საქმე №ას-1144-2021 02 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „S. G.” (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში) F
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – თანხის დაკისრება (თავდაპირველ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით შპს ,,S. G.“-ის (შემდგომში - „მოსარჩელე“, „მოსარჩელე კომპანია“, „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 07 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის (შემდგომში - „მოპასუხე“, „უნივერსიტეტი“ ან „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“) მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; უნივერსიტეტის შეგებებული სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეგებებული სარჩელით მოპასუხეს უნივერსიტეტის სასარგებლოდ დაეკისრა 235,98 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2016 წლის 6 იანვარს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N02-2016 ხელშეკრულება საერთო ღირებულებით 47196,42 ლარი. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოპასუხის ობიექტებზე არსებული გათბობის სისტემების, საქვაბეების და გაზის ქსელების გამართულად მუშაობის ტექნიკური მომსახურების შესყიდვა, „შენობის მოწყობილობების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება“. ხელშეკრულება დაიდო ერთი წლის ვადით - 2016 წლის 6 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე (იხ. ხელშეკრულება ტ.1, ს.ფ.17-19);
2.2. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ შესრულებული მომსახურების მიღებისათვის შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით. შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლებოდა მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერის შემდეგ;
2.3. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია: უზრუნველყოს მოპასუხის საქვაბეების და გათბობის სისტემების გამართული მუშაობა, ჰყავდეს კვალიფიციური პერსონალი, გაზის ქსელსა და მოწყობილობა-დანადგარებს პერიოდულად ჩაუტაროს ტექნიკური მომსახურება, შემსყიდველის მოთხოვნის მიხედვით დაცალოს ან შეავსოს წყლით გათბობის სისტემა და აღმოფხვრას გამოვლენილი გაუმართაობები, აწარმოოს 24-საათიანი გათბობის საქვაბეების მონიტორინგი, გათბობის სისტემასთან დაკავშირებულ ავარიებზე მოახდინოს რეაგირება შეტყობინებიდან მაქსიმუმ 2 საათში და მილგაყვანილობის დაზიანების შემთხვევაში აღმოფხვრას იგი თავისი ხარჯებით 12 საათის განმავლობაში, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანების შემთხვევაში შემსყიდველის მიერ საჭირო მასალების მიწოდებიდან 24 საათში;
2.4. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში ჯეროვნად არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება;
2.5. 2016 წლის 21 ოქტომბრის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა გათბობის სეზონისათვის (ნოემბერი, დეკემბერი) მოსამზადებელი სამუშაოების დაწყების თაობაზე. ამავე წლის 26 ოქტომბერს მოპასუხემ დამატებით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ, რადგან მათი მხრიდან არ მომხდარა რეაგირება უნივერსიტეტის კორპუსების გათბობის სეზონისათვის მოსამზადებელი სამუშაოების ჩასატარებლად, 2016 წლის 01 ნოებრისათვის ჩართულიყო გათბობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყველა კორპუსში (იხ. წერილები ტ.1, ს.ფ.26-27);
2.6. 2016 წლის 24 ნოემბრის წერილით მოპასუხემ მოსარჩელეს აცნობა, რომ, მიუხედავად შეთანხმებისა, უნივერსიტეტის როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სასწავლო კორპუსებში მაინც გამართულად ვერ ფუნქციონირებს გათბობის სისტემები, რის გამოც ითხოვა პრობლემის გამოსწორება და გათბობის სისტემების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა (ტ.1, ს.ფ.86);
2.7. 2016 წლის 9 ნოემბერს მოსარჩელე კომპანიის დირექტორი მიმართავს უნივერსიტეტს წერილით და აღნიშნავს, რომ უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში სარემონტო სამუშაოების მსვლელობის ადგილებში გათბობის სისტემას აღენიშნება, როგორც ვიზუალური, ისე ფარული დაზიანებები, რაც აფერხებს გათბობის ექსპლუატაციაში გაშვებას. სისტემის ექსპლუატაციაში გაშვებამ შესაძლებელია გამოიწვიოს მოპასუხის მიერ გარემონტებული ფართის დაზიანება. აღნიშნულის გამო მოსარჩელე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს სისტემის ექსპლუატაციაში გაშვების შედეგად გამოწვეულ დაზიანებაზე. დაზუსტების შემთხვევაში კი მზად არიან გაუშვან სისტემა ექსპლუატაციაში (იხ. წერილი ტ.1, ს.ფ.28);
2.8. მხარეთა შორის არსებული ელექტრონული მიმოწერის თანახმად, უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირი - კ.კ–ა მიმართავს მოსარჩელეს და ითხოვს ადმინისტრაციული კორპუსის ნაწილში პრობლემის მოგვარებას, რადგან რადიატორები არ თბებოდა (ტ.1, ს.ფ.51);
2.9. გათბობის სისტემის გაუმართაობას ადასტურებს აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი მოხსენებითი ბარათები, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტის ხელმძღვანელს - ქ.ქ–ს მიმართავენ უნივერსიტეტის თანამშრომლები და ითხოვენ გათბობის სისტემის ჩართვას. გათბობის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად ეხებოდა მე-6 კორპუსს და ადმინისტრაციულ კორპუსს, თუმცა უნივერსიტეტის თანამშრომლები დანარჩენ კორპუსებში არსებულ პრობლემებზეც უთითებენ წარმოდგენილ მოხსენებით ბარათებში, რომლებიც თარიღდება 2016 წლის 16 ნოემბრით, 17 ნოემბრით, 24 ნოემბრით, 28 ნოემბრით, 08 დეკემბრითა და 15 დეკემბრით (ტ.1, ს.ფ.53-58);
2.10. 2016 წლის 24 ნოემბერს უნივერსიტეტის უფლებამოსილი პირი - კ.კ–ა მიმართავს მოსარჩელე კომპანიას და ატყობინებს, რომ უნივერსიტეტის პირველი სასწავლო კორპუსის საქვაბეების დაზიანებული დეტალები მზად აქვთ. ამავე წერილით კ.კ–ა ითხოვს დაზიანებული დეტალების დროულად შეცვლასა და გათბობის სრულფასოვნად ჩართვას. 2016 წლის 30 ნოემბერს კ.კ–ა დამატებით მიმართავს მოსარჩელეს და აცნობებს, რომ მათ მიერ მიწოდებული დაზიანებული დეტალები ჯერ კიდევ არ არის დამონტაჟებული. ამავე წერილში კ.კ–ა განმარტავს, რომ ჩართვის დღიდან პრობლემებია ადმინისტრაციულ კორპუსში, არ თბება კორპუსის ნახევარი და ითხოვს სასწრაფო ზომების მიღებას (ტ.1, ს.ფ.51);
2.11. უნივერსიტეტის სამეურნეო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის - მ.კ–ძის 2016 წლის 08 დეკემბრის მოხსნებითი ბარათის თანახმად, იგი ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ატყობინებს, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს მიწოდებული დაზიანებული დეტალები ჯერ კიდევ არ არის შეცვლილი (ტ.1, ს.ფ.58);
2.12. უნივერსიტეტმა 23.12.2016 წლის წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო უნივერსიტეტი წყვეტდა მხარეთა შორის 06.01.2016წ. გაფორმებულ ხელშეკრულებას. უნივერსიტეტმა 23.12.2016 წლის წერილით მიმართა ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და ითხოვა პრეტედენტის - მოსარჩელის შავ სიაში რეგისტრაცია (ტ.1, ს.ფ.29 და 50);
2.13. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 თებერვლის განკარგულებით დასტურდება, რომ მიმწოდებელს 24 საათის განმავლობაში არ შეუცვლია მიწოდებული დეტალების ნაწილი. ამასთან, შემსყიდველ ორგანიზაციას მე-6 და მე-8 კორპუსების გათბობის აგრეგატების დაზიანების შესახებ ეცნობა მხოლოდ 2016 წლის 7 დეკემბერს, მაშინ როდესაც გათბობის სისტემის ჩართვა შემსყიდველმა ორგანიზაციამ მოითხოვა 2016 წლის 26 ოქტომბერს. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო, არ ჩაებარებინა მიმწოდებლის მიერ არასრულად და ვადაგადაცილებით გაწეული მომსახურება და ხელშეკრულების 9.2. პუნქტის შესაბამისად, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება (ტ.1, ს.ფ.94-99);
2.14. მოსარჩელე კომპანიის ტექნიკოსის - ნიკოლოზ მაისურაძის 12.11.2016 წლის მოხსენებითი ბარათის თანახმად, უნივერსიტეტის კორპუსებში, გარდა მე-6 კორპუსის ნაწილისა, გათბობის სისტემის ჩართვა დასრულდა 2016 წლის 1 ნოემბრისთვის. ვინაიდან ოქტომბრის თვეში მე-6 კორპუსში მიმდინარეობდა შენობის სარემონტო სამუშაოები, მე-6 კორპუსის გათბობის ქვაბის ექსპლუატაციაში გაშვება მოხდა ეტაპობრივად 10 ნოემბრამდე. 13.11.2016 წლის მოხსენებითი ბარათის თანახმად, უნივერსიტეტში არსებული გათბობის სისტემა მთლიანად მოძველებულია და გათბობის სისტემას არ უყენია ჰაერგამშვები. ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოები ხორციელდებოდა ეტაპობრივად. მე-6 კორპუსში გათბობის სისტემის ნაწილობრივ ექსპლუატაცია და ეტაპობრივად გაშვება გამოწვეულია სისტემაში ჰაერის დაგროვებით და ასევე სისტემაში არსებული ფარული და ვიზუალური დაზიანებებით, რის შესახებაც 9 ნოემბერს ელ. ფოსტის საშუალებით ეცნობა ტექნიკურ უნივერსიტეტს. სისტემის ექსპლუატაციაში გაშვებას შესაძლებელია გამოეწვია გარემონტებული ფართის დაზიანება. ამავდროულად სისტემის ექსპლუატაციაში გაშვების დროს აღმოჩნდა, რომ კომპანიამ, რომელიც აწარმოებდა სარემონტო სამუშაოებს, დააზიანა შენობაში არსებული გათბობის მილები. აღნიშნულის შესახებ მიმართეს უნივერსიტეტს, რომელმაც დაზიანებული მილების და ნაწილების მიწოდება დააკისრა სარემონტო სამუშაოების შემსრულებელ კომპანიას. ნაწილების მიწოდების შემდგომ მათ განაახლეს სისტემის ექსპლუატაციაში გაშვებისთვის ჩასატარებელი საჭირო სამუშაოები. 04.12.2016 წლის მოხსენებითი ბარათის თანახმად, პირველ კორპუსში მიმდინარეობდა უნივერსიტეტის მიერ მიწოდებული დეტალის შეცვლა, როგორც საავტომობილო, ასევე C ბლოკსა და დიდ საქვაბეში. აღნიშნულ საქვაბეში დეტალების შეცვლის პროცესში შეფერხება გამოიწვია მათ მიერ მიწოდებულ სანთურაზე შეცდომით სხვა გაზის „კლაპანის“ არსებობამ. მიწოდებული დეტალი საჭიროებდა გადაკეთებას, რის შემდგომაც განახორციელებდა სანთურის მონტაჟს (ტ.1, ს.ფ.174-176).
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე 17 639,90 ლარის ოდენობის სამუშაოების შესრულებას ადასტურებდა 2016 წლის 9 და 30 დეკემბრის №4 და №5 მიღება-ჩაბარების აქტებით, მოსარჩელე კომპანიის 2016 წლის 9 ნოემბრის წერილითა და 04.12.2016 წლის მოხსენებითი ბარათით.
4. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტები არ არის ხელმოწერილი მოპასუხის მიერ, ხოლო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ შესრულებული მომსახურების მიღებისათვის შედგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით. შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი მიღებულად ჩაითვლებოდა მხარეთა მიერ მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერის შემდეგ.
5. სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ნარდობის ხელშეკრულება ითვალისწინებს თანხის გადახდას ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. აღნიშნული დათქმა კი ნიშნავს იმას, რომ იგი მხარეს ანიჭებდა უფლებას, სამუშაოს მიღებამდე შეემოწმებინა შესრულებული სამუშაოს მოცულობა, ხარისხი, შესაბამისობა და შენიშვნის არსებობის შემთხვევაში წარედგინა პრეტენზია ხელშეკრულების მეორე მხარისათვის, ხოლო მოწონების შემთხვევაში - დაედასტურებინა. საქმეში არსებული არაერთი წერილობითი და ელექტრონული მიმოწერა ადასტურებს მოსარჩელის მიმართ პრეტენზიას ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის თაობაზე. გარდა ამისა, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 თებერვლის განკარგულებით დასტურდება, რომ შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილი იყო, არ ჩაებარებინა მიმწოდებლის მიერ არასრულად და ვადაგადაცილებით გაწეული მომსახურება და ხელშეკრულების 9.2. პუნქტის შესაბამისად, ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა ხელმოწერილი, დადასტურებული, ვალდებულების შესრულების დასტურად ვერ გამოდგებოდა.
6. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ მისივე 2016 წლის 9 ნოემბრის წერილსა (იხ. წინამდებარე განჩინების 2.7 ქვეპუნქტი) და 04.12.2016 წლის მოხსენებით ბარათს (იხ. წინამდებარე განჩინების 2.14 ქვეპუნქტი), სააპელაციო პალატამ მიუთითა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 7.2 პუნქტზე (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3 ქვეპუნქტი) და აღნიშნა, რომ მითითებული დოკუმენტები ადასტურებს მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს, რასაც ასევე ამყარებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 27 თებერვლის განკარგულება (იხ. წინამდებარე განჩინების 2.13 ქვეპუნქტი).
7. სააპელაციო პალატის დასკვნით, საქმეში არსებული მიმოწერებითა და მოხსენებითი ბარათებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, მან ვერ დაადასტურა მის მიერ 17 639,90 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტი.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
11. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
12. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
13. საკასაციო საჩივრის თანახმად:
13.1. გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში შეგნებულად იგნორირებულია მოსარჩელე კომპანიის ის მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მიმწოდებელს ძირითადად უწევდა დროის დაკარგვა ან შემსყიდველის მიერ მიუწოდებელი სარემონტო მასალების გამო ან სხვა კომპანიის მიერ სარემონტო სამუშაოებისას გათბობის სისტემის დაზიანების გამო;
13.2. ოქტომბრის თვიდან დაიწყო პრობლემები იმის გამო, რომ სარემონტო კომპანიამ, რომელიც სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა ზაფხულის თვეში, უნივერსიტეტის მე-6 კორპუსში დააზიანა გათბობის მილები, რამაც გამოიწვია ის, რომ დროულად ვერ იქნა გაშვებული გათბობა. ამასთან, სისტემა მთლიანად მოძველებული იყო, არ ეყენა ჰაერგამშვებები, რაც აფერხებდა გათბობის ჩართვის სამუშაოებს;
13.3. მოპასუხის 2016 წლის 30 ნოემბრის წერილში საუბარია მის მიერ მიწოდებულ დეტალზე, რომელიც ვადაში არ იყო შეცვლილი, თუმცა მოსარჩელე კომპანიის 2016 წლის 4 დეკემბრის ახსნა-განმარტებაში ნათლად ჩანს, რომ დეტალი თავად მოპასუხეს ჰქონდა არასწორად და არადროულად მიწოდებული. დეტალის მიწოდების ვალდებულება კი თავად შემსყიდველს ეკისრებოდა;
13.4. სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია მოსარჩელის მსჯელობას, რომ, თუ მიმწოდებელი არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, რატომ არ მოიპოვება საქმეში თუნდაც ერთი ინსპექტირების აქტი, მაშინ როდესაც ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა მიმწოდებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. მხოლოდ მიმწოდებლის მხრიდან ნაკლის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში იქნებოდა სახეზე არაჯეროვანი შესრულება;
13.5. მოპასუხე მიღება-ჩაბარების აქტებს ხელს არ აწერდა იმ მიზეზის გამო, რომ თავიდან აერიდებინა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება. სწორედ ამიტომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე ხელშეკრულება შეწყვიტა ერთი კვირით ადრე ხელშეკრულების დასრულებამდე. მიმწოდებელმა კი განიცადა 17 639 ლარის ოდენობის ზიანი. მოპასუხე მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად;
13.6. საქმეში წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში, რომლებიც დათარიღებულია 2016 წლის 9 და 30 დეკემბრით, ნათლად ჩანს, რომ მიმწოდებელმა ნოემბრის თვეში შეასრულა 9496,30 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო დეკემბრის თვეში - 8 143,60 ლარის ღირებულების სამუშაო. აღნიშნული აქტები შესრულებულ სამუშაოებთან ერთად ჩაბარებული აქვს შემსყიდველ მხარესაც;
13.7. სსკ-ის 636-ე მუხლისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების თანახმად, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლისა და შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიუხედავად შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს ამ სამუშაოების ღირებულება.
14. მოცემულ შემთხვევაში ძირითადი სარჩელი აღძრულია ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნით [სსკ-ის 629-ე მუხლი: ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური].
15. ნარდობა თავისი ბუნებით ორმხრივ მავალდებულებელი, სასყიდლიანი და კონსენსუალური ხელშეკრულებაა. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (სსკ-ის 361.2. მუხლი), ხოლო შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტები არ არის ხელმოწერილი მოპასუხის მიერ. საკასაციო პალატის განმარტებით, ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა (განსახილველ საქმეში მასზე მოპასუხის ხელმოწერის არარსებობა), იმ შემთხვევაში, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი (იხ. სუსგ საქმე №ას-323-307-2011, 1 დეკემბერი, 2011 წელი).
17. განსახილველ შემთხვევაში კასატორს ეკისრებოდა მის მიერ 17 639,90 ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების ფაქტის დადასტურების ვალდებულება [სსსკ-ის 102.1. მუხლი: თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს]. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული მიმოწერებისა და მოხსენებითი ბარათების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ იქნა შესრულებული.
18. რაც შეეხება კასატორის მითითებას სსკ-ის 636-ე მუხლზე [შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი], საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის გარემოებების გათვალისწინებით არ არსებობს მისი გამოყენების წინაპირობა, რადგან სახეზეა სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევის გამო შემკვეთის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტა.
19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
20. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 881,95 ლარის 70% – 617,37 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „S. G.”-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „S. G.”-ს (ს.ნ. ........) დაუბრუნდეს გ.ზ–ას (პ.ნ. .......) მიერ 2021 წლის 26 ნოემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 881,95 (რვაას ოთხმოცდაერთი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის 70% – 617,37 (ექვსას ჩვიდმეტი ლარი და ოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი