „თ.ბ–ის“ წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით ქ.პ–მა და ნ.ჩ–ნმა მოითხოვეს: ი.ჩ–ის მუსიკალური ნაწარმოებების საჯაროდ გაცნობისათვის 337 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის კომპენსაციის დაკისრება, სახელისა და გამოსახულების გამოყენებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 161 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა:
2.1. საავტორო უფლების დარღვევისათვის ერთჯერადი კომპენსაციის სახით 75 000 აშშ დოლარის გადახდა (ეკვივალენტი ლარში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად);
2.2. პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევით მიყენებული ზიანისთვის 25 000 აშშ დოლარის გადახდა (ეკვივალენტი ლარში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად);
3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, დარჩა უცვლელი.
4. მოპასუხე ბანკმა, საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინების შეცვლითა, და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხე სს „თ.ბ–ს“ მოსარჩელეების - ქ.პ–ისა და ნ.ჩ–ნის სასარგებლოდ, საავტორო უფლებების დარღვევისათვის, ერთჯერადი კომპენსაციის სახით დაეკისრა 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, სს „თ.ბ–ს“ მოსარჩელე ნ.ჩ–ნის სასარგებლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევის გამო, მიყენებული ზიანის სახით, დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
6. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელეთა წარმომადგენელმა მოითხოვა სარეზოლუციო ნაწილის განმარტება, კერძოდ, განმცხადების მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება ბუნდოვანია, ვინაიდან არ ირკვევა, მოპასუხისთვის დაკისრებული თანხა მოიცავს თუ არა საშემოსავლო გადასახადს.
7.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო განცხადებას, შეამოწმა მისი საფუძვლიანობა, შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეების მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. დასახელებული საკანონმდებლო დათქმიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ საპროცესო ინსტიტუტის გამოყენება ემსახურება აღსრულების პროცესში იმ უფლების ზუსტ რეალიზაციას, რომელიც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე აქვს მოპოვებული უფლებადარღვეულ პირს, ამასთანავე, უმთავრესი პირობაა ის, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას არ უნდა იძლეოდეს აღსასრულებლად მიქცეული უფლების თაობაზე.
9. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მართლმსაჯულების განხორციელებისას დაშვებული ხარვეზის გამოსწორების შესაძლებლობას და ორიენტირებულია მოდავე მხარეთა უფლებების იმგვარ დაცვაზე, როდესაც ერთმნიშვნელოვნად სწორად უნდა განხორციელდეს გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის აღსრულება.
10. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები) სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. ამ ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგი უნდა აღსრულდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში მითითებული პირობების შესაბამისად. ეს კი გულისხმობს იმას, რომ სარეზოლუციო ნაწილში მითითებული პირობები, კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დაკისრებული თანხის ოდენობა, არ შეიძლება დაექვემდებაროს რაიმე სახის ცვლილებას და იგი აღმასრულებლის და ასევე, აღმასრულებლის საშუალებით მოვალის მიერ უნდა შესრულდეს სწორედ ისე, როგორც მითითებულია სასამართლოს მიერ. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია მოსარჩელისთვის დაკისრებული თანხა, რომელიც უნდა აუნაზღაურდეს მოპასუხეებს, კერძოდ - ..... ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხე სს „თ.ბ–ს“ მოსარჩელეების - ქ.პ–ისა და ნ.ჩ–ნის სასარგებლოდ, საავტორო უფლებების დარღვევისათვის, ერთჯერადი კომპენსაციის სახით დაეკისრა 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, ....... პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევის გამო, მიყენებული ზიანის სახით, დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
11. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ნებისმიერი დავის დასრულების შემდგომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი მოქნილობით უნდა ხასიათდებოდეს და უსაფუძვლო დაბრკოლებებს არ უნდა ქმნიდეს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესში. თუ ადმინისტრაციული ორგანოები უარს აცხადებენ ან ვერ ახერხებენ ან კიდევ აჭიანურებენ აღნიშნულ ვალდებულებას, მოსარჩელე მხარისათვის სამართალწარმოების პროცესში მე-6 მუხლით მინიჭებულ გარანტიას აზრი ეკარგება (იხ. Antonetto v. Italy, №15918/89, §28, 20 July 2000). ამრიგად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების აღუსრულებლობის გამო შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, როგორიცაა საქმის სამართლიანი განხილვისა და სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლებები (ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 და მე-13 მუხლები).
12. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების პასუხად დამატებით მოიხმობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლს, რომელიც, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დადგენილი გარემოებების სადავოდ მიჩნევას გამორიცხავს, გარდა ამისა, ამავე კოდექსის 267-ე მუხლისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში რაიმე მითითება დაკისრებული თანხის დაქვითვაზე არ არის, შესაბამისად, გაუმართლებელია განმცხადებლის პოზიცია სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანების თაობაზე. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სამოქალაქო დავის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანის დროს უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება პირის უფლების კერძოსამართლებრივ რეგულირებას, რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხს, იგი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ფინანსური ოპერაციაა, რომელიც სცილდება სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებს და შესაძლოა სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში არც კი აისახოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.პ–ისა და ნ.ჩ–ნის განცხადება, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე