Facebook Twitter

საქმე №ას-1462-2020 31 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.კ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი შპს „ე.კ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მოპასუხე კომპანია“) მიმართ არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2015 წლის 23 ოქტომბერს მოსარჩელეს, როგორც შემსყიდველს, და შპს „ო. ჯ–ს“, როგორც მიმწოდებელს, შორის სგპ „სადახლოს“ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1/493 ხელშეკრულება დაიდო. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი კისრულობდა ვალდებულებას შემსყიდველისთვის სგპ „სადახლოს“ სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები (CVP45453000 – კაპიტალური რემონტი (შეკეთება) და რეკონსტრუქცია) შეესრულებინა, ხოლო შემსყიდველი კისრულობდა ვალდებულებას, საექსპერტო დაწესებულების მიერ შესრულებული სამუშაოების დადასტურების შემდეგ, შესრულებული სამუშაო მიეღო და წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისი ანგარიშსწორება განეხორციელებინა.

2.2. ხელშეკრულების 2.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის საერთო ღირებულება (შესყიდვის ფასი) 892 490.92 ლარს შეადგენდა. ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, მისაწოდებელი სამუშაოს დეტალური ჩამონათვალი, განფასებები და ხარჯთაღრიცხვა ხელშეკრულების დანართში იყო გაწერილი, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა;

2.3. ხელშეკრულების მე-3 მუხლის თანახმად, მისაწოდებელი სამუშაოს დეტალური ჩამონათვალი/ხარჯთაღრიცხვა, სარემონტო სამუშაოების სპეციფიკა მოცემული იყო ხელშეკრულების დანართში, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველი კონტროლს ახორციელებდა. ხელშეკრულების მიმდინარეობის კონტროლის მიზანს სამუშაოს მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა წარმოადგენდა. ამავე მუხლის 6.3. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შესრულების კონტროლს სამუშაოთა ზედამხედველი - სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი - გ.მ–ძე ახორციელებდა (ტომი I, ს.ფ. 19-25; 26-42);

2.4. მოსარჩელესა და შპს „ო.ჯ–ს“ შორის 2015 წლის 23 ოქტომბერს გაფორმებული №1/493 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2015 წლის 29 დეკემბერს მიმწოდებლის მიერ შესრულებული 780 073.57 ლარის ღირებულების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შემსყიდველის მიერ მიღების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი შედგა (ტომი I, ს.ფ. 43-65, 66-70);

2.5. შპს „ო.ჯ–ის“ 2016 წლის 15 მარტის პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, შპს „ო.ჯ–ის“ საფირმო სახელწოდება შეიცვალა და მის ახალ სახელწოდებად შპს „ე.კ–ი“ განისაზღვრა (ტომი I, ს.ფ. 94-101);

2.6. 2016 წლის 13 მაისის, 2016 წლის 16 სექტემბრის, 2017 წლის 13 იანვრის, 2017 წლის 31 იანვრის, 2017 წლის 14 მარტის და 2017 წლის 09 ივნისის წერილობითი მიმართვებით, მოპასუხეს სგპ „სადახლოში“ 2015 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე ეცნობა და ამასთანავე, მას თითოეულ შემთხვევაში გამოვლენილი ხარვეზების საკუთარი ხარჯებით აღმოფხვრისთვის ვადა განესაზღვრა (ტომი I, 76-79; 81-82; 72);

2.7. მოპასუხე კომპანიის 2016 წლის 05 ოქტომბრის, 2017 წლის 23 იანვრის, 2017 წლის 14 თებერვლისა და 2017 წლის 16 მარტის მიმართვებით მოსარჩელეს განემარტა, რომ ხარვეზები გამოვლენილი იყო იმ ნაწილში, სადაც სამუშაოები პროექტის გარეშე - ზედამხედველის მითითებით შესრულდა. შესაბამისად, გამოვლენილი ხარვეზები მოპასუხის მიერ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისგან არ გამომდინარეობდა (ტომი I, ს.ფ. 89-93);

2.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 მარტის №001313217 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სსიპ შემოსავლების სამსახურის სგპ „სადახლოს“ ტერიტორიაზე ავტომობილებისათვის განკუთვნილი გასასვლელების (ე.წ. გეითი) შეკიდული ჭერის ფილების დამჭერი კონსტრუქცია დეფორმირებულია და ჭერის ფილები რიგ მონაკვეთებზე დემონტირებულია (განმარტებით ჩამოცვენილია), რაც გამოწვეულია შემდეგი გარემოებით: ფილების დამჭერი ალუმინის პროფილების საკიდი დეტალები ისეა მოწყობილი, რომ ვერ უზრუნველყოფს კონსტრუქციის შესაბამის სიხისტეს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ალუმინის პროფილების მდგრადობა, ალუმინის კონსტრუქციის დეფორმაციის შედეგად კი ფილების პროფილებისგან დაშორება ხდება, რაც ფილების ჭერიდან ცვენას იწვევს, ამასთან, შემდგომში ჭერის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, მოწყობილი შეკიდული ჭერის კონსტრუქციის დემონტაჟი და სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით ჭერის თავიდან მოწყობა უნდა მოხდეს, კერძოდ, უნდა განხორციელდეს მზიდი კონსტრუქციის გაანგარიშება წონაზე, ხოლო, თუ ვინ და როდის უნდა აწარმოოს აღნიშნული სამუშაოები, ამას მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულება არეგულირებს (ტომი I, ს.ფ. 83-88).

3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის - 109 024.23 ლარის გადახდის ვალდებულება არ უნდა დაკისრებოდა.

4. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, ვინაიდან განსახილველ დავაში მენარდის მიერ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოსგან გამოწვეული ზიანის ანაზღაურება არის მოთხოვნილი, მიზანშეწონილია დადგინდეს, თუ რამ გამოიწვია დეფექტი და ეს დეფექტი წარმოადგენდა თუ არა მენარდის ქმედების/უმოქმედობის პირდაპირ შედეგს. სასამართლოს მითითებით, ზემოხსენებული საექსპერტო დასკვნა ცალსახა და იმპერატიულია, რომელიც სგპ „სადახლოს“ ტერიტორიაზე ავტომობილებისათვის განკუთვნილი გასასვლელების (ე.წ. გეითი) თავზე ფილების ცვენის მიზეზად მზიდი კონსტრუქციების დეფორმირებას ანუ მათი წონაზე სათანადო გაანგარიშების არარსებობას უთითებდა.

5. სააპელაციო პალატამ მიუთითა ხელშეკრულების 2.1. პუნქტზე და აღნიშნა, რომ მხარეებმა ხელშეკრულებით განსაზღვრეს ტერმინი „სამუშაო“ და მისი იდენტიფიკაცია სასაქონლო კლასიფიკაციის კოდის CVP45453000 მიხედვით მოახდინეს, რაც კაპიტალური რემონტის (შეკეთების) ჩატარებას მოიცავდა ანუ დააკონკრეტეს, თუ რას გულისხმობდა მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაო. სასამართლომ მიუთითა, რომ აღნიშნული დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის უმნიშვნელოვანეს დეტალს წარმოადგენს, ვინაიდან შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარო რეესტრის თანახმად, მზიდი კონსტრუქციის დაპროექტებისთვის (Load-bearing structure design services) გამოიყენება განსხვავებული CVP კოდი ნომრით - 71327000.

6. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ შემკვეთს მენარდისთვის არ გადაუცია შესასრულებელი სამუშაოს კონსტრუქციული პროექტი, იგი სამუშაოს ასრულებდა ზედამხედველის მითითებით და მისთვის მხოლოდ დავის განმავლობაში გახდა ცნობილი, რომ ამ შესასრულებელ სამუშაოზე მოსარჩელის მიერ გამოცხადებული იყო ტენდერი, რომელიც შეიცავდა დანართის სახით მომზადებული კონსტრუქციის პროექტზე მითითებას, თუმცა აღნიშნული სამუშაოს კონსტრუქციის პროექტი 2015 წლის 23 ოქტომბრის ხელშეკრულებით მხარეთა შორის შეთანხმებული არ ყოფილა და მის მიერ სამუშაოები შესრულებულია მხოლოდ ზედამხედველის მითითებითა და მეთვალყურეობით. აღნიშნული დასტურდებოდა მხარეთა შორის შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით.

7. სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული წერილობითი დოკუმენტებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების გაანალიზების შედეგად, ასევე სადავო ხელშეკრულების პირობების განმარტების წყაროდ საქართველოს მთავრობის №225 დადგენილების ნორმებზე მითითებით, გაიზიარა მოპასუხის არგუმენტი, რომ მზიდი კონსტრუქციების წონაზე გაანგარიშება წარმოადგენს დამოუკიდებელ, მშენებლობისგან განსხვავებულ ეტაპს, რომელიც მშენებლობას წინ უსწრებს და რომლის განხორციელებაც მშენებლობის დაწყების წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, ხელშეკრულებაში არსებული კონკრეტული დათქმის არსებობის პირობებში, რომელიც მენარდის მიერ კაპიტალური რემონტის ჩატარებას გულისხმობდა, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ კონსტრუქციების წონაზე გაანგარიშება მენარდის ვალდებულებას წარმოადგენდა.

8. სააპელაციო პალატის განმარტებით, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა სახეზეა იმ შემთხვევაში, როდესაც ირღვევა მხარეთა მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები. ვინაიდან საქმის მასალებში არსებული საექსპერტო დასკვნით ცალსახად არის განმარტებული, რომ ნაკლიანი შესრულების გამოსწორებას მოწყობილი შეკიდული ჭერის კონსტრუქციის დემონტაჟი, სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით ჭერის თავიდან მოწყობა, მზიდი კონსტრუქციის წონაზე გაანგარიშება სჭირდება, რელევანტურია იმგვარი უკუდასკვნის გაკეთებაც, რომ მზიდი კონსტრუქციის წონაზე სწორად გაანგარიშების შემთხვევაში ის დეფექტი, რომელიც მოსარჩელეს სადავოდ აქვს გამხდარი, არ დადგებოდა. ამასთანავე, იმ პირობებში, როდესაც მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოს სასაქონლო კლასიფიკაციის კოდით CVP45453000 სამუშაოს შესრულება ანუ კაპიტალური რემონტის (შეკეთების) ჩატარება წარმოადგენდა, რომელსაც მზიდი კონსტრუქციის დაპროექტებისგან განსხვავებული სასაქონლო კლასიფიკაციის კოდი აქვს, დასტურდება, რომ დარღვევის გამომწვევი ქმედება მოპასუხის მიერ არ ყოფილა შესრულებული, მეტიც, მენარდეს აღნიშნული ქმედების განხორციელების ვალდებულება და უფლებამოსილება არ გააჩნდა.

9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ სახელშეკრულებო ზიანის მაკვალიფიცირებელი ელემენტებიდან ერთ-ერთი - განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა საქმის მასალებში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდებოდა, რაც მენარდისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას გამორიცხავდა.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

13. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

14. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

15. საკასაციო საჩივრის თანახმად:

15.1. სასამართლომ არასწორად განმარტა ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული დასკვნაში არ არის მითითებული პროექტის გაუმართაობასა და უვარგისობაზე. ეს პროექტი გამოყენებულია არაერთ გამშვებ პუნქტში ე.წ. გეითების მოსაწყობად, თუმცა, მიუხედავად ბუნებრივი ზემოქმედებებისა, მსგავსი პრობლემა არ გამოვლენილა. დასკვნაში საუბარია შესრულებულ სამუშაოზე, რომელმაც ვერ უზრუნველყო ჭერის ისე მოწყობა, რომ მას შეენარჩუნებინა კონსტრუქციის სიხისტე;

15.2. 2016 წლის 5 ოქტომბრის წერილში მოპასუხე კომპანიის დირექტორი მიმართავს სსიპ შემოსავლების სამსახურის ფინანსურ დეპარტამენტს და აცხადებს, რომ შეკიდული ჭერი მოწყობილია არსებული პროექტის საფუძველზე. შესაბამისად, ნათელია, რომ მათთვის ცნობილი იყო ასეთი პროექტის არსებობის შესახებ და წარმოუდგენელია კონსტრუქციის მოწყობა მხოლოდ ზეპირი მითითების საფუძველზე;

15.3. კომპანიას სამუშაოების თავდაპირველად ჩატარებისას არ გაუკეთებია აქცენტი კონსტრუქციის სამშენებლო წესებთან შეუსაბამობაზე, რომელიც გამორიცხავდა სამუშაოს ჯეროვნად და ხარისხიანად შესრულებას. მენარდის ვალდებულებაა უზრუნველყოს ხარისხიანი მომსახურების შეთავაზება შემკვეთისათვის. მენარდე პასუხისმგებელია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევასა და შედეგის შენარჩუნებაზე, რასაც ადასტურებს საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში მენარდის მიერ განხორციელებული აღდგენითი სამუშაოებიც. ამასთან, ვალდებულების შესრულების დამაბრკოლებელი გარემოების შესახებ კონტრაჰენტისათვის შეტყობინება გამომდინარეობს ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულების პრინციპიდან.

16. განსახილველ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 394.1 [მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის], 408.1 [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება] და 409-ე [თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება] მუხლები.

17. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ცენტრალურ და უზოგადეს ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 394.1. მუხლი, რომელიც კრედიტორს მოვალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენების წინაპირობებია: 1) ზიანი; 2) ქმედების მართლწინააღმდეგობა; 3) მიზეზობრივი კავშირი; 4) ბრალი.

18. როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომლის არსებობის ფაქტი მოსარჩელისაგან დადასტურებულია.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. აღნიშნული პრინციპის რეალიზება მოდავე მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის სწორი განაწილების პირობებშია შესაძლებელი. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით [სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები]. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

20. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და მის შედეგად დამდგარი ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურება. მან ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მენარდეს გადაცემული ჰქონდა შესასრულებელი სამუშაოს კონსტრუქციული პროექტი და ამასთან, ვერც ის დაამტკიცა, რომ ამგვარი პროექტის განხორციელება მენარდის ვალდებულებას წარმოადგენდა.

21. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის შედავებას მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვან, არაკეთილსინდისიერ შესრულებაზე, რადგან სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 მარტის №001313217 ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დადგენილია, რომ გამოვლენილი ხარვეზების მიზეზია კონსტრუქციული ნაწილის გაუმართაობა. მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა კი სახეზე იქნებოდა მაშინ, თუ იგი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს არ შეასრულებდა კონსტრუქციული პროექტის მიხედვით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი