Facebook Twitter

საქმე №ას-31-2021 7 ივლისი, 2022 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ნ.ტ–სი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი–ჩა“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „ი–ჩას“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „გადამზიდი“) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 11 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ნ.ტ–სს“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „დამკვეთი“ ან „კასატორი“) მოსაჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 2 700 აშშ დოლარის გადახდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მხარეთა შორის 2019 წლის 27 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება - განაცხადი ტვირთის გადაზიდვის შესახებ, რომლის თანახმად, გადამზიდი იღებდა ვალდებულებას, უკრაინაში დაეტვირთა ტვირთი და ჩამოეტანა საქართველოში, კერძოდ, თბილისში. თავის მხრივ, დამკვეთს უნდა გადაეხადა თანხა ტვირთის დაცლამდე და მიეღო ტვირთი. ტვირთის გადაზიდვის საფასური შეადგენდა 3 100 აშშ დოლარს, ხოლო ტრანსპორტირების დრო 10-12 დღეს.

2.2. მოცდენის სანორმატივო მოლოდინი განისაზღვრა 48 საათით, დატვირთვა - განტვირთვისთვის ასევე - 48 საათი. ტვირთის გადმოტვირთვის დაყოვნების შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 აშშ დოლარის ოდენობით.

2.3. მოსარჩელემ მანქანა უკრაინაში 2019 წლის 01 მარტს დატვირთა, ხოლო სატრანსპორტო საშუალებამ საქართველოს საბაჟო ტერმინალი გადმოკვეთა და თბილისში შემოვიდა 2019 წლის 06 მარტს.

2.4. დამკვეთი კომპანია ტვირთის ჩამოსვლის შესახებ ინფორმირებულ იქნა იმავე დღეს, თუმცა მან ხელშეკრულების შესაბამისად თანხა არ გადაიხადა და არც ტვირთი დაცალა.

2.5. დამკვეთს 2019 წლის 12 მარტს გაეგზავნა ინვოისი ტვირთის გადმოზიდვის ღირებულების - 3100 აშშ დოლარისა და ჯარიმის - 300 აშშ დოლარის გადახდის შესახებ, რაც დამკვეთმა ასევე რეაგირების გარეშე დატოვა.

2.6. დამკვეთს 2019 წლის 26 მარტის წერილით განმეორებით ეცნობა, რომ ტვირთის ჩამოცლის დაყოვნების შედეგად მანქანა იმყოფებოდა მოცდენის რეჟიმში და მას უფლება ჰქონდა მოეხდინა ტვირთის დასაწყობება.

2.7. დადგენილია, რომ მოპასუხემ მომსახურების ღირებულება - 3100 აშშ დოლარი გადაიხადა 2019 წლის 05 აპრილს და იმავე დღეს განხორციელდა ტვირთის დაცლაც. შესაბამისად, მოსარჩელის სატრანსპორტო საშუალების მოცდენის პერიოდმა შეადგინა 27 კალენდარული დღე.

3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრით მოსარჩელის მიერ სადავოდ იყო გამხდარი მხოლოდ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების მართებულობა. ამდენად, გამომდინარე იქიდან, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავდა რაიმე პრეტენზიას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, სააპელაციო პალატა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას შეაფასებდა მხოლოდ სამართლებრივი კუთხით, კერძოდ, რამდენად არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების კანონით გათვალისწინებული (სსკ-ის 420-ე მუხლი) წინაპირობები.

4. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418.1, 420-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1, 201.4, 201.5. 219.1 მუხლებით და განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი მარტივი (არაკვალიფიციური) შესაგებლით პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით შედავება არ განუხორციელებია. ამასთან, იგი დაეთანხმა სარჩელის მე-7 ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება 2019 წლის 05 აპრილს (27 დღის დაგვიანებით) დაიცალა (იხ. ტ. 1, ს. ფ. 46).

5. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემულ საქმეზე მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი (პასუხი) არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს (სსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილები), რის გამოც ტვირთის დაცლის დაყოვნებაში მოპასუხის არაბრალეულობის მტკიცების მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოს მთავარ სხდომასა და სააპელაციო სასამართლოში მოპასუხის (მოწინააღმდეგე მხარის) წარმომადგენლის მიერ მითითებული გარემოებები, საპატიო მიზეზის არარსებობის პირობებში, ვერ იქნება მიღებული და მათზე სასამართლო ვერ იმსჯელებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219.1 და 380.2 მუხლების შესაბამისად.

6. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს შემცირება მოხდა ზემოთ მითითებული გარემოებების გაუთვალისწინებლად - მხედველობაში არ იქნა მიღებული სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის სიმძიმე და მოცულობა, ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხი, ის ინტერესი, რაც კრედიტორს (მოსარჩელეს) გააჩნდა ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ. ამ ვითარებაში კი სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ მიჩნევისა და მისი შემცირების სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განჩინებაზე მოსარჩელემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მისი გაუქმება მოითხოვა.

8. საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

8.1. კასატორის მტკიცებით, ტვირთის დაცლის ვალდებულების შეუსრულებლობა უმეტესწილად მოსარჩელის ბრალით იყო გამოწვეული. ტვირთის დაცლაზე უარი თავად მოსარჩელემ განაცხადა;

8.2. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოპასუხეს დაუკარგა შესაძლებლობა, თანაბარ პირობებში მომხდარიყო შეჯიბრებითობის პრინციპის განხორციელება, ვინაიდან პრაქტიკულად არ მომხდარა მხარისათვის საქმის მთავარ სხდომამდე შესაგებლის დაზუსტებისათვის ვადის მიცემა. მოპასუხემ ადვოკატს სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართა იმ დროს, როდესაც მას უკვე ჩაბარებული ჰქონდა სარჩელი და შესაგებლის წარდგენისთვის დარჩენილი იყო მხოლოდ 2 დღე, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არ მომხდარიყო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გაშვება, მოპასუხის მხრიდან ნამდვილად მოხდა ე.წ. მარტივი შესაგებლის წარდგენა. ამასთან, მოპასუხემ დაიწყო საჭირო მტკიცებულებების შეგროვება, რომლის წარდგენასაც მოსამზადებელ სხდომაზე აპირებდა. სასამართლოსათვის ცნობილი იყო, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი იყო არაკვალიფიციური შესაგებელი და მას აუცილებლად უნდა ჰქონოდა მოლოდინი, რომ მოსამზადებელ ეტაპზე მოხდებოდა დაზუსტებული შესაგებლისა და მტკიცებულებების წარდგენა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებამ მთავარი სხდომის ჩანიშვნის შესახებ მოპასუხეს დაუკარგა კვალიფიციური შედავების შესაძლებლობა;

8.3. კასატორმა ასევე მოითხოვა შესაგებლისა და მასზე დართული მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 11 ივნისის საოქმო განჩინების გაუქმება. მისი განმარტებით, მოპასუხემ ვერ მოახერხა აღნიშნული საოქმო განჩინების გასაჩივრება, ვინაიდან გასაჩივრება უნდა მომხდარიყო დაკისრებული თანხის 100 აშშ დოლარის ნაწილში, რაც არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 365-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობისათვის დადგენილ წინაპირობას.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა მიერ ფაქტების მითითებისა და მტკიცებულებების წარდგენის პროცედურა მკაცრად ფორმალიზებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ფაქტები და მტკიცებულებები სასამართლოს კანონით დადგენილი წესითა და პროცედურის დაცვით წარედგინოს. სარჩელში უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს (სსსკ-ის 178.1 მუხლის „ე“ ქვეპუნქტი), ხოლო მოპასუხის წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს, თუ მოპასუხე სარჩელს არ ცნობს, რა კონკრეტულ ფაქტებსა და გარემოებებს ემყარება მისი შესაგებელი სარჩელის წინააღმდეგ (სსსკ-ის 201.2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი). პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანმიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს (სსსკ-ის 201.4 მუხლი). მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული (სსსკ-ის 219.1 მუხლი).

16. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მოპასუხემ სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი წარადგინა 2019 წლის 03 მაისს (იხ. ტ. 1, ს.ფ.44-54); სადავო არ არის, რომ მას კვალიფიციური შესაგებელი არ წარუდგენია და მასში კონკრეტულ ფაქტებზე, მათ შორის, იმ გარემოებაზე, რომ ტვირთის დაცლის დაყოვნება მოსარჩელის ბრალით იყო გამოწვეული, არ მიუთითებია; ამასთან, მოპასუხეს შესაგებელში არ აღუნიშნავს, რომ იგი დაზუსტებული შესაგებლის წარდგენას აპირებდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 24 მაისის განჩინებით წინამდებარე საქმეზე დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოსამზადებელი სხდომის დანიშვნა სსსკ-ის 205-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს უფლებაა და არა - ვალდებულება. აღნიშნულ საკითხს სასამართლო წყვეტს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში არსებული გარემოებების გათვალისწინებით (იხ. სუსგ საქმე Nას-927-2020, 25 მარტი, 2022 წელი).

17. შესაბამისად, თუკი მოპასუხეს დაზუსტებული შესაგებლის წარდგენა სურდა, მას ამისთვის საკმარისი დრო ჰქონდა, თუმცა მოპასუხეს ამ შესაძლებლობით არ უსარგებლია, ხოლო მთავარი სხდომის დანიშვნის შემდგომ, წაერთვა ახალ გარემოებებზე მითითებისა და მტკიცებულებების წარდგენის უფლება. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ იმსჯელა მოპასუხის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებებზე ტვირთის დაცლის დაყოვნებაში მოპასუხის არაბრალეულობასთან დაკავშირებით და მათზე ვერც საკასაციო სასამართლო იმსჯელებს.

18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია. ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ საქმე Nას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი; Nას-1265-1187-2015, 10 თებერვალი, 2016 წელი; Nას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი; Nას-1077-997-2017, 31 ივლისი, 2018 წელი).

20. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი ხელშეკრულების მხარეებს ანიჭებს უფლებამოსილებას, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, პირგასამტეხლოს თაობაზე შეთანხმება არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ. სუსგ საქმე Nას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი).

21. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე თანხმდება პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას, შემდგომში მოკლებულია შესაძლებლობას, მოითხოვოს შეთანხმებული პირგასამტეხლოს შემცირება, თუკი ამის თაობაზე კვალიფიციურ შესაგებელს არ წარადგენს (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-1451-1371-2017, 13 ნოემბერი, 2018 წელი). სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს/იურიდიულ პირს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების დარღვევის სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება. ხელშეკრულებაში იურიდიული პირის კონტრაჰირებისას, სასამართლომ პირგასამტეხლო უნდა შეამციროს მხოლოდ არგუმენტირებული შედავების არსებობის პირობებში“ (იხ. სუსგ საქმე Nას-1417-2018, 16 ნოემბერი, 2020 წელი).

22. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული გადაზიდვის ხელშეკრულებით ტვირთის გადმოტვირთვის დაყოვნებისათვის გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 100 აშშ დოლარის ოდენობით; მოპასუხე საქმეში წარდგენილი შესაგებლით დაეთანხმა ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება 2019 წლის 05 აპრილს, 27 დღის დაგვიანებით დაიცალა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 46); ამასთან შესაგებლით სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა (2 700 აშშ დოლარი) სადავოდ არ გაუხდია და მისი შემცირება არ მოუთხოვია; როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხეს შესაგებელში არც ვალდებულების გამომრიცხავ სხვა გარემოებებზე მიუთითებია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დარღვეული ვალდებულების ხასიათისა და მოცულობის, ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხისა და ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ მოსარჩელის ინტერესის, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები იურიდიულ პირებს წარმოადგენენ, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

23. წინამდებარე განჩინებაში განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით (იხ. წინამდებარე განჩინების 15-17 პუნქტები), საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქალაქო სასამართლოს 11.06.2019წ. საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

26. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 448,76 ლარის 70% – 314,13 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ნ.ტ–სის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს შპს „ნ.ტ–სს“ (ს/კ .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2021 წლის 10 მარტს №059 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 448,76 (ოთხას ორმოცდარვა ლარი და სამოცდათექვსმეტი თეთრი) ლარის 70% – 314,13 (სამას თოთხმეტი ლარი და ცამეტი თეთრი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი