Facebook Twitter

საქმე №ას-1443-2021 23 თებერვალი 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - სს „თ.ბ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ქ.პ–ი, ნ.ჩ–ი (მოსარჩელეები)

განხილვის საგანი - დამატებითი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოში სს „თ.ბ–ის“ წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით ქ.პ–მა და ნ.ჩ–მა მოითხოვეს: ი.ჩ–ის მუსიკალური ნაწარმოებების საჯაროდ გაცნობისათვის 337 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის კომპენსაციის დაკისრება, სახელისა და გამოსახულების გამოყენებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით 161 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა:

2.1. საავტორო უფლების დარღვევისათვის ერთჯერადი კომპენსაციის სახით 75 000 აშშ დოლარის გადახდა (ეკვივალენტი ლარში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად);

2.2. პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევით მიყენებული ზიანისთვის 25 000 აშშ დოლარის გადახდა (ეკვივალენტი ლარში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად);

3. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, დარჩა უცვლელი.

4. მოპასუხე ბანკმა, საკასაციო საჩივარი წარმოადგინა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინების შეცვლითა, და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხე სს „თ.ბ–ს“ მოსარჩელეების - ქ.პ–ისა და ნ.ჩ–ის სასარგებლოდ, საავტორო უფლებების დარღვევისათვის, ერთჯერადი კომპენსაციის სახით დაეკისრა 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, სს „თ.ბ–ს“ მოსარჩელე ნ.ჩ–ის სასარგებლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევის გამო, მიყენებული ზიანის სახით, დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში დამატებითი გადაწყვეტილების მიღებით სს „თ.ბ–ს“ უნდა დაეკისროს მოსარჩელეების სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის გადახდა, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სსსკ-ის 261-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, კერძოდ: ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა; ბ) სასამართლოს, რომელმაც გადაწყვიტა უფლების საკითხი, არ მიუთითებია გადასახდელი თანხის ოდენობა, გადასაცემი ქონება ან მოქმედება, რომელიც მოპასუხემ უნდა შეასრულოს; გ) სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. მოხმობილი ნორმის დეფინიიციდან გამომდინარეობს, რომ საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამომწურავ ჩამონათვალს იმ საკითხების განხილვისა და გადაწყვეტისათვის, რომელიც ახასიათებს დამატებითი გადაწყვეტილების ინტიტუტს. მითითებული მუხლი ითვალისწინებს ისეთი ხარვეზის აღმოფხვრის მექანიზმებს, როდესაც, მართალია, მხარემ მოითხოვა პროცესის ხარჯების ანაზღაურება სასამართლოსაგან, მაგრამ სასამართლოს თავისი მიზეზით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა (შდრ. სუსგ.-ებები: №ას-1054-2019, 30 სექტემბერი, 2019წ., №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014წ.). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გვარდება შემთხვევა, როდესაც მხარემ დასვა საპროცესო ხარჯების მოწინააღმდეგისათვის დაკისრების საკითხი, თუმცა სასამართლოს თავისი ბრალით გამორჩა მხედველობიდან ამ საკითხის გადაწყვეტა, ამასთანავე, მითითებული ნორმა ქმნის ე.წ „ნაკლიანი“ გადაწყვეტილების გასწორების შესაძლებლობას და გულისხმობს მთლიანად სასამართლო ხარჯების საკითხს (როგორც სასამართლო, ისე არასასამართლო ხარჯები) (იხ. სუსგ №ას-658-625-2014, 26 იანვარი, 2015 წელი).

7. სსსკ-ის 261-ე მუხლის 31 პუნქტის მიხედვით ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხი უნდა გადაწყდეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

8. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელეთა წარმომადგენელმა წარადგინა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებები და ამავე მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მოსარჩელეთა მიერ, ინდივიდუალურად გადახდილი მომსახურების საფასურის დამადასტურებელი ქვითრები, თითოეულზე 5 700 ლარი. ამასთან, განცხადებით იშუამდგომლა დასახელებული თანხების ბანკისთვის დაკისრება, მოსარჩელეთა სასარგებლოდ.

9. სააპელაციო სასამართლომ ბანკის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა, ხოლო, მოსარჩელეთა წარმომადგენლის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბანკს, ქ.პ–ის სასარგებლოდ დააკისრა იურიდიული მომსახურების ხარჯის გადახდა 4 269.3 ლარი, ხოლო, ნ.ჩ–ის სასარგებლოდ 5 700 ლარი.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „თ.ბ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინების შეცვლითა, და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხე სს „თ.ბ–ს“ მოსარჩელეების - ქ.პ–ისა და ნ.ჩ–ის სასარგებლოდ, საავტორო უფლებების დარღვევისათვის, ერთჯერადი კომპენსაციის სახით დაეკისრა 30 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, სს „თ.ბ–ს“ მოსარჩელე ნ.ჩ–ის სასარგებლოდ პირადი არაქონებრივი უფლებების დარღვევის გამო, მიყენებული ზიანის სახით, დაეკისრა 15 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება სრულად გაუქმდა, ხოლო, ახალი გადაწყვეტილების ფარგლებში სასამართლომ არ იმსჯელა კასატორისთვის მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრებაზე.

11. სსსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისთვის გაწეული ხარჯები.

12. მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. საკასაციო პალატა მიუთითებს 53-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომელიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.

13. ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. აღსანიშნავია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს, რომლის ფარგლებშიც ხდება წარმომადგენლის ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (იხ. სუსგ საქმე №ას-818-784-2016, 2 ნოემბერი, 2016 წელი; საქმე №ას-184-2020 10 ივნისი, 2020 წელი; საქმე №ას-923-889-2016, 3 თებერვალი, 2017 წელი).

14. გაწეული საადვოკატო ხარჯის დაკისრებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქმის სირთულით, შესრულებული საპროცესო მოქმედებების მოცულობით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და სხვა ამგვარი გარემოებებით, რაც მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულობას განაპირობებს.

15. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგნისა და წარმომადგენლის მიერ განხორციელებული იურიდიული მნიშვნელობის მოქმედებების, მომზადებული საპროცესო დოკუმენტების, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისთვის დახარჯული დროის, წარდგენილი მოსაზრებებისა და მტკიცებულებების, ასევე დავის საგნის დაკმაყოფილებული ნაწილის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო გონივრულ ოდენობად მიიჩნევს კასატორს ქ.პ–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯი - 3360 ლარი, ხოლო, ნ.ჩ–ის სასარგებლოდ - 1 600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს „თ.ბ–ს“ ქ.პ–ის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი - 3 360 ლარი;

2. სს „თ.ბ–ს“ ნ.ჩ–ის სასარგებლოდ დაეკისროს დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯი - 1 600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე