საქმე №ას-1361-2021 18 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ო.გ.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქარელის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში - „მოპასუხე“ ან „მერია“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით შპს „ო.გ–“ის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“ ან „კასატორი“) სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 16 000 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში (70 187.76 ლარის დაკისრების ნაწილში) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2017 წლის 24 აგვისტოს მხარეთა შორის სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გაფორმდა საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება №105, რომლის:
2.1.1 1.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა შემსყიდველისთვის მხარეთა შორის შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ, შემსრულებლის მიერ შემდეგი სახის მომსახურების გაწევა: ქარელის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისა და საქართველოს მთის ფონდებიდან (2017-2018-2019 წლებში) განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების, სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისათვის საჭირო და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი (50 000 ლარზე მეტი ღირებულების) 12 678 538 ლარის პროექტების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურება ტექნიკური დავალებითა და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ფასების ცხრილის შესაბამისად;
2.1.2 2.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების ღირებულება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით შეადგენს არაუმეტეს 690 408,24 ლარს;
2.1.3 2.3. პუნქტის თანახმად, საზედამხედველო მომსახურების ღირებულება განისაზღვრება ყოველ საზედამხედველოდ გადაცემულ ობიექტზე დადასტურებული, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5,4454878%-ით;
2.1.4 3.1. პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებულია მომსახურება გასწიოს წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
2.1.5 14.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;
2.1.6 14.2. პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისთვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია, გარდა სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
2.1.7 14.3. პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
2.1.8 16.3. პუნქტის თანახმად, სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა;
2.2. 2017 წლის 24 აგვისტოს №105 ხელშეკრულების დანართი №1-ის თანახმად, ქარელის მუნიციპალიტეტისთვის განსახორციელებელი პროექტების ღირებულება წლების მიხედვით იყო შემდეგი: 2017 წელი - 3 705 322 ლარი; 2018 წელი - 4 293 039 ლარი; 2019 წელი - 4 680 177 ლარი;
2.3. 2018 წლის 31 ოქტომბერს მოსარჩელე კომპანიამ წერილით მიმართა მერიას, რომლითაც მოითხოვა 24.08.2017 წლის ხელშეკრულების დანართით დადგენილ ფასების ცხრილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, 2017 წელს აუთვისებელი თანხების 2018-2019 წლებზე გადანაწილება და დამატებით ხელშეკრულების ღირებულების კანონით გათვალისწინებული 10%-ის ფარგლებში გაზრდა. 2019 წლის 25 იანვარს მოსარჩელემ წერილით მიმართა მერიას, რომლითაც მოითხოვა 24.08.2017 წლის ხელშეკრულების დანართით დადგენილ ფასების ცხრილში ცვლილების შეტანა, კერძოდ, 2017 და 2018 წლებში აუთვისებელი თანხების 2019 წელზე გადანაწილება და დამატებით ხელშეკრულების ღირებულების კანონით გათვალისწინებული 10%-ის ფარგლებში გაზრდა;
2.4. მერიის 2019 წლის 07 თებერვლის წერილის თანახმად, მერიამ მზადყოფნა გამოთქვა 24.08.2017 წლის ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული ფასების ცხრილის კორექტირებაზე, ხოლო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით გაზრდის თაობაზე მოსარჩელე კომპანიას აცნობა, რომ არ იყო წინააღმდეგი, 2019 წელს ასათვისებელი მომსახურების ფინანსური რესურსის ამოწურვის შემდეგ დაეწყო ხელშეკრულების გაზრდის პროცედურა №105 ხელშეკრულების 16.3 პუნქტით განსაზღვრული ჯამური ღირებულების 10%-ის ფარგლებში. იმავე წერილით მერიამ მოითხოვა იმ ეტაპისთვის საჭირო კორექტირებული გეგმა-გრაფიკი;
2.5. 2019 წლის 10 ივლისის მიმართვით მერიამ მოსარჩელე კომპანიას გაუგზავნა სოფელ ...... საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების ზედამხედველობის განხორციელებაზე განაცხადი მხარეთა შორის გაფორმებული 24.08.2017 წლის №105 ხელშეკრულების ფარგლებში. 2019 წლის 12 ივლისს მოსარჩელემ წერილით მიმართა მერიას და აცნობა, რომ განიხილა 10.07.2019 წლის წერილი და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული №105 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ასათვისებელი მომსახურების ფინანსური რესურსი კომპანიის მიერ დასრულებულ და დაწყებულ ობიექტებზე ზედამხედველობის მომსახურების ღირებულებების გათვალისწინებით ამოიწურა. შესაბამისად, კომპანიამ მოითხოვა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით გაზრდა და 2017 წელს აუთვისებელი თანხების 2018-2019 წლებზე გადანაწილება. სოფელ ...... საავტომობილო გზის სამუშაოების ინსპექტირებაც განხორციელებულია მოსარჩელე კომპანიის მიერ, რასაც მხარე დათანხმდა;
2.6. მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების პირობების თანახმად განხორციელდა ზედამხედველობა და 2017 წლის 24 აგვისტოს №105 ხელშეკრულების 2.3 პუნქტის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 56591.5 ლარით, რის გადახდაზეც შემსყიდველმა უარი განაცხადა. 2019 წლის 29 ივლისს შემსყიდველს გაეგზავნა ....... საავტომობილო გზის რეაბილიტაციის შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტი №1, რომლის თანახმად ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა 16 935 ლარი, ხოლო 2019 წლის 23 აგვისტოს შემსყიდველისათვის მიწოდებული იქნა ამავე სამუშაოების ზედამხედველობის გაწევის შესახებ მიღება-ჩაბარების აქტი №2, რომლის თანახმად მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 39 656.49 ლარით;
2.7. 2019 წლის 12 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა №95 ხელშეკრულება, რომლის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა 2019-2020 წლების განმავლობაში ქარელის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი 50 000 ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა, ასევე 2019-2020 წლებში დაწყებული და მრავალწლიანი სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება სამუშაოების დასრულებამდე. გამომდინარე იქედან, რომ ხელშეკრულება აღარ ითვალისწინებდა საპროექტო ზედამხედველობას და შემოიფარგლა მხოლოდ სამშენებლო ზედამხედველობით, ხელშეკრულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საზედამხედველო მომსახურების ღირებულება განისაზღვრა საზედამხედველოდ გადაცემულ თითოეულ ობიექტზე დადასტურებული (ზედამხედველის მიერ ხელმოწერილი შესრულებული სამუშაოების აქტი - ფორმა №2) ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2,87%-ის ოდენობით;
2.8. 2019 წლის 06 სექტემბერს მოსარჩელემ წერილობით მიმართა შემსყიდველს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, თუმცა შემსყიდველმა 2019 წლის 09 სექტემბრის წერილით აცნობა, რომ მას მიზანშეწონილად მიაჩნია 2017 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულების ფარგლებში და ამავე ხელშეკრულების პირობებით გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 2019 წლის 12 ივნისს გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით, რომლის თანახმად, საზედამხედველო მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია შესასრულებელი სამუშაოების 2.87%-ით, ხოლო ხელშეკრულების საგანია მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა მერიისთვის 86 187,76 ლარის დაკისრების თაობაზე გამომდინარეობს მოსარჩელის მიერ სოფელ ....... საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურებიდან და სასარჩელო მოთხოვნა უშუალოდ გამომდინარეობს მხარეთა შორის 2017 წლის 24 აგვისტოს №105-ე ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, უდავოა, რომ თანხის ანაზღაურებას მოსარჩელე მხარეთა შორის 2019 წლის 12 ივნისს გაფორმებული №95 ხელშეკრულებიდან გამომდინარე არ ითხოვს.
4. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საქმის განხილვის ეტაპზე მერიამ ცნო მოსარჩელის მიმართ დავალიანების არსებობა 2017 წლის 24 აგვისტოს №105-ე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 16 000 ლარის ნაწილში. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა [სსსკ-ის მე-3 მუხლი].
5. რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას თანხის დარჩენილი ოდენობის - 70187,76 ლარის ნაწილში, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო როგორც შესასრულებელი სამუშაო, ისე გაწეული მომსახურებისთვის შემკვეთის მხრიდან გადასახდელი ანაზღაურების ოდენობა. ამასთან, ხელშეკრულებით მკაცრად იყო დადგენილი შესასრულებელი სამუშაოს ფარგლები, კერძოდ, მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა 12 678 538 ლარის ღირებულების პროექტების მომსახურება და ხელშეკრულების 14.2. პუნქტით შეთანხმდა, რომ ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც მოჰყვება ხელშეკრულების ფასის გაზრდა ან შემსყიდველისთვის პირობების გაუარესება, დაუშვებელია, გარდა სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ დაადგინა, რომ მომსახურების ფარგლების გაზრდის შესაძლებლობას ხელშეკრულება ითვალისწინებდა მხოლოდ სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში და ისიც ხელშეკრულების ღირებულების 10%-ის ოდენობით (იხ. ხელშეკრულების 16.3. პუნქტი).
6. სააპელაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 398-ე მუხლიდან გამომდინარე შეცვლილი გარემოება აპრიორი არ გულისხმობს ხელშეკრულების პირობათა შეცვლას, არამედ პირობათა მისადაგება შეცვლილი გარემოებისადმი წარმოადგენს მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების საგანს.
7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ შეასრულა 2017 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოები ხელშეკრულების ღირებულების სრული მოცულობით და რამდენჯერმე მოითხოვა ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა 16.3 პუნქტის შესაბამისად, 10%-ით. აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია მერიის 2019 წლის 07 თებერვლის პასუხი, რომლითაც შემსყიდველმა ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით გაზრდის თაობაზე მოსარჩელეს აცნობა, რომ არ იყო წინააღმდეგი, 2019 წელს ასათვისებელი მომსახურების ფინანსური რესურსის ამოწურვის შემდეგ დაეწყო ხელშეკრულების გაზრდის პროცედურა №105 ხელშეკრულების 16.3 პუნქტით განსაზღვრული ჯამური ღირებულების 10%-ის ფარგლებში. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა შეფასებული მერიის ზემოხსენებულ წერილში გამოთქმული პოზიცია, როგორც ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობა.
8. სააპელაციო პალატის მითითებით, როგორც 07.02.2019წ. წერილიდან დგინდება და მხარეებს აღნიშნული გარემოება სადავოდ არ გაუხდიათ, 2019 წლის 07 თებერვლის მდგომარეობით, შემსრულებელს 24.08.2017 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის ლიმიტი სრულად ათვისებული არ ჰქონია, ისევე როგორც 31.10.2018წ. და 25.01.2019წ. წერილების გაგზავნის დროს. ამასთან, წერილში ცალსახად იკითხება, რომ მერიამ გამოთქვა მზაობა დაეწყო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით გაზრდის პროცედურა, თუმცა მას შემდეგ, რაც შემსრულებელი სრულად აითვისებდა ხელშეკრულებით დადგენილი თანხის ლიმიტს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც ჯერ კიდევ დარჩენილი იყო ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის - 12 678 538 ლარის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაო, პალატამ მიიჩნია, რომ მერიას 2019 წლის 07 თებერვლის წერილში ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობა არ განუცხადებია, არამედ გამოთქვა სამომავლო მზაობა კონკრეტული პირობების შესრულების შემთხვევაში, კერძოდ, ხელშეკრულებით დადგენილი ლიმიტის სრულად ათვისების შემდეგ დაეწყო ცვლილების განხორციელების პროცედურა, რაც, სასამართლოს შეფასებით, გონივრული განსჯის შედეგად ნების განმარტების [სსკ-ის 52-ე მუხლი] საფუძველზე, ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანაზე საბოლოო თანხმობად ვერ იქნებოდა მიჩნეული.
9. სააპელაციო პალატამ შემსყიდველის მხრიდან 07.02.2019წ. წერილში გამოთქმული ნების მეორე მხარის მიერ აღქმის საკითხთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის მიერ 2019 წლის 12 ივლისს და 06 სექტემბერს გაგზავნილ წერილებზე, სადაც კომპანია კვლავ ითხოვს შემსყიდველისგან ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით გაზრდას. აღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ 07.02.2019 წლის წერილიდან გამომდინარე მოსარჩელემ შემსყიდველისგან თანხმობა მიღებულად ჩათვალა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში აზრს მოკლებულია შემსრულებლის მხრიდან იმავე მოთხოვნის კიდევ ორჯერ დაყენება.
10. სააპელაციო პალატამ ასევე მიუთითა ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე შეთანხმების ფორმაზე, კერძოდ, 24.08.2017 წლის ხელშეკრულების 14.1 პუნქტი ცალსახად ადგენს, რომ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, ხოლო 14.3 პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით. სასამართლოს მითითებით, მხარეთა შორის ხელშეკრულების მოცულობის 10%-ით გაზრდის თაობაზე შეთანხმება ხელშეკრულების დანართის სახით გაფორმებული არ ყოფილა, შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ 07.02.2019 წლის წერილში მერიის მიერ გამოთქმული ნება განმარტებული იქნებოდა როგორც თანხმობა ხელშეკრულებაში ცვლილების განხორციელებაზე, სსკ-ის 328-ე მუხლის შესაბამისად, სახეზე არ არის ფორმის დაცვით გაფორმებული შეთანხმება, ფორმადაუცველი ხელშეკრულება კი შესაბამის სამართლებრივ შედეგებს ვერ წარმოშობს.
11. სააპელაციო პალატა ასევე შეეხო საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიმართებას 24.08.2017წ. ხელშეკრულების 14.2 და 16.3 პუნქტებთან, რომლებითაც ცალსახად დადგენილია, რომ ხელშეკრულების ფასის ზრდასთან დაკავშირებული ცვლილება დასაშვებია მხოლოდ სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობის შემთხვევაში. სასამართლოს მითითებით, არც მხარეთა მიმოწერიდან და არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან იკვეთება რაიმე ისეთი ობიექტური გარემოება, რაც შეიცვალა 2017 წლის 24 აგვისტოს შემდეგ და რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა მოსარჩელის სახელშეკრულებო ვალდებულებათა შესრულებაზე. შესაბამისად, სააპელაციო პალატის დასკვნით, მოსარჩელემ ვერც ის დაადასტურა, რომ სახეზე იყო შეცვლილი გარემოება, რაც აუცილებელს ხდიდა ხელშეკრულებით დადგენილი სამუშაოს თანხობრივი მოცულობის გაზრდას. სასამართლოს შეფასებით, ის ფაქტი, რომ შემსრულებელმა სრულად აითვისა ხელშეკრულებით დადგენილი მოცულობა, არ წარმოადგენს შეცვლილ გარემოებას და არ შეიძლება მოაზრებულ იქნეს სსკ-ის 398-ე მუხლით დადგენილ დეფინიციაში. ამგვარად, პალატამ მიიჩნია, რომ არ წარმოშობილა მხარეთა შორის 2017 წლის 24 აგვისტოს №105 ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების წინაპირობები და არც რაიმე ცვლილება ამ ხელშეკრულებაში მისი ღირებულების 10%-ით გაზრდის თაობაზე მხარეებს არ შეუტანიათ.
12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 248-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მხარეთა შორის მოგვიანებით, 2019 წელს გაფორმებულია №95-ე ხელშეკრულებაც, რომლის ფარგლებში და პირობების შესაბამისად მოსარჩელეს შესაძლოა ჰქონდეს მის მიერ გაწეული სამუშაოს ანაზღაურების მოთხოვნის პერსპექტივა მოპასუხის მიმართ. მიუხედავად ამისა, მოცემულ დავაში იგი 86 187,76 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას მოითხოვს მხოლოდ 2017 წლის 24 აგვისტოს №105-ე ხელშეკრულების საფუძველზე და ამ ხელშეკრულებით დადგენილი ანაზღაურების პირობით. ვინაიდან მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მხარეთა შორის განხორციელდა შეთანხმება 24.08.2017 წლის ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით გაზრდის თაობაზე, ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების საფუძველზე, 2017 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მენარდე (მოსარჩელე) ვერ მოითხოვს იმაზე მეტი ანაზღაურების მიღებას, რაც ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული. გამომდინარე აქედან, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 86 187,76 ლარის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნიდან უნდა დაკმაყოფილებულიყო მოთხოვნა მხოლოდ 16 000 ლარის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში კი მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობდა.
13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
16. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
18. საკასაციო საჩივრის თანახმად:
18.1. მოსარჩელემ პროექტის ინსპექტირების ნაწილში გადააჭარბა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოდენობას და, მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან მოპასუხესთან არაერთი წერილობითი კომუნიკაციისა, სასამართლომ სამშენებლო სამუშაოების და საპროექტო სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურება თვითნებურად გაქვითა და მოპასუხე მხარეს დააკისრა მხოლოდ 16000 ლარი, რაც მოპასუხეს პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავოდ არ გაუხდია და არ მოუთხოვია საზედამხედველო მომსახურების ღირებულების შესასრულებელი სამუშაოების მოცულობიდან გაქვითვა;
18.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელემ სოფელ ფ..... საპროექტო სამუშაოების ინსპექტირებაზე თანხმობა განაცხადა მხოლოდ იმ პირობით, თუ მოხდებოდა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან და ხელშეკრულების ღირებულების გაზრდა, რაზეც შემსყიდველმა თანხმობა განაცხადა;
18.3. სასამართლომ შემსყიდველის ქმედებები, კერძოდ, მისი 2019 წლის 7 თებერვლის წერილი და 2019 წლის 10 ივლისის №04/8474 მიმართვა, რომლითაც მოსარჩელეს მიეცა დავალება 2017 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულებით ფ..... სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის განხორციელების შესახებ, განმარტა სუბიექტურად, მხოლოდ თავისი შეხედულებისამებრ, რაც შემსყიდველს სადავოდ არ გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლოში;
18.4. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხდებოდა მხოლოდ საზედამხედველო მომსახურების განხორციელების შემდგომ;
18.5. სასამართლომ დაადგინა, რომ №105 ხელშეკრულების ფარგლებში ასანაზღაურებელი იყო 16000 ლარი, თუმცა სასამართლო არ უთითებს არცერთ მტკიცებულებაზე, რადგან ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით ზრდაზე შემსყიდველის თანხმობისა და სოფელ ფ..... საპროექტო დოკუმენტაციის ინსპექტირების შესახებ დავალების არარსებობის პირობებში, ასანაზღაურებელი იყო 16935,01 ლარი და არა - 16000 ლარი;
18.6. მართალია, მოსარჩელემ ბრეძა-ჭვრინისის გზის ასფალტირების სამუშაოებზე, ღირებულებით 724 500 ლარი, და სოფელ კოდა-ვარდისუბნის გზის ასფალტირების სამუშაოებზე, ღირებულებით 545 348,91 ლარი, შეასრულა მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების საზედამხედველო მომსახურება, თუმცა 2017 წლის 24 აგვისტოს №105 ხელშეკრულების ფარგლებში სანაცვლოდ განხორციელდა 14 174 520,36 ლარის საპროექტო დოკუმენტაციის ინსპექტირება, რაც წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობისა და ღირებულების 1 991 132,52 ლარით გადაჭარბებას, რაზეც მას არ მიუღია მომსახურების ანაზღაურება.
19. საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ პრეტენზიებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ ჩათვალა მერიის 2019 წლის 07 თებერვლის წერილი ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით გაზრდაზე შეთანხმებად, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად.
20. დადგენილია, რომ 2017 წლის 24 აგვისტოს საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულება №105-ის 14.1. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების ან დამატების შეტანა ხდება მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე. ამავე ხელშეკრულების 14.3. პუნქტის თანახმად, ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულების დანართის სახით, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
21. დადგენილია, რომ მერიის 2019 წლის 07 თებერვლის წერილის თანახმად, მერიამ მზადყოფნა გამოთქვა 24.08.2017 წლის ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული ფასების ცხრილის კორექტირებაზე, ხოლო ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით გაზრდის თაობაზე მოსარჩელე კომპანიას აცნობა, რომ არ იყო წინააღმდეგი, 2019 წელს ასათვისებელი მომსახურების ფინანსური რესურსის ამოწურვის შემდეგ დაეწყო ხელშეკრულების გაზრდის პროცედურა №105 ხელშეკრულების 16.3 პუნქტით განსაზღვრული ჯამური ღირებულების 10%-ის ფარგლებში.
22. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
23. ყველა იმ გარიგებაში, რომლებშიც ნების გამოვლენის ნამდვილობა დამოკიდებულია მეორე მხარის მიერ ამ ნების მიღებაზე, არცთუ იშვიათად იბადება კითხვა, სწორად გაიგო თუ არა მეორე მხარემ ის, რისი თქმაც ნების გამომვლენ პირს სურდა. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ გარიგებათა აბსოლუტურ უმრავლესობაში ორი მხარე – ნების გამომვლენი და ნების მიმღები – მონაწილეობს, აშკარა გახდება, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვლენილი ნების სწორად გაგებას მეორე მხარის მიერ. მრავალი გარემოებით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომ ის, რაც იგულისხმა ნების გამომვლენმა, სხვაგვარად გაიგო მისმა მიმღებმა. აქედან წარმოიშობა გამოვლენილ ნებათა კონფლიქტი, რომელიც საჭიროებს სწორად გადაწყვეტას. ამ კონფლიქტის გადაწყვეტის სამართლებრივ საშუალებას წარმოადგენს ნების გამოვლენის განმარტება (იხ. სუსგ საქმე №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი). კანონით გადამწყვეტია „ნების გონივრული განსჯა“, რაც ნიშნავს სადავო გამონათქვამის იმ მნიშვნელობის დადგენას, რომელსაც გონიერი ადამიანი ანალოგიურ პირობებში მიანიჭებდა. გონივრულობა მოცემული ურთიერთობის სრულად აღქმა და განსჯაა და არა გამოყენებული გამონათქვამის ვიწრო გაგება (იხ. სუსგ საქმე №ას-1220-1480-09, 25 მაისი, 2010 წელი). ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს (იხ. სუსგ საქმე №ას-1144-1090-2014, 23 თებერვალი, 2015 წელი).
24. იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების მხარეებისთვის ცნობილი იყო ხელშეკრულების პირობები, კერძოდ, ის პირობა, რომ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულების დანართის სახით [სსკ-ის 327.1. მუხლი: ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. 328.1. მუხლი: თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ], ამასთან, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ 2019 წლის 7 თებერვლის მდგომარეობით შემსრულებელს 2017 წლის 24 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის ლიმიტი სრულად ათვისებული არ ჰქონდა, სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე განმარტების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მერიის სადავო 2019 წლის 07 თებერვლის წერილი ვერ ჩაითვლება ხელშეკრულების ღირებულების 10%-ით გაზრდაზე შეთანხმებად, არამედ ამ წერილით მერიამ გამოთქვა მზადყოფნა ხელშეკრულებით დადგენილი ლიმიტის სრულად ათვისების შემდეგ დაეწყო ცვლილების განხორციელების პროცედურა.
25. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვს მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას 2017 წლის 24 აგვისტოს №105 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომლის 10%-ით გაზრდაზე შეთანხმების არსებობაც მან ვერ დაადასტურა. შესაბამისად, იგი ვერ მოითხოვს ხელშეკრულებით შეთანხმებულზე მეტ ანაზღაურებას. ამასთან, ვერც სასამართლო გასცდებოდა მოთხოვნის ფარგლებს სსსკ-ის 248-ე მუხლიდან გამომდინარე [სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა].
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება სწორია და კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
27. ამდენად, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3509,39 ლარის 70% – 2456,57 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ო.გ.“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ო.გ.“-ს (ს/კ: .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 29 დეკემბერს №1640786499 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 3509,39 ლარის 70% – 2456,57 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი