ბს-853-439(გ-05) 12 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
ბ. კობერიძე
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატასა და თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის შესახებ დავა შ. მ-ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით წალკის რაიონის ...... სოფ. საკრებულოს გამგეობისა და მესამე პირების: რ. მ-ისა და ა. მ-ას მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 18 აგვისტოს შ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა წალკის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე წალკის რაიონის ...... სოფ. საკრებულოს გამგეობისა და მესამე პირების: რ. მ-ისა და ა. მ-ას მიმართ საადგილმამულო წიგნში ქონების ნაწილში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
წალკის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. მ-ის სასარჩელო განცხადება მესამე პირის _ რ. მ-ის სახელზე საკომლო წიგნში რიცხული 30 კვ.მ საცხოვრებელი ოთახის და 10 სული მსხვილფეხა რქოსანი საქონლის ნაწილში ცვლილებების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. მ-მა, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვდა წალკის რაიონული სასამართლოს 2004წ. 16 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 16 თებერვლის განჩინებით საქმე განსჯადობით განსახილველად გადაეცა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატას იმ მოტივით, რომ საქმე წარმოადგენდა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსჯადს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მითითებით საქმეში მონაწილეობას იღებდა სოფ. საკრებულო, რომელიც წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელიც ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ უფლებამოსილებას და სარჩელი მიმართულია მის მიმართ.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სარჩელის მიხედვით დავის საგანს წარმოადგენს საადგილმამულო წიგნში ჩანაწერის ბათილად ცნობა, რაც არ გამომდინარეობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ნორმებიდან და ჩანაწერი იურიდიული თვალსაზრისით არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, არამედ ფაქტის დადასტურების მიზნით კომლის წევრთა მიერ ნების გამოვლენის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების რეგისტრაციას წარმოადგენს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მითითებით, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში ჩაბმულია სოფ. საკრებულო, დავა თავისი შინაარსით წარმოადგენს ფიზიკურ პირთა შორის არსებულ ქონებრივ დავას, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 31 მაისის განჩინებით საქმე განსჯადობის თაობაზე დავის გადაწყვეტის მიზნით, გადაიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისა და ამავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შორის განსჯადობის თაობაზე წარმოშობილი დავის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. მ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად უნდა დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართვლოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის შესაბამისად, იმისათვის, რომ დავა მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული კატეგორიის დავად, აუცილებელია ორი ძირითადი პირობის არსებობა:
ა) სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული დავის საგანს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა:
ბ) სადავო სამართალწარმოებაში მონაწილე ერთ-ერთ მხარეს უნდა წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანო.
მართალია, ზემოაღნიშნულ საქმეში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანო, მაგრამ, მარტოოდენ ამ უკანასკნელის საქმეში მხარედ მონაწილეობა არ იძლევა საკმარის საფუძველს, დავა მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციული კატეგორიის დავად, აუცილებელია ინავდროულად მეორე პირობის არსებობაც, სადავო სამართალურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არა აქვს.
საკომლო ჩანაწერი ემსახურება კომლს წევრთა ნების გამოვლენის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების ფიქსირებას, ემყარება მხარეთა ნების თავისუფლების პრინციპს და თავისი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, რაშიც საკასაციო სასამართლოს სრულად იზიარებს საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მსჯელობას და ადასტურებს, რომ საქმე განსჯადობით განსახილველად ექვემდებარება თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. მ-ის სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაექვემდებაროს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.