საქმე №ა-2281-გან-6-2024 15 მაისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადება ე.ღ–ძის უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის თაობაზე, საქმეზე ე.ღ–ძის სარჩელის გამო მოპასუხე ლ.მ–ძის მიმართ სამისდღემშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე.ღ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. გაუქმდა 2009 წლის 6 იანვარს ე.ღ–ძესა და ლ.მ–ძეს შორის დადებული სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება: ე.ღ–ძეს დაუბრუნდა ქ.თბილისში, .......... პირველ კორპუსში მდებარე ბინა 81, ს/კ ..........
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ.მ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ლ.მ–ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ე.ღ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააკსაციო საჩივრით გაასაჩივრა ე.ღ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ე.ღ–ძის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო და კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 300 ლარის ოდენობით.
აღნიშნული განჩინება და განჩინების საფუძველზე, გაცემული სააღსრულებო ფურცელი აღსრულების მიზნით 2017 წლის 1 დეკემბერს გაეგზავნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს და ჩაბარდა 2017 წლის 4 ნოემბერს.
2024 წლის 24 აპრილს თბილისის სააღსრულებო ბიურომ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა 1-თვიან ვადაში ე.ღ–ძის უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენა იმ საფუძვლით, რომ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მონაცემების მიხედვით ირკვევა, ე.ღ–ძე გარდაიცვალა.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადებას უარი უნდა ეთქვას წარმოებაში მიღებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. სსსკ-ის 186-1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე არ მიიღებს სარჩელს წარმოებაში, თუ დაინტერესებული პირის სახელით სარჩელი შეიტანა იმ პირმა, რომელსაც არა აქვს უფლებამოსილება საქმის წარმოებაზე.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ნოემბრის განჩინების საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად, კრედიტორი არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ხოლო მოვალე ე.ღ–ძე. განმცხადებელმა მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მეორე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია აღსრულება შეაჩეროს კრედიტორის ან მოვალის გარდაცვალებისას − სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლის დადგენამდე და მოვალის ქონების უფლებამონაცვლის საკუთრებაში გადასვლამდე.
საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით.
საპროცესო უფლებამონაცვლეობა – ესაა მხარეების და მესამე პირების შეცვლა იმ პირებით, რომლებზეც მათი უფლებები და მოვალეობები გადავიდა. ამდენად, საპროცესო უფლებამონაცვლეობა მთლიანად ეფუძნება უფლებამონაცვლეობას მატერიალურ სამართალში. უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა (იხ. დამატებით: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბილისი, 2005წ., გვ. 137.).
საკასაციო პალტა განმარტავს, რომ სსსკ-ის 92-ე მუხლის მიხედვით, უფლებამონაცვლეობა დასაშვებია პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, კერძოდ, სარჩელის წარმოებაში მიღებიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე, გადაწყვეტილების გამოტანიდან მის კანონიერ ძალაში შესვლამდე და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან მის აღსრულებამდე. თუ უფლებამონაცვლეობა წარმოიშვა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ - აღსრულების სტადიაზე, მაშინ მის მიმართ გადაწყვეტილების აღსრულების საკითხები შეიძლება მოგვარდეს გადაწყვეტილების განმარტების წესით (იხ. დამატებით: თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005 წ., გვ. 386).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ი) მე-10 მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, სააღსრულებო ფურცელს გადაწყვეტილების გამომტანი ორგანო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გადასცემს კრედიტორს. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე. სააღსრულებო ფურცელი გაიცემა იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ამ კანონით ექვემდებარება აღსრულებას.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი ამკვიდრებს რა სამართლიანი სასამართლოს პრინციპს, იგი არა მხოლოდ საქმის სამართლიანი განხილვის, არამედ, ამ განხილვის შედეგად მოპოვებული უფლების რეალიზაციასაც მოიცავს. ამავე კონვენციის მე-13 მუხლით რეგულირებულია ქმედითი სამართლებრივი მისაგებლის უფლება, რომელიც აღიარებულ ძირითად უფლებასთან, მათ შორის მე-6 მუხლთან შესაბამისობაში შემოწმებას ექვემდებარება და თუკი გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზე დაირღვა კრედიტორის ინტერესები, მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გაუმართლებლად მიიჩნევა (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-684-638-2017, 07.07.2017წ. ).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება ესაა კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვის შედეგად სასამართლოს მიერ მიღებული მართლმსაჯულების აქტი, რომელიც პასუხობს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და რომლითაც საქმე არსებითად წყდება. „ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება არის მართლმსაჯულების აქტი, რომლის მეშვეობითაც წესრიგდება მოდავე მხარეებს შორის სამართლებრივი ურთირთობები. გადაწყვეტილება სასამართლო საქმიანობის საბოლოო პროდუქტად მიიჩნევა“. (იხ. მ. სულხანიშვილი, სასამართლო გადაწყვეტილება, როგორც საპროცესო დოკუმენტი და მისი გასაჩივრების ფორმები მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, „მართლმსაჯულება და კანონი“ , № 4(47), 2015, გვ.19.).
სასამართლო გადაწყვეტილების, როგორც მართლმსაჯულების აქტის დანიშნულებაა მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა შორის დავების გადაწყვეტა. სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ესაა გადაწყვეტილების თვისება, რომელსაც იგი იძენს გარკვეული, კანონით ზუსტად განსაზღვრული პირობების საფუძველზე. (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, მეორე გამოცემა, თბილისი, 2005წ., გვ. 377).
საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა მოდავე მხარეთათვის.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერი ძალის სუბიექტური ფარგლები გულისხმობს იმ პირთა წრის განსაზღვრას, რომლებზედაც ვრცელდება გადაწყვეტილების კანონიერი ძალა (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით). (იხ.: თ. ლილუაშვილი; გ. ლილუაშვილი; ვ. ხრუსტალი; ზ. ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, II ნაწილი, თბილისი, 2023, გვ. 197).
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს უნდა მიემართა კრედიტორისათვის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის, რომელმაც თავის მხრივ, საკასაციო სასამართლოში უნდა წარმოადგინოს ე.ღ–ძის გარდაცვალების მოწმობა და მისი უფლებამონაცვლის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება შემოტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ, რაც მისი წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 186-1 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თბილისის სააღსრულებო ბიუროს განცხადებას, ე.ღ–ძის უფლებამონაცვლის დადგენის შესახებ შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის თაობაზე, უარი ეთქვას წარმოებაში მიღებაზე.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი