Facebook Twitter

საქმე №ას-927-2020 25 მარტი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი/მ „ჯ.ბ-ძე-ჯ-გ.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ე-პ.ჯ–ია“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქონების დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით ი/მ „ჯ.ბ–ძე-ჯ-გ–ის“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 27 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი სს „ე-პ.ჯ–იას“ (შემდგომში - „მოპასუხე კომპანია“) მიმართ ქონების დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. საჯარო რეესტრში 2015 წლის 22 აპრილიდან რეგისტრირებულია ი/მ საფირმო სახელწოდებით „ჯ.ბ–ძე-ჯ-გ–ი“;

2.2. 2002 წლის 20 ნოემბერს ჯ.ბ–ძის ინდივიდუალურმა საწარმომ „ჯ-გ–ი“ გორის რაიონული ეკომპანიის დირექტორს გაუგზავნა მიმართვა რესტორან „გ–ის“ ელ.მომარაგების გაუმჯობესების მიზნით, საკუთარი სახსრებით დამოუკიდებელი მაღალი ძაბვის ელ.გადამცემი ხაზის (მოთხოვნილი სიმძლავრე 400 კვტ) აშენების სურვილის შესახებ;

2.3. 2002 წლის 18 დეკემბერს ი/ს „ჯ-გ–ს“, როგორც დამკვეთს, და შპს „ე–იას“, როგორც შემსრულებელს, შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის თანახმად, ელექტროდანადგარების მოწყობის წესების მოთხოვნის შესაბამისად, შემსრულებელი ასრულებს მაღალი და დაბალი ძაბვის ელექტრომოწყობილობათა სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოებს და, ელ.დანადგარებთან მომსახურე პერსონალის ელ.დენით დაზიანებისგან დაცვის მიზნით, დამცავი დამიწების მოწყობილობების და თითოეული დანადგარის კონტურთან წინაღობის ლაბორატორიულ გაზომვებს;

2.4. 2002 წლის 24 დეკემბერს ი/ს „ჯ-გ–ს“, როგორც დამკვეთს, და ეზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს, როგორც შემსრულებელს, შორის დაიდო ხელშეკრულება დამკვეთის ახლადდამონტაჟებული ან რეკონსტრურირებული ელექტროდანადგარების პროექტის, ტექნიკური მდგომარეობის, უსაფრთხოების ტექნიკის, ელექტროდანადგარების მოწყობის წესების მოთხოვნების შემოწმების და მათი ექსპლუატაციაში გაშვების და ქსელთან მიერთების ნებართვის გაცემის შესახებ. ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი, ელექტროენერგიის მოხმარების წესების და ელ.დანადგარების მოწყობის წესების მოთხოვნების შესაბამისად, აწარმოებს დამკვეთის ელექტრომეურნეობის შემოწმებას და მისი შედეგების საფუძველზე იძლევა კომპეტენტურ ტექნიკურ დასკვნას;

2.5. 2002 წლის 27 დეკემბერს სს „ე–ამ“ ობიექტის - ი/ს „ჯ-გ–ის“ შემოწმების შედეგად, შეადგინა დამიწების კონტურისა და შემაერთებელი ჯაჭვის წინაღობის გაზომვის ოქმი;

2.6. ეზედამხედველობისა და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ ჯ.ბ–ძის ი/ს „ჯ გ–ის“ სასარგებლოდ 2002 წლის 02 დეკემბერს შედგენილი ელექტრომომარაგების პროექტის საფუძველზე, გაცემულია 1 000 ვოლტზე მაღალი ძაბვის ახალი და რეკონსტრურირებული ელექტროდანადგარების ექსპლუატაციაში მიღებისა და ქსელში მიერთების აქტი;

2.7. 2003 წლის 20 თებერვალს ეზედამხედველობის და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის მიერ ჯ.ბ–ძის ი/ს „ჯ გ–ის“ შემოწმების საფუძველზე გაცემულია ობიექტის ელექტრომეურნეობის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი №3355. 2003 წლის 20 აპრილს ზედამხედველობის და სათბობის ხარისხის დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს მიერ გაცემულია ობიექტის ელექტრომეურნეობის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმების აქტი №045;

2.8. შპს „ე–ას“ მიერ ი/ს „ჯ გ–ის“ ელექტრომეურნეობის გამოკვლევის ტექნიკური ანგარიშის 2003 წლის დასკვნის თანახმად, ი/ს „ჯ-გ–ის“ შემოწმებული ელ.დანადგარების და მოწყობილობების ტექნიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და შეიძლება მათი შემდგომი ექსპლუატაცია;

2.9. საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 18 მაისის №9/3 გადაწყვეტილების საფუძველზე გაცემული №057 ლიცენზიის თანახმად, მოპასუხე კომპანიას „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მიეცა ელექტროენერგიის განაწილების განხორციელების უფლება;

2.10. 2007 წელს მოპასუხე კომპანიის მიერ დამკვეთის - ი/მ „ჯ.ბ–ძის“ დაკვეთით გაიცა „ე-პ.ჯ–იას“ ქსელში ახალი აბონენტის ჩართვის დიზაინი ი/მ „ჯ.ბ–ძის“ კუთვნილი ობიექტების გარემომარაგების შესახებ;

2.11. 2007 წლის 29 ივნისს სს „ს.გ.ს.კ–ას“, როგორც გამყიდველს, და მოპასუხე კომპანიას, როგორც მყიდველს, შორის დაიდო აქტივების (ქონების) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ სს „ს.გ.ს.კ–ისგან“ შეიძინა გორსა და ხაშურში მდებარე საჰაერო გადამცემი ხაზები, მათ შორის, გორში მდებარე 10 კვ სიმძლავრის საჰაერო გადამცემი ხაზი - „ფიდერ ჯ გორი“;

2.12. 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი - „ფიდერი ჯ გორი“, სიგრძით 4 202.69 მ, 2018 წლის 03 აპრილიდან საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღრიცხულია მოპასუხის სახელზე. მოპასუხის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სანოტარო აქტი, სს „ს.გ.ს.ეკ–ის“ აქტივების (ქონების) 2007 წლის 29 ივნისის ხელშეკრულება;

2.13. 2017 წლის 22 სექტემბერს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემ ხაზზე - „ფიდერი ჯ გორი“ სს „ს.გ.ს.ეკ–იის“ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. აღნიშნულ მიმართვაზე მოპასუხის წერილობითი პასუხით მოსარჩელეს განემარტა, რომ კომპანია მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის განცხადება მოთხოვნილი ინფორმაციის კონფიდენციალურობის გამო.

3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ასაჩივრებდა სასამართლოს მიერ მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის გარეშე, მხარეთა მიერ წარდგენილი სარჩელისა და შესაგებლის პირობებში, საქმის მომზადებულად მიჩნევასა და პირდაპირ მთავარი სხდომის დანიშვნას. მოსარჩელის პრეტენზიის თანახმად, მოპასუხის მიერ შესაგებელში 29.06.2007წ. ნასყიდობის ხელშეკრულების წარმოდგენის შედეგად (მანამდე მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაძლებლობა გაცნობოდა აღნიშნულ ნასყიდობის ხელშეკრულებას) მოსარჩელეს წარმოეშვა სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლებისა და მოპასუხეთა წრის დაზუსტების საჭიროება, რისი შესაძლებლობაც არ მიეცა, რაკი სასამართლომ არ დანიშნა მოსამზადებელი სხდომა.

4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 205.1. მუხლით და აღნიშნა, რომ მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა სასამართლოს არა ვალდებულებას, არამედ - უფლებამოსილებას წარმოადგენს. ამასთან, ყურადღება გაამახვილა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი წარადგინა 2018 წლის 01 მარტს; 2018 წლის 04 აპრილს მოპასუხე კომპანიამ წარადგინა შესაგებელი, რომელსაც ერთვოდა 29.06.2007წ. ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელისთვის შესაგებლის გაგზავნის დამადასტურებელი გზავნილი (ტ. 1, ს.ფ. 121); 2018 წლის 22 ნოემბერს მოპასუხე კომპანიამ სასამართლოში წარადგინა მოსარჩელის წარმომადგენელ ა.გ–თვის შესაგებლის ჩაბარების დამადასტურებელი უკუგზავნილი (ტ. 1, ს.ფ. 186), რომლის თანახმად, გზავნილი ჩაიბარა ადრესატის მეუღლემ - თამარ ნაოჭაშვილმა 2018 წლის 17 აპრილს. აღნიშნულ უკუგზავნილთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ უკუგზავნილში გამგზავნის გზავნილის ნომერში მითითებულია იგივე ნომერი - 5044280, რაც შესაგებელზე დართულ გზავნილში (ტ. 1, ს.ფ. 121), რომლითაც მოპასუხე ადასტურებდა მოსარჩელისთვის შესაგებლის გაგზავნის ფაქტს. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ა.გ. ოჯახის წევრმა (მეუღლემ) სწორედ მოპასუხე კომპანიის შესაგებელი ჩაიბარა 2018 წლის 17 აპრილს. საწინააღმდეგოს დამადასტურებელ გარემოებაზე, რომ, მაგალითად, შესაგებლის ნაცვლად სხვა დოკუმენტის ჩაბარება მოხდა აღნიშნული უკუგზავნილით, მოსარჩელეს არც მიუთითებია და არც მტკიცებულება წარუდგენია.

5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელეს შესაგებელი და თანდართული დოკუმენტები, მათ შორის, სს „ს.გ.ს.ეკ–ასა“ და მოპასუხე კომპანიას შორის 2007 წლის 29 ივნისს გაფორმებული აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულება ჩაბარებული ჰქონდა სსსკ-ის 74.1. მუხლიდან გამომდინარე ჯერ კიდევ 2018 წლის 17 აპრილს. 2018 წლის 16 ნოემბერს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ განჩინება მიღებულია 2018 წლის 25 ოქტომბერს და მოსარჩელის წარმომადგენელს ამირან გიგუაშვილს სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა იმავე დღეს.

6. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მოსარჩელეს 17.04.2018 წელს შესაგებლისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 25.10.2018 წელს სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნამდე ჰქონდა ექვს თვეზე მეტი დრო, რათა დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და მოპასუხეთა წრე, კერძოდ, განეხორციელებინა სარჩელის ტრანსფორმაცია ან გაეხმო იგი, რისთვისაც მას, სსსკ-ის 831.1. მუხლის თანახმად, მოპასუხის თანხმობა არ დასჭირდებოდა. თუმცა, მოსარჩელემ აღნიშნული უფლებებით არ ისარგებლა, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა გონივრულზე მეტი დრო ზემოხსენებული საპროცესო მოქმედებების განსახორციელებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე ჰქონდა საკმარისზე მეტი დრო და შესაძლებლობა „წარედგინა თავისი საქმე სასამართლოს წინაშე ისეთ პირობებში, რომლებიც არ ჩააყენებდა მას არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში მეორე მხარესთან შედარებით“ (იხ. საქმე Hudakova and Others v.Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no. 23083/05, § 25).

7. სააპელაციო პალატამ, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება, რომ 29.06.2007წ. აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულების წარმოდგენის შემდგომ სასამართლოს უნდა ევარაუდა, რომ მხარეს დასჭირდებოდა სარჩელის ტრანსფორმაცია. სასამართლოს მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პოზიციებისა და მტკიცებულებების გაცვლის შემდგომ ექვსი თვის განმავლობაში მოსარჩელე რაიმე დამატებით შუამდგომლობას, მოსაზრებას, გარემოებას, მტკიცებულებას და ა.შ. არ წარადგენს, სრულიად ლოგიკურია სასამართლოს მხრიდან საქმის მომზადებულად მიჩნევა და პირდაპირ მთავარი სხდომის დანიშვნა.

8. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ზემოაღნიშნულ დასკვნას ამყარებს ის გარემოებაც, რომ სსსკ-ის 216.1. მუხლის მე-2 წინადადება განსაზღვრავს მხარეთა ვალდებულებას, ხელი შეუწყონ სასამართლოში საქმის დადგენილ ვადაში განხილვას. ამავე კოდექსის 223.2. მუხლი სასამართლოს უდგენს ვალდებულებას, რომ მიიღოს ამ კოდექსით გათვალისწინებულ ზომები, რათა საქმე ყოველმხრივ იქნეს გამოკვლეული, მხარეთა პაექრობა ზედმეტად არ გაჭიანურდეს და არ გართულდეს და საქმის განხილვა დამთავრდეს რაც შეიძლება სწრაფად – ერთ სასამართლო სხდომაზე და, თუ შესაძლებელია, – შესვენების გარეშე. აღნიშნული ვალდებულებების საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ, იმ პირობებში, როდესაც ექვსი თვის განმავლობაში მოსარჩელე არანაირ საპროცესო მოქმედებას არ ახორციელებს, სასამართლოს აქვს საფუძველი და უფლება საქმე მომზადებულად მიიჩნიოს.

9. რაც შეეხება მხარეთა შორის მორიგების შესაძლებლობას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსსკ-ის 83.1. მუხლის თანახმად, მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნული არგუმენტი არ მიიჩნია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ვარგის საფუძვლად, მით უმეტეს, იმ მოცემულობაში, როდესაც რაიმე კონკრეტული მორიგების პირობა ან მზაობა მორიგების პროცესის წარმართვის თაობაზე არცერთი მხარის მიერ გამოვლენილა საქმის პირველ და მეორე ინსტანციებში განხილვის პროცესში.

10. სააპელაციო პალატის მითითებით, სააპელაციო ინსტანციაში საქმის განხილვის დროს მოსარჩელის წარმომადგენელმა არაერთხელ განმარტა, რომ მოპასუხის მიერ 29.06.2007წ. ხელშეკრულების წარმოდგენის შემდგომ სარჩელი საჭიროებდა მოდიფიცირებას, კერძოდ, დასაზუსტებელი იყო მოპასუხეთა წრე და მოსარჩელის მოსაზრებით, მათი მოპასუხე უნდა ყოფილიყო სახელმწიფო, სადავო უძრავი ქონების გამსხვისებელი პირი (იხ. 06.03.2020წ. სხდომის ოქმი, 11:13:43 სთ, 11:35:02 სთ, 11:38:00 სთ, 26.06.2020წ. სხდომის ოქმი, 12:53:51 სთ.), ამასთან, მოსარჩელე არ გამორიცხავდა, რომ დაზუსტებული სარჩელით მოპასუხე კომპანია მხარედ საერთოდ აღარ ყოფილიყო მითითებული და მოეთხოვა ზიანის ანაზღაურება სახელმწიფოს მხრიდან (იხ. 06.03.2020წ. და 26.06.2020წ. სხდომის ოქმი). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ, იმ პირობებში, როდესაც დაზუსტებული სარჩელით უნდა შეცვლილიყო სარჩელის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები, საგანი და მოპასუხეთა წრე, სახეზე იქნებოდა არა სარჩელის ტრანსფორმაცია, არამედ ახალი სარჩელი, რის უფლებასაც სსსკ-ის 83.2. მუხლი ერთი სასარჩელო წარმოების ფარგლებში მხარეს არ ანიჭებს, კერძოდ, ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ სარჩელის საფუძვლისა და საგნის ერთად შეცვლა დაუშვებელია. ასეთ შემთხვევაში, მხარეს სსსკ-ის მე-2 მუხლის საფუძველზე უფლება აქვს ახალი სარჩელით მიმართოს სასამართლოს.

11. რაც შეეხება წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლებს, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვდა მოპასუხის მიერ უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული ქონების, კერძოდ, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის - „ფიდერი ჯ გორის“ მოსარჩელისთვის დაბრუნებას. სასამართლოს მითითებით, მოპასუხის მიერ შესაგებელზე დართული 29.06.2007წ. აქტივების ნასყიდობის ხელშეკრულებიდან დგინდება, რომ სადავო უძრავ ქონებაზე მოპასუხეს საკუთრების უფლება მოპოვებული აქვს ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც სარჩელში მითითებული ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების პირობებში გამორიცხავს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობას. პალატამ აქვე მიუთითა, რომ თავად მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავდა საქმის განხილვისას, რომ მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უსაფუძვლო გამდიდრებით მოთხოვნის დაყენების წინაპირობა აღარ არსებობდა (იხ. 06.03.2020წ. სხდომის ოქმი 11:31:35 სთ.), თუმცა სასარჩელო მოთხოვნას ფორმალურად მაინც უჭერდა მხარს (იხ. 26.06.2020წ. სხდომის ოქმი, 13:02:25 სთ.). სააპელაციო პალატამ დამატებით მიუთითა, რომ მოსარჩელის განმარტებით, სააპელაციო საჩივრის მთავარი პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიმართ შეეხებოდა პროცესუალურ მხარეს (იხ. 06.03.2020წ. სხდომის ოქმი 11:31:25 სთ.). აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და იმ პირობებში, რომ მართებულად იქნა მიჩნეული სასამართლოს მიერ მოსამზადებელი სხდომის გარეშე მთავარი სხდომის დანიშვნის საპროცესო მოქმედება, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის საფუძვლების დამატებითი კვლევის საჭიროება და გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული დასკვნა სარჩელის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

15. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

16. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

17. საკასაციო საჩივრის თანახმად:

17.1. მოსარჩელე სარჩელში უთითებდა მოპასუხის მიერ 2007 წლის 29 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების გადაცემაზე უარის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების შინაარსი და დადების ფაქტი რეალურად მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა საქმის წარმოების ეტაპზე, როდესაც მოპასუხემ ჯერ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა სადავო ქონება, ხოლო პარალელურად სასამართლოში წარადგინა ის ხელშეკრულება, რომლის მოსარჩელისთვის გადაცემაზე თავდაპირველად უარი განაცხადა. ცხადია, სასამართლოსთვის ნათელი უნდა გამხდარიყო, რომ ასეთი ხელშეკრულების მოსამზადებელ ეტაპზე წარდგენას შესაძლოა და უნდა გამოეწვია კიდეც, როგორც სარჩელის ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლების შეცვლა, ისე მოპასუხეთა წრის დაზუსტება. მიუხედავად ამისა, სასამართლომ ისე დანიშნა პირდაპირ მთავარი სხდომა, რომ ასეთი მნიშვნელოვანი გარემოებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რის გამოც მხარეს მოესპო შესაძლებლობა სრულფასოვნად მოეხდინა შეჯიბრებითობის პრინციპის რეალიზება და მტკიცების სტანდარტის აღსრულება;

17.2. წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხემ არ დაიცვა კანონით დადგენილი კეთილსინდისიერებისა და გონივრულობის კრიტერიუმები. მოპასუხემ შეიძინა მოსარჩელის მიერ აშენებული და მფლობელობაში არსებული ქონება ისე, რომ არ გადაამოწმა ქონების რეალური უფლებრივი მდგომარეობა;

17.3. ის გარემოება, რომ ხაზოვანი ნაგებობა და 10-კილოვატიანი გადამცემი ხაზი - ფიდერი ჯ ნამდვილად აშენებულია და დამონტაჟებულია სწორედ მოსარჩელის მიერ, დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებებით.

18. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს არ დაურღვევია მხარეთა შორის შეჯიბრებითობის პრინციპი.

19. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია [საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლი]. სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე [საქართველოს კონსტიტუციის 62.5. მუხლი]. ყოველი ადამიანი, მისი სამოქალაქო ხასიათის უფლებებისა და მოვალეობების, ან მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, აღჭურვილია გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნოდ განხილვის უფლებით კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ [ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 6.1. მუხლი]. სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები [სსსკ-ის 4.1. მუხლი].

20. შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოება მხარეთა შეჯიბრების საფუძველზე მიმდინარეობს, რა დროსაც ერთმანეთს მხარეები ეჯიბრებიან, ხოლო შეჯიბრების პროცესს, როგორც დამოუკიდებელი არბიტრი, სასამართლო ხელმძღვანელობს. შეჯიბრების პროცესი მხარეთა თანასწორობის საფუძველზე ხორციელდება, რაც სამართლიანი სასამართლოს ერთ-ერთი ფუძემდებლური გარანტიაა. შეჯიბრების პროცესში მხარეთა თანაბარი უფლება ნიშნავს მათ თანაბარ შესაძლებლობას, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მნიშვნელოვანია, რომ საპროცესო შეჯიბრების დროს სასამართლოს მიერ განხორციელებული უფლებამოსილებებიც მხარეთა თანაბარი მოპყრობის პრინციპს უნდა ეფუძნებოდეს. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონვენციის მე-6 მუხლის კონტექსტში საქმის შემოწმებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას, როგორც წესი, სწორედ მხარეთა თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვას უთმობს, შესაბამისად, მან არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს მსჯელობის საგანია სამოქალაქო სამართალწარმოების მხარეს, მიეცა თუ არა გონივრული შესაძლებლობა, გაცნობოდა და კომენტარები გაეკეთებინა მეორე მხარის მიერ წარმოდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე; აგრეთვე წარმოედგინა თავისი საქმე იმ პირობებში, რომელიც მას მოწინააღმდეგე მხარესთან შედარებით არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში არ ჩააყენებდა და ა. შ. (იხ. ქეთევან მესხიშვილი, ჰაგენლოხი / ალავიძე / ბაქაქური / ბერეკაშვილი / გასიტაშვილი / თოდუა / მესხიშვილი / ქათამაძე / ძლიერიშვილი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი (რჩეული მუხლები), GIZ, თბილისი, 2020, გვ. 93-95).

21. სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს უფლებას მხარეთა შეჯიბრობითობაზე, რომლის თანახმად მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. საქმეები Milatova and Others v. The Czech Republic, 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, no. 61811/00, §59; Nideröst-Huber v. Switzerland, 1997 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1997-I, გვ. 108, § 24, და K.S. v. Finland, 2001 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება no. 29346/95, § 21). სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტი, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, მოიცავს მხარეთა უფლებას, ჰქონდეთ გონივრული შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი საქმე სასამართლოს წინაშე ისეთ პირობებში, რომლებიც არ ჩააყენებს მათ არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში მეორე მხარესთან შედარებით (იხ. საქმე Hudakova and Others v. Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no. 23083/05, § 25). მოთხოვნა, სამართალწარმოების მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია და კომენტარი გააკეთონ წარდგენილ მტკიცებულებებსა და მოსაზრებებზე, მოქმედებს როგორც პირველ ინსტანციაში, ისე გასაჩივრების დროს, იმის მიუხედავად, გასაჩივრების დროს არის თუ არა წარმოდგენილი ახალი მოსაზრებები. ყველა მხარისათვის მოსაზრებების გაცნობის მოთხოვნა გამომდინარეობს საჭიროებიდან, რომ მხარეებს ჰქონდეთ რწმენა მართლმსაჯულების განხორციელებისა და რომ მათ უარი არ ეთქვათ შესაძლებლობაზე გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები იმ საკითხებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. საქმე Hudakova and Others v. Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no. 23083/05, § 29) (იხ. სუსგ საქმე №ას-1191-1133-2014, 14 მაისი, 2015 წელი).

22. შეჯიბრებითობა, როგორც სამართლიანი სასამართლოს ქვაკუთხედი, არა ერთ საპროცესო ნორმაშია გადმოცემული და იგი, ბუნებრივია, მათ შორის მტკიცების ტვირთზე ახდენს გავლენას. სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპებს კანონმდებელი ორ ძირითად ნაწილად ყოფს, ესაა საქმის მომზადება სასამართლოს მთავარ სხდომაზე განსახილველად (იხ. სსსკ-ის 203-ე მუხლი) და სასამართლოს მთავარი სხდომის სტადია (სსსკ-ის 207-ე მუხლი). იმის მიხედით, თუ საქმე განხილვის რა ეტაპზეა, განსხვავებულია მხარეთა მდგომარეობაც (იხ. სუსგ საქმე №ას-543-506-2017, 31 ივლისი, 2017 წელი).

23. მხარეები სარგებლობენ თანაბარი საპროცესო უფლებებით [სსსკ-ის 83.1. მუხლი], თუმცა, მხარეთა მიერ მათი საპროცესო უფლებების განკარგვა შესაბამისი საპროცესო წესების დაცვით ხორციელდება. მაგალითად, მოსარჩელეს უფლება აქვს, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე შეცვალოს სარჩელის საფუძველი ან საგანი, შეავსოს სარჩელში მითითებული გარემოებები და მტკიცებულებები, გაადიდოს ან შეამციროს სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, რის შესახებაც სასამართლომ უნდა აცნობოს მოპასუხეს [სსსკ-ის 83.2. მუხლი], ხოლო საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების შემდეგ სარჩელის საფუძვლის ან საგნის შეცვლა დასაშვებია მხოლოდ მოპასუხის წინასწარი თანხმობით [სსსკ-ის 83.3. მუხლი]. ასევე სასამართლოს მთავარ სხდომაზე, სსსკ-ის 219.1. მუხლის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

24. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს 17.04.2018 წელს შესაგებლისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 25.10.2018 წელს სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნამდე ჰქონდა ექვს თვეზე მეტი დრო, რათა დაეზუსტებინა სასარჩელო მოთხოვნა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები და მოპასუხეთა წრე. თუმცა მოსარჩელეს, რომელსაც საქმეში ადვოკატი წარმოადგენდა, აღნიშნული უფლებებით არ უსარგებლია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განმტკიცებული დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე მის უფლებას წარმოადგენს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეს და მის წარმომადგენელს საკმარისზე მეტი დრო ჰქონდათ შესაგებელზე მოსარჩელის პოზიციის წარსადგენად, ამასთან, მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა სსსკ-ის 205-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლებაა და არა - ვალდებულება, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სრული საფუძველი ჰქონდა საქმე მთავარ სხდომაზე განსახილველად მომზადებულად მიეჩნია და მთავარი სხდომა დაენიშნა. შესაბამისად, სახეზე არ არის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო დარღვევა.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი/მ „ჯ.ბ–ძე-ჯ-გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ი/მ „ჯ.ბ–ძე-ჯ-გ–ს“ (ს/კ: ––––––) დაუბრუნდეს მ.ფ–ვას (პ/ნ: ............) მიერ 2020 წლის 13 ოქტომბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი