Facebook Twitter

საქმე №ას-96-2022 21 ივნისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ჭ–ვა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.დ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 11 ნოემბრის განჩინებით თ.ჭ–ვას (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“ ან „მამა“) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც:

1.1. მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს განესაზღვრა თავის არასრულწლოვან შვილთან, ნ.ჭ–ასთან (დაბადებული 2018 წლის 31 ივლისს) (შემდგომში - „ბავშვი“ ან „არასრულწლოვანი“) ურთიერთობისათვის ყოველი კვირის ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი და შაბათი დღის 3-საათიანი მონაკვეთი წაყვანითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მისი ყოველდღიური რეჟიმის დაურღვევლად;

1.2. ნ.დ–ძის (შემდგომში - „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“ ან „დედა“) შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:

1.2.1. შეწყდა მხარეთა შორის 06.10.2015წ. რეგისტრირებული ქორწინება, აქტის ჩანაწერი N01153006870;

1.2.2. არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი;

1.2.3. შეგებებული სარჩელით მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად, 170 ლარის ოდენობით, შეგებებული სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 14 თებერვლიდან მის სრულწლოვანებამდე ან გარემოების შეცვლამდე;

1.2.4. შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილის მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ, დროებით, 1 წლის განმავლობაში არაუმეტეს 30 დღისა, გაყვანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, მშობლის სხვა უფლებების შეუზღუდავად.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 2015 წლის 06 ოქტომბრიდან მოსარჩელე და მოპასუხე იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში, 2018 წლის 31 ივლისს შეეძინათ შვილი. მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია 2018 წლის აგვისტოს თვიდან. მათი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან - მოპასუხესთან ერთად;

2.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 16 ივლისის დროებითი განკარგულების შესახებ განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე დაკმაყოფილდა: საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოსარჩელეს ზაფხულის პერიოდში, ბავშვის ადგილსამყოფელის მიხედვით, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა ყოველი კვირის სამშაბათი და პარასკევი დღის ორსაათიანი დროის მონაკვეთი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ტერიტორიაზე; საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე მოსარჩელეს ბავშვის ქალაქ თბილისში ყოფნის შემთხვევაში, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა ყოველი კვირის სამშაბათი და პარასკევი დღის ორსაათიანი დროის მონაკვეთი დედის საცხოვრებელი ადგილის მიმდებარე ტერირიტორიაზე;

2.3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 2019 წლის 16 იანვრის N550 დასკვნისა და 2019 წლის 07 მარტის N4509 დასკვნის მიხედვით, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია ორივე მშობელმა თანაბარი მონაწილეობა მიიღოს არასრულწლოვნის აღზრდაში, იზრუნონ შვილის მშვიდ და უსაფრთხო გარემოში განვითარებისათვის. მნიშვნელოვანია, მამა ჩაერთოს ბავშვის განვითარებაში, უზრუნველყოს ბავშვი ალიმენტით და ყურადღებით, ასევე საჭიროა არ დაირღვეს ბავშვის უფლება მისი ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებით;

2.4. პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტების ფარგლებში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ ხელი არ შეეშალოს არასრულწლოვნის გამგზავრებას საზღვარგარეთ, მით უმეტეს, რომ მითითებულია კონკრეტული თარიღი, ამასთან, საზღვარგარეთ მიემგზავრება ბებიაც და დედაც საშობაო არდადეგებზე, დედა დასაქმებულია და მუდმივად დარჩენის ეჭვი მინიმალურ დონემდეა შემცირებული. მიზანშეწონილია ერთჯერადად მიეცეს დედას საშუალება, ამ კონკრეტულ თარიღში ბავშვი გაიყვანოს საზღვარგარეთ;

2.5. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ძველი თბილისის სერვისცენტრის წარმომადგენელმა ლ.ს–მა 2021 წლის 11 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა მოპასუხის პოზიციას და განმარტა, რომ წელიწადში ერთხელ საზღვარგარეთ დასვენება არასრულწლოვანზე დადებითად იმოქმედებს და ემსახურება მისი საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

3. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ წინამდებარე დავაში გასაჩივრებულია სასამართლო გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც არასრულწლოვნის მამას მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შეეზღუდა არასრულწლოვნისთვის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ფარგლებში.

4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლით, სსკ-ის 1197-ე-1200-ე, 1202-ე, 1205-ე მუხლებით, ბავშვის უფლებათა კოდექსის 18.4. და 24.2. მუხლებით და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის 8.1. მუხლით.

5. სააპელაციო პალატის მითითებით, სსკ-ის 1199-ე მუხლის განმარტების საფუძველზე მშობელს ბავშვის ქვეყნის გარეთ გაყვანა შეიძლება აეკრძალოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას მოითხოვს ბავშვის ინტერესები. ზოგადად, ბავშვის ინტერესებს შეესაბამება დასვენება, განვითარება, სხვა ქვეყნების გაცნობა, მოგზაურობა. ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მისივე სხვა, უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ სხვა ქვეყნების მონახულება, ტურისტული ვიზიტების განხორციელება, სხვა ქვეყნის ღირსშესანიშნაობების და გასართობი დაწესებულებების მონახულება, სხვა კულტურასთან ზიარება ან უბრალოდ, კურორტზე დასვენება ასევე მნიშვნელოვანია არასრულწლოვნისთვის, ხელს უწყობს მისი შემეცნების უნარისა და ფანტაზიის განვითარებას, ზრდის მას პიროვნულად, უფართოებს თვალსაწიერს და, შესაბამისად, ასევე არასრულწლოვნის ინტერესების შესაბამისია. საერთაშორისო თუ ეროვნული კანონმდებლობა ნათლად მიუთითებს არასრულწლოვნის დასვენების უფლებაზე როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

6. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა არასრულწლოვნის წელიწადში ერთხელ, 30 დღით, საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში და აღნიშნა, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხის პოზიციის საპირისპიროდ, არ იკვეთება დედის მხრიდან არასრულწლოვნის საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გაყვანის რისკი, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ“ 1980 წლის ჰააგის კონვენციის შესაბამისად, ქვეყნიდან არამართლზომიერად გადაადგილებული და დაკავებული არასრულწლოვნების ქვეყანაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად მკაცრად რეგლამენტირებული მექანიზმები მოქმედებს.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შეგებებული სარჩელით მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება არასრულწლოვნის მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში მშობლის უფლების შეზღუდვის გაუქმების თაობაზე.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით შეგებებული სარჩელით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

10. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

11. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი].

12. საკასაციო საჩივრის თანახმად:

12.1. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიზანია ბავშვის უცხო ქვეყანაში უკანონო გადაადგილება და იქ ხანგრძლივად დარჩენა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება და დაირღვევა ბავშვისა და მამის უფლებები. ამასთან, ბავშვის ჯანმრთელობისათვის გამოუსწორებელი ზიანის შემცველი საფრთხეა პანდემიური მოვლენები და მისი შემაკავებელი მძლავრი ფაქტორია მობილობის შემცირება;

12.2. სასამართლომ არასწორად შეაფასა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 2019 წლის 7 მარტის №4509 დასკვნა, რომლის თანახმად, მნიშვნელოვანია არ დაირღვევს ბავშვის უფლება საჭიროების შემთხვევაში მისი ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებით. სასამართლომ არ დაასაბუთა, რა გარემოებით იყო განპირობებული და რა ედო საფუძვლად ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის საჭიროებას;

12.3. ნათესავებთან ურთიერთობის უფლების გამო ბავშვის გასვლა უცხო ქვეყანაში მათ მოსანახულებლად მისი ასაკისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით ვერ იქნება საპირწონე ან უპირატესი მშობლის უფლების შეზღუდვასთან მიმართებით ზემოაღნიშნული საფრთხეების გამო, მით უმეტეს, რომ ნათესავს დაუმთავრდა როტაციის ვადა დიპლომატიურ მისიაში და დაბრუნებულია საქართველოში;

12.4. რაც შეეხება ბავშვის უფლებას, მოინახულოს სხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობები, ეზიაროს სხვა კულტურას და ასე შემდეგ, ბავშვს თავისი ასაკიდან, ფიზიკური მდგომარეობიდან, აღქმისა და შემეცნების უნარებიდან გამომდინარე ჯერჯერობით არ გააჩნია აღნიშნული უნარების გამოვლენის შესაძლებლობა.

13. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვის კანონიერება არასრულწლოვანი შვილის მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში [სსკ-ის 1205-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები: მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად]. კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება მიღებულია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საზიანოდ.

14. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და ბავშვის უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის.

15. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

16. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას [კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი]. მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია [კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტი]. მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. ასეთი განსაზღვრა შეიძლება საჭირო გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს ან არ ზრუნავენ მასზე, ანდა, როცა მშობლები ცალ–ცალკე ცხოვრობენ და საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ბავშვის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთა განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება [კონვენციის მე-9 მუხლის პირველი და მესამე პუნქტები].

17. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით.

18. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ფართო განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც (იხ. სუსგ საქმე №ას-1112-1047-2015, 04 მარტი, 2016 წელი).

19. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, § 83). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, § 59) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy, § 66).

20. აღნიშნულმა პრინციპმა ასახვა ჰპოვა საქართველოს კანონმდებლობაშიც. მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს [სსკ-ის 1199-ე მუხლი].

21. ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს, რომლებიც ბავშვისთვის ინდივიდუალურად, ამ კოდექსის, საქართველოს კონსტიტუციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის, მისი დამატებითი ოქმებისა და საქართველოს სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად განისაზღვრება. ბავშვის საუკეთესო ინტერესების განსაზღვრისას გაითვალისწინება მისი ოჯახურ გარემოში პიროვნული განვითარების უფლება, ბავშვის სოციალური და კულტურული მახასიათებლები, მის მიერ საკუთარი უფლებებისა და თავისუფლებების დამოუკიდებლად რეალიზების შესაძლებლობა და ბავშვის მოსაზრებები. ბავშვის უფლებებზე გავლენის მომხდენი გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს, ხოლო ქმედება უნდა განხორციელდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასების საფუძველზე [„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მე-5 მუხლის პირველი, მე-2 და მე-6 ნაწილები].

22. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ანალიზი იძლევა ცალსახა დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველეს მოვალეობას წარმოადგენს ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება და ოჯახური გარემოს შექმნა, ხოლო ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება.

23. საკასაციო პალატის განმარტებით, სსკ-ის 1205-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნის წაყენებისას მოსარჩელეს ეკისრება შეზღუდვის აუცილებლობის მტკიცების ტვირთი (იხ. სუსგ საქმე №ას-857-2019, 18 დეკემბერი, 2020 წელი).

24. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კასატორის ძირითადი პრეტენზია ეფუძნება დედის მხრიდან ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისა და ქვეყანაში არდაბრუნების რისკს, თუმცა, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა, კასატორს არ მიუთითებია რაიმე მტკიცებულებაზე, რაც ზემოაღნიშნულ პოზიციას გაამყარებდა. შეგებებული სარჩელის თანახმად კი, დედას სურს საქართველოს ფარგლებს გარეთ ბავშვის გაყვანა დროებით საკუთარ დასთან და დისშვილებთან, რომლებიც ცხოვრობენ ქ. ჟენევაში. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განსაზღვრულია დედის საცხოვრებელი ადგილი, ამასთან, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ძველი თბილისის სერვისცენტრის წარმომადგენელმა ლ.ს–მა 2021 წლის 11 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე მხარი დაუჭირა მოპასუხის პოზიციას და განმარტა, რომ წელიწადში ერთხელ საზღვარგარეთ დასვენება არასრულწლოვანზე დადებითად იმოქმედებს და ემსახურება მისი საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (იხ. წინამდებარე განჩინების 2.5. ქვეპუნქტი), ხოლო მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 2019 წლის 07 მარტის N4509 დასკვნის მიხედვით, მნიშვნელოვანია არ დაირღვეს ბავშვის უფლება საჭიროების შემთხვევაში მის ქვეყნიდან გასვლასთან დაკავშირებით (იხ. წინამდებარე განჩინების 2.3. ქვეპუნქტი, ტ. I, ს.ფ. 133). ამასთან, კასატორის მითითების გაზიარების შემთხვევაშიც, რომ მოსარჩელის და დაბრუნებულია საქართველოში, აღნიშნული გავლენას ვერ მოახდენს გასაჩივრებული განჩინების კანონიერებაზე, რადგან ზოგადად სხვა ქვეყნების მონახულება, სხვა კულტურასთან ზიარება და კურორტზე დასვენება ხელს უწყობს არასრულწლოვნის შემეცნების უნარისა და ფანტაზიის განვითარებას, ზრდის მას პიროვნულად, უფართოებს თვალსაწიერს და გამომდინარე აქედან, არასრულწლოვნის ინტერესების შესაბამისია. ამასთან, კასატორის შედავებას, რომ ბავშვი მცირეწლოვანია და მას შემეცნების უნარი არ აქვს, სასამართლო ვერ გაიზიარებს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ცალკეული ქმედებების განსახორციელებლად მამის თანხმობის აუცილებლობამ შეიძლება ბავშვის უფლების დაცვის შეფერხება, მისი ჰარმონიული განვითარების ხელშეშლა განაპიროს. შესაბამისად, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შეგებებული სარჩელით მოპასუხეს მართებულად შეეზღუდა მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ, დროებით, 1 წლის განმავლობაში არაუმეტეს 30 დღისა, გაყვანაზე თანხმობის გაცემის ნაწილში, მშობლის სხვა უფლებების შეუზღუდავად.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი [სსსკ-ის 401.4 მუხლი]. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, საერთო ჯამში, 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ.ჭ–ვას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს თ.ჭ–ვას (პ/ნ N.....) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 16 დეკემბრის №12201199532 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის და 2022 წლის 21 თებერვლის №12661300651 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის, საერთო ჯამში 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი