საქმე №ას-946-2020 25 მარტი, 2022 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა-ი N..“ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ჯ–ნი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოპასუხე - რ.ნ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ოქტომბრის განჩინებით ჯ.ჯ–ნის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოპასუხე შეგებებულ სარჩელში“) და შპს „ა–ი-..“-ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში“) სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 500 ლარის გადახდა; მოპასუხე კომპანიის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4 500 ლარის გადახდა.
2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მოპასუხე კომპანიის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: თბილისი, გლდანი-ნაძალადევის რაიონი, პირველ და მეორე მიკრორაიონებს შორის, დაზუსტებული ფართობი 360 კვ.მ., შენობა-ნაგებობა N1, საერთო ფართი 635 კვ.მ., ს/კოდით N ...... აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს სარესტორნე ფართს;
2.2. 2016 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში მხარეთა შორის შედგა ზეპირი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხეს მოსარჩელისათვის იჯარით უნდა გადაეცა სარესტორნე ფართი თვეში 1500 ლარის გადახდის პირობით;
2.3. მოსარჩელის განმარტებით, ზეპირი შეთანხმების თანახმად, მხარეთა შორის გრძელვადიანი (5-წლიანი) იჯარის ხელშეკრულება მას შემდეგ უნდა გაფორმებულიყო, რაც მოსარჩელე ფართის გარემონტებას დაასრულებდა. მოსარჩელემ სარემონტო სამუშაოები შეთანხმებიდან ორ თვეში დაასრულა, თუმცა მოპასუხემ ცალმხრივად დაარღვია შეთანხმება, გარემონტებული ფართი დაკეტა და მოსარჩელეს იქ შესვლის საშუალება არ მისცა. სარჩელის თანახმად, მოსარჩელის მიერ გაწეულმა ხარჯმა, საერთო ჯამში, 42 000 ლარი შედგინა, მის მიერ ასევე, ქირის სახით, გადახდილია 3000 ლარი, რომლის ანაზღაურებაც (ჯამში 45000 ლარი) უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს;
2.4. რ.ნ–ძის (მოპასუხე კომპანიის მეწილე, შემდგომში - „მეორე მოპასუხე“) განმარტებით, 2016 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში მხარეებს შორის მოწმეთა თანდასწრებით შედგა სიტყვიერი შეთანხმება მათ საკუთრებაში არსებული შენობის იჯარით გაცემის შესახებ. შეთანხმების თანახმად, საიჯარო ქირა ყოველთვიურად 1500 ლარი უნდა ყოფილიყო. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ სადავო ფართით რვა თვის განმავლობაში ისარგებლა და ჯამში 12 000 ლარი უნდა გადაეხადა, თუმცა მან მხოლოდ 3 000 ლარი გადაიხადა. შესაბამისად, გადასახდელი დარჩა 9 000 ლარი. შეგებებული სარჩელით მოპასუხეს ფართში რემონტი არ ჩაუტარებია, ამასთან, მესაკუთრემ ფართის დაბრუნება მხოლოდ ივნისის თვეში პატრულის დახმარებით შეძლო.
3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს უნდა დაედასტურებინა სადავო ფართზე მის მიერ 42 000 ლარის ოდენობით სარემონტო ხარჯების გაწევის ფაქტი, მოპასუხე კომპანიასა და მეორე მოპასუხეს კი, ერთი მხრივ, - ის გარემოება, რომ მოსარჩელეს სადავო ფართზე სარემონტო სამუშაოები საერთოდ არ უწარმოებია, ხოლო, მეორე მხრივ, ის გარემოება, რომ მოსარჩელე სადავო ფართს 8 თვის განმავლობაში ფლობდა, რის გამოც მის მიერ გადასახდელად დარჩენილი საიჯარო ქირა 9000 ლარს შეადგენდა. მხარეები სადავო გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებზე მიუთითებდნენ.
4. სააპელაციო პალატამ დეტალურად გამოიკვლია მოწმეთა ჩვენებები, ამასთანავე, ამგვარი გამოკვლევის შესაძლებლობა მისცა პროცესის მონაწილე ყველა მხარეს, შეაფასა ისინი მათი დამაჯერებლობის, ასევე - შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით და მიიჩნია, რომ აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება მხოლოდ მოსარჩელის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარების შედეგად მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების ღირებულების 10500 ლარით გაზრდის ფაქტი.
5. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში შეთანხმების მონაწილე ორივე მხარემ გამოავლინა ვალდებულების აღების ნება, რაც იმაში გამოიხატა, რომ მოპასუხემ უძრავი ქონება დროებით სარგებლობაში გადასცა მოსარჩელეს, ხოლო ამ უკანასკნელმა ყოველთვიურად ქირის - 1500 ლარის გადახდის ვალდებულება იკისრა, რაც თავისი არსით ქირავნობის ხელშეკრულების დადების სამართლებრივი წინაპირობებია (სსკ-ის 531-ე მუხლი), თუმცა მხარეთა შორის ქირავნობის ხელშეკრულება ვერ გაფორმდა იმ მიზეზით, რომ მხარეები ხელშეკრულების არსებით პირობაზე (ფასზე) ვერ შეთანხმდნენ, კერძოდ, უძრავი ნივთის მესაკუთრემ გაზარდა ქირავნობის ფასი. მხარეთა შორის ხელშეკრულების დადების მცდელობის ფაქტი სადავო არ არის და დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული მიმოწერით (ტ.1, ს.ფ. 34-36).
6. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 317.3. მუხლი, რომლის თანახმად, მოლაპარაკების მონაწილეს შეუძლია მეორე მონაწილეს მოსთხოვოს იმ ხარჯების ანაზღაურება, რომლებიც მან გასწია ხელშეკრულების დასადებად, მაგრამ ეს ხელშეკრულება მეორე მონაწილის ბრალეული მოქმედების შედეგად არ დადებულა. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულების დადების მოლოდინში 10500 ლარის ოდენობით ხარჯი გასწია, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაკისრებოდა მოპასუხე მხარეს.
7. რაც შეეხება მოპასუხე კომპანიის შეგებებულ სარჩელს, სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობები ფაქტობრივად მხოლოდ სამი თვე - 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით გაგრძელდა, რისთვისაც დაეკისრა კიდეც შეგებებული სარჩელით მოპასუხეს 4500 ლარის გადახდა. სააპელაციო საჩივრის ფარგლებში მოპასუხე კომპანიის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოების დადასტურება, რომ მისი კუთვნილი ფართი მოსარჩელეს დაკავებული ჰქონდა არა 3, არამედ 8 თვით, თუმცა მან ასეთი მტკიცებულებები პალატას ვერ წარუდგინა.
8. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე 3 თვის მანძილზე ფლობდა შეგებებული სარჩელით მოსარჩელის ქონებას, რომლით სარგებლობაც გარკვეულ თანხასთან იყო დაკავშირებული (თვეში 1500 ლარი) და, მაშასადამე, მან ეს თანხა დაზოგა (სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი).
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხე კომპანიამ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
12. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].
13. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].
14. საკასაციო საჩივრის თანახმად:
14.1. მოსარჩელეს არ წარუდგენია მტკიცებულება, რომელიც ასახავდა მის მიერ გაწეულ დანახარჯებს და რომ მისი ქმედების შედეგად მოხდა უძრავი ქონების ღირებულების გაზრდა. სასამართლომ არ გაიზიარა, რომ მოსარჩელეს სარემონტო სამუშაოები არ ჩაუტარებია;
14.2. სასამართლომ დაადგინა, რომ მოწმეთა მიერ აღწერილი შენობის მდგომარეობა ემთხვეოდა ადგილზე დათვალიერების შედეგად არსებულ მდგომარეობას, მაგრამ არ გაიზიარა მოწმეთა და მოპასუხის განმარტება, რომ ფართში ყველაფერი გააკეთა მოპასუხემ. მოსარჩელემ რა მდგომარეობაშიც იქირავა ფართი, იმავე მდგომარეობაშია იგი დღესაც;
14.3. სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გადასახდელი ჰქონდა არა სამი, არამედ ექვსი თვის საიჯარო ქირა. იგი რვა თვის განმავლობაში ფლობდა და სარგებლობდა მოპასუხის ფართით და ნაქირავები ჰქონდა შეთანხმების საფუძველზე.
15. მოპასუხის საკასაციო პრეტენზიების პასუხად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ სადავო გარემოებები, კერძოდ, მოსარჩელის მიერ სარემონტო სამუშაოების ჩატარების შედეგად მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების ღირებულების 10500 ლარით გაზრდისა და მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ფაქტობრივად 2017 წლის მარტის თვის ჩათვლით გაგრძელების ფაქტები დადგენილია ძირითადად მხარეთა მიერ წარდგენილ მოწმეთა ჩვენებებით.
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე ხორციელდება [სსსკ-ის 4.1. მუხლი: სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები]. სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
17. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის სადავო გარემოებების დადასტურებისთვის რომელიმე კონკრეტული მტკიცებულების არსებობა სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, მათი დადასტურება სსსკ-ის 102.2 მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი მტკიცებულებით დასაშვებია.
18. სსსკ-ის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების სტანდარტს აწესებს, რა დროსაც მტკიცებულებების კვლევა მათი ობიექტურობის, დასაბუთებულობის, სანდოობა/სარწმუნოობისა და განკუთვნადობის კუთხით ხორციელდება. არ არსებობს მტკიცებულებათა რანგირება (იხ. ქეთევან მესხიშვილი, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 551).
20. სსსკ-ის 140.1. მუხლის თანახმად, მოწმედ შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. საკასაციო პალატის განმარტებით, მოწმეთა ჩვენებების შეფასებისას, სასამართლო ვალდებულია, ისევე, როგორც სხვა სახის მტკიცებულება, მოწმის ჩვენება შეაფასოს მისი შინაარსისა და იურიდიული დამაჯერებლობის კუთხით, იმ ობიექტური თუ სუბიექტური კრიტერიუმების (მხარეებთან დამოკიდებულება, ფიზიკური მდგომარეობა, ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ მოწმის ჩვენებაზე და სხვა) გათვალისწინებით, რომელიც ამ მტკიცებულებისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ ამ გზით მიიღოს გადაწყვეტილება სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ (იხ. სუსგ საქმე №ას-1698-1592-2012, 2 ივნისი, 2014 წელი).
21. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 105-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტის დაცვით შეაფასა მოწმეთა ჩვენებები და მართებულად დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რასაც დაეფუძნა კიდეც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება.
22. მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
24. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 750 ლარის 70% – 525 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ა–ი N..“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს „ა–ი N..“-ს (ს/კ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2020 წლის 16 ოქტომბერს №9985228180 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 750 ლარის 70% – 525 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
თ.ზამბახიძე